- ავიტამინოზის პროფილაქტიკა;
- ყოველდღიურად 50 გრამი ცხელი წითელი ღვინის მიღებით წარმატებით შეიძლება ტუბერკულოზის მკურნალობა;
- გაცივებასთან, პნევმონიასთან, გრიპთან, ბრონქიტთან საბრძოლველად კარგია წყლით განზავებული თბილი წითელი ღვინო (50გრამი 3-ჯერ დღეში) ან ცხელი წითელი ღვინო შაქრით ან თაფლით;
- წითელი ღვინო (სასურველია განზავებული) სპობს ხოლერის, პოლიომიელიტის, კოკსაკის, ჰერპეს-ვირუსებს.
- ფაღარათის დროს რეკომენდებულია 50 გრამი ცივი წითელი ღვინის დალევა 3-ჯერ დღეში (შემკვრელი და ანტისეპტიკური თვისებების გამო);
- უძილობისას მიიღეთ 30 გრამი ტკბილი ან ნახევრად ტკბილი წითელი ღვინო ძილის წინ;
- დაჟეჟილის სწრაფად აღსადგენად და ტკივილის მოსახსნელად რეკომენდებულია ცივი წითელი ღვინის კომპრესები.
ამგვარად წითელი ღვინის ორი ბოკალი შესანიშნავი საშუალებაა მთელი რიგი დაავადების პროფილაქტიკისთვის. წითელი ღვინო არა მარტო ახანგრძლივებს სიცოცხლეს, არამედ ადამიანს იცავს გულის პრობლემებისგან, კიბოსგან, დიაბეტისგან, ალცჰაიმერის დაავადებისგან და ა. შ.
წითელი ღვინის ნაკლად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ იგი ისეთ ნივთიერებებს შეიცავს, რომელთაც შეუძლიათ თავის ტკივილის და მძინარობის გამოწვევა, მაშინ, როცა თეთრ ღვინოს ასეთი მოქმედება არ გააჩნია. წითელი ღვინო უფრო კალორიულია, ამიტომ მისით მეტისმეტად გატაცებამ შეიძლება წონის მატება გამოიწვიოს. წითელი ღვინო ასევე შეიცავს ალერგენებს.
თეთრი ღვინოები. მართალია, თეთრი ღვინო ანტიოქსიდანტებს მცირე რაოდენობით შეიცავს, მაგრამ უკეთ შეიწოვება, ვიდრე წითელი ღვინო, რადგან თეთრი ღვინის ანტიოქსიდანტები უფრო მცირე ზომისაა.
თეთრი ღვინის სასარგებლო თვისებებია:
- აძლიერებს მადას;
- ხელს უწყობს კუჭის წვენის გამოყოფას და კუჭის ნორმალური მჟავიანობის შენარჩუნებას;
- აფართოვებს სისხლძარღვებს;
- აძლიერებს ენდოკრინული ჯირკვლების სეკრეციას;
- ანადგურებს ბაცილებს კუჭ-ნაწლავში;
- იცავს გულის კუნთს;
- აუმჯობესებს ფილტვების მუშაობას;
- ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის აღდგენას;
- სასარგებლოა ანემიის დროს (მძიმე ფორმის დროს შეიძლება დღეში ორი ჭიქის მიღება ჭამის დროს, არა უმეტეს ერთი კვირისა).
თეთრი ღვინის ნაკლად უნდა ჩაითვალოს ის, რომ იგი აზიანებს კბილებს. ასეთი ღვინო, როგორც წესი, მომატებული რაოდენობით შეიცავს შაქარს და მჟავებს, რაც იწვევს ემალის დაშლას. თეთრი ღვინის დიდი რაოდენობით მიღება არღვევს ღვიძლს, თირკმელებს, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ძირითად ფუნქციებს და იწვევს ფსიქიკურ დარღვევებს. ასეთი ღვინის მიღება არ შეიძლება დიაბეტის, ნიკრისის ქარის, ღვიძლის და თირკმლების ქრონიკული დაავადებების შემთხვევებში.
ღვინით მკურნალობისას აუცილებელია ისეთი პროდუქტების შემცირება, როგორებიცაა: ხორცი, ცხოველური ცხიმები, მარილი, შაქარი; უნდა გაიზარდოს მცენარეული საკვებისა და ზღვის პროდუქტების მოხმარება. ღვინით მკურნალობა უკუნაჩვენებია მისთვის, ვისაც აწუხებს ღვიძლი, თორმეტგოჯა ნაწლავი, კუჭის წვნის მაღალი მჟავიანობა. ენოთერაპია კატეგორიულად ეკრძალებათ ალკოჰოლიკებს, ბავშვებს, ორსულებსა და მეძუძურ დედებს, რადგან სპირტს, ბავშვის ორგანიზმში მოხვედრისას, შეუძლია გამოიწვიოს თავის და ხერხემლის ტვინის შეუქცევადი დაზიანება.
ღვინო უნდა იყოს სუფთა და ნატურალური, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას მხოლოდ ზიანის მოტანა შეუძლია. ალბათ, გახსოვთ, დონ კიხოტის რჩევით სანჩო პანსამ ღვინოში წყლის შერევისთვის სიკვდილით დასჯა დააწესა.
მოგვყავს საოჯახო პირობებში ღვინის ხარისხის შემოწმების რამდენიმე ხერხი: 1. ღრმა თასი გაავსეთ წყლით, მოათავსეთ ღვინო მცირე ზომის სინჯარაში ან რომელიმე ვიწროყელიან ჭურჭელში. სინჯარას დააფარეთ თითი და ჩადევით წყალში. შემდეგ მოაცილეთ თითი. სუფთა ღვინო არ უნდა შეერიოს წყალს განსხვავებული სიმკვრივის გამო. სასმელი თუ შეღებავს წყალს, მაშინ იგი ფალსიფიცირებულია. 2. ღვინოს დაამატეთ გლიცერინი (ხუთი ერთთან თანაფარდობით) და დაელოდეთ ჭიქის ძირზე ნალექის წარმოქმნას. ღვინო თუ ხარისხიანია, ცვლილება არ ხდება, თუ ნაყალბევია, მაშინ გლიცერინი იძენს ყვითელ, წითელ ან იისფერ ელფერს. 3. ბოთლი მკვეთრი მოძრაობით გადაატრიალეთ ყელით ქვევით და პირუკუ. გავხედოთ სინათლეზე. ბევრი ნალექის წარმოქმნა ღვინის ცუდ ხარისხზე მიუთითებს. მაღალი ხარისხის ღვინო, ჩვეულუბრივ, შეიცავს მცირე რაოდენობით ღვინის ქვის ნალექს, რომელიც შენჯღრევის შემდეგ სწრაფად ილექება ფსკერზე. 4. ბოთლი შეანჯღრიეთ როგორც ზემოთ არის ნაჩვენები და ღვინო ჩამოასხით ბოკალებში. ყურადღება მიაქციეთ ქაფს. ხარისხიან ღვინოში იგი ცენტრში გროვდება და სწრაფად ქრება. სასმელი თუ ყალბია, მაშინ ქაფი დიდხანს ილექება კედლებზე. 5. ჯამში ჩაყარეთ მცირე რაოდენობით სოდა და დაასხით ჩაის კოვზი წითელი ღვინო. ხარისხიანი ღვინის ფერი შეიცვლება, გამუქდება, რუხი ან მოცისფრო გახდება. 6. ღვინოში ხელოვნური საღებავის აღმოსაჩენად ცარცზე დააწვეთეთ რამდენიმე წვეთი ღვინო და დააყოვნეთ. გაშრობის შემდეგ ლაქა თუ გაუფერულდა, ღვინო ხელოვნურ საღებავებს არ შეიცავს, ხოლო ლაქამ თუ ფერი არ შეიცვალა, მაშინ საღებავებს შეიცავს. 7. განზავებულია თუ არა ღვინო წყლით, შეგიძლიათ დაადგინოთ ღვიის საშუალებით. ღვინიან ჭიქაში მოათავსეთ ღვიის რამდენიმე კენკრა და დააკვირდით მათ ქცევას. ზედაპირზე თუ იტივტივებს, მაშინ ღვინო არ არის განზავებული, ფსკერზე თუ ჩაიძირება, მაშინ წყალი აქვს დამატებული. 8. ღვინო მცირე რაოდენობით ჩაასხით ჭიქაში და ღიად დატოვეთ რამდენიმე დღე. ღვინო თუ ნატურალურია, დროთა განმავლობაში მოფრინდებიან ხილის ღინღლები და ზედაპირზე გაჩნდება ობის სოკო. ქიმიურ სუროგატს კი ქინქლები ახლოსაც არ ეკარებიან. 9. ბოკალში ღვინის ბრუნვისას კედლებზე ჩამოდენილი წვეთების კვალი თუ გაჩნდა, ღვინო საკმაოდ მკვრივია, რაც მის მაღალ ხარისხზე მიუთითებს. 10. ზოგიერთი თეთრი ღვინო შეიცავს ნახშირორჟანგის ბუშტუკებს, რაც წარმოადგენს დუღილის პროცესში წარმოქმნილი ნახშირორჟანგის ნარჩენებს, რომელიც ბოთლის გახსნის შემდეგ თავისუფლდება. ნახშირორჟანგის ბუნებრივი შემცველობა მიუთითებს, რომ ღვინო ახალი და საღია. 11. კარგი ღვინო პირველივე ყლუპიდან არ ათრობს, დალევის შემდეგ არ ტოვებს სპირტის გემოს და დიდხანს ინარჩუნებს სურნელებას. 12. და კიდევ ერთი მაჩვენებელი. კარგი ღვინო არ შეიძლება ძალიან იაფი ღირდეს.
საქართველოში, რომელსაც მევენახეობა-მეღვინეობის აკვანს უწოდებენ, ღვინო ერთ-ერთ უძველეს სამკურნალო საშუალებად ითვლებოდა. მას მრავალმხრივი დანიშნულება ჰქონდა, გამოიყენებოდა როგორც პროფილაქტიკური, ისე სამკურნალო მიზნით. უპირატესობა წითელ ღვინოს ენიჭებოდა. ქართული ღვინოები ხასიათდება დიაბეტის, გლაუკომის, თირკმლების, ღვიძლის, ნივთიერებათა ცვლისა და ნერვული სისტემის სამკურნალო თვისებებით. სისხლძარღვთა დაავადებისას სასარგებლოა მინერალური წყლით განზავებული რქაწითელი.
ღვინის ხარისხი ვენახში იწყება. ვაზს ძალიან ბევრი დაავადება და მავნებელი უჩნდება, ამიტომ პესტიციდების გამოყენების გარეშე ვაზის მოსავალი თითქმის მთლიანად დაიღუპება. არ არსებობს ადამიანისთვის უვნებელი პესტიციდი. ჭრაქის საწინააღმდეგო ყველაზე გავრცელებული პრეპარატი შაბიამანიც კი კანცეროგენურია, ე.ი. იწვევს კიბოს.
ძველად ჩვენში ვაზი არ იწამლებოდა და მოსავალიც ხარისხიანი იყო. პირველად ვაზის მავნებელი მწერი ფილოქსერა საქართველოში შემოვიდა ამერიკიდან ყ|ყ საუკუნის ბოლოს. ამერიკული ვაზი გამოყოფს სპეციალურ ნივთიერებას, რომელიც მას ფილოქსერისგან იცავს, თუმცა ამერიკული ვაზის ყურძენი ბევრად ჩამოუვარდება ჩვენსას. ევროპაში ვაზის მოწამვლა მკაცრად არის რეგლამენტირებული, ჩვენთან კი უკონტროლოა და მევენახეები ხშირად წელიწადში 12-13-ჯერ წამლავენ. 1948 წელს პოლ მიულერს დდტ-ს (იგივე დუსტი) პესტიციდური აქტიურობის აღმოჩენისთვის ნობელის პრემია მიენიჭა. ერთი წლის შემდეგ აშშ-ში აიკრძალა მისი გამოყენება, რადგან მაღალი კანცეროგენური (კიბოს წარმომქნელი) აქტიურობა აღმოაჩნდა. როგორც ცნობილია, თელავსა და სხვა ქალაქებში დდტ, სამწუხაროდ, დღესაც იყიდება!
ღვინის მაღალ ფასს მსოფლიო ბაზარზე განსაზღვრავს ეკოლოგიური სასუფთავე და რესვერატროლის შემცველობა. 2000 წელს სან-ფრანცისკოს (აშშ) ღვინის მაღაზიაში ვნახე, რომ ერთი ბოთლი (0,75ლ) ღვინო ღირდა 900 დოლარი. ჩემი გაოცება რომ შეამჩნია, გამყიდველმა მეორე ბოთლი მაჩვენა, რომლის ფასი 1500 დოლარი იყო. მაშინ დავინტერესდი რესვერატროლის შემცველობით ქართულ ღვინოებში. პროფ. ნ.შაყულაშვილის მონაცემებით, რესვერატროლის შემცველობა ჩხავერში შეადგენს 20,5 მგ/ლ-ს, საფერავში - 16 მგ/ლ-ს, მაშინ, როცა სახელგანთქმულ ფრანგულ კაბერნეში მისი შემცველობაა 12,4 მგ/ლ-ია. შესანიშნავი მეცნიერის გ. ელიავას მიერ გამოვლენილი და აღწერილია ათეულობით უძველესი კოლხური ვაზის ჯიში, რომელთა ნაწილის შენარჩუნება მოხერხდა "ბიორაგის" გამოყენებით. წინასწარი მონაცემებით, შესაძლებელია მათგან ისეთი ჯიშების შერჩევა, რომელთაგან წარმოებული ღვინოები, მათი უნიკალური ქიმიური შემცველობის გამო, კონკურენტუნარიანი გახდება მსოფლიო ბაზარზე.
ქართულ ღვინოებში რესვერატროლის მაღალი შემცველობა, ბიოგენეტიკური წარმოშობისა და სპეციფიკური აგროკლიმატური პირობების გარდა, დამოკიდებულია ღვინის დაყენების ტექნოლოგიაზეც. მაგალითად, ევროპული ტიპის თეთრი ღვინის დაყენება, კახურისგან განსხვავებით, ხდება უჭაჭოდ. რადგან რესვერატროლს შეიცავს ყურძნის კანი, ამიტომ უჭაჭოდ დაყენებულ ღვინოში იგი, პრაქტიკულად, არ გვხვდება. ევროპული ტიპის წითელი ღვინის დაყენების დროს კი ტკბილის სპირტულ დუღილში მონაწილეობს ყურძნის მარცვლის სტრუქტურული ელემენტები (კანი, რბილობი, წიპწა), ხოლო კახური ტიპის წითელი ღვინის დაყენების დროს ზემოჩამოთვლილი კომპონენტების გარდა, დამატებით მონაწილეობს კლერტი.
ღვინის ხარისხს არანაკლებ განაპირობებს მისი დავარგების ადგილი. ღვინის დაყენება ქვევრში პირველად საქართველოში დაიწყეს. მიწაში ჩაფლულ ქვევრში ალკოჰოლური დუღილისთვის აუცილებელი მუდმივი ტემპერატურაა (13-15 გრადუსია). მასში ბუნებრივად მიმდინარეობს ის ქიმიური პროცესები, რომლებსაც ქარხნებში სპეციალური დანადგარებით და რეაქტივებით ახორციელებენ. ყ|ყ საუკუნის პირველ ნახევარში საქართველოში შემოიტანეს ევროპული მუხის კასრი. ის მარტო ჭურჭელი არ არის, იგი ღვინის დავარგებაშიც მონაწილეობს და აუმჯობესებს გემოს.
საქართველოში ვაზი ღვთაებრივ მცენარედ იყო მიჩნეული, რადგან ზიარებისას მიღებული ღვინო ქრისტეს სისხლთან ასოცირდება. საქართველოს გარდა არსად არსებობს ვაზის ჯვრის კულტი. მრავლად გვხვდება ვაზის ორნამენტები ეკლესიებში. მეფე დემეტრე |-მა საგალობელი "შენ ხარ ვენახი" ღვთისმშობელს მიუძღვნა. ძველ საქართველოში ღვინო ღვთის შესაწირავი იყო. მეზვრე ვენახს რომ მოკრეფდა და დაწურავდა, ერთ ქვევრ ზედაშეს საყდრის ეზოში ჩაფლავდა რომელიმე წმინდანის სახელზე. ქვევრი მხოლოდ ხატობაში მოიხდებოდა და ამ ღვინით ადიდებდნენ იმ წმინდანს, ვის სახელზედაც იყო ზედაშე ჩამოსხმული.
ღვინო, როგორც თვით ცხოვრების კვინტენსეცია, სამყაროზე დაკვირვების პრიზმაა. იგი, პირველ რიგში, იმ ადგილის ინფორმაციას ატარებს, სადაც იშვა. თუ გსურს შეიგრძნო ქართული ღვინო, უნდა იცნობდე ხალხურ მუსიკას, პოეზიას... ღვინო მხოლოდ შაქრის, მჟავებისა და ექსტრაქტულ ნივთიერებათა განსაზღვრული რაოდენობის შემცველი პროდუქტი როდია. იგი ყურძენში მატერიალიზებული მზეა! ამიტომაც ამბობენ, ყურძენს თავის პატრონის ჩრდილიც უყვარსო. ღვინოს, როგორც მეგობარს, ისე სჭირდება ალერსი. მაშინ კი თვითონაც გაგიხსნის გულს, თავის ყველა ღირსებით წარმოჩინდება და სიცოცხლესაც, პოეტის თქმისა არ იყოს, "უანკარეს ღვინისფრად" გიქცევს, "რომლის გარეშე უკვდავებაც არაფერია".