"ყოფილ პრეზიდენტს შეუძლია, "ნაციონალურ მოძრაობას" მხოლოდ კონსულტაციები გაუწიოს"
სალომე სარიშვილი
04.12.2015

 იუსტიციის სამინისტრომ ექს-პრეზიდენტის და ამჟამად ოდესის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის რეკომენდაციით პრეზიდენტს გუშინ მიმართა. გუშინვე ამ საკითხის შესახებ განცხადება პრეზიდენტის ადმინისტრაციაშიც გააკეთეს და აღნიშნეს, სააკაშვილისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე გიორგი მარგველაშვილი გადაწყვეტილებას კანონით დადგენილ ვადებში, უახლოეს დღეებში მიიღებს.

იურისტთა ნაწილი ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდება, იგი პოლიტიკური აქტივობისა და ქვეყნის პოლიტიკურ საკითხებში ჩარევის უფლებამოსილებას დაკარგავს. აღსანიშნავია, რომ მიხეილ სააკაშვილი ამ დრომდე პარტია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეა, შესაბამისად, მისი უფლებამოსილება მოქალაქეობის შეწყვეტის შემდგომ არა პარტიულ საქმიანობაში ჩარევით, არამედ მხოლოდ კონსულტაციების დონეზე შემოიფარგლება.

როგორც იურისტთა ნაწილი აღნიშნავს, პოლიტიკური აქტიურობა კონსტიტუციის თანახმად, მხოლოდ საქართველოს მოქალაქეს შეუძლია. ამასთან, ყოფილ პრეზიდენტს კანონის თანახმად, უფლება აქვს საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნით მიმართოს, თუმცა როგორც "ნაციონალური მოძრაობის" პრესსამსახურში აცხადებენ, პარტიაში ამ თემაზე მსჯელობა არ ყოფილა, შესაბამისად რამე სახის გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ მიღებულა.

სააკაშვილისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ მთავრობის გუშინდელი სხდომის დასრულების შემდეგ, იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უწყების დასკვნა შესაბამისი რეკომენდაციით გუშინ გაიგზავნა.

იუსტიციის მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებასაც, რომ "თავისი პოზიციის გამოსახატად" დაახლოებით ერთთვიანი ვადა თავად მიხეილ სააკაშვილს მიეცა, თუმცა ამ პერიოდში უწყებას მისგან პასუხი არ მიუღია.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, გიორგი კვერენჩხილაძის განცხადებით, მოქალაქეობის საკითხის განხილვისთვის წარმოების ვადა სამთვიანია, თუმცა მასში ასევე შედის იუსტიციის სამინისტროში დაწყებული წარმოება.

უფლებადამცველ ამირან გიგუაშვილის თქმით, პოლიტიკური აქტივობის უფლება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს აქვთ. უფრო კონკრეტულად კი საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს აქვთ უფლება შექმნან პოლიტიკური პარტია, სხვა გაერთიანება და მონაწილეობა მიიღონ მის საქმიანობაში. ადვოკატი აღნიშნავს, რომ აღნიშნული მუხლი უკვე შექმნილ პოლიტიკურ ორგანიზაციაში მონაწილეობის მიღებასაც გულისხმობს. "აღნიშნული მუხლი მხოლოდ მას შემდეგ ამოქმედდება, რაც მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მოქალაქეობას დაკარგავს. პოლიტიკური აქტივობის განხორციელების უფლებას მას კონსტიტუცია და კანონი უკრძალავს. თავისთავად ცხადია, რომ ეს არ ნიშნავს იმას, რომ იგი განცხადებების გავრცელების უფლებასაც კარგავს.

"მიხეილ სააკაშვილს შეუძლია, "ნაციონალურ მოძრაობას" კონსულტაციები გაუწიოს. მაგალითად, ჩვენ ვიცით ისეთი შემთხვევები, როდესაც პოლიტიკური ორგანიზაციები პიარკამპანიის წარმოების მიზნით უცხო ქვეყნის კონსულტანტებს ქირაობენ, თუმცა ეს ცალსახად არ ნიშნავს პოლიტიკურ აქტივობას", - ამბობს უფლებადამცველი და დასძენს, რომ სააკაშვილს ასევე არ ექნება უფლება მონაწილეობა მიიღოს საარჩევნო კამპანიაში, აგრეთვე დააფინანსოს პოლიტიკური ორგანიზაცია.

"სააკაშვილი ასევე კარგავს არჩევნებში ხმის მიცემის პასიურ და აქტიურ უფლებამოსილებას. ზემოჩათვლილის უფლება კი ავტომატურად დაეკარგება მოქალაქეობის შეწყვეტისთანავე. საქართველოს კონსტიტუციითა და მოქალაქეობის შესახებ ორგანული კანონის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს შეუძლია ნებისმიერ პირს მიანიჭოს ორმაგი მოქალაქეობა იმ შემთხვევაში, თუკი მას აქვს განსაკუთრებული დამსახურება ქვეყნის წინაშე, ან ქვეყანას აქვს პირის მიმათ განსაკუთთრებული ინტერესი.

"ეს პრეზიდენტის ექსკლუზიური, დისკრეციული უფლებამოსილებაა, თუმცა საამისოდ ჯერ სააკაშვილს მოქალაქეობა უნდა შეუწყდეს. პირმა, ვისაც ავტომატურ რეჟიმში ორმაგი მოქალაქეობის მიღება სურს, კანონის თანახმად, პრეზიდენტს უნდა მიმართოს. თუ გავიხსენებთ სააკაშვილის მმართველობის ბოლო პერიოდს, მან ორმაგი მოქალაქეობა ათასობით პირს მიანიჭა, მათ შორის თურქეთში მცხოვრებ ეთნიკურად ქართველ ლაზებს. გამომდინარეობდა თუ არა ეს ქვეყნის ინტერესებიდან, ამის შეფასების კრიტერიუმი არ არსებობს.

"პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ამის თაობაზე მის მრჩევლებთან და ადმინისტრაციასთან ერთად უნდა იმსჯელოს. შესაძლოა კონსულტაციისთვის იუსტიციის სამინისტროსაც მიმართოს, თუმცა მას ამას არც არავინ უკრძალავს და არც უთითებს, ვინაიდან ეს მისი ექსკლუზიური უფლებამოსილებაა", - გვითხრა ამირან გიგუაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×