უბრალოდ, ერთი ნაბიჯით წინ - სწორედ ამას ნიშნავს, პოლიტოლოგების აზრით, თავდაცვის მინისტრის ნათქვამი, რომ საქართველოს საკითხი ალიანსის "პარტნიორობის კალათიდან" ღია კარის, ანუ "გაფართოების კალათაში" გადავიდა.
მათი ნაწილი მინისტერიალს და მის შედეგებს პოზიტიურად აფასებს და ამბობს, რომ შეიძლება ის ვერ მივიღეთ, რასაც ველოდით, თუმცა ახლა ნატო საქართველოში მეტი დოზითაა. მეორე ნაწილი კი აცხადებს, რომ რეალურად წინ არაფრით წაგვიწევია და ხიდაშელი უბრალოდ თავისი სამიტამდელი ოპტიმისტური პროგნოზების გამართლებას ცდილობს.
"გაფართოების კალათაში" გადანაცვლების შესახებ თინა ხიდაშელმა ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე მიღებული გადაწყვეტილების შეფასებისას გვამცნო. მან მონტენეგროს წარმატება მიულოცა და საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.
ხიდაშელის აზრით, მონტენეგროს მიწვევა ალიანსში ნათელი და მკაფიო გზავნილია ასპირანტი სახელმწიფოებისთვის, რომ ნატოს ღია კარის პოლიტიკა გრძელდება. ამბობს, რომ საგარეო საქმეთა მინისტრებმა უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიიღეს, რომლის საფუძველზეც საქართველოს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ ალიანსის "პარტნიორობის კალათიდან" ღია კარის ანუ "გაფართოების კალათაში" გადავიდა.
მიღებულმა გადაწყვეტილებამ, ხიდაშელის თქმით, ოფიციალურად დააფიქსირა, რომ საქართველოს წევრობისთვის მოსამზადებლად ყველა პრაქტიკული მექანიზმი გააჩნია. გაწევრიანების სამოქმედო გეგმა (MAP) საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის კონტექსტში პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომელიც გაწევრიანებისთვის გვესაჭიროება და არა გაწევრიანების გზაზე პროგრესის მისაღწევად.მან ბუქარესტის შემდეგ ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესზეც ისაუბრა და დასძინა, რომ ქვეყანა ახორციელებს წლიური სამოქმედო გეგმის (ANP) მეშვიდე ციკლს, რომელიც ერთადერთ პრაქტიკულ ინსტრუმენტს წარმოადგენს მაპ-ის მონაწილე ქვეყნების წევრობისთვის მოსამზადებლად.
"საქართველო არის ერთადერთი ასპირანტი ქვეყანა, რომელსაც გააჩნია ინტეგრაციის კიდევ ორი მექანიზმი - ნატო-საქართველოს კომისია და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი. შესაბამისად, საქართველოს აქვს ყველა საჭირო წინაპირობა ინტეგრაციის პროცესში პროგრესისა და წევრობისთვის საჭირო კრიტერიუმების დასაკმაყოფილებლად. მიღებული გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო მნიშვნელოვანია ნატოსთვის", - მიიჩნევს ხიდაშელი.
მან ოპტიმიზმისა და იმედის მომცემი უწოდა ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას, როდესაც მან მონტენეგროს გაწევრიანებასთან დაკავშირებით განაცხადა - "ჩვენ ვისწრაფვით, რომ საქართველო იყოს შემდეგი".
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მაპ-ი არ მიუღია, სამიტს წარმატებულად აფასებს პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძეც და ამბობს, რომ იგი ნატოს ასპირანტ ქვეყანად მოიაზრება. მისი თქმით, ეს პირველად 2012 წელს ნატოს ჩიკაგოს სამიტზე დადასტურდა, სადაც შეხვედრები რამდენიმე ფორმატში გაიმართა. ნატოს წევრი ქვეყნები ასპირანტ ქვეყნებს შეხვდნენ და იმ ქვეყნებს შორის, რომელთაც მაპ-ი აქვთ, საქართველოც იყო.
ჩიტაძე მიგვითითებს ალტერნატიულ პროგრამებზეც, რომლებიც, მისი აზრით, არანაკლები მნიშვნელობისაა. მაგალითად ნატო-საქართველოს კომისიის ფუნქციონირება ან ყოველწლიური ეროვნული პროგრამა მოჰყავს, რომელიც ნატოს მინისტერიალზე 2008 წელს დამტკიცდა.
მისი აზრით, თინა ხიდაშელის ოპტიმისტური პროგნოზები ნაწილობრივ გამართლდა. თუმცა, მიღებული შედეგების მინუსად ის მიაჩნია, რომ კომუნიკეში არაა დაკონკრეტებული, თუ როგორ ითანამშრომლებს სამომავლოდ ნატო საქართველოსთან.
მინისტერიალის შედეგებიდან გამომდინარე, იგი მომავალ სამიტზე მაპის მიღებას თეორიულად შესაძლებლად მიიჩნევს, თუმცა იმასაც ამბობს, რომ აღნიშნულ გზაზე სირთულეები გვაქვს.
"ისლამური სახელმწიფოს" გააქტიურებით დასავლეთის რუსეთთან თანამშრომლობისა და "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ერთობლივი ოპერაციის ჩატარების საჭიროება გაიზარდა. ოლანდმაც განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში ალიანსი არ უნდა გაფართოვდეს. იგი პოსტსაბჭოთა სივრცეს გულისხმობდა. გარდა ამისა, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, შტაინმაიერის ინიციატივაა, რომ ნატო-რუსეთის ერთობლივი საბჭოს აღდგენის საკითხი დღის წესრიგში დადგეს.
"ეს ყველაფერი იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ ამ მიმართულებით გარკვეული პრობლემები იქნება. ამიტომაც ქართულ დიპლომატიას აშშ-სთან მოუწევს მუშაობა, რომელიც ჩვენი გაწევრიანების მომხრეა, რათა მან იგივეში დასავლეთ ევროპის ქვეყნებიც დაარწმუნოს", - აღნიშნავს ნიკა ჩიტაძე.
თუმცა, მისივე თქმით, მაპ-ის მონიჭება არ ნიშნავს, რომ ალიანსში მალევე მიგვიღებენ, რადგან მაკედონიას და ბოსნია-ჰერცოგოვინას დიდი ხანია აქვთ მაპ-ი, მაგრამ მათი გაწევრიანების საკითხი დღის წესრიგში არ დგას.
ამბობს, რომ თუკი საერთაშორისო მისიებში მონაწილეობას გავითვალისწინებთ, საქართველო მაპ-ის მინიჭებასაც და გაწევრიანებასაც მეტად იმსახურებს.
ამიტომაც, ფიქრობს, რომ საქართველოს მიმართ გარკვეული სიგნალი უნდა არსებობდეს. სხვა შემთხვევაში რუსეთი იგრძნობს, რომ მას არაფორმალური ზემოქმედება შეუძლია.
"სკეპტიკურად განწყობილი ქვეყნების განცხადებებს კი არ უნდა ველოდოთ, არამედ მათთან უნდა ვმუშაობდეთ და დემოკრატიულ რეფორმებს აქტიურად ვახორციელებდეთ. მომავალ არჩევნებზე ამ მხრივ ბევრია დამოკიდებული", - აღნიშნავს პოლიტოლოგი.
მოვლენებს ნაკლებპოზიტიურად აფასებს პოლიტოლოგი თორნიკე შარაშენიძე და ამბობს, რომ მისთვის უცნობია, რაზე დაყრდნობით გააკეთა განცხადება თინა ხიდაშელმა "გაფართოების კალათაში" გადანაცვლების თაობაზე. შედეგებიდან გამომდინარე, იგი ამის თქმის საფუძველს ვერ ხედავს.
ამბობს, რომ ყოველი სამიტის წინ მთავრობა ოპტიმისტურ განცხადებებს აკეთებს, მერე კი ცდილობენ თქვან, რომ მართლები იყვნენ და მათი ოპტიმიზმი გამართლდა. რეალურად კი, მისი აზრით, არაფერი ახალი არ მიგვიღია. მაპ-იც და გაწევრიანებაც პოლიტიკური საკითხია და ჯერჯერობით წინსვლა არცერთში არ გვაქვს.
"რეალურად, ნატოში ინტეგრაციის საკითხში წინ არაფრით წაგვიწევია. ვინაიდან მაპ-ს გარკვეული მიზეზების გამო ვერ ვიღებთ და ალბათ ჯობია, მთელი ყურადღება ნატოსთან თანამშრომლობაზე გადავიტანოთ, რომელსაც კონკრეტული უსაფრთხოების გარანტიები მოაქვს. მაგალითად, ნატოს სასწავლო ცენტრი, რომელიც ძალიან კარგი რამაა. ხიდაშელს შეუძლია, ამით იამაყოს და არა იმით, რომ რამეში წინ წავიწიეთ", - მიიჩნევს შარაშენიძე.
რაც შეეხება მომავალ სამიტთან დაკავშირებულ მოლოდინს, იგი ამბობს, რომ შეიძლება სიტუაცია შეიცვალოს როგორც კარგისაკენ, ისე ცუდისაკენ. თუ კარგისაკენ შეიცვალა და "მომენტი ჩაგვივარდა", მისი აზრით, შეიძლება ნატოში ერთ ღამეში, ყოველგვარი მაპ-ის გარეშე აღმოვჩნდეთ. თუმცა, არსებული ვითარებით, ჯერ მაპ-ი გვაქვს მოსაპოვებელი და გაწევრიანებაზე შემდგომ უნდა ვიფიქროთ.
"როგორც ცნობილია, მაპ-ის მოცემას რამდენიმე სახელმწიფო ეწინააღმდეგება. მათ შორის გერმანია. ჩვენი მინისტრები კი ბერლინის მაგივრად ბრიუსელში დადიან. ბრიუსელიდან გერმანიას ვერ გადაარწმუნებენ. გერმანიის გადარწმუნება თუ გინდა, იქ უნდა ჩახვიდე. ბრიუსელში ჩადიან და ნატოს გენმდივანს ხვდებიან. გენმდივანი ნატოს წევრი სახელმწიფოების ნებას გამოხატავს და მასთან შეხვედრას რა აზრი აქვს? ამიტომაც უნდა იარონ ბერლინში და არა ბრიუსელში", - დასძენს თორნიკე შარაშენიძე.
ირაკლი კიკიანი (პოლიტოლოგი): "მინისტრმა, სავარაუდოდ, ის იგულისხმა, რომ ჩვენ კიდევ ერთი ნაბიჯით წავიწიეთ წინ. შეიძლება ამ ეტაპზე ვერ მივიღეთ ის, რასაც ველოდით, მაგრამ ფაქტია, რომ ნატო საქართველოში უფრო მეტი დოზით გვაქვს. ქვეყანას უსაფრთხოების მეტი გარანტია აქვს და ეს უმთავრესია".