ელზა პაპოშვილი
05.12.2015

 ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მოქალაქე აღარ არის. პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა იუსტიციის სამინისტროს მოთხოვნა სააკაშვილის მოქალაქეობის ჩამორთმევასთან დაკავშირებით დააკმაყოფილა. ქვეყნის პირველი პირის ბრძანებას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

"საქართველოს პრეზიდენტის 2015 წლის 4 დეკემბრის #378 ბრძანებულებით "საქართველოს მოქალაქეობის შესახებ", საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის "ბ" ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის "გ" ქვეპუნქტისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებასთან დაკავშირებით, საქართველოს სხვა მოქალაქეებთან ერთად, საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს, დაბადებულს 1967 წლის 21 დეკემბერს", - ნათქვამია პრეზიდენტის ბრძანებულებაში.

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ინფორმაციით, საკუთარი პოზიციის გამოსახატად თავად მიხეილ სააკაშვილს ერთთვიანი ვადა ჰქონდა, თუმცა ამ პერიოდში მისგან პასუხი სამინისტროს არ მიუღია.

იურისტები განმარტავენ, რომ ექს-პრეზიდენტს ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება აქვს. ასევე შეუძლია, რომ ორმაგ მოქალაქეობაზე მოთხოვნა შეიტანოს.

ანალიტიკოსი და ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ სააკაშვილის მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ სამსჯელო ბერვი არაფერია. მისი თქმით, ეს კანონით განსაზღვრული პროცედურაა და ამ სახის გადაწყვეტილება მიღებული უნდა ყოფილიყო. ექსპერტის აზრით, სააკაშვილს უკრაინაში საქართველოს მოქალაქეობის გამო სერიოზული უხერხულება ექმნებოდა.

"სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა რომ მოხდებოდა, ეს ლოგიკურია, რადგანაც ის უკრაინაში მაღალი რანგის თანამდებობის პირია და საქართველოს მოქალაქეობა უხერხულობას უქმნიდა. თავად სააკაშვილიც უკვე შეგუებული იყო, რომ მარგველაშვილი ამ სახის გადაწყვეტილებას მიიღებდა.

"რაც შეეხება იმას, იყო თუ არა ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება, მე ვფიქრობ, რომ მცდარი შეხედულებაა. კანონის იმპერატიული მოთხოვნაა, რომ თუ პირი სხვა ქვეყნის მოქალაქეობას იღებს, მას საქართველოს მოქალაქეობა ავტომატურად უწყდება. ამის შემდეგ სააკაშვილს ორმაგ მოქალაქეობაზე მოთხოვნის შეტანა თავისუფლად შეუძლია. ხოლო რამდენად საჭირო იყო ან არ იყო ამ გადაწყვეტილების მიღება, ამაზე კამათი შეუძლებელია, რადგანაც კანონის წინააღმდეგ ვერავინ ვერ წავა.

"ვფიქრობ, რომ ეს ფაქტი პოლიტიკურად ვერ გათამაშდება. ვერც "ნაციონალური მოძრაობა" და ვერც თავად მიხეილ სააკაშვილი პიარის თვალსაზრისით ამ გადაწყვეტილებას ქულების დასაწერად ვერ გამოიყენებს.

"სააკაშვილის ავტორიტეტზე უფრო მეტად მისი არაადეკვატური ქმედებები მოქმედებს. ამ შემთხვევაში ბოლო დროს გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს ვგულისხმობ. თავისი გაუაზრებელი ქმედებებით ის თვითმარგინალიზაციას ეწევა. მოქალაქეობა პირობითი საკითხია. საზოგადოებას ახსოვს ალბათ, რომ ბიძინა ივანიშვილი მოქალაქე არ იყო, მაგრამ არჩევნები მოიგო", - აცახდებს ხუხაშვილი.

ექსპერტის აზრით, სააკაშვილს არგუმენტები არ აქვს იმისთვის, რომ ეს თემა პოლიტიკური პროპაგანდისთვის გამოიყენოს. ხუხაშვილი ფიქრობს, რომ ექსპრეზიდენტი წინასაარჩევნოდ ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობას მაინც მიიღებს, თუმცა რა სახით და როგორ, ამას პროცესი აჩვენებს.

"დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის" პრეზიდენტის, სოსო ცისკარიშვილის განცხადებით, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მიხეილ სააკაშვილის მოქალაქეობის შეწყვეტასთან დაკავშირებით სრულიად კანონიერი გადაწყვეტილება მიიღო. ცისკარიშვილის აზრით, პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებამ სააკაშვილს შვება მოჰგვარა, რადგანაც უკრაინის მოქალაქე ექს-პრეზიდენტს ქართული პროკურატურა ადვილად ხელს ვეღარ წამოჰკრავს და საქართველოში მისი ექსტრადიცია არ მოხდება.

"მიხეილ სააკაშვილს საკუთარი თავი საქართველოს მოქალაქედ თანამდებობის გარეშე არ წარმოუდგენია. ამიტომ, რადგანაც სამართლებრივ გზას ვერ ხედავს საქართველოს ხელისუფლების სათავეში მოქცევისა, ვფიქრობ, რომ ამ ფაქტით დიდად გულდაწყვეტილი არ უნდა იყოს. ვხედავთ, რომ თავად მისი პოლიტიკური გუნდი დიდად დაინტერესებული არ არის, რომ ის მათი ლიდერი კვლავ იყოს.

"ამდენად, მგონია, რომ პროცესები თუ კვლავ ისე გაგრძელდა, როგორც უკრაინაში დღეს მიდის, სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა კი არა, მემგონი სხვა, მესამე ქვეყნის მოქალაქეობა დასჭირდება, რადგანაც ამ ქვეყანაში მან საკმაოზე ბევრი მტერი შეიძინა.

"წინასაარჩევნოდ სააკაშვილი და მისი გუნდი ამ გადაწყვეტილების გამოყენებას პოლიტიკური ქულების დასაწერად ვერც გამოიყენებენ და ვფიქრობ არც ეცდებიან. რადგანაც მის პოლიტიკურ გუნდში, როგორც ვხედავთ, ერთსულოვნება აღარ არსებობს.

"ვფიქრობ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" შიდა დაპირისპირება რაც უფრო ნაკლები ხმაურით იქნება წარმოჩენილი, მათთვის უკეთესი იქნება. ამიტომაც ისინი დიდად რაიმე პოლიტიკური სვლებისგან თავს შეიკავებენ და მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე უფრო წყნარად მისვლას ეცდებიან. თუმცა სააკაშვილი ქართულ საზოგადოებას თავს არ მოანატრებს. წინასაარჩევნო პერიოდში ის თავის გამოჩენას ეცდება", - აცხადებს ცისკარიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×