უკვე გადაწყვეტილია, რომ ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი კოალიციის წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურად ჩაერთვება. მან თავად განაცხადა, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში უფრო აქტიურად იქნება ჩართული, ვიდრე 2012 წელს იყო. თუმცა რაში გამოიხატება "უფრო აქტიური ჩართვა", ეს ჯერ არ გაცხადებულა. გაცხადდა ის, რომ მისი სიის სათავეში ჩაწერა ან ისევ პრემიერად მოსვლა არ იგეგემება.
"კოალიცია, რომელიც ივანიშვილმა შექმნა, ისევ მისი ხელმძღვანელობით მიიღებს მონაწილეობას 2016 წლის არჩევნებში. მისი ჩართულობა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი კოალიციისთვის. ივანიშვილი პარტიაში კვლავ ლიდერის ადგილს დაიკავებს", - აცხადებს კოალიცია "ქართული ოცნების" წევრი ზვიად ძიძიგური.
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი წევრის თამაზ მეჭიაურის თქმით, ივანიშვილი უფრო მეტად დაუდგება მხარში კოალიციას, ვიდრე ეს 2012 წელს იყო. იგი აცხადებს, რომ არჩევნებზე ივანიშვილი საარჩევნო სიაში შესვლას არ პირებს და შესაძლოა უმრავლესობის ლიდერის რანგში ან სხვა რაიმე ფორმით ჩაერთოს, რადგან "2016 წლის არჩევნებზე ივანიშვილის ჩართულობა საჭიროა".
"არავისზე მეტად ინფორმირებული არ ვარ, არც ბატონ ზვიადზე. თუმცა, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ივანიშვილი აპირებს მის მიერ ხელისუფლებაში მოყვანილ პოლიტიკურ ძალას კანონის ფარგლებში მაქსიმალურად დაუჭიროს მხარი. მან თავად განაცხადა, რომ უფრო მეტად დაუდგება მხარში კოალიციას, ვიდრე ეს 2012 წელს. "არჩევნებზე სიაში შესვლას არ პირებს, შესაძლოა, უმრავლესობის ლიდერის რანგში ან სხვა რაიმე ფორმით, კონკრეტულად დეტალები არ ვიცი. მისი ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია და მისი მხარდაჭერა ბევრად რომ წაადგება "ქართულ ოცნებას", ამას კამათი რად უნდა...
"გარკვეული დოზით, მაგალითად, თბილისში ივანიშვილი თვითმმართველობის არჩევნების დროსაც იყო ჩართული. ყველა დეპუტატის მხარდასაჭერად კი თითოეულ სოფელში სიარულს ვერ დაიწყებდა. საპარლამენტო არჩევნების წინ კი, სიტუაციიდან გამომდინარე, როგორი ფორმის მხარდაჭერა გახდება საჭირო, ამას დრო გვაჩვენებს. ივანიშვილმა თქვა, რომ კარგი სათადარიგო მოთამაშეა და ამით ყველაფერი თქვა - რომ მზად არის ნებისმიერი ფუნქციის შესასრულებლად", - აცხადებს მეჭიაური.
მისივე თქმით, დასრულდება ჭორაობა კულუარულად მართვაზეც, რადგან "თუკი ღიად განაცხადებს, რომ მხარს კოალიციას უჭერს და პოლიტიკაში მონაწილეობს, ეს კულუარული მართვა როგორ იქნება?!"
რატომ გახდა საჭირო ბიძინა ივანიშვილის საარჩევნო კამპანიაში აქტიური ჩართვა და არის თუ არა ამის მიზეზი კოალიოციის დაბალი რეიტინგი - ამაზე პარტია "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე პასუხობს, რომ რეიტინგით კოალიცია პირველ ადგილზეა.
"ბატონმა ბიძინამ განაცხადა, რომ ის კოალიციას უჭერს მხარს და ჩვენ ამას მივესალმებით. ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, ჩვენ არჩევნებს ძალიან დიდი უპირატესობით მოვიგებდით. ამომრჩეველთა ხმების უმრავლესობის მოპოვება არ გაგვიჭირდებოდა. ეს არის დღევანდელი მდგომარეობა და ყველა რესურსი გვაქვს იმისათვის, რომ ეს მდგომარეობა კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ 2016 წლის ოქტომბრისთვის.
"იმის საჭიროება, რომ დამატებითი რესურსის ჩართვით მოვიგოთ არჩევნები, არ არსებობს. თუმცა ბატონი ბიძინას ჩართულობა პარტიას სერიოზულად გააძლიერებს და წარმატების შანსს ბევრად უფრო გაზრდის. ჩვენთვის მნიშვნელოვანი ყველა რესურსი მობილიზებული უნდა იყოს, რომ საპარლამენტო არჩევნებზე მაქსიმალური შედეგი ვაჩვენოთ," - აღნიშნავს კობახიძე.
მისივე თქმით, ივანიშვილთან კონსულტაციები პერიოდულად აქვს და იმედს გამოთქვამს, რომ კიდევ უფრო ინტენსიური შეხვედრები ექნებათ.
"ზოგადად ვსაუბრობთ იმაზე, რომ პარტიული სიის თვისობრივი განახლება აუცილებელია და ამ მიმართულებით პარტიულ ფორმატში ვმუშაობთ. ბატონი ბიძინა ივანიშვილი პარტიის დამფუძნებელია და იმაზე უფრო მეტიც, ვიდრე მხოლოდ პარტიის დამფუძნებელი. მისი თაოსნობით განხორცილდა ის, რისიც არავის არ სჯეროდა და ძალიან მძიმე, დანაშაულებრივი ხელისუფლების ჩამოშორება მოხდა.
"ამიტომაც ბიძინა ივანიშვილი ჩვენთვის იმაზე ბევრად მეტია, ვიდრე პარტიის დამფუძნებელი. აქედან გამომდინარე, მას აქვს მორალური უფლება, ჩაერთოს და მხარი დაუჭიროს "ოცნებას" წინასაარჩევნო პროცესში და არანაირ არაფორმალურ მმართველობაზე და ჩარევაზე ლაპარაკი არ შეიძლება იყოს.
"მხარდაჭერის რა ფორმები იქნება, დღეისათვის დაკონკრეტებული არ არის. ჩართულობის ნებისმიერი ფორმა შეიძლება მივიღოთ მხედველობაში. ამან სხვადასხვა ფორმა შეიძლება შეიძინოს, თუმცა ამაზე დღეს კომენტარის გაკეთება გამიჭირდება. ეს საბოლოოდ თავად ბატონი ბიძინასა და იმ გუნდის გადასაწყვეტია, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიისას ღონისძიებებს დაგეგმავს," - დასძენს კობახიძე.
ივანიშვილის შექმნილი საექსპერტო ჯგუფი "2030"-ის წევრის და პროდიუსერის ვასილ მაღლაფერიძის თქმით, ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის პოლიტიკაში არ დაბრუნდებოდა, თუკი რაღაც კატასტროფა და "მეორედ მოსვლა" არ მოხდებოდა და ამით თავისი დაბრუნება პრაქტიკულად გამორიცხა. მან თქვა მხოლოდ ის, რომ არჩევნებში აქტიურად დაეხმარება კოალიციას. ესაა და ეს. მისი წინასაარჩევნოდ გამოსვლა კი, რა თქმა უნდა, გაზრდის "ოცნების" რეიტინგს.
ვასილ მაღლაფერიძე: "აქტიურად დახმარება იქნება რჩევით, რესურსით და ა.შ. საარჩევნო მიტინგებზე გამოვა თუ არა, ამომრჩევლებთან შეხვედრებზე ივლის თუ არა, არ ვიცი. ეს კონკრეტული დეტალებია და ისე მოხდება, როგორც თავად ივანიშვილი ჩათვლის საჭიროდ.
"დარწმუნებული ვარ ზუსტად ისეთივე ტიპის დახმარება იქნება, რაც საერთაშორისო პრაქტიკითაა მიღებული - როდესაც ადამიანები ხმამაღლა გამოხატავენ, რომ ამა და ამ კანდიდატს უჭერს მხარს. როდესაც ძიძიგური ამბობს, რომ ივანიშვილი ლიდერი იქნება, არ ვიცი, რას გულისხმობს. იმიტომ, რომ ლიდერი ნიშნავს პირველ ნომერს თუ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს არ იქნება.
"ყველა ადამიანი, ყველა არასამთავრობოც კი, ვიღაცას უჭერენ მხარს და ივანიშვილს ვინ წაართვა უფლება, რომ ამა თუ იმ ძალის მიმართ თავისი სიმპათიები გამოხატოს?! მით უმეტეს, რომ მას თავისი პასუხისმგებლობაც აქვს.
"როგორ შეიძლება ჩვენ წარმოვიდგინოთ, რომ ამ საარჩევნო ბრძოლაში ივანიშვილი ნეიტრალური იყოს ან ამას ვინმე დაიჯერებს?! ივანიშვილის წინასაარჩევნოდ გამოსვლა დიდი მნიშვნელობისაა. მას უნდა გაგრძელდეს ის ხაზი, რაც ახლაა. მით უმეტეს იმ დროს, როდესაც ხან ბარიკადებით გვემუქრებიან და ხან ბოევიკებით, ნეიტრალური ვერ დარჩები".
მაღლაფერიძის თქმით, საუბარია, რომ სიებს ივანიშვილთან ათანხმებენ, რომ ეს არის კულუარული მმართველობა, მაგრამ ეს ასე არ არის.
"ორი დღეა ვისმენ, რომ მე, დათო ლიკლიკაძე და ია ანთაძე სიის ათეულში ვართ. ვთქვი, რომ ეს იდიოტიზმია, მაგრამ ამის მიუხედავად ამ ინფორმაციას მაინც ტირაჟირებენ.
"ჩემი ინფორმაციით, ჯერ არანაირი სია არ კეთდება და მსჯელობა არ მიდის. არადა ძალიან არაინფორმირებულ ადამიანს ვერ დამარქმევთ.
"ივანიშვილმა, უბრალოდ, სურვილი გამოხატა, რომ არა მსახიობები და სპორტსმენები, არამედ პროფესიონალები უნდა იყვნენ სიაშიო. ეს არის სურვილი და, რასაკვირველია, კოალიცია გაითვალისწინებს ივანიშვილის ნათქვამსაც, როგორც რჩევას. მაგრამ ივანიშვილი სიებს არ წერს და კულუარულად არ მართავს პროცესს.
"ივანიშვილს ისიც კი უთქვამს, რომ 2102 წელს პარტიის სიაში მყოფთა უმეტესობას ის საერთოდ არ იცნობდა. იმის დაფიქსირება, როგორი გინდა პარლამენტი იყოს, სიების წერას არ ნიშნავს. მთელი აჟიოტაჟი ატყდა იმიტომ, რომ ვიღაცას კუდი აეწვა, ან უნდა გამოჩნდეს ამ საქმის დიდ მცოდნედ და ამ თემაზე აჟიოტაჟი იმიტომ ატეხა. ეს რომ კულუარული მმართველობა იყოს, მაშინ არჩევნები არც ჩატარდებოდა.
"თუ ადამიანი ღიად გამოვა და გეტყვის - ჩემს ავტორიტეტს და ჩემს ნდობას ვდებ და ამა და ამ პიროვნებებს დაუჭირეთ მხარიო, ეს თავისი ანატომიით კულუარული მმართველობა არ არის. ადამიანება შეიძლება ყველაფერი დაარქვან, მაგრამ ეს კულუარული მმართველობა არ არის," - აღნიშნავს მაღლაფერიძე.
"დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის" თავმჯდომარე სოსო ცისკარიშვილი აცხადებს, რომ 2012 წლიდან ივანიშვილი პოლიტიკაში აქტიურად არის ჩართული. ის არსად წასულა, უბრალოდ, თუკი ადრე ივანიშვილი კულუარებიდან არაფორმალურად მართავდა პოლიტიკას, ახლა სააშკარაოზე გამოვა და საჯაროდ დადგება კოალიციის გვერდით.
"მოსალოდნელია, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ერთი რეგიონიდან მეორეში გადაინაცვლოს, გამოვა მიტინგებზე და შეხვდება საზოგადოებას. არ გამოვრიცხავ, რომ მისი ასეთი ნაბიჯის შეფასებები თავად ივანიშვილსაც აინტერესებდეს. ასევე შესაძლოა სურდეს მის მიმართ ამომრჩევლების დამოკიდებულების გაგება და ეს კარგი საშუალება იქნება, შეადაროს 2012 წლის ივანიშვილი 2016 წლის ივანიშვილს.
"პრემიერობას თუ პარლამენტის წევრობას არ აპირებს. ყოველთვის აცხადებდა, რომ ის თანამდებობას მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუბრუნდება, თუკი ქვეყანაში რაღაც საშინელება მოხდა, ან მის მიერ შექმნილმა პოლიტიკურმა გუნდმა აიწყვიტა და ქვეყნისთვის არაფერ სასიკეთოს არ აკეთებს. "არ ვიცი, ხედავს თუ არა ივანიშვილი იმას, რომ მისი გუნდი აღარ ემორჩილება. თუმცა მისი სიტყვა რომ ყოველთვის და ბოლომდე არ ჭრის, ამაზე მიმანიშნებს ის ინფორმაცია, რაც მე გამაჩნია. ეს ეხება მაჟორიტართა ინსტიტუტის შენარჩუნებას, რომლის მიუღებლობაზე მას არაერთხელ აქვს ნათქვამი კოალიციის შიგნით," - აცხადებს ცისკარიშვილი.
მისი თქმით, ივანიშვილის როლი სერიოზული იყო და იქნება, ვიდრე თავად ერთპიროვნულად აყალიბებს საპარლამენტო სავარძლების მფლობელთა სიას და ეს უკვე არის აქტიური ჩართულობა.
"სიაში დიდი რაოდენობით მოხვდებიან წარმოშობით "2030"-ის წევრები. კონკრეტული გვარები ჩემთვი უცნობია. ასევე სიაში იქნება ირაკლი კობახიძე. არა მარტო პარლამენტარების სიას, არამედ ივანიშვილი ადგენს სიას, ვინ შეიძლება წავიდეს პრეზიდენტთან უშიშროების საბჭოს სხდომაზე და ვინ - არა. პრემიერ-მინისტრი სწორედ იმიტომ ვერ მიდის პრეზიდენტთან უშიშროების სხდომაზე, რომ მას ამაზე საკუთარი აღმომჩენისაგან აქვს ვეტო დადებული. ხოლო რადგანაც აქტიური მხარდაჭერა მარტო სიის შედგენა არ არის, ამ სიას გაცოცხლება უნდა და ივანიშვილი ამის შემძლე სუბიექტია.
"მოიძებნება ალბათ ფრაზები, რომელიც მის მიმართ იმედგაცრუებული ამომრჩევლებისაგან ლმობიერ დამოკიდებულებას გამოიწვევს და ჩვენი ოცნების აღსრულების ვადაც კიდევ რამდენიმე წლით გადაიდება.
"ივანიშვილის აქტიური ჩართვა აუცილებელი იქნება მას შემდეგ, რაც საბოლოო სიის გამართვა დაიწყება, რადგან ათობით ადამიანს პროტესტის განცდა ექნება და ქილიკის ნიაღვარი იქნება არა მხოლოდ სიიაში დარჩენილების, არამედ თავად ივანიშვილისაც. ამიტომ მისი ავტორიტეტი აუცილებელი იქნება, რომ კოალიციაში ერთმანეთი არ დაჭამონ", - დასძენს ცისკარიშვილი.