რეგიონის თითქმის მთელი მოსახლეობა სოციალურ შემწეობას ითხოვს
ელზა წიკლაური
08.12.2015

 საქართველოს ყველაზე ღარიბი რეგიონი რაჭა-ლეჩხუმია. იქ სოციალურ შემწეობას რეგიონის მოსახლეობის 40%-ზე მეტი იღებს. მძიმე მდგომარეობაა სხვა რეგიონებშიც, რისი მიზეზიც ინვესტიციების სიმცირე, წარმოების დაბალი დონე, შობადობის დაბალი მაჩვენებელი და ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის მიგრაციაა. სიღარიბის მაჩვენებელი ყველაზე მცირე კი სამცხე-ჯავახეთშია, იქ სოციალურ შემწეობას რეგიონის მოსახლეობის მხოლოდ 5,1% იღებს, შემდეგია თბილისი - 5,8%, მესამე ადგილს კი ქვემო ქართლი იკავებს - 6%.

"ბიზნეს-რეზონანსმა" სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მეთოდოლოგიით (საარსებო შემწეობის მიმღები მოსახლეობა) საქართველოს რეგიონებში სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის პროცენტული მაჩვენებელი დათვალა. აღმოჩნდა, რომ ყველაზე საგანგაშო ვითარება რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონშია, სადაც თითქმის ყოველი მეორე ადამიანი ღატაკია. იქ მოსახლეობის 40,9% სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს. სოციალური მომსახურების სააგენტოში განაცხადი კი რეგიონის მოსახლეობის 88%-ს აქვს დაწერილი. რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში სულ 32 ათასი ადამიანი ცხოვრობს, საიდანაც 25 782 თვლის, რომ ღარიბია, 13 095 კი საარსებო შემწეობას იღებს.

სიღარიბის მიხედვით მეორე ადგილზეა შიდა ქართლი. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, რეგიონში 264 500 ადამიანი ცხოვრობს, საიდანაც საარსებო შემწეობას 48 336 ადამიანი იღებს, ანუ რეგიონის მოსახლეობის 18,2%, 54,3%, ანუ 143 670 ადამიანი კი თვლის, რომ ღარიბია, სჭირდება სახელმწიფოს დახმარება და სპეციალური განაცხადი აქვს შეტანილი სოციალური მომსახურების სააგენტოში.

რიგით მესამე ღატაკი რეგიონი - მცხეთა-მთიანეთია, სადაც საარსებო შემწეობას მოსახლეობის 16,6% იღებს, თუმცა ღარიბობაზე პრეტენზიას უფრო მეტი, 49,1% გამოთქვამს. რეგიონში სულ 94 400 ადამიანი ცხოვრობს, შემწეობას იღებს - 15 726, განაცხადი კი დაწერილი აქვს 46 377 ადამიანს.

შემდეგ მოდის კახეთი, სადაც საარსებო შემწეობა რეგიონის მოსახლეობის 15,1%-ს აქვს დანიშნული, სოციალური მომსახურების სააგენტოს ბაზაში კი რეგისტრირებულია 50,8%. სულ კახეთში 319 100 ადამიანი ცხოვრობს.

სიღარიბის დონით შემდეგია გურია, სადაც საარსებო შემწეობას რეგიონის მოსახლეობის 13,3% იღებს, თუმცა ღარიბობაზე პრეტენზიას 60% გამოთქვამს.

გურიას მოსდევს სამეგრელო-ზემო სვანეთი. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, რეგიონში სულ 331 500 ადამიანი ცხოვრობს, აქედან 40 692 ადამიანი, ანუ 12,2% ღარიბია, სოცსააგენტოში განაცხადი კი 169 067 ადამიანს, ანუ 51%-ს აქვს დაწერილი.

სოცმომსახურების სააგენტოს მონაცემებით, იმერეთში საარსებო შემწეობას 62 117 ადამიანი იღებს, რაც რეგიონის მოსახლეობის 11,5%-ს შეადგენს. პარალელურად 266 070 ადამიანი, ანუ 49,6% თვლის, რომ ღარიბია და სოცსააგენტოს ბაზაშია რეგისტრირებული. იმერეთში სულ 536 300 ადამიანი ცხოვრობს.

ყველაზე უკეთ კი სამცხე-ჯავახეთში ცხოვრობენ. რეგიონში სოციალურ შემწეობას მხოლოდ 5,1% იღებს, თუმცა ღარიბობის პრეტენდენტთა რაოდენობა აქაც მაღალია, დაახლოებით 45,5%. უკეთესობის თვალსაზრისით მეორე ადგილზეა თბილისი. დედაქალაქში ღარიბი 5,8%-ია, რიგში კი 26%-ია. მესამე ადგილზე ქვემო ქართლია. აქ ღარიბი სულ რეგიონის მოსახლეობის 6%-ია, სოცსააგენტოს ბაზაში კი დამატებით 33,5%-ია რეგისტრირებული.

სოციოლოგი ავთო სულაბერიძისთვის რაჭა-ლუჩხუმში სიღარიბის მაღალი დონე მოულოდნელი არ ყოფილა. იგი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ჩამორჩენილი რეგიონია, სადაც დიდია მოსახლეობის დაბერების მაჩვენებელიც - 25-30%.

"ფაქტობრივად, ინვესტიციები იდება თბილისში და ეკონომიკური თვალსაზრისით მხოლოდ დედაქალაქი ვითარდება. რეგიონები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჩარიცხული ტრანსფერების იმედზეა, რომლებიც სოციალური ხასიათისაა. მოსახლეობა არის სახელმწიფოს კმაყოფაზე, ანუ იგი მომხმარებელია და არაფერს აწარმოებს. მას ერთადერთი სოფლის მეურნეობა აქვს", - ამბობს ავთო სულაბერიძე და დასძენს, რომ სადაც დიდია სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის წარმოება, ის რეგიონი შედარებით უკეთეს მდგომარეობაშია. რაჭა-ლეჩხუმში არც სოფლის მეურნეობაა განვითარებული და არც მრეწველობა.

"თბილისში სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის მაჩვენებელმა უკვე შესამჩნევად იკლო. ამას განაპირობებს სახელმწიფო პოლიტიკა. სულ ვამბობ - უნდა განვითარდეს საშუალო და პატარა ქალაქები! სამწუხაროდ, ინვესტიციები იქ არ იდება. ამიტომ მოსახლეობა მოდის თბილისში, რეგიონებში კი დაუსაქმებელი ხალხი რჩება", - ამბობს ავთო სულაბერიძე.

სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე რაჭა-ლეჩხუმში არსებულ პრობლემას ბიზნეს აქტიურობის დაბალი დონით, ინვესტიციების სიმცირითა და მოსახლეობის დაბერებით ხსნის.

"საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ეკონომიკური განვითარების დონით, სამეწარმეო აქტიურობით დედაქალაქი გამოირჩევა და თბილისში, სადაც მოსახლეობის მეოთხედზე მეტი ცხოვრობს, ბიზნეს-აქტიურობისა და ბრუნვის დაახლოებით 72-75% მოდის.

რაც შეეხება რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთს, აქ ორი ფაქტორი მოქმედებს: ერთი - ეს არის სამეწარმეო აქტივობის დაბალი დონე და მეორე ის, რომ ამ რეგიონში მაღალია საპენსიო ასაკს მიტანებული მოსახლეობა და მცირეა შრომისუნარიანთა რაოდენობა, ანუ ისინი, ვინც უშუალოდ უნდა შექმნას დოვლათი და უზრუნველყოს ეკონომიკური ზრდა. დაბალი შობადობის და სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლის გამო საშუალო ასაკი ძალიან შემცირდა. ამ რეგიონში შემოსავლის ძირითადი წყარო პენსია და სოციალური დახმარებაა", - განაცხადა სოსო არჩვაძემ.

რაც შეეხება სამცხე-ჯავახეთს და ქვემო ქართლს, ამ რეგიონებში ღარიბი მოსახლეობის სიმცირის მიზეზი შობადობის მაღალი მაჩვენებელი და შრომისუნარიანი მოსახლეობის დიდი რაოდენობაა.

"ქვემო ქართლსა და ჯავახეთში მოსახლეობის ბუნებრივი მატება საგრძნობლად აღემატება საშუალო მაჩვენებელს. ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის წილი მაღალია და თანაც, ამ ორ რეგიონს ეკონომიკური ზრდის მეტი პოტენციალიც გააჩნია", - დასძინა არჩვაძემ "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას.

მთავრობამ რეგიონების ეკონომიკის გასაძლიერებლად თვითმმართველობის რეფორმა კი გაატარა, მაგრამ ამ რეგიონებში ფულის დატოვება დაენანა და ისინი ფინანსურად ისევ სახელმწიფო ბიუჯეტზე მიბმული დატოვა. მართალია, რაიონებში სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამა მოქმედებს (განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის კუთხით), მაგრამ ჯერჯერობით მას მოსახლოების ცხოვრების დონეზე მნიშვნელოვანი გავლენა არ მოუხდენია.

უახლოეს პერიოდში კი მთავრობა მთის კანონის ამოქმედებას აპირებს, რომელსაც სპეციალისტები დადებითად აფასებენ და თვლიან, რომ ეს გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ ქვეყნისა და განსაკუთრებით მთისთვის საკმაოდ პოზიტიური შედეგის მომტანი იქნება. კანონის ძალაში შესვლის შემდეგ მეტი შეღავათი და დახმარება გაეწევა მთას, დამაგრდება ადგილზე მოსახლეობა, რასაც უკვე ბუნებრივი მატებაც მოჰყვება.

სოსო არჩვაძის თქმით, თუ გვინდა, რომ რეგიონი და მთა განვითარდეს, ბიუჯეტიდან ტრანსფერი და სოციალური დახმარება არ იქნება საკმარისი, აუცილებელია დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსწორებაც.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×