ეკატერინე ბასილაია
10.12.2015

 "ქართულ პასპორტს ყოველწლიურად ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები 400-მდე მოქალაქე იღებს, უვიზო მიმოსვლის ამოქმედებასთან ერთად კი ქართული პასპორტების მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გაიზრდება," - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა.

მინისტრის ამ ოპტიმისტურ მონაცემებს კონფლიქტოლოგები არ ეთანხმებიან. მათი თქმით, ძალიან სასიხარულო იქნებოდა, რომ წელიწადში 300-400 აფხაზი იღებდეს ქართულ პასპორტს, მაგრამ ეს ძალიან გადაჭარბებული რიცხვია და არა თუ წელიწადში, გამორიცხულია ჯამში 400 აფხაზს ჰქონდეს ქართული პასპორტი. მათივე მტკიცებით, ოსებთან დაკავშირებით ქართული დოკუმენტის მფლობელთა რაოდენობა ერთ ათეულზე მეტიც არ იქნება.

თუმცა იქვე იმასაც აღნიშნავენ, რომ ვიზის ლიბერალიზაცია ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლებში რაღაც ინტერესს აუცილებლად გამოიწვევს და ამ მიმართულებით ხელისუფლებამ აქტიურად უნდა იმუშაოს.

"20-30%-ით უნდა გაიზარდოს ქართულ პასპორტზე მოთხოვნა იმიტომ, რომ დღეს რეგულარულად წელიწადში დაახლოებით 300 -400 ადამიანი იღებს ქართულ პასპორტს. ეს არ არის ბევრი, მაგრამ სტაბილური რაოდენობაა. ყველა მიხვდა, რომ თბილისიდან მგზავრობა უფრო იაფია, და ვიზის აღებაც უფრო იოლია. ჩვენ ვთხოვთ საელჩოებს, რომ ოკუპირებული ტერიტორიიდან ჩამოსულების მიმართ განსაკუთრებული ინტერესი გამოიჩინონ," - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა "პირველ არხთან" ინტერვიუში.

პარტია "საქართველოს ევროპელი დემოკრატების" თავმჯდომარე პაატა დავითაიას თქმით, არის ფაქტები, როდესაც აფხაზები ქართულ პასპორტებს იღებენ, მაგრამ ეს ერთეული შემთხვევებია.

"აფხაზეთში ეროვნებით აფხაზი 40-45 ათასი ცხოვრობს. ამიტომ წელიწადში 300-400 აფხაზმა რომ ქართული პასპორტი აიღოს, ეს ძალიან დიდი რიცხვია და ამიტომ ეს აბსურდია," - უთხრა დავითაიამ "რეზონანსს," - ზაქარეიშვილს აფხაზურ მედიაში "მატყუარა პაატას" ეძახიან. ყველამ ვიცით, რომ რუსული პენსიები ქართულზე ბევრად მეტია და აფხაზეთში ამ პენსიებზე არიან მიბმულები; ასევე შუქი და კომუნალური გადასახადები მიზერულია, პლუს სწავლითაც რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში არიან ინტეგრირებულები და ამიტომ აფხაზებს უმეტესად რუსული პასპორტები აქვთ, ქართული არაფერში სჭირდებათ. ქართულ პასპორტებს იღებენ გალის ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველები, რომლებსაც საბჭოთა დროინდელი ვადაგასული დოკუმენტები ჰქონდათ და ახლა ქართული უნდათ. ამას თუ გულისხმობს ზაქარეიშვილი, არ ვიცი. 400 აფხაზი ეს იქ მთელი პარტიაა და გამორიცხულია, ამდენს ქართული პასპორტი ჰქონდეს.

"თუმცა ის, რომ ჩვენთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭება ხელს შეუწყობს აფხაზებმა ჩვენკენ ყურება დაიწყონ, ამაში ბატონ ზაქარეიშვილს ვეთანხმები. ჩვენკენ მათი შემობრუნების რაღაც დიდი ბუმი არ იქნება, მაგრამ ინტერესი გაჩნდება და ეს ინეტერსი რომ გაღრმავდეს, ამისათვის ოფიციალური თბილისის მხრიდან სერიოზული მუშაობაა საჭირო. აფხაზეთის ტერიტორიაზე ძალიან დიდი რაოდენობის რუსული შეიარაღებული ძალებია განლაგებული, მათგან წნეხი დიდია, რაც აფხაზების ინტეგრაციისათვის ხელის შემშლელი იქნება, თუმცა უვიზო მიმოსვლის ამოქმედება, რაც მომავალ წლიდან იქნება შესაძლებელი, აფხაზებს დააფიქრებს, საითკენ წავიდნენ. ვიზალიბერალიზაცია და შემდეგ ევროკავშირში გაწევრიანება სწრაფ ეფექტს არ გამოიწვევს, მაგრამ როდესაც ნახავენ, ჩვენ წინ მივდივართ და ისინი ერთ ადგილზე რჩებიან, ჩვენთან ყოფნის სურვილი გაუჩნდებათ."

მისი თქმით, შესაძლოა ნათესაური კავშირების გამო და უცხოეთში სასწავლებლად სჭირდებოდეს ერთეულებს ქართული პასპორტი, თუმცა უცხოეთში წასასვლელადაც უმეტესად რუსულ პასპორტებს იყენებენ.

"უცხოეთში ძალიან ცოტა აფხაზი მიდის და ისიც რუსული პასპორტით. უმეტესად რუსეთში სწავლობენ, რადგან სპეციალური კვოტები აქვთ - მისაღებ გამოცდაზე 2-იც რომ მიიღონ, მაინც ხვდებიან უმაღლეს სასწავლებლებში. ბევრი მდიდარი აფხაზი ვიცი, რომლებიც რუსეთში ცხოვრობენ და თბილისსა და ბათუმში ბინები იყიდეს, თუმცა მათაც შეიძლება არ ჰქონდეთ ქართული პასპორტები.

"ერთი კვირის წინ სამმა აფხაზმა ძმამ თბილისში დიდი წვეულება გამართა. ერთ-ერთი ძმის 60 წლის იუბილე იყო. კერძო თვითმფრინავით ჩამოფრინდნენ, 100-მდე სტუმარი, რუსი მომღერლები და მოცეკვავეები ჰყავდათ ჩამოყვანილი და იუბილეს მოქმედი თანამდებობის პირებიც კი ესწრებოდნენ. ნახევარი მილიონი დოლარი დახარჯეს. ეს ძმები ბიზნესმენები არიან, მილიონებს ფლობენ და სეპარატიზმს აფინანსებენ. ჩვენები ფიქრობენ, რომ ქარულ-აფხაზური დაახლოებისათვის ეს წინ გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ სამწუხაროდ ასე არ არის, აფხაზებს კარგად ვიცნობ და მათთვის ეს სხვანაირად აღიქმება. ამბობენ, სოხუმი ხომ წაგართვით და ახლა "დილიხორს ვისწორებთ" და შუა თბილისში ვქეიფობთ, აგერ გვერდით საქართველოს მთავრობის წევრებიც მიზიანო. ეს მათთვის არის ერთგვარი "კაიფი".

"არც უფასო მკურნალობის გამო ხდებიან ჩვენ მიმართ კეთილგანწყობილები. ჩვენი სიკეთეებით სარგებლობენ, მაგრამ ჩვენთან არ უნდათ. ყველაფერზე დაგელეპარაკებიან, მაგრამ აფხაზეთის დამოუკიდებლობაზე უკან არ იხევენ.

 "ამ სუფრაზე ზაქარეიშვილი არ ყოფილა, სხვა მინისტრები იყვნენ. არ მინდა მათი გვარების დასახელება. ქართველი ჩინოვნიკები ფიქრობენ, რომ ამით კარგ საქმეს აკეთებენ, მაგრამ სამწუხაროდ ასე არ არის. არ იფიქროთ, რომ აფხაზები მძულდეს, მეუღლე აფხაზი მყავს. სეპარატისტების მომხრე და პუტინის მეგობარი, მილიარდერი, რუსეთის დუმის დეპუტატი ოთარ არშბაც, რომელმაც აფხაზეთის დამოუკიდებლობას მისცა ხმა, ფლობს საქართველოში სახლებს და ბათუმში მისი კუთვნილი სასტუმრო "კოლიზეუმის" გახსნაზე ღარიბაშვილიც იმყოფებოდა," - აღნიშნავს დავითაია.

მისივე თქმით, ოსებთან დაკავშირებით საქმე მარტივადაა, ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში 7 ათსამდე ოსი ცხოვრობს, 15 ათასი კი რუსი ჯარისკაცია და ოსებს აფხაზებზე ნაკლებად აინტერესებთ ქართული პასპორტი.

"კავკასიური სახლის" აღმასრულებელი დირექტორის გიორგი კანაშვილის განცხადებით, პირადად ის არაერთ აფხაზსა და ოსს შეხვედრია, თუმცა ყველას რუსული პასპორტი ჰქონდა.

გიორგი კანაშვილი: "აფხაზების უდიდეს ნაწილს რუსეთის მოქალაქეობა აქვს. პირადად მე არ ვიცი ვინმე აფხაზი და ოსი ქართული პასპორტით. თუმცა ვინმეს რომც ჰქონდეს, ამას ხმამაღლა არავინ იტყვის, რადგან ამ ფაქტს მკაცრი რეაქცია მოჰყვება-ხოლმე და ამიტომ მალავენ. დღეს საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაადგილებისთვის არც აფხაზს და არც ოსს არ სჭირდება პასპორტი, არც სამედიცინო დახმარებისთვის არის საჭირო ქართული დოკუმენტი. ადრე კი ქართული პასპორტების აღება ერთგვარად დაძალებით ხდებოდა, რადგან ქართული სამედიცინო დახმარების მისაღებად ამ დოკუმენტის ქონა აუცილებელი იყო. შემდეგ კი ეს იძულება მოიხსნა და ახლა ვისაც რუსულ პასპორტზე პრობლემა აქვს და უცხოეთში სურს გადაადგილება, ის თუ იღებს ქართულ პასპორტს. ვიზის მისაღებად ქართული დოკუმენტი უფრო ხელსაყრელია, ნაკლები დაბრკოლება ხვდებათ. ნეიტრალური პასპორტებიც არსებობს, მაგრამ ეს პროექტი ჩავარდა, რადგან ეს ნეიტრალური დოკუმენტი საერთოდ 10-მდე ადამიანს ჰქონდა."

კანაშვილის თქმით, უცხოეთში სასწავლებლად წასვლისათვის აფხაზი ახალგაზრდები უმეტესად რუსულ პასპორტებს იყენებენ, მაგრამ რადგანაც მისამართი აფხაზეთის ტერიტორიაზე აქვთ, მათ ვიზების მიღებაზე პრობლემები ხშირად ექმნებათ. მართალია მათ საქართველო ქართულ პასპორტებს სთავაზობს, თუმცა ამის პოლიტიზირება ხდება და ხმამაღლა ბევრი აცხადებს, რომ პოლიტიკური შეხედულებების გამო ისინი ქართულ პასპორტზე უარს ამბობენ. თუმცა იქვე იმასაც აღნიშნავს, რომ ვიზალიბერალიზაციის მიღების შემდეგ ქართულ პასპორტს მეტი ძალა ექნება და დიდი ალბათობით ეს აფხაზებსა და ოსებს დააფიქრებს.

"ძირითადად ვინც უცხოეთშია, მათ რუსული პასპორტები აქვთ. ვიღაცას ჩუმად აქვს ქართული პასპორტი, მაგრამ ეს მეზობელმაც კი არ იცის. ვიზალიბერალიზაციის გამო პროგნოზები კეთდება და ხშირად დნესტრისპირეთის მაგალითი მოჰყავთ. მას შემდეგ, რაც მოლდოვას სავიზო რეჟიმი გაუუქმეს, დნესტრისპირეთში სეპარატისტულმა ნაწილმა მოლდოვური პასპორტების აღება მასობრივად დაიწყო. აქ ჩვენთან ავიწყდებათ ის, რომ იქ ცოტა სხვა ტიპის კონფლიქტია და ბევრს ისედაც ჰქონდა მოლდოვური პასპორტი. ჩვენთანაც ვფიქრობ, რომ ქართულ პასპორტებს ჩუმად აიღებენ, გაძლიერდება ინტერესი, მაგრამ მასობრივი სახე, ისე, რომ მასობრივად გამოქანდებიან, ასეთი ილუზია არ უნდა გვქონდეს. მხოლოდ და მხოლოდ გადაადგილების საკითხი ინტეგრაციას ვერ გამოიწვევს, ურთიერთობის დალაგების კუთხით ბევრი სხვა რამ არის გასაკეთებელი. თუმცა ვეთანხმები მინისტრს, რომ ვიზის ლიბერალიზაცია პოზიტიურად აისახება. რამდენად პოზიტიურად აისახება, ციფრებში როგორ იქნება ეს გამოხატული, მგონია არც მინისტრმა იცის და ვერც სხვა გაგცემთ პასუხს. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ქართული პასპორტებისა და საქართველოს მიმართ აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში სამწუხაროდ ნეგატიური განწყობები ისევ დომინირებს და ძირითად მასაში საქართველო ისევ მტრად აღიქმება," - დასძენს კანაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×