მოსაზრება
11.12.2015

პაატა კოღუაშვილი პროფესორი

2005 წლამდე საქართველოში ყოველწლიურად ხდებოდა მიწების აღრიცხვა მიწის დანიშნულებისა და კატეგორიების, რაიონების, მხარეების, მიწის მესაკუთრეთა და მოსარგებლეთა მიხედვით. ამ მიზნით, ყოველი წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, რაიონის გამგეობა ამტკიცებდა მიწის ბალანსს, რომელიც შემდეგ განიხილებოდა საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის, დაინტერესებული სამინისტროებისა და უწყებების მიერ და მტკიცდებოდა საქართველოს მთავრობის დადგენილებით, რომელშიც მოცემული იყო მიწის რაციონალურად მართვის რეკომენდაციები.

მას შემდეგ, რაც 2004 წელს ლიკვიდირებულ იქნა მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტი, მისი ძირითადი ფუნქციები გადანაწილდა საქართველოს იუსტიციის, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამიისტროებს შორის. კერძოდ, მიწების აღრიცხვისა და მიწის ბალანსის შედგენის ფუნქციები გადაეცა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, რომელმაც, გაურკვეველი მიზეზების გამო, უარი განაცხადა ამ ფუნქციების შესრულებაზე. შემდგომ ეს ფუნქციები, მართალია, გადაეცა სოფლის მეურნეობის სამინისტროს, მაგრამ მიწის აღრიცხვა და მიწის ბალანსის შედგენა დღემდე არ ხორციელდება.

მიწის ბალანსი მოიცავდა მონაცემებს დასავლეთ საქართველოში მიწის მეორადი დაჭაობების, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს რიგ რაიონებში - პირობითი გაუდაბნოების, ეროზირებული, დამლაშებული და სხვა არასასურველი პროცესების შესახებ (უკანასკნელ პერიოდში ეს პროცესები, ბუნებრივია, უფრო ფართო ხასიათს მიიღებდა.

ცალკე დიდი პრობლემაა ნიადაგის ეროზიის წინააღმდეგ ბრძოლა. ამ მხრივ კატასტროფის წინაშე ვდგავართ. საქართველოს მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა შეიმუშაოს და დაამტკიცოს ნიადაგების დაცვის ფინანსურად და ორგანიზაციულად უზრუნველყოფილი გრძელვადიანი მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამა, მათ შორის, ეროზიის საწინააღმდეგო ღონისძიებათა გენერალური გეგმა და დაიწყოს მისი განხორციელება).

დღესდღეობით ვერავინ გეტყვით თუ რა მდგომარეობაა ქვეყნაში მიწებთან დაკავშირებით (სათანადო მონაცემების არარსებობის გამო), რამდენი ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო სავარგული გააჩნია სახელმწიფოს, მათ შორის რამდენია კერძო საკუთრებაში, მუნიციპალურ თუ სახელმწიფო საკუთრებაში. რაც მთავარია, არ ვიცით მიწის ფართობები დანიშნულებისა და კატეგორიების, აგრეთვე საკუთრებისა და სარგებლობის ფორმების თაობაზე.

მიწის ბალანსში აისახებოდა წლის განმავლობაში მიწის კატეგორიებში, სასოფლო-სამეურნეო სავარგულებში და საკუთრება-სარგებლობაში მომხდარი რაოდენობრივ-ხარისხობრივი ცვლილებები.

მიწის ყოველწლიური ბალანსის საშუალებით სახელმწიფო აკონტროლებდა მიწის ფონდში მომხდარ ნებისმიერ ცვლილებას, მათ შორის, ინტენსიური და არაინტენსიური სავარგულების მატება-კლების დინამიკას, ქალაქმშენებლობის, გზებისა და სხვა საჭიროებისათვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ბრუნვიდან ამოღებას, სამაგიერო მიწის ჩანაცვლებას და ა.შ. რაც მიწის მართვისა და რაციონალური გამოყენების საფუძველთა საფუძველს წარმოადგენს.

მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის ლიკვიდაციასთან ერთად გაუქმდა მის დაქვემდებარებაში არსებული სამიწათმოწყობო ინსტიტუტი და ლაბორატორია, გაჩერდა ნიადაგების კვლევის და სხვა მიმდინარე სამუშაოები. აგრარულ უნივერსიტეტში შეწყდა მიწათმომწყობთა კადრების გამოშვება.

დღეს ძნელად წარმოსადგენია სხვა რომელიმე ქვეყანა, სადაც მთავრობას მხოლოდ პრივატიზებული (ან საპრივატიზებო) მიწის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მონაცემები აინტერესებდეს და არ იცოდეს, როგორ იცვლება ქვეყანაში მიწის კატეგორიები - სასოფლო-სამეურნეო სავარგულის ერთი კატეგორიიდან მეორეში გადასვლა, რაც აქტუალური გახდა სავარგულის თითოეულ სახეზე გადასახადის მნიშვნელოვანი განსხვავების გამო; რა საზღვრებში რჩება საქართველო (ოთხი მოსაზღვრე ქვეყნიდან სამთან დღემდე არ გვაქვს დადგენილი სახელმწიფო საზღვარი) და მისი ცალკეული მხარეები და რაიონები.

საქართველოს სასურსათო უშიშროების პრობლემის გადაწყვეტა დიდადაა დამოკიდებული მიწის რესურსების რაციონალურ გამოყენებასთან. მიწის ეფექტურ მართვას, რომელიც ქვაკუთხედს წარმოადგენს როგორც სოფლის მეურნეობის, ასევე ზოგადად ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის, აქვს გამოწვევა, რომელიც პირობითად შესაძლებელია დაიყოს ორ ნაწილად:

1. მიწათსარგებლობის შესახებ მონაცემების არარსებობა შეუძლებელს ხდის სოფლის მეურნეობის პოლიტიკის სტრატეგიის შემუშავებასა და მის მართვას;

2. მიწათსარგებლობის განვითარების ხედვის, სტრატეგიისა და სახელმწიფო პროგრამის არარსებობა;

მიწათსარგებლობის შესახებ მონაცემების შეგროვებისთვის საჭიროა შესაბამისი ინსტიტუციური მოწყობის უზრუნველყოფა, რომელიც, სხვა ფუნქციებთან ერთად, უნდა მართავდეს მიწის საინფორმაციო სისტემას, რაც, შესაძლოა, მოიცავდეს ინფორმაციას მიწის დანიშნულების, კატეგორიის, ხარისხის, საირიგაციო-სადრენაჟო ინფრასტრუქტურისა და სხვა მონაცემების შესახებ.

მიწის საინფორმაციო სისტემა ინტერდისციპლინარულ პროდუქტს განეკუთვნება, იგი მჭიდრო კავშირშია სხვა უწყებებისთვის საჭირო ინფორმაციასთან და ამდენად იგი უნდა აიგოს სხვადასხვა დაინტერესებული სამთავრობო თუ არასამთავრობო ინსტიტუტებთან კოორდინაციით, მაგალითად, იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტრო, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო და სხვა.

მიწათსარგებლობის განვითარების ხედვის, სტრატეგიისა და სახელმწიფო პროგრამის შემუშავება ასევე მოითხოვს შესაბამის ინსტიტუციურ მოწყობას. მისი არარსებობა, თავის მხრივ, სერიოზულ გავლენას ახდენს რეგიონულ განვითარებაზე, ადგილობრივი თემების ჩართვაზე, ასევე სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებაზე (მისაღებია კანონი "სოფლის სტატუსის შესახებ"), სოციალური, დასაქმების, მიწის ბაზრის აქტიურობის, ინვესტიციების მოზიდვის და ზოგადად ეკონომიკის განვითარებაზე. სწორი ხედვის, სტრატეგიისა და შესაბამისი ინიციატივისთვის აუცილებელია კვალიფიციური ანალიზის გაკეთება. შეიძლება ითქვას, რომ სახელმწიფო პოლიტიკა უდავოდ უნდა უზრუნველყოფდეს მიწის ეფექტურ გამოყენებას, თუმცა ეს მიღწეული უნდა იყოს არა მესაკუთრეობაზე შეზღუდვით, არამედ მიწათსარგებლობის მონიტორინგის საშუალებით, რისთვისაც შესაბამისი ინსტიტუციური ცვლილებები იქნება საჭირო. იგი უზრუნველყოფს როგორც მიწათსარგებლობის მონაცემთა განახლებადი ბაზის შექმნას, ასევე მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეფექტური სისტემის ფუნქციობას.

მიწათსარგებლობის განვითარების მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს მიწის კონსოლიდაცია, რომელიც ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია როგორც ევროკავშირის ძველი და ახალი წევრებისთვის, ასევე ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებისთვის.

სამწუხაროდ, საქართველოში მიწის კონსოლიდაციის არავითარი გამოცდილება არ არებობს, რაც ამ მიმართულებით მოქმედების არანაირ შესაძლებლობას არ იძლევა. გამოცდილების შესაგროვებლად კი აუცილებელია საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით განხორციელდეს მიწის კონსოლიდაციის საპილოტე პროექტი, რომლის გამოცდილების ბაზაზე უნდა შეიქმნას შესაბამისი კანონმდებლობა და სახელმწიფო პროგრამა.

გაეროს რეკომენდაციების შესაბამისად მიწის კონსოლიდაცია განიხილება, როგორც მრავალსექტორული მიდგომა სასოფლო ტერიტორიებზე მიწის მართვის გაუმჯობესებისათვის, სადაც ადგილობრივი თემების მონაწილეობა მიწის კონსოლიდაციის სტრატეგიის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევა. მიწის კონსოლიდაციის პილოტ პროექტების დიზაინის სახელმძღვანელო შემუშავდა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მიერ 2003 წელს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის.

გრძელვადიან პერიოდზე გათვლილი ეკონომიკური ეფექტის მიღება შეუძლებელი იქნება მიწის რაოდენობრივ-ხარისხობრივი აღრიცხვის, მიწაზე მონიტორინგის, მიწის სათანადო დაცვისა და მიწის კოდექსის მიღების გარეშე. ამ მიზნით მიგვაჩნია, რომ საჭიროა ქვეყანაში დროულად შეიქმნას მიწის საინფორმაციო სისტემა, რომელსაც მიწის რაციონალური გამოყენებისა და დაცვის ყველა ფუნქცია დაეკისრება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×