"ერთი შვეულმფრენის ჩამოგდება კი შეიძლება, მაგრამ ამას რა მოჰყვება, ისაა განსასაზღვრი"
თაკო მათეშვილი
11.12.2015

 თავდაცვის მინისტრის მტკიცების მიუხედავად, რომ საქართველოს საჰაერო სივრცე კარგადაა დაცული, რუსულმა ვერტმფრენმა იგი ორი დღის განმავლობაში 2-ჯერ დაარღვია. სპეციალისტები ამ ყველაფერს საქართველოს ცის დაუცველობის დამადასტურებელ საბუთს უწოდებენ და ამბობენ, რომ აღშფოთების გარდა ვერაფერს გავხდებით, რადგან მისი ჩამოგდებით უფრო მეტ პრობლემას გავიჩენთ.

ოპოზიციაში კი არ გამორიცხავენ, რომ რუსეთმა ეს ნაბიჯი თინა ხიდაშელის ცოტა ხნის წინანადელი განცხადების საპასუხოდ და იმის სადემონსტრაციოდ გადადგა, რომ საქართველოს საჰაერო საზღვრის დარღვევა მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 9 დეკემბერს, დაახლოებით 18:48 საათზე, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში უკანონოდ არსებულმა რუსულმა უპილოტო საფრენმა აპარატმა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი საჰაერო სივრცე დაარღვია, თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა.

როგორც უწყებაში განმარტეს, რუსულმა "მი-8" ტიპის ვერტმფრენმა კონფლიქტის ზონა გადმოკვეთა, თუმცა მხოლოდ რამდენიმე წუთით. შემდეგ კი უკან გაბრუნდა. მან გორის რაიონის სოფლებში კოშკასა და გუგუტიანთკარში განლაგებულ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგუშაგოებს და გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მერეთის ტერიტორიაზე მდებარე შსს პოლიციის შენობას გადაუფრინა.

მათივე ცნობით, მომხდარის შესახებ ინფორმაცია უკვე მიეწოდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების კომისიას."აღნიშნული საკითხი განხილული იქნება ორმხრივ შეხვედრაზე", - აღნიშნეს უწყებაში.

მომხდარს პროვოკაციული აქტი უწოდეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში და გაავრცელეს განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ აღნიშნული ფაქტი ორი დღის განმავლობაში ორჯერ დაფიქსირდა.

"სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ განხორციელებული ეს პროვოკაციული აქტი, წარმოადგენს მორიგ დადასტურებას, რომ რუსეთის ფედერაცია არაფრად მიიჩნევს საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლურ ნორმებისა და პრინციპების დარღვევას.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას შეასრულოს საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ვალდებულებები, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების პირობები", - ნათქვამია განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ ეს ყველაფერი მოხდა ხიდაშელის განცხადებიდან სულ რამდენიმე დღეში, რომელიც ამბობდა, რომ საქართველოს საჰაერო სივრცე არ არის იმაზე დაუცველი, ვიდრე რომელიმე სხვა ქვეყნის. მისი თქმით, ამას მოწმობს კიდეც ის მოვლენები, "რომლის მოწმენიც ვართ".

მისივე თქმით, ერთია, როდესაც დაცული გაქვს საჰაერო სივრცე და მსოფლიოში არსებობს წესები, რომლითაც ქვეყნები მოქმედებენ და მეორეა, როდესაც საჰაერო სივრცე დაცული გაქვს, მაგრამ მსოფლიოში არსებობენ ქვეყნები, რომლებიც მსოფლიო წესრიგსა და საერთაშორისო სამართლის ნორმებს არაფრად აგდებენ.

"არიან ქვეყნები, რომლებსაც აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ გადადგან საპასუხო ნაბიჯები და არიან ქვეყნები, რომლებიც არ დგამენ საპასუხო ნაბიჯებს. მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ თურქეთი და ბალტიისპირეთი. ორივეგან თანაბრად, ბალტიისპირეთში შეიძლება კიდევ უფრო მეტად, ხდება საჰაერო სივრცის დარღვევა, მაგრამ ყველა ქვეყანა საბედნიეროდ პასუხისმგებლობით ეკიდება შექმნილ ვითარებას", - განაცხადა ხიდაშელმა.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრი, "თავისუფალი დემოკრატების" წარმოამდგენელი იარაკლი ჩიქოვანი არ გამორიცხავს, რომ ეს ყველაფერი რუსეთს სწორედ ხიდაშელის განცხადების საპასუხოდ გაეკეთებინა და მისი ნათქვამის საწინააღმდეგო დაემტკიცებინა.

ამბობს, რომ ჩვენი საჰაერო სივრცის დაცვას გაუმჯობესება სჭირდება. მისი თქმით, იდენტიფიცირების შესაძლებლობა გვაქვს, თუმცა რეაგირების - არა.

"ზუსტად ამაზე ჰქონდა საუბარი ირაკლი ალასანიას, როცა მან ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებების განვითარება დაიწყო. ეს რეალურად საჭირო იყო და ამას ის ყველაფერი ცხადჰყოფს, რას საქართველოს საზღვრებზე წლების განმავლობაში ხდება", - ამბობს დეპუტატი.

რუსული ვერტმფრენის შემოჭრას კი არახალ ფაქტს უწოდებს და ამბობს, რომ მათი მხრიდან ეს აპრობირებული მეთოდია, რომელსაც ხშირად მიმართავენ. ჩიქოვანის აზრით, ეს ყველაფერი ცხადჰყოფს, რომ ჩვენს ქვეყანას ადეკვატური ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები სჭირდება და სწორედ ასეთი შესაძლებლობების არსებობის შემთხვევაში შეგვეძლება რუსეთის ქმედებების პრევენცია.

კითხვაზე, შეეძლო თუ არა საქართველოს მისი ჩამოგდება, დეპუტატი გვპასუხობს, რომ ამისათვის მეტი ინფორმაციაა საჭირო - მისი ტრაექტორია, რამდენი ხანი იყო ჩვენს ტერიტორიაზე, გაფრთხილება იქნა მიცემული თუ არა და ა.შ. რადგან ასეთი რამ "მარტივად არ ხდება".

რუსეთის ქმედებას 1990-იანი წლების მოვლენებისა და განსაკუთრებით 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ შექმნილი რეალობის შედეგს უწოდებს ჟურნალ "არსენალის" მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი და დასძენს, რომ რეალობა ესაა და თუნდაც აღვშფოთდეთ, არაფერი შეიცვლება.

ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში, მისი თქმით, საოკუპაციო ბაზებია განთავსებული, რომელთაც შვეულმფრენები ემსახურებიან. მათი ყოველი აფრენა კი, საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევაა.

აქვე იმასაც დასძენს, ეს საოკუპაციო ზონიდან შემოფრენის პირველი შემთხვევა არაა. ამას მუდმივად აკეთებენ, ამ ზონას ჰაერიდან აკონტროლებენ.

"ყველამ კარგად ვიცით, რომ საქართველოს საჰაერო სივრცის დაცვის ხარისხი მაღალი ნამდვილად არ არის. ამას თავისი ობიექტური და სუბიექტური მიზეზები აქვს. ობიექტური მიზეზი ისაა, რომ საქართველოს რელიეფი მთაგორიანია. ასეთი რელიეფის პირობებში საზღვრების დაცვა და გაკონტროლება ძალიან რთულია. მითუმეტეს გარკვეულ სიმაღლეებზე. რადიოლოკაციური სადგურები ბევრ ადგილასაა განსათავსებელი, რაც უზარმაზარ თანხებთანაა დაკავშირებული. საქართველოს კი არა, ასეთი პრობლემის მოგვარება ბევრად უფრო ძლიერ ქვეყნებსაც უჭირთ.

"თავდაცვის სამინიტრო კი აცხადებს, რომ ფრანგული საჰაერო დაცვის სისტემები უნდა შემოვიდეს, მაგრამ ჯერ არ ასაჯაროებს თუ რა სისტემებზეა საუბარი კონკრეტულად. იმედია მათი შემოსვლის შემდეგ საქართველოს ცის გაკონტროლება ცოტათი მაინც გაუმჯობესდება", - აღნიშნავს ალადაშვილი.

რაც შეეხება იმას თუ როგორი უნდა იყოს ამ ყველაფერზე საქართველოს რეაქცია, ალადაშვილი ამბობს, რომ ძალიანაც რომ გვინდოდეს, ვერაფერს ვიზამთ. რომ ჩამოვაგდოთ, მისი თქმით, უზარმაზარი ძალა დაგჭირდება იმის დასამტკიცებლად, რომ მან მართლაც დაარღვია საჰაერო სივრცე.

აქვე თურქეთის მაგალითი მოჰყავს და ამბობს, რომ რუსული ბომბდამშენის ჩამოგდების გამო მას პრობლემები შეემნა - დღემდე მიდის დებატები იმაზე, ნამდვილად შეფრინდა თუ არა იგი თურქეთის ტერიტორიაზე.

"ასე რომ, ჩვენ ამ ეტაპზე ვერაფერს ვიზამთ და ეს სამწუხარო რეალობაა. მისი ჩამოგდებით შეიძლება სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბოს. თუმცა აქ მეორე საშიშრობაცაა - შეიძლება მათი თავხედობა იმ დონემდე მივიდეს, რომ თბილისის თავზეც გადაიფრინონ. ეს უკვე სხვა დონის საფრთხეა.

"ამიტომ, რეაგირება დიპლომატიურ დონეზე, მუდმივი პროტესტი საჭიროა. როცა სხვა ძალა არაა, იძულებული ხარ ამით დაკმაყოფილდე. ერთი შვეულმფრენის ჩამოგდება კი შეიძლება, მაგრამ მერე ამას რა მოჰყვება, ისაა განსასაზღვრი", - აცხადებს ირაკლი ალადაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×