ლიკა ამირაშვილი
14.12.2015

 "ჩვენ პარლამენტში 9 კაცით შევედით და ახლა 10 ვართ. რამდენი ვიქნებით, ამაზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევია. თუმცა, კოალიციაში პარტნიორებთან საუბარი არა მარტო ადგილების რაოდენობის შესახებ იქნება, არამედ სხვა საკითხებზეც", - ამის შესახებ რესპუბლიკელმა დავით ბერძენიშვილმა "მთელ კვირასთან" საუბრისას განაცხადა.

მომავალი წლის არჩევნებისთვის რესპუბლიკელები მოითხოვენ თუ არა უფრო მეტ ადგილს პარლამენტში - ამ კითხვაზე პასუხისაგან დავით ბერძენიშვილი თავს იკავებს, თუმცა დასძენს, რომ რესპუბლიკური პარტია არც ზედმეტს მოითხოვს რამეს და არც დაიკლებს.

"მთელი კვირა": 2012 წლის არჩევნებისას ფრაქცია რესპუბლიკელები პარლამენტში 10 წევრით შევიდა. 2016 წლის არჩევნებისთვის კოალიციის ერთიან სიაში უფრო მეტ ადგილს თუ მოითხოვთ?

დავით ბერძენიშვილი: ჩვენ პარლამენტში 9 კაცით შევედით და ახლა 10 ვართ. რამდენი ვიქნებით, ამაზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევია. თუმცა, კოალიციაში პარტნიორებთან საუბარი არა მარტო ადგილების რაოდენობის შესახებ იქნება, არამედ სხვა საკითხებზეც.

სასურველია, რომ ძირითად საკითხებზე შეთანხმება მოხდეს და კოალიცია არჩევნებზე ამ შეთანხმების შედეგად გავიდეს. ჩვენი პრიორიტეტია, რომ სხვადასხვა საკითხზე მაქსიმალურად შეთანხმებული პოზიცია გვქონდეს.

კოალიცია იმისათვისაა კოალიცია, რომ სხვადასხვა პარტიისგან შედგება. მომავალ არჩევნებზე რაც უფრო მეტი ერთმანეთთან შეთანხმებული პოზიცია იქნება დეკლარირებული, რაც უფრო მეტი ინტერესების თანხვედრა იქნება, ამომრჩეველს სუბიექტის პოზიტიური მხარის დანახვა მით უფრო გაუადვილდება.

"მ.კ.": თქვენ ახსენეთ, რომ საუბრის თემა სიაში ადგილების განაწილებაც იქნება. მომავალი არჩევნებისთვის კოალიციის ერთიან სიაში რესპუბლიკელებს იმაზე მეტი ადგილი ექნებათ, ვიდრე წინა არჩევნებზე იყო?

დ.ბ.: ვნახოთ, რა საარჩევნო სისტემა იქნება. რესპუბლიკური პარტია არც ზედმეტს მოითხოვს და არც დაიკლებს. ჩვენ სანდო და მშვიდი პარტნიორები ვართ. სწორედ რესპუბლიკური პარტიის ინიციატივით მოხდა ის, რომ დღეს მთავრობაც კოალიციურია. საქართველოს ისტორიაში ეს პირველად მოხდა, როცა არა მარტო პარლამენტია მრავალპარტიული, არამედ მთავრობაც კოალიციურია. ვვარაუდობ, რომ მომავალი საპარლამენტო უმრავლესობა და მთავრობაც კოალიციური იქნება.

"მ.კ.": როგორ ფიქრობთ, ფრაქცია რესპუბლიკელები პარლამენტში რამდენ ადგილს იმსახურებს?

დ.ბ.: ცალკე აღებული ადგილების რაოდენობა რაიმე ღირებულებად არ მიმაჩნია. რესპუბლიკელებმა აღმასრულებელ ხელისუფლებაში განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ავიღეთ.

დღეს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესი რომ აქტუალურია, ამაში რესპუბლიკელი მინისტრის თინათინ ხიდაშელის დამსახურება განსაკუთრებულია. ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ. მომავალშიც ვაპირებთ აღმასრულებელ ხელისუფლებაზე მაღალი პასუხისმგებლობა ავიღოთ. ამისთვის პარლამენტში რამდენი რესპუბლიკელის ყოფნა იქნება საკმარისი პროპორციული, თუ მაჟორიტარული სიით, ამას დრო გვიჩვენებს.

"მ.კ.": პარტიაში ახალ სახეებს, თუ ვიხილავთ?

დ.ბ.: რესპუბლიკური პარტიის წესების მიხედვით, პარტიის თავმჯდომარე სიას წარადგენს, რომელსაც ეროვნული კომიტეტი ამტკიცებს. ამიტომ წინასწარ ძალიან ძნელია მსჯელობა იმაზე, თუ როგორი იქნება სია. თავისთავად რესპუბლიკურ პარტიაში განახლების პროცესი მიმდინარეობს.

"მ.კ.": როგორ ფიქრობთ, თქვენი მთავარი კონკურენტი არჩევნებზე ვინ იქნება?

დ.ბ.: ჯერჯერობით ხელისუფლების კონკურენტი არ ჩანს. "ნაციონალური მოძრაობა" და "თავისუფალი დემოკრატები" მეორე ადგილისთვის ერთმანეთის კონკურენტები ნამდვილად არიან.

ყველა კვლევა გვიჩვენებს, რომ გამოკვეთილ პირველ ადგილზე, ნაკლები უპირატესობით, ვიდრე ადრე იყო, მაგრამ მაინც შესამჩნევი უპირატესობით კოალიცია "ქართული ოცნებაა". მეორე და მესამე ადგილისთვის კი "ნაციონალური მოძრაობა" და "თავისუფალი დემოკრატები" იბრძოლებენ. მათ ბურჯანაძე და ლეიბორისტები მოსდევენ. სხვა რომელიმე პარტია ბარიერისთვის მებრძოლი არ არის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×