2015 წლის 30 ნოემბერს გაზეთ "რეზონანსში" გამოქვეყნებულ ბ-ნი გიორგი შენგელაიას ინტერვიუში გაიჟღერა მრავალმა ცილისწამებამ სყს "ქართული ფილმის" კოლექტივის, შპს "ქართული კინოს განვითარების ცენტრისა" და მისი სამეთვალყურეო საბჭოს მიმართ. როგორც რეჟისორს ბატონ გიორგი შენგელაიას ყოველთვის ვაფასებდით და არასდროს აზრადაც არ მოგვსვლია საჯაროდ გაგვეკეთებინა კომენტარები მისი არაერთი არაადეკვატური საქციელისა თუ უტაქტო გამონათქვამების შესახებ. ამჯერად კი იძულებულები ვართ პასუხი გავცეთ იმ წარმოუდგენელ ბრალდებებს, რომლებიც მან გვაკადრა.
1. ბ-ნი გ. შენგელაია წერს, რომ შპს "ქართული კინოს განვითარების ცენტრი" და მისი სამეთვალყურეო საბჭო "აბსოლუტურად არაფრის მქმნელი ორგანიზაციაა".
მოგეხსენებათ, რომ "ქართულ ფილმში" ბოლო 10-15 წლის განმავლობაში თითქმის შეწყდა ფილმების გადაღება, პიკს მიაღწია ჩვენი ქონების გაყიდვა-განიავების პროცესმა - ქართულმა კინომ ბოლო წლებში დაკარგა მთელს საქართველოში უამრავი კინოთეატრი, შენობები, ვრცელი ტერიტორიები (ზუსტი ციფრი დღემდე ვერ დავადგინეთ) - ანუ კინოს ის ათწლეულებით დაგროვებული ქონება, რომლის სწორი გამოყენებით ქართული კინო ისევ ფეხზე უნდა წამომდგარიყო. სასწაულით გადარჩენილ 14 ჰექტარსაც ("ძველი სტუდია" აღმაშენებლის გამზირზე და "ახალი სტუდია" დიღომში) უკვე დიდი ხანია დაადგეს თვალი უხილავმა მუშტრებმა და ყველა მხრიდან დაიწყეს ფარული შეტევები მისი ხელში ჩასაგდებად.ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა, კინოსტუდია "ქართული ფილმი" იღუპებოდა, ხსნა არსაიდან ჩანდა.
კინემატოგრაფისტთა ერთ ნაწილს ყოველთვის მიგვაჩნდა, რომ კინოში გამეფებული სრული განუკითხაობის მიზეზი იყო, ძირითადში, აქ დამყარებული ერთპიროვნული მმართველობისა და, ამავე დროს, სტუდიის მესამედებად დაყოფისა და აქციებად მახინჯად დანაწილების სისტემა. აუცილებელი იყო ამ დამანგრეველი რეჟიმის გაუქმება და მმართველობაში გამოცდილი კინემატოგრაფისტების ისეთი გუნდის დაბრუნება, რომელიც ერთობლივად იტვირთავდა ჩვენი კინოს გადარჩენის მეტად მძიმე საქმეს. ეს შესაძლებლობა გაჩნდა მხოლოდ 2013 წელს, როდესაც მინისტრთა კაბინეტმა შექმნა "ქართული კინოს განვითარების ცენტრი", მისი სამეთვალყურეო საბჭო და დაავალა მას სახელმწიფოს კუთვნილი 100 % აქციების მართვა.
სამეთვალყურეო საბჭოს წევრებად დაინიშნნენ კინოწარმოებაში გამოცდილი სხვადასხვა თაობის პროფესიონალები (მათ შორის ოთხჯერ "ოსკარზე" წარდგენილნი და ნომინირებულნი),კინოში აღზრდილი ის ადამიანები, რომლებსაც კარგად ესმით კინოწარმოების მეტად რთული სისტემა - ალექსანდრე რეხვიაშვილი, ლევან კოღუაშვილი, ზაზა ურუშაძე, ნანა ჯანელიძე, გიორგი ოვაშვილი, ლევან თუთბერიძე, ბუბა ხოტივარი, ოთარ ლითანიშვილი, დავით სიხარულიძე. შემდგომში ამ სიამ განიცადა გარკვეული ცვლილებაც (მაგ. ნ. ჯანელიძეს აღარ შეეძლო მუშაობის გაგრძელება, რადგან იგი აირჩიეს "ეროვნული კინოცენტრის" დირექტორად, ზ.ურუშაძე აირჩიეს კინოკავშირის თავმჯდომარედ - ამიტომ, ჩვენ უკვე მოვითხოვეთ საბჭოს როტაცია და დავაყენეთ ბატონების - ელდარ შენგელაისა და გიორგი ხაინდრავას კანდიდატურები, რაც "ქართული ფილმისთვის" უდავოდ იმედისმომცემი იქნება).
სამეთვალყურეო საბჭოს შექმნამ ბ-ნი გ. შენეგელაია გაამძვინვარა. ნეტა, რატომ? ვეცდებით ავხსნათ.
2013 წელს საბჭოს დანიშვნისთანავე, სხვა ცოდვა-ბრალთან ერთად, ჩვენ დაგვხვდა ასეთი სურათიც: 2012 წლის დასაწყისში თურმე სადღაც დაიკარგა ჩვენი, ანუ აქციონერთა, საერთო ქონების 1/3. "თურმეს" ვწერთ იმიტომ, აქციონერთა ზურგსუკან, ყოველგვარი გახმაურების გარეშე, კინოსტუდიის 1/3 მკვეთრად გაუფასურებული აქციები აუქციონზე იქნა გატანილი და გაყიდული.
იმ დროს კინოსტუდიის მმართველობაში გ. შენეგელაიას ე.წ. "გუნდიც" იყო, რომელსაც არავითარი ხმამაღალი პროტესტი არ გამოუთქვამს ამის საწინააღმდეგოდ. პირიქით, იქმნება შთაბეჭდილება, რომ იყო რაღაც გარიგება, რადგან,მას შემდეგ, რაც მათ ანგარიშზე ჩაირიცხა აქციების გაყიდვით შემოსული სოლიდური თანხა, გ. შენგელაიას "გუნდის" წევრებმა აქციების მფლობელებს - აქციონერებს მათი კუთვნილი თანხა არ გაგვინაწილეს, რაც წესით უნდა გაეკეთებინათ.
მიუხედავად აქციონერების არაერთი ოფიციალური მიმართვისა, გ. შენგელაიას "გუნდი" დღემდე ინფორმაციასაც კი არ იძლევა - აქციონერებმა ვერაფრით დავადგინეთ, სად არის ეს თანხა და რა ბედი ეწია მას.
აქციონერები ამჟამად ჩივიან და თხოულობენ კუთვნილი თანხის დაბრუნებას. მიმდინარეობს საქმის გამოძიება. გაყიდული აქციები კი საბოლოოდ ეკონომიკის სამინისტროს ხელში აღმოჩნდა. არ ვიცით რა იქნებოდა 2012 წლის არჩევნები ნაციონალებს რომ მოეგოთ, მაგრამ არჩევნების შემდეგ სახელმწიფომ ეს აქციები, საბედნიეროდ, არ გაყიდა - აიღო და დანიშნა სამეთვალყურეო საბჭო - ქართული კინოსა და მისი ქონების გადარჩენის დავალებით. ამ დავალებას აუცილებლად შევასრულებთ და უკვე ვასრულებთ.
2. გ. შენგელაიას თქმით, კინოსტუდია "სამარცხვინოდ" ფართების გაქირავებით ირჩენს თავს და უნიათო მმართველების გამო სხვას არაფერს აკეთებს.
როცა 2013-ში მოვედით სტუდიაში, გაქირავებული ფართები უკვე დაგვხვდა. ახლა ჩვენ თანდათანობით ვათავისუფლებთ ადრე გაქირავებულ ტერიტორიებს და ვიწყებთ მათ გაცემას კინოფირმებისათვის - ვცდილობთ მაქსიმალურად მოვიზიდოთ კერძო სტუდიები, რათა კინოსტუდია ისევ გახდეს ნამდვილი კინოსტუდია, აღარ იყოს გაქირავების კანტორა და ძეხვების საწარმო, რაც იყო ჩვენამდე.
აქვე ვაცხადებთ, რომ ქონების მართვაში სამარცხვინო არაფერია და მართვა ბევრად ჯობია გაყიდვას, რომლის (გაყიდვის) მომხრე ყოველთვის იყავით თვით თქვენ, ბ-ნო გიორგი. ჩვენ კარგად გვახსოვს თქვენ მიერ მრავალჯერ გაჟღერებული ფრაზა, რომ კინოსტუდია თქვენ და მხოლოდ თქვენ დაგიტოვეს მშობლებმა (?!), რომ ის მორალურად თქვენი საკუთრება.
ჩვენი აზრი არ ემთხვევა თქვენსას, ბ-ნო გიორგი - კინოსტუდია "ქართული ფილმი" არ იყო, არ არის და არც უნდა გახდეს არავის კერძო კუთვნილება სახელმწიფოს გარდა. და ის უნდა მართოს მთავრობის მიერ არჩეულმა კინოპროფესიონალების გუნდმა (აქვე ვიტყვით, რომ აუცილებელია კერძო სტუდიებისათვის ხელის შეწყობაც, იმისათვის, რომ არ დაირღვეს პარიტეტი. პროგრესი ორივე მხარის განვითარებაშია).
ჩვენთან კი უკვე დაიწყო კინოსტუდიის ფეხზე დაყენების პროცესი - მიუხედავად ათასნაირი ფარული თუ ღია ინტრიგებისა - შევადგინეთ სამწლიანი სამუშაო გეგმა, დავიწყეთ კინოტექნიკისა და სხვა საშუალებების შეძენა, გადასაღები და გასახმოვანებელი პავილიონების რესტავრაცია და რაც მთავარია, "ქართულმა ფილმმა" დაიწყო თავისი მთავარი საქმე - გადაღებები: ჩვენთან შექმნილმა ფილმმა "მოირამ" (რეჟ. ლ. თუთბერიძე) უამრავი პრიზი მოიპოვა, ოსკარზეა წარდგენილი საქართველოს სახელით და ჩვენ გვიხარია ამ ფილმის წარმატებები. სტუდიის დახმარებით ამჟამად მიმდინარეობს სხვა ფილმების გადაღებებიც. დაწყებული გვაქვს სერიოზული სამუშაო ამერიკელ, თურქ, პოლონელ და ინდოელ კინომწარმოებლებთან ერთობლივი ფილმებისა და სერიალების შექმნის თაობაზე. ამერიკელი კინოოპერატორის მიერ ჩვენთან დაარსდა ფერის კორექციის სტუდია, ასევე ამერიკაში განათლებამიღებული ხმის რეჟისორის მიერ დაარსდა გახმოვანების სტუდია. შევძელით კინოსტუდიის წლების წინ გაძარცვული სკანერის ხარისხიანად შეკეთება, განვაახლეთ იგი და უკვე დავიწყეთ კინოფირების აციფრვა - ანუ ვმუშაობთ იმაზე, რომ კინოსტუდიას პროდუქციისა და პოსტპროდუქციის სრული პაკეტი ჰქონდეს და შეძლოს კონომწარმოებლების მომსახურება.
3. ბ-ნი გ. შენგელაია ინტერვიუში ლამის ფიცს დებს, რომ არცერთი ბრძანება საკადრო ცვლილების შესახებ არ გაუცია.
სრული სიცრუეა - გ. შენგელაიას ასეთი ბრძანებები აქვს და მისი ბრძანებები გახლავთ აბსოლუტურად დიქტატორული და არაადეკვატური. მაგ., მან თანამდებობიდან გაათავისუფლა გამოცდილი თანამშრომელი მხოლოდ იმ საბაბით, რომ მან ახლადდანიშნულ გ. შენგელაიას სათანადო პატივი არ მიაგო /იხ. ბრანება #.08-კ/. ამ მიზეზით მოხსნილი მურმან ჯავახიშვილის პირადი დამსახურება კი ის არის, რომ მან გაპარტახებული პავილიონები და შენობები სათანადოდ შეაკეთა და 120 ათასი ლარი წლიური შემოსავლიდან თანხა ერთ მილიონ ლარამდე გაზარდა, რამაც ფილმების გადაღებების დაწყების სერიოზული პერსპექტივა გააჩინა.
4. გ. შენგელაიას თქმით, კინოსტუდია "ბინძურ" მდგომარეობაშია და არავის სურს ასეთ "სიბინძირესთან ურთიერთობა.
წლების მანძილზე დაგროვილი სიბინძურისგან მართლა ვწმენდთ კინოსტუდიას, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. დაიგო ასე ნანატრი ასფალტი, შეკეთდა გზა, დაიწყო მტვერდადებული ტონობით ფოტოების, სცენარების, კოსტიუმების, ესკიზების საბუთების დაარქივება ცენტრალური არქივის ხელშეწყობით - ეს ის კოსტიუმები და საბუთებია, რომელიც გადაურჩა თქვენის ინიციატივით, ბ-ნო გიორგი, დაწყებულ მათ განადგურებასა თუ გაყიდვას.
5. გ. შენგელაია ბრძანებს, რომ კინოსტუდიის თანამშრომლები მხოლოდ ხელფასის გამო მუშაობენ და არარეალურად მაღალ ხელფასებს იწერენ, განსაკუთრებით გამოყოფილი იყო ბატონი ო.ლითანიშვილი ვითომცდა 1500 ლარიანი ჯამაგირით.
გასაოცარია პირდაპირ, რას არ იკადრებს გაავებული კაცი! ხელფასები არარელურად მაღალი კი არა, არარეალურად დაბალია, და ზოგ შემთხვევაში არც კი არსებობს: სამეთვალყურეო საბჭო, მისი დირექტორი და მოადგილე საერთოდ არ იღებენ ხელფასს. ო. ლითანიშვილმა კი ხელფასი დაიკლო და მის ხარჯზე ახალი საშტატო ერთეული შექმნა. ინფორმაცია საჯაროა და შეგიძლიათ ამაში თვითონ დარწმუნდეთ.
დავამატებთ, რომ ამას ჩვენ არ ვამადლით არავის - უბრალოდ, არსად გვეჩქარება, კარგად ვიცით რას ვაკეთებთ, საით მივდივართ და დარწმუნებულნი ვართ, რომ სულ მალე გვექნება ძალზედ სოლიდური შემოსავალი - როგორც ჩვენ, ასევე კინოში მოქმედ ყველა ღირსეულ პროფესიონალს.
6. გ. შენგელაია ბრძანებს, რომ როცა "უუნარო და ჯამაგ სამინისტროებში დარბოდა და თანამდებობაზე მოხვედრას ლამობდა, ის გვერდზე იდგა და აკვირდებოდა მოვლენებს. მაგრამ მას შემდეგ, რაც "გაეჭედნენ", საბჭოს "უწესო" თანამშრომლებმა მას შველა სთხოვეს და სამხატვრო ხელმძღვანელობა შესთავაზეს. რა იყო სინამდვილეში? გ. შენგელაიას შესთავაზეს დირექტორობა. ის დათანხმდა და დაინიშნა დირექტორად, მაგრამ მან თავისი არაადეკვატური ბრძანებებით (პირველივე დღიდანვე!), თანამშრომლებში ისეთი დაპირისპირება შექმნა, რომ ერთპიროვნული დიქტატორული მმართველობის თავიდან ასაცილებლად სამეთვალყურეო საბჭომ შექმნა სტუდიის დირექტორთა საბჭო და გ. შენგელაიას წერილობით შესთავაზა ამ დირექტორატში შესვლა - მას აქ ექნებოდა დირექტორისა და სამხატვრო ხელმძღვანელის ფუნქციები.
ამ წინადადებაზე გ. შენგელაიამ უარი გვითხრა ასევე წერილობით და ისეთი არაეთიკური, პირდაპირ ვიტყვით - უზრდელური პასუხი გაგვცა, რომ მის გამოქვეყნებას არც კი ვაპირებთ.
რაში იყო საქმე? გ. შენგელაია ხომ არავის მოუხსნია (ასეთი ბრძანება ბუნებაში არ არსებობს) - პირიქით, ეს მან, გ. შენეგელაიამ, იუკადრისა დირექტორატში მუშაობა. მაინც რატომ გვითხრა უარი გ. შენგელაიამ სტუდიის დირექტორისა და სამხატვრო ხელმძღვანელის მეტად საპასუხისმგებლო ფუნქციების შესრულებაზე? ეტყობა, სულ სხვა გეგმები ჰქონდა: მას უნდოდა სტუდიის ერთპიროვნული უფროსობა და, ჩვენის ვარაუდით, თავისი ჩანაფიქრის მართლაც შესრულება - სტუდიის ან მისი დიდი ნაწილის გაყიდვა. ახალი დირექტორთა საბჭო კი ამის უფლებას არავის მისცემდა. არავის, რაც უნდა ნამდვილი, თუ გაბერილი ავტორიტეტი ჰქონოდა. ეს გარემოება კი გ. შენგელაიამ კარგად იგრძნო, იძულებული გახდა დაეტოვებინა სტუდია და ისევ დაიწყო გარედან ინტრიგები.
7. რაც შეეხება გ. შენგელაიას მიერ ინიცირებულ "ღია წერილს" საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის მისამართით (07.12.2015), ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, თუ როგორ და რა მექანიზმებით იქმნება "აღშფოთებული საზოგადოების" ამდაგვარი კოლექტიური წერილები. ყველა არა, მაგრამ დიდი ნაწილი ხელმომწერთაგან ჩვენი მეგობარი და თანამოაზრეა, და, გვერწმუნეთ, ისინი არცკი არიან ბოლომდე საქმის კურსში - ჩვენ ხომ არავინ (მითუმეტეს სხვა დარგის წარმომადგენლები) არ შეგვიწუხებია ჩვენი პრობლემებით. რამდენიმე ხელისმომწერმა კი პირადად გვითხრა, რომ გ. შენგელაიას "მოხსნით შეურაცხყოფილი ინტელიგენციის" ეს წერილი არც კი წაუკითხავთ და თუ საჭირო იქნება, საჯაროდაც განაცხადებენ ამას.
სირცხვილია ბოლოს და ბოლოს! აღარ უნდა დამთავრდეს ეს პათოლოგია? წლების განმავლობაში დასმენები, ინტრიგები, ტყუილ-მართლის ერთმანეთში აღრევა, სახელმწიფო მეთაურებისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის სურვილი, საკუთარი ღვაწლით გაუთავებელი ბრავირება, კოლეგების შეურაცხყოფა, ერთმანეთზე მიქსევა, ხელოვნური დაძაბულობის შექმნა, სატელეფონო ტერორი, შარიანობა, შურიანობა და გაუთავებელი მწუხარება სხვისა კეთილსა ზედა...
არ დაიღალეთ, ბ-ნო გიორგი? არ დაიღალეთ ამდენი სიცრუით? იცით რა კარგად ჩანს თუ რა ჩანაფიქრიც გაქვთ სინამდვილეში? სტუდიის ხელში ჩაგდება, ძალად გაკოტრება და გაყიდვა! ვერ ხედავთ, რომ აღარ გამოვა ეს? აღარ გამოვა და მორჩა.
ჩვენ აღარაფერი გვიკვირს. ნუ გიკვირთ თქვენც, ამ წერილის მკითხველებს. კინოსტუდიის ხელში ჩასაგდებად იბრძვის "უმაღლესი რანგის ინტელიგენტი, სამართლიანი და გულადი კაცი", როგორც წერია "ღია წერილში" - ანუ, იმ მორალის ადამიანი, რომელმაც ოკუპირებული აფხაზეთისა და სამაჩაბლოს უბედურებების ფონზე ურცხვად შექმნა "ვაზის პარტია რუსეთთან ერთად" ჭიაურელის დიღმის ბაღ-ვენახებიდან. ჩვენ ამ კრეტინულ პარტიაში, რა თქმა უნდა, არ შევედით, რითაც დავიმსახურეთ ქართული კინოსა და რუსული პოლიტიკის დამსახურებული მუშაკის უმაღლესი რანგის ინტელიგენტური, სამართლიანი და გულადი რისხვა.
გვერწმუნეთ, ამაზე მეტის თქმაც შეგვიძლია, მაგრამ ამჯერად თავს ვიკავებთ - არ გვინდა არც საზოგადოების შეწუხება, არც ჩასაფრებულების გართობა და გახარება.დასანანია, რომ ასეთ თემებზე გვიწევს კამათი - ვინ იცის, იქნებ შეგნებულადაც გვაკარგინებენ დროს...
არაუშავს, უარესიც აგვიტანია. ჩვენ ერთი რამ ვიცით - რადაც უნდა დაგვიჯდეს, ქართული კინო - ჩვენი დიდი წარსულის მქონე ამჟამად გაპარტახებული დარგი - ფეხზე უნდა დავაყენოთ. ნურავის ეპარება ეჭვი - ასე იქნება ეს.
კინორეჟისორები
მერაბ კოკოჩაშვილი, ბუბა ხოტივარი