"როდესაც რამდენიმე მოდელის კომბინაციას აკეთებ და მესტიისათვის ფედერალური მოწყობა გაქვს, ხაშურისათვის კი - უნიტარული, ეს აბსურდია"
თაკო მათეშვილი
14.12.2015

 დაჩეხილი საქართველო - ასე უწოდებს ოპოზიცია საარჩევნო ოლქების ახლებურად დაყოფის წესს, რომელიც უკვე დამტკიცდა. 73 მაჟორიტარული ოლქიდან ცვლილება 60-ს შეეხო და, შესაბამისად, მათ ახალი საზღვრები აქვთ, რომლებიც ადმინისტრაციულ საზღვრებს არ ემთხვევა. ზოგიერთი რაიონი ერთმანეთს მიუერთდა და მათ პარლამენტში საერთო წარმომადგენელი ეყოლებათ, ზოგი კი პირიქით - დაიყო და 3-4 მაჟორიტარის არჩევა მოუწევთ.

არის ასეთი შემთხვევებიც - მაგალითად, თელავის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლის მოსახლეობას მაჟორიტარის არჩევა არა თელავში, არამედ ყვარელში წარდგენილი კანდიდატებიდან მოუწევს, რადგან ახალი საზღვრების გავლების შედეგად ყვარლის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარულ ოლქში შედიან. თუმცა მათი გამგებელი თელავის გამგებელი იქნება. ანუ ამ სოფლებზე ყვარლის მაჟორიტარი და თელავის გამგებელი იზრუნებენ.

თავის მხრივ, ყვარლის რაიონის ელექტორატის მეორე ნაწილი ლაგოდეხის ამომრჩეველთან ერთად აირჩევს ცალკე მაჟორიტარ დეპუტატს.

ამგვარი "გაუგებრობა" საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მრავლადაა. ოპოზიცია ამბობს, რომ ხელისუფლებამ უბრალოდ საარჩევნო მოწყობის რამდენიმე მოდელი ერთმანეთში შეაზავა და მიიღო მიქსი, რომელიც არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარება. შესაბამისად, ისინი მოსახლეობის პროტესტსა და არჩევნებში დიდ აურზაურს ელოდებიან.

თავად ხელისუფლებაში კი რეფორმას უმნიშვნელოვანესს უწოდებენ და ირწმუნებიან, რომ მისი მეშვეობით 2016 წელს საქართველოში ყველაზე სამართლიანი არჩევნები ჩატარდება.

"საარჩევნო კოდექსი" პარლამენტმა შაბათს, პლენარულ სხდომაზე დაამტკიცა. კენჭისყრაზე ცვლილებებს 82-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ კი 8 კანონმდებელი წავიდა.

ცვლილება ძირითადად საარჩევნო ოლქების დაყოფას და მაჟორიტარი დეპუტატების არჩევისთვის 50 პროცენტიანი ბარიერის დაწესებას ეხება.

საპარლამენტო უმრავლესობის პროექტის მიხედვით, თბილისში 10 მაჟორიტარული ოლქის ნაცვლად, 18 ოლქი შეიქმნება. ასევე, საქართველოს დანარჩენ რაიონებში, მუნიციპალიტეტების გაერთიანების ან პირიქით, გაყოფის გზით, 42 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი გვექნება.

73 ოლქიდან 13 მაჟორიტარული ოლქის საზღვრები უცვლელი დარჩება და ისინი კვლავ მუნიციპალურ საზღვრებს დაემთხვევა.

მოგეხსენებათ, საქართველოს 150-ადგილიან პარლამენტში ამჟამად შერეული სისტემა მოქმედებს, სადაც 77 დეპუტატი პროპორციული წესით, ხოლო 73 დეპუტატი მაჟორიტარულ, ერთმანდატიან ოლქში ირჩევა.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება

2015 წლის მაისში საკონსტიტუციო სასამართლომ კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ ცნო საარჩევნო კოდექსის ის ნაწილი, რომელიც ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების დადგენის წესს შეეხება. სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული ნორმით არჩევნებზე ხმათა თანაბრობის პრინციპი ირღვევა, რადგანაც სხვადასხვა საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა მკვეთრად განსხვავებული რაოდენობაა რეგისტრირებული.

აღსანიშნავია, რომ ამ ნორმის შეცვლისკენაც საქართველოს ბოლო წლებში საერთაშორისო თანამეგობრობაც არაერთ ანგარიშში მიუთითებდა.

საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმის შეცვლის მოთხოვნით სარჩელი, მოქალაქეების რანგში, უჩა ნანუაშვილმა და მიხეილ შარაშიძემ ორი წლის წინათ შეიტანეს იმ მოტივით, რომ მაჟორიტარულ საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა ხმები თანაბარი ძალის მქონე არ არის და სხვადასხვა მასშტაბის ოლქებში რეგისტრირებულ ამომრჩევლებს არ აქვთ შესაძლებლობა თანაბარი გავლენა მოახდინონ არჩევნების შედეგებზე.

მაგალითად, ყველაზე დიდ ქუთაისის ოლქში დაახლოებით 150 ათასი ამომრჩეველია, ხოლო უმცირეს ყაზბეგის ოლქში 6 ათასი ამომრჩეველია რეგისტრირებული და ორივე ოლქი თითო მაჟორიტარს ირჩევს პარლამენტში. მოსარჩელეთა გამოთვლით, ყაზბეგის ამომრჩევლის ხმა 25-ჯერ უფრო წონადი იყო, ვიდრე ქუთაისის საარჩევნო ოლქის ამომრჩევლის ხმა, რაც, მათი შეფასებით, სისტემის დისკრიმინაციულობაზე აშკარად მეტყველებდა.

შედეგად, საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ საარჩევნო კოდექსის სადავო ნორმები ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-14 მუხლს, რომელიც თანასწორობის უფლებას უზრუნველყოფს, და ასევე ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 28-ე მუხლის პირველ პუნქტს, რომლითაც საყოველთაო საარჩევნო უფლებაა გარანტირებული.

კურიოზული ოლქები

საკონსტიტუციო სასამართლოს ნების აღსასრულებლად საქართველოს პარლამენტმა მუშაობა დაიწყო და მოქალაქეთა ხმების წონის გასათანაბრებლად მაჟორიტარული ოლქებისათვის ახალი საზღვრები გაავლო. თითოეულ ოლქში საშუალოდ 46 ათასი ამომრჩეველი უნდა ყოფილიყო. საშუალო ნორმიდან დასაშვები გადახრა კი 10%-ს არ უნდა აღემატებოდეს, გარდა განსაკუთრებული გარემოებებისა (კომპაქტურად დასახლებულ უმცირესობათა დაცვა, მეჩხრად დასახლებული ადმინისტრაციული ერთეული და ა.შ.).

შედეგად, როგორც ზემოთ ვახსენეთ, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის თბილისი 10-ის ნაცვლად 18 მაჟორიტარს აირჩევს, 13 ოლქის საზღვრები უცვლელი დარჩება და 42 ოლქის ფორმირება არსებული ოლქების გაყოფის, გაერთიანების ან შერევის გზით მოხდება.

13 ოლქი, რომელსაც საზღვრები არ შეცვლია, ვინაიდან ისინი ამომრჩევლების რაოდენობით დასაშვებ ჩარჩოში ჯდებოდნენ, შემდეგია: საგარეჯო (45 533 ამომრჩეველი), გურჯაანი (54 147), ახმეტა (30 429), მცხეთა (44 199), ხაშური (49 382); ახალქალაქი (38 016), ნინოწმინდა (20 960), მესტია (8 242), საჩხერე (44 018), ჭიათურა (44 542), წყალტუბო (52 087), სენაკი (40 932), ფოთი (40 656). ამომრჩეველთა ეს რაოდენობა 2014 წლის ადგილობრივ არჩევნებზე არსებულ ოფიციალურ მონაცემებს ეყრდნობა.

პროექტის თანახმად, მექანიკური შერწყმა ხდება სიღნაღის და დედოფლისწყაროს; წალკისა და დმანისის; დუშეთის, ყაზბეგისა და თიანეთის; ამბროლაურის და ონის; ცაგერის და ლენტეხის; აბაშისა და მარტვილის; წალენჯიხისა და ჩხოროწყუს, შუახევისა და ხულოს ოლქების. ამ გაერთიანებულ ოლქებს თითო მაჟორიტარული მანდატი ექნებათ პარლამენტში.

ორად გაიყოფა რუსთავის ოლქი და ამ ქალაქს ერთის ნაცვლად 2 მაჟორიტარი ეყოლება პარლამენტში. ქუთაისს, რომელსაც ამჟამად ერთი მანდატი აქვს, ცვლილებების შედეგად სამი მაჟორიტარი ეყოლება, რომელთაგანაც ერთს ქუთაისლები თერჯოლის ამომრჩეველთა ნაწილთან ერთად აირჩევენ.

ბათუმს, ცვლილებების შედეგად, ასევე სამი მაჟორიტარი ეყოლება, საიდანაც ორს ხელვაჩაურის ამომრჩეველთა ნაწილთან ერთად აირჩევს. ამასთან, ხელვაჩაურში რეგისტრირებული ამომრჩევლის უმრავლესობა თავის მაჟორიტარს ქედის ელექტორატთან ერთად აირჩევს.

ქალაქ ოზურგეთსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტს ერთი მაჟორიტარული მანდატი ექნება; თუმცა ოზურგეთელი ამომრჩევლის ნაწილი - სოფლების ნაგომრის, სილაურის, ძიმითის, ჯუმათის და შრომის მოსახლეობა ლანჩხუთისა და ჩოხატაურის ამომრჩევლებთან ერთადაც აირჩევს ცალკე მაჟორიტარს.

ასეთივე პრინციპით აირჩევა სამი მაჟორიტარი გორიდან, საიდანაც ორს გორის მუნიციპალიტეტის ამომრჩეველი კასპისა და ქარელის ელექტორატთან თანაზიარად აირჩევს. ანუ, გორის რაიონის სოფლებს - ვარიანსა და სკრას მაჟორიტარი ქარელში ეყოლებათ, ხოლო სოფელ შავშვების მოსახლეობას - კასპში.

ამომრჩეველთა მსგავსი პრინციპით შერევა მოხდება ასევე მარნეულის, ბოლნისის, გარდაბნის, თეთრიწყაროს; ასევე ბორჯომის, ახალციხის, ადიგენისა და ასპინძის; ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონის, ხარაგაულის, ბაღდათის, სამტრედიის, ვანისა და ხონის შემთხვევაშიც.

ახალი წესის მიხედვით, მაჟორიტარული ოლქები 2016 წლის 1-ლ ივნისამდე უნდა შეიქმნას და ამ მიზნით გამოყენებული უნდა იყოს ცესკოში არსებული ამომრჩეველთა ერთიანი სიის ელექტრონული ბაზის ბოლო მონაცემები.

"ამას მოაჭრეს, იმას მიაკერეს..."

"ახალი მემარჯვენეების" ლიდერი მამუკა კაციტაძე ამ ცვლილებას ხელოვნურს, მექანიკურსა და გაუაზრებელს უწოდებს და ამბობს, რომ ხელისუფლება თითქოს ერთ საქმეს აკეთებს, მაგრამ პარალელურად სამს აფუჭებს.

"შედეგად კი საარჩევნო ერთმანდატიანი ოლქების საზღვრები მივიღეთ პირობითი სახელით - დაჩეხილი საქართველო", - აცხადებს იგი.

ამბობს, რომ 73 ოლქიდან 60 მუნიციპალიტეტის საზღვრები ამ გადაწყვეტილებით ხელისუფლებამ ფაქტიურად დაარღვია, გადახაზა.

"მაგალითად, სამტრედია ორად გაყო, თელავი და ლაგოდეხიც ორ-ორად, ონს ამბროლაური მიაკერა, ცაგერს - ლენტეხი, მარნეული სამად გაყო, გორი სამად დაჩეხეს, ყაზბეგი, დუშეთი და თიანეთი ასევე ერთმანეთს მიაკერეს. არანაირი გეოგრაფიული, ისტორიული ან ტრადიციული ასპექტები არ გაუთვალისწინებიათ," - ამბობს კაციტაძე.

ეს ყველაფერი, მისი აზრით, საზოგადოებაში უკმაყოფილებას აუცილებლად გამოიწვევს.

"თელაველებს რომ ეტყვი - თქვენ ყვარლის ნაწილი ხართ არჩევნებზეო, ან მარნეულელებს რომ ეტყვიან - მაჟორიტარი ბოლნისში გეყოლებათო, ანდა ყაზბეგს, დუშეთსა და თიანეთს ერთად რომ აარჩევინებ მაჟორიტარს, ამას ხალხის მხრიდან რეაქცია აუცილებლად მოჰყვება. მინიმუმ გაუგებრობა იქნება და პროტესტსაც არ გამოვრიცხავ," - ამბობს კაციტაძე.

ასეთი საკითხების გადაწყვეტისას, მისი აზრით, საზოგადოებასთან კონსულტაცია-დიალოგი და საქმის კურსში ჩაყენება აუცილებელია. ხელისუფლებას კი, როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გვეუბნება, კონტაქტიც კი არავისთან ჰქონია.

"მოსახლეობა ამას ტელევიზიით იგებს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამ თემაზე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს მაინც ხომ უნდა დაელაპარაკო? ხომ უნდა აუხსნა, რას და რატომ აკეთებ, ვინ დაგავალდებულა, იქნებ სხვაგვარად სჯობდეს და ა.შ. ასეთი მექანიკური და ხელოვნური პროცესები კი ნეგატიურ შედეგს აუცილებლად გამოიღებს, რაც 2016 წლის არჩევნების ლეგიტიმურობაზე, განწყობებზე და არჩევნების შემდგომ პერიოდზე აუცილებლად აისახება," - დასძენს იგი.

კაციტაძის მტკიცებით, ხელისუფლება ამ თემაზე არც ოპოზიციურ პარტიებს დალაპარაკებია, მათი მრავალმხრივი მცდელობის მიუხედავად. ამბობს, რომ საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია, სამოქალაქო სექტორთან ერთად ხელისუფლებასთან კონსულტაციებს თვეების განმავლობაში ითხოვდა, მაგრამ არცერთი შეხვედრა არ გამართულა.

"ერთადერთხელ იყო შეხვედრა, რომელიც "პატრიოტთა ალიანსის" შიმშილობის ფონზე გაიმართა, მაგრამ ეს კონსულტაცია კი არა, მათ მიერ დაჩეხილი საქართველოს ვერსიის პრეზენტაცია იყო. უბრალო მსჯელობაც კი არ გამართულა. მოვიდნენ, ეკრანზე რაღაც გვაჩვენეს და წავიდნენ. კონსულტაცია სულ სხვა რამეა - მხარეები თავიანთ ვერსიებს წარმოადგენენ, მსჯელობენ, არგუმენტებს წამოაყენებენ და ბოლოს შეთანხმებას ეცდებიან.

"ასეთ კონსულტაციებში 1990-იანი წლებიდან ვარ ჩართული შევარდნაძის ხელისუფლებასთანაც, სააკაშვილის ხელისუფლებასთანაც. "ქართული ოცნება" კი ერთადერთი და პირველი ხელისუფლებაა, რომელმაც ყველა ტიპის კონსულტაცია სრულიად უგულვებელყო. შიდა კოალიციურ რეჟიმში რაღაც მოდელი შეიმუშავა და გააკეთა ის, რაც უნდოდა," - აცხადებს მამუკა კაციტაძე.

იგივეს ამბობს "მთელ კვირასთან" საუბრისას პარტია "თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა და აცხადებს, რომ ხელისუფლებას არც ოპოციზიის, არც არასამთავრობოების და არც საერთაშორისო ორგანიზაციების არცერთი შენიშვნა არ გაუთვალისწინებია. ამას უპრეცედენტო შემთხვევას უწოდებს და დასძენს, რომ შევარდნაძისა და სააკაშვილის პირობებშიც კი, ოპოზიციის შენიშვნები საარჩევნო კოდექსში მიზერული დოზით, მაინც შეჰქონდათ.

"შორს ვარ აზრისაგან, რომ მაჟორიტარი დეპუტატები თავიანთი რაიონის ცხოვრებაში რაიმე პოზიტიურ როლს ასრულებდნენ, მაგრამ თუკი ამ სისტემას იმ ლოგიკით და არგუმენტით ვტოვებთ, რომ რაიონებს დეპუტატები სჭირდება, მაშინ გაუგებარია რატომ უნდა ჰყავდეს ვაკეს სამი დეპუტატი და ყაზბეგს - არცერთი. დეპუტატები სწორედაც პატარა რაიონებს სჭირდებათ, ვაკელებითა და ვერელებით პარლამენტი და მთავრობა ისედაც გაძეძგილია," - ამბობს კუკავა.

მისივე თქმით, დარღვეულია მოსახლეობის საშუალო რაოდენობის პრინციპიც და მესტია, ნინოწმინდა და კიდევ რამდენიმე რაიონი ხელისუფლების მიერ შემოთავაზებულ სქემაში არც ჯდება. კუკავას ინფორმაციით, ეს მუნიციპალიტეტები 46 ათასიან საშუალო მაჩვენებელს 200 და 300 პროცენტით არიან აცდენილები.

"მსოფლიოში ბევრი სხვა მოდელია და ყველა მათგანს თავისი ლოგიკა აქვს. შენ რომ რამდენიმე მოდელის კომბინაციას აკეთებ და მესტიისათვის ფედერალური მოწყობა გაქვს, ხაშურისათვის კი - უნიტარული, აბსურდია," - დასძენს იგი.

კუკავა "კურიოზულ" შემთხვევებსაც გვაცნობს, როცა ერთი რაიონის სოფლის მცხოვრებლებს მაჟორიტარის არჩევა მეორე რაიონში მოუწევთ. ანუ, გეოგრაფიულად ერთ მუნიციპალიტეტს ეკუთვნიან, მაჟორიტარული ოლქის მიხედვით კი - მეორეს.

"მაგალიად, თელავის რაიონის სოფელი ყარაჯალა მაჟორიტარს ყვარელში აირჩევს; ზესტაფონის რაიონის სოფელი სვირი ხმას ბაღდათის რაიონში მისცემს; ზუგდიდის რაიონის სოფელი ცაიში - ხობის რაიონში. ეს აბსოლუტური ანაქრონიზმია, რადგან ამ რაიონებს თავიანთი ტრადიციები აქვთ. ხრუშჩოვის დროს რაიონები მთელი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე და მათ შორის საქართველოშიც გააერთიანეს. ეს იმდენად მტკივნეული გამოდგა, რომ რამდენიმე წელიწადში ისევ ძველ საზღვრებში დააბრუნეს.

"რაიონზე მთელი ინფრასტრუქტურაა მიბმული - განათლების, ჯანდაცვისა და სამართალდამცავი სტრუქტურები და ცაიშისათვის, რომელიც თვითმმართველობის დაყოფის მიხედვით ზუგდიდის რაიონშია, ხოლო მაჟორიტარული ოლქის მიხედვით ხობს ეკუთვნის, ეს ყველაფერი ძნელია. ანუ, ხობის დეპუტატმა ცაიშზე რომ იზრუნოს, ეს ზუგდიდის გამგებელთან უნდა შეათანხმოს, რომელსაც, თავის მხრივ, თავისი დეპუტატები ჰყავს," - ამბობს კახა კუკავა.

იგი ასევე დარწმუნებულია, რომ ამგვარი "არევა" მოსახლეობის უკმაყოფილებას გამოიწვევს და დასძენს, რომ სწორედ გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად იყო საჭირო ევროპულ, პროპორციულ მოდელზე გადასვლა, რომელიც ყველა ამ პრობლემისაგან გაგვათავისუფლებდა.

"ნაპოლეონის ცნობილი გამოთქმაა - "ვერც ვერაფერი ისწავლეს და ვერც ვერაფერი დაივიწყეს". სწორედ ასე დაემართა "ქართულ ოცნებასაც". საქართველოში შევარდნაძის რეჟიმიც და სააკაშვილის რეჟიმიც "საარჩევნო ომით" დაემხო და ესენიც მათსავით დაასრულებენ.

"ჩემმა ოპონენტებმა "ქართული ოცნებიდან" მკითხეს - რატომ არ მოგწონთ მაჟორიტარული სისტემა, ჩვენ ხომ "ნაციონალური მოძრაობა" სწორედ ამ სისტემით დავამარცხეთ, ე.ი. ამ გზით ხელისუფლების ცვლილება შესაძლებელი ყოფილაო. ვუპასუხე, რომ 2003 წელს და 2012-ში ჩვენ ჩვეულებრივი საარჩევნო კამპანია კი არა, სამოქალაქო დაპირისპირება გვქონდა. საზოგადოებას ხელისუფლების შეცვლა მთელი ძალების დაძაბვის შედეგად მოუხდა. შედეგად კი ჯერ შევარდნაძის მთავრობის წარმომადგენლების რეპრესია მივიღეთ, როცა უმეტესობა ან დააპატიმრეს, ან ძებნა გამოაცხადეს და თავად შევარდნაძე რეალურად შინაპატიმრობაში ცხოვრობდა, მერე კი იგივე სააკაშვილის შემთხვევაში მოხდა.

"თუ "ოცნებასაც" ავტორიტარული საარჩევნო სისტემის შემოღება უნდა და ცდილობს მისი ხელისუფლება ისე კი არ შეიცვალოს, როგორც ეს ევროპულ ქვეყნებში ხდება, არამედ ისევ 200 ათასი კაცის ქუჩაში გამოსვლით, მიტინგებით, ქვების სროლითა და დაპირისპირებებით, მაშინ უნდა იცოდნენ, რომ უკეთეს შემთხვევაში მათი ლიდერები საპატიმროებში აღმოჩნდებიან, უარეს შემთხვევაში კი უფრო ტრაგიკული შემთხვევებიც გვინახავს," - აღნიშნავს კუკავა.

ოპონენტების შფოთვას გადაჭარბებულად მიიჩნევს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ჟორჟოლიანი და ამბობს, რომ ტყუილია ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ხელისუფლებამ გადაწყვეტილება ყოველგვარი კონსულტაციების გარეშე მიიღო. მისი თქმით, ისინი ოპოზიციასაც შეხვდნენ, არასამთავრობოებსაც და უცხოელებსაც.

"კონსულტაცია მხოლოდ იმას არ ნიშნავს, რომ მაინცდამაინც ვინმეს დაეთანხმო. შეხვედრა იყო და დააკმაყოფილა ისინი ამან თუ არა, ეს სხვა ამბავია," - ამბობს დეპუტატი.

საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებას სამართლიანს უწოდებს და ამბობს, რომ მას უმრავლესობაშიც იზიარებენ. მისი თქმით, აქამდე ზოგ რაიონში მცხოვრები მოქალაქის ხმას გადაწყვეტილებაზე 20-25-ჯერ მეტი გავლენა ჰქონდა, ვიდრე სხვა რაიონში მცხოვრები მოქალაქისას, რადგან საარჩევნო ოლქებში ამომრჩეველთა არათანაბარი რაოდენობა იყო. ახლა კი თითოეულ ოლქში დაახლოებით თანაბარი რაოდენობის ამომრჩეველია და მათ ხმასაც თანაბარი ძალა ექნება.

"ამ რეფორმის გატარებით ჩვენ მუნიციპალიტეტების ავტონომიას ვუჭერთ მხარს. თუ ადრე მაჟორიტარი დეპუტატი გამგებლის "უფროსი" იყო, ახლა ასე აღარ არის - გამგებელი ხალხის მიერ არჩეული მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელია. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება ამ პრინციპს კიდევ უფრო გაამყარებს და დეცენტრალიზაციის პროცესს ხელს შეუწყობს, რაც თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მიერ ავტონომიური გადაწყვეტილების მიღებას გულისხმობს.

"ეს ძალიან სერიოზული რეფორმაა და ვინც მას ეწინააღმდეგება, გამოდის, რომ მოქალაქეების თანასწორობა არ სურს. რაც შეეხება მოსახლეობის პროტესტს, ჩვენი მოქალაქეები ბევრად უფრო პასუხისმგებლიანები და მაღალი შეგნების მქონეები არიან, ვიდრე ეს ზოგიერთ პოლიტიკოსს წარმოუდგენია. ცხადია, ტრადიციისა და ინერციის ძალა ძლიერია, მაგრამ ჩვენ მოქალაქეებს ავუხსნით, რომ ესაა პირველი არჩევნები საქართველოს ისტორიაში, რომელიც ასე სამართლიანად ჩატარდება," - აღნიშნავს ჟორჟოლიანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×