ევროკომისიის მოულოდნელი გადაწყვეტილება
ზვიად მახარაძე (ბრიუსელი)
15.12.2015

 საქართველოსა და უკრაინის მიერ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში დღეს აღარ გამოქვეყნდება. ამის შესახებ გუშინ, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სხდომის მიმდინარეობისას გახდა ცნობილი. თუმცა რამდენადაა ეს მოულოდნელი გადაწყვეტილება საბჭოზე გამოხატული წევრი ქვეყნების პოზიციასთან, ჯერჯერობით ბურუსითაა მოცული.

გუშინვე, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ანგარიშის მომზადება თავიდანვე დაგეგმილი იყო დეკემბრისთვის და ევროკომისია პარტნიორ ქვეყნებთან ერთად აგრძელებს მუშაობას, რათა იგი თვის ბოლომდე იქნეს გამოქვეყნებული.

მან აღნიშნა, რომ გუშინ მართლაც გაიმართა დისკუსია ვიზალიბერალიზაციის შესახებ და აღნიშნა, რომ პროცესი ვითარდება საჭირო მიმართულებით: "საერთო შეფასება არის დადებითი და საჭიროა არსებული სულისკვეთების შენარჩუნება. ჩვენ გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ხალხისათვის და ეს იქნება კონკრეტული ხელშესახები შედეგი".

მოგირენიმ დაადასტურა, რომ დოკუმენტი დეკემბერში, უახლოეს დღეებში გახდება საჯარო. დღის განმავლობაში ევროკომისიის წარმომადგენლებზე დაყრდნობით ანგარიშის გამოქვეყნების სხვადასხვა თარიღი დასახელდა: კვირის ბოლო, ევროპული საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ და მომავალი კვირის დასაწყისი, 21 დეკემბერი.აღსანიშნავია, რომ გადაწყვეტილება იმდენად მოულოდნელი იყო, რომ ევროკომისიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარგარიტის სხინასმა უარი განაცხადა რამე კომენტარის გაკეთებაზე.

ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში მოლაპარაკებების კომისარი იოჰანეს ჰანი გუშინ დილით აცხადებდა, რომ დღეს უკვე გვექნებოდა პოზიტიური ანგარიში, რეკომენდაცია საქართველოსა და უკრაინის შესახებ.

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკიავიჩუსმა ასევე დაადასტურა ანგარიშის გამოქვეყნების გადადების შესაძლებლობა. თუმცა მისი აზრით, ამის მიზეზი არაა პოლიტიკური და უფრო ტექნიკური საკითხების შეთანხმების აუცილებლობასთან გვაქვს საქმე. იგი დარწმუნებულია, რომ ანგარიში სულ მალე გამოქვეყნდება და იქნება პოზიტიური.

ბრიუსელი ხვალ, ოთხშაბათს ელოდება უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან დონალდ ტუსკთან და ევროკომისიის პრეზიდენტთან, ჟან-კლოდ იუნკერთან უმაღლეს დონეზე გამართავს შეხვედრებს. შესაძლოა, ამ ვიზიტის ფარგლებში მოგვარდეს ყველა წამოჭრილი "ტექნიკური" საკითხი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×