შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე "იმ არც ისე მაღალჩინოსნის" ვინაობის დასახელებას საჯაროდ აპირებს
თიკო ოსმანოვა
17.12.2015

 "ცოტაღა მაკლია, დავრწმუნდე, რომ პროკურატურა საქმის "ჩაფარცხვას" ცდილობს. მერე კი ყველაფერს ვიტყვი. სავარაუდოდ, ეს რამდენიმე დღეში მოხდება", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი და შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი და პირობას დებს, რომ საჯაროდ იმ "არც ისე მაღალჩინოსნის" სახელსა და გვარსაც იტყვის, რომელიც მასზე პატიმრის შეწყალებისთვის ზეწოლას ახდენდა.

იგი აცხადებს, რომ მან შეწყალების კომისიაზე ზეწოლის შესახებ ინფორმაცია წელიწადნახევრის წინ მიაწოდა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, რის შემდეგაც პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდა სპეცსამსახურებს. გარდა ამისა, მისივე თქმით, დაახლოებით იმავე დროს საქმის კურსში ჩააყენა მაშინდელი მთავარი პროკურორი. აქედან გამომდინრე მას კითხვები აქვს პროკურატურასთან, თუ რატომ არ დაიწყო საქმის გამოძიება წელიწადნახევრის წინ.

რას პასუხობს ელისაშვილი პროკურატურის განცხადებებს და როდის გაასჯაროებს იმ მოკლე ტექსტურ შეტყობინებას, რომელიც ელისაშვილმა მაღალჩინოსნისგან მიიღო - ამ და სხვა საკითხებზე "რეზონანსი" ალეკო ელისაშვილს ესაუბრა.

ალეკო ელისაშვილი: ახლა ოფიციალური წერილებით მივმართე პროკურატურას და მოვითხოვე ზეპირსიტყვაობის ნაცვლად მომაწოდონ ჩემი ტელეფონის ოფიციალური ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა.

ისინი რომ გამოხტნენ და თქვეს, ვიზუალური დათვალიერებით მესიჯები არ არისო, ვითხოვ არა ვიზუალურ შედეგებს, არამედ ოფიციალური ტექნიკური ექსპერტიზის შედეგებს. როდესაც მომაწვდიან, იქ იქნება ყველაფერი - როდის შემოვიდა მესიჯები, იყო თუ არა და ა.შ.

რაც შეეხება მეორე წერილს, ასევე ვითხოვ მომაწოდონ ყველა საშვი, რომელიც დაშვებულია 2014 წელს ჩემზე და პროკურატურაში ჩემი შესვლის ვიდეოჩანაწერები. ამით დავადასტურებ, რომ ბადაშვილსა და გოგაძეს ნამდვილად შევხვდი ბადაშვილის კაბინეტში.

პროკურატურა ცდილობს, რომ ყურადღება გადაიტანოს - მესიჯი იყო თუ არ იყო. მე კი უახლოეს დღეებში ყველანაირად დაგიდასტურებთ, რომ ეს მესიჯები ნამდვილად შემოვიდა და ეს იყო ერთი პატარა დეტალი ამ საქმეში.

"რეზონანსი": რა შინაარსის მესიჯი იყო გამოგზავნილი?

ა.ე.: ამ მესიჯით ჩემგან კატეგორიულად ითხოვდნენ, რომ ესა თუ ის საქმე განსაკუთრებული წესით გამეტანა. ეს იყო და ეს.

"რ": მუქარის შემცველი "ესემესები" არ ყოფილა?

ა.ე.: იმ მესიჯში ის კი არ ეწერა, რომ 200 ათასი გვაქვს აღებული და პატიმრებს თუ არ გამოუშვებთ, მილიონახევარს დავკარგავთო. ეს რა თქმა უნდა არ ეწერა. მაგრამ ეს მესიჯი რომ ნადვილად შემოვიდა და რომელ წუთზე, რომელ წამს, ყველაფერს წარმოგიდგენთ.

ვამბობ, რომ იყო ზეწოლა. კატეგორიულად ითხოვდნენ პატიმრის საქმე გამეტანა განსაკუთრებული წესით და შემეწყალებინა. არადა იცოდნენ, რომ ამ საქმეში ვერ ვხედავდი პოლიტიკურ ნიშნებს და შესაბამისად, მის შეწყალებას არ ვაპირებდი.

მთავარი არის ის, რომ როდესაც მე ინფორმაცია მივაწოდე პრეზიდენტს და პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მიაწოდა სპეცსამსახურებს და როდესაც მე მთავარი პროკურორი და მისი მოადგილე ჩავაყენე საქმის კურსში მძიმე დანაშაულთან დაკავშირებით, რატომ არ დაიწყო გამოძიება წელიწადნახევრის წინ. ეს არის მთავარი და ახლა პროკურატურა მეუბნება - მესიჯი რატომ არ იყო ტელეფონშიო.

ვიზუალური დათვალიერება და ტექნიკური ექსპერტიზა არის ორი სხვადასხვა რამ. მყარ დისკზე შეიძლება გაცილებით მეტი ინფორმაცია იყოს, ვიდრე ინბოქსში.

პროკურატურას უნდა ისრების ჩემზე გადმოტანა. არადა მთავარი არის ის, თუ რატომ არ დაიწყო ბადაშვილის უწყებამ თავის დროზე გამოძიება, როცა ძალიან მაღალი თანამდებობის პირებმა ჩემგან მიიღეს ეს ინფორმაცია. ამაშია საქმე, თორემ ზეწოლის შემცველი მესიჯი არის ერთი დეტალი და ამის არსებობას ნამდვილად დავადასტურებ უახლოეს დღეებში.

"რ": როდესაც ეს გზავნილი პრეზიდენტს წააკითხეთ, რა გითხრათ?

ა.ე.: დაკითხვას ხომ არ მიწყობთ, მეტი რა გითხრათ. ნამდვილად წავაკითხე და პრეზიდენტმა დაადასტურა თავისი მრჩევლის პირით. მე პრეზიდენტმა, როდესაც ახლა შევხვდი, მითხრა, რომ ის წუხს ჩემი უსაფრთხოების გამო და მას სურს, რომ დამინიშნოს დაცვა, რაზეც უარი ვუთხარი.

"რ": თქვენ შეისწავლეთ ამ პატიმრის საქმე?

ა.ე.: კი, საქმე შევისწავლე. ვერ ვხედავდი პოლიტიკურ ნიშნებს. ვნახე, რომ ეს იყო ძალიან მძიმე საქმე. კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებდა და შესაბამისად, უარს ვამბობდი ამ საქმის განსაკუთრებული წესით გატანაზე.

"რ": ეს საქმე ეხება თუ არა ე.წ. კოკაინის საქმეს და დაკავებულ ანასტასია ზაუტაშვილს?

ა.ე.: არა, მაგას ვერ დაგისახელებთ ნამდვილად. ჩემი ჩვენებიდან მართალია უკვე ციტატებს ყვებიან, რაც ძალიან ცუდია, მაგრამ ამას ჯერჯერობით არ ვადასტურებ. მაგრამ თუ ასე გააგრძელა პროკურატურამ, ძალიან მალე ყველაფერს მოვყვები.

"რ": ნუგზარ ბოჭორიშვილს თუ იცნობთ?

ა.ე.: არა. საიდან უნდა ვიცნობდე, სადღაც საზღვარგარეთ ცხოვრობს.

"რ": ზაუტაშვილს თუ შეხვედრიხართ?

ა.ე.: შევხვდი ერთხელ. ქალბატონი ანასტასია მართალია - მას ვუთხარი, რომ შემოეტანა განცხადება, თუმცა მარტო მაგას არა, ყველა მსჯავრდებულ ქალბატონს ვუთხარი. ავუხსენი, რომ განცხადების საფუძველზე ვიმსჯელებდი. მეტს მე არაფერს დავპირებივარ. მსჯავრდებულს და ყველა ოჯახის წევრს ვეუბნებოდი, რომ განცხადება შემოეტანათ. ეს არის აუცილებელი წინაპირობა საქმის მსვლელობისთვის.

"რ": ვის გათავისუფლებასაც გთხოვდნენ, მასზე რა გითხრეს - რომ წინა ხელისუფლებამ დააკავა პოლიტიკური ნიშნით?

ა.ი.: კი, ნამდვილად. მე მთხოვდნენ, რომ განსაკუთრებული წესით გაგვეტანა ეს საქმე და მას დადებითი რეკომენდაცია მისცემოდა.

"რ": კონკრეტულად რომელი მაღალჩინოსანი ითხოვდა თქვენგან პატიმრის გათავისუფლებას?

ა.ე.: მაღალჩინოსანთან დაკავშირებით ძალიან აფორიაქებულია ხელისუფლება და მის ვინაობას კატეგორიულად არ ვამბობ.

"რ": დეპუტატია თუ სხვა თანამდებობის პირი?

ა.ე.: პროკურატურას ვუთხარი და ოქმშიც წერია, რომ იმ მაღალჩინოსანს - არც ისე მაღალჩინოსანს - დავასახელებ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დავრწმუნდები, რომ გამოძიება მიმდინარეობს გულმოდგინედ და კეთილსინდისიერად. მაგრამ, რაც დრო გადის, ვრწმუნდები, რომ გამოძიება კეთილსინდისიერად არ მიმდინარეობს. ამდენად, მე ასეთ საჩუქარს პროკურატურას არ გავუკეთებ.

თუ საჯაროდ მოვყვები, მაშინ ვიტყვი ამას. პროკურატურას მას არ დავუსახელებ.

"რ": რამდენიმე დღის წინ განაცხადეთ, რომ თუ დაინახავთ, რომ პროკურატურა საქმის "ჩაფარცხვას", ცდილობს ყველაფერს საჯაროდ იტყვით...

ა.ე.: მიღრმავდება ეჭვი, რომ პროკურატურა საქმის ჩაფარცხვას ცდილობს.

"რ": მაშინ როდის აპირებთ ყველაფრის გაასაჯაროებას?

ა.ე.: ცოტაღა მაკლია, რომ დავრწმუნდე და მერე ყველაფერს ვიტყვი. სავარაუდოდ ეს რამდენიმე დღეში მოხდება, თუ კიდევ დაიწყო შოთაძის უწყებამ სპეკულირება ამ მესიჯებთან დაკავშირებით.

"რ": მესიჯის გარდა კიდევ რა ფაქტები გაქვთ?

ა.ე.: მტკიცებულებების შეგროვების ვალდებულება მე არ მაქვს. მაგალითად, თქვენ მიდიხართ ქუჩაში დაინახეთ, რომ მკვლელობა მოხდა, წახვედით და აცნობეთ პოლიციას. პოლიციელმა კი რომ გითხრათ - იცით რა, კეთილი ინებეთ და ახლა მომიტანეთ კამერების ჩანაწერი, ტელეფონით მტკიცებულება ან სხვა რამე და მაშინ დავიწყებ გამოძიებასო - აი, ასეთ რამეს მეუბნება ახლა პროკურატურა. რატომ არ მოიტანე მტკიცებულებაო.

ფაქტების შეგროვებისთვის არსებობს პროკურატურა. მე მათ მივაწოდე ინფორმაცია დანარჩენი მაგათზეა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×