რუსეთის პრეზიდენმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებისთვის მზად არის. რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის პერსპექტივებზე საუბრისას კი აღნიშნა, რომ რუსეთი ურთიერთობის გაუარესების ინიციატორი არ ყოფილა და მზად არის, ეს ურთიერთობა აღადგინოს.
"რაც შეეხება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ეს პირველ რიგში ქართველი, აფხაზი და ოსი ხალხის საქმეა, მათთან უნდა იმუშაოთ. ჩვენ ნებისმიერ გადაწყვეტილებას მივიღებთ", - განაცხადა პუტინმა.
ვლადიმერ პუტინის განცხადებას გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და მისი ნათქვამი სწორი მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯად შეაფასა.
"გავეცანით რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის დღევანდელ განცხადებას საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთთან სავიზო რეჟიმის შესაძლო გაუქმების თაობაზე. ვფიქრობთ, რომ ეს სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია.
"მოგეხსენებათ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ჯერ კიდევ 2011 წელს გააუქმა სავიზო მოთხოვნა რუსეთის მოქალაქეებისათვის. მიმდინარე წელს ჩვენ კიდევ უფრო გავახანგრძლივეთ საქართველოში მათი შესაძლო ყოფნის პერიოდი, რადგან დაინტერესებული ვართ, რომ საქართველოს მეტი ტურისტი ეწვიოს რუსეთიდან და შეძლებისდაგვარად გამარტივდეს ადამიანებს შორის კონტაქტი.
"ჩვენი ხელისუფლების გააზრებულ საგარეო პოლიტიკას სერიოზული ხელშესახები შედეგი მოაქვს. სწორედ ასე აღიქვამენ ამას როგორც ჩვენი მოქალაქეები, ასევე დასავლელი პარტნიორები", - აღნიშნულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.
"რატომ სურს რუსეთს საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმება?" - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების ცნობილ წარმომადგენლებს მიმართა.
თემურ ნანეიშვილი (ფიზიოლოგი): "ჩემი აზრით, გარკვეული პოლიტიკური მიზნები ექნება, რადგან თურქეთთან დაძაბული ურთიერთობის ფონზე ეს მათთვის სასურველი გადაწყვეტილებაა და ჩვენ, რა თქმა უნდა უნდა გამოვიყენოთ ეს მდგომარეობა და იქნება დათბეს რუსეთთან ურთიერთობა. ეს არც მათთვის და არც ჩვენთვის არ არის მისაღები ურთიერთობა."
დოდო ხურცულავა (ხელოვნებათმცოდნე): "შეიძლება რუსეთი რამე ხრიკს მიმართავს. რუსეთისგან ყველაფერი მოსალოდნელია და, ვფიქრობ, ეს შეიძლება რამე ცუდის წამოწყების ხერხი იყოს. პირდაპირ გეტყვით, რომ არ მომწონს ეს ამბავი."
ზურაბ ვადაჭკორია (ილუზიონისტი): "საქართველოსთან სავიზო რეჟიმი რომ ჰქონდეს რუსეთს, ჩემი აზრით ჯობს, რადგან მთელი საქართველო გაიქცევა იქით და საქართველო დარჩება ჩვენს ისტორიულ მტერს. ძალიან ბევრი წავა რუსეთში, სამეგრელოდან ხომ წავლენ და წავლენ. თუ რუსეთს სურს, რომ მართლმადიდებლები გაამრავლონ, ეს ქართველებს ნამდვილად შეუძლიათ, თუმცა საბოლოოდ რა მოხდება, არ ვიცი, ვნახოთ."
გიორგი შენგელაია (კინორეჟისორი): "სავიზო რეჟიმის გაუქმება, ერთი მხრივ, სასარგებლო იქნება ჩვენი მოსახლეობისთვის, რათა გაიტანონ საქონელი გასაყიდად. მეორე მხრივ, შეიძლება ეს იყოს უარყოფითი, რადგან შესაძლებელია რუსეთიდან შემოვიდეს გარკვეული თანხა ან ადამიანები, რომლებიც იმუშავებენ არჩევნების წინ, რათა როგორმე აღარ გავიხედოთ დასავლეთისკენ."
გია ბუღაძე (ფერმწერი): "საქართველოს მხრიდან, როგორც ვიცი, 2011 წლიდან სავიზო მოთხოვნა გაუქმებულია. ხომ იცით, რუსეთი როგორი ქვეყანაა, თუ უნდა გააღებს ამ სავიზო რეჟიმს, თუ უნდა დახურავს.
ახლა თამაშობს როლს, თითქოს ის საქართველოსადმი "მოყვარული" ქვეყანაა. ამით სურს შეამციროს ევროპისადმი ჩვენი ყურადღება. ეს არის პოლიტიკური ფანდი. თუ გააღებს, კი ბატონო, თუმცა არავის უნდა ჰქონდეს იმის იმედი, რომ რუსეთი ჩვენი ქვეყნისთვის რამე დადებითს მოიმოქმედებს".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე