ლიკა ამირაშვილი
19.12.2015

ევროკომისიამ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით საქართველოს შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიში ევროპული კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე დაიდო. დოკუმენტი საქართველოს შესახებ დადებით შეფასებებს შეიცავს. კონკრეტულად, მასში ნათქვამია, რომ საქართველომ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით ნაკისრი ყველა ვალდებულება შეასრულა.

ევროკომისიას მიაჩნია, რომ სავიზო ლიბერალიზაციის გეგმის ოთხივე ნაწილში საქართველოს მიერ განხორციელებული პროცედურები შეესაბამება ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს.

რას ელით ვიზალიბერალიზაციისგან და როგორ წაადგება ის ქვეყანას? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებს მიმართა.

 ლადო ვარდოსანიძე (არქიტექტორ-ურბანისტი): საექსპერტო შეფასებებით ალბათ იმის რისკი გადამოწმდება, რომ მოსახლეობის ის ფენა არ დაიძრას, რომელიც აქამდე უცხოეთში არ მიდიოდა. მეორე მხრივ, ახალგაზრობას მეტი შანსი გაუჩნდება, თუმცა ალბათ ამას უკუქმედებაც ექნება. საქართველოში შემოსვლა უფრო ადვილი გახდება და შესაძლებელია გაჩნდეს აქ დაბინავების მსურველებიც. საქართველოს რამდენად გამოადგება ეს, ამის თქმა დღეს მიჭირს. გააჩნია, რა კუთხით შევხედავთ - დემოგრაფიულად, პოლიტიკურად, ეკონომიკურად, თუ კულტურულად. შეიძლება ყველა მიმართულებით სხვადასხვა განზომილება და შეფასება ჰქონდეს.

 ედიშერ გვენეტაძე(ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი):  რა თქმა უნდა, მთელი საქართველოსთვის ევროპაში უვიზო მიმოსვლა სასიამოვნო და მისასალმებელი საქმეა. აქედან გამომდინარე ვიზალიბერალიზაციის საკითხი ქვეყანას სასიკეთოდ წაადგება. ევროპასთან კიდევ უფრო დავახლოვდებით. ნელ-ნელა მრავალსაუკუნოვანი ოცნება ახდება, რომლისკენაც ქართველი ხალხი მიიწევს.

 

 

 მერაბ კოკოჩაშვილი (რეჟისორი): ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. ევროპამ აბსოლუტურად სრულფასოვან ქვეყნად ჩაგვთვალა და საშუალება მოგვცა ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში თავისუფლად ვიმოძრაოთ. იმდენად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რომ რუსეთთმაც კი მიიღო გადაწყვეტილება ვიზების მოხსნის თაობაზე. ეს პუტინმა გუშინ განაცხადა. ამიტომ ამას მივესალმები.

 

 

 ქეთი ბექაური (იურისტი): ვიზალიბერალიზაციაზე ჩემი პროგნოზი მქონდა და ძალიან მიხარია, რომ ეს პროგნოზი გამართლდა. რა თქმა უნდა, ქვეყნის სტრატეგიული განვითარებისთვის უვიზო მიმოსვლას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ყველანაირი თვალსაზრისით ძალიან კარგია. დავამატებდი, რომ რუსეთში უვიზო მიმოსვლის შემოღებაც არ იქნება ცუდი. რუსეთთან ვიზის გაუქმება საქართველოს ასევე წაადგება. პირველ რიგში, ქართველ მეწარმეს წაადგება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×