რა მოხდება 2016 წლის მარტიდან, თუკი მარჯვენასაჭიანი ავტომობილის მფლობელი საჭის გადატანას მოისურვებს? როგორც აღმოჩნდა, ასეთი ჩანაწერი ახალ კანონმდებლობაში არ მოიძებნება, რაც ხელოსნებსა და მძღოლებს თავგზას უბნევს. ასეთი პირობა მეწარმეებისა და კერძო ხელოსნებისთვის უცნობია. ჯერჯერობით მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების იმპორტისთვის დაწესებული აკრძალვა უკვე რეგისტრირებულ მანქანებში საჭის გადატანას არ ზღუდავს.
კერძო ხელოსნები აცხადებენ, რომ მათი ბიზნესის პერსპექტივა გაურკვეველია და ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ, რა ელით 1-ლი მარტის შემდეგ, როდესაც აკრძალვა ძალაში შევა. შეკვეთები უკვე შეუმცირდათ, თუმცა მომავალში რა პირობებით მოუწევთ მუშაობა, მეწარმეებისთვის უცნობია. როგორც აღმოჩნდა, მათ ჯერაც არ იციან, რომ უკვე რეგისტრირებული ავტომანქანებისთვის საჭის გადატანა არ ეკრძალებათ.
მეწარმეები ამბობენ, რომ საკანონმდებლო აკრძალვა საბოლოოდ მათ გაკოტრებას გამოიწვევს, რადგან ბაზარზე რამდენიმე ისეთი სახელოსნოა, სადაც საჭის გადატანა მომსახურების ერთადერთ სერვისს წარმოადგენს.
ფაქტია, რომ ამ ობიექტებს სრული გაკოტრება ელით, თუმცა ზოგიერთ სახელოსნოს, რომელსაც მომსახურების სხვა სერვისიც გააჩნია, შემოსავლის წყარო შეუმცირდება.
ხელოსნების ინფომაციით, საჭის გადატანა საკმაოდ რთული და ძვირადღირებული პროცედურაა. მანქანების მოდელის გათვალისწინებით, ფასი საშუალოდ 200-დან 700 დოლარამდე მერყეობს.
არჩილ ღვინიანიძე დიღომში ავტოსახელოსნოს ფლობს. ამბობს, რომ მარჯვენასაჭიანი მანქანების აკრძალვამ ძალიან დააზარალა, რადგან 2016 წლის მარტიდან მისი ბიზნესი დაიხურება.
"არ არსებობს სტანდარტი, რომელსაც შეიძლება დავექვემდებაროთ. შეკვეთა უკვე შეგვიმცირდა, ხოლო რამდენიმე თვეში საერთოდ შეწყდება. ჯერჯერობით არ მაქვს მოფიქრებული რა შეიძლება გაკეთდეს, რომ არ გავკოტრდე. ჯერჯერობით ვერანაირ პერსპექტივას ვერ ვხედავ.
ორიოდე თვის წინ ჩვენი ხელობა ყველაზე მოთხოვნადი იყო და კარგ შემოსავალს იძლეოდა, ახლა ხელმოცარული ვრჩებით. არა მარტო ჩვენ, კერძო ხელოსნებსაც ძალიან გაუჭირდებათ, რადგან საჭის გადატანა უამრავი ადამიანის შემოსავლის ერთადერთი წყარო იყო", - ამბობს არჩილ ღვინიანიძე.
გიორგი აბესაძეც ერთ-ერთია მათ შორის, რომელსაც თავისი საქმიანობის შეჩერება მოუწევს. "ველოდი, რომ რამდენიმე შეკვეთა გამოჩნდებოდა, მაგრამ შევცდი. აკრძალვაზე როგორც კი საქმე მიდგა, მოთხოვნამ ერთბაშად მოიმატა, მაგრამ ტენდენცია დიდხანს არ შენარჩუნებულა.
ახლა იშვიათად გვაკითხავენ. ხალხს უნდოდა მოესწრო და რაღაც პერიოდში ამან ჩვენს საქმიანობაზეც ჰპოვა ასახვა. ამჯერად ისევ რთული პერიოდი დადგა და ჯერჯერობით ასეა. წინა კვირას მხოლოდ ერთი შეკვეთა მივიღე. შემოსავლის გარეშე ვრჩები, ძალიან დავზარალდი", - ამბობს აბესაძე.
"ავტოსახელოსნო მაქვს, რომელიც მომსახურების სხვადასხვა სერვისს მოიცავს. ვფიქრობ, საჭის გადატანის მომსახურებაზე მოთხოვნა შემცირდება, რაც სამომავლოდ კომპანიის შემოსავალზეც იმოქმედებს. რამდენადაც ვიცი, ეს პროცედურა შეიძლება მარტის შემდეგაც გაგრძელდეს, სამწუხაროდ, ამომწურავი ინფორმაცია არ მაქვს და წინასწარ ვარაუდის დონეზე მიჭირს საუბარი", - ამბობს სოსო გელოვანი, მეწარმე.
რაც ხელოსნების ერთი ნაწილისთვის პრობლემაა, ტრანსპორტის სფეროს სპეციალისტებისთვის ყველაზე სწორი გამოსავალია, რომელიც საგზაო უსაფრთხობას მეტ-ნაკლებად უზრუნველყოფს.
"ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის" ხელმძღვანელი დავით მესხიშვილი მძღოლებს ურჩევს, საჭის გადატანისგან თავი შეიკავონ, რადგან მომავალში ასეთი მანქანების როგორც გაყიდვა, ტექდათვალიერების გავლაც გაუჭირდებათ.
"ავტომანქანებს, რომლებსაც საჭე გადატანილი აქვთ, ექნებათ ფირნიში, სადაც აღინიშნება ინფორმაცია საჭის გადატანის შესახებ. კანონმდებლობის თავდაპირველი ვერსიით, ფირნიშის საფასური მძღოლებისთვის 150 ლარით განისაზღვრა, თუმცა ჩვენი აქტიური ჩარევის შემდეგ უფასო გახდა. საკითხის მიმართ საინტერესო დამოკიდებულებაა, თუ რამდენად შეძლებენ მძღოლები რეგისტრირებული ავტომანქანებისთვის საჭის გადატანას. კანონმდებლობაში ასეთი ჩანაწერი არ არის.
ჯერჯერობით შემიძლია განვაცხადო, რომ ამ მიმარულებით აკრძალვა არ მოქმედებს. მიუხედავად ამისა, ჩემი რჩევაა, თავი დაანებონ საჭის გადატანას. ეს, პირველ რიგში, მძღოლებს დააზარალებს, გაყიდვა გაუჭირდებათ. ვფიქრობ, "ბიზნეს-რეზონანსი" პირველია, რომელიც ამ საკითხით დაინტერესდა, ალბათ, ამაზეც მოგვიწევს მსჯელობა", - ამბობს მესხიშვილი.
ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების საერთაშორისო ექსპერტი, ფონდ "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" დამფუძნებელი გელა კვაშილავა ამბობს, რომ მარტიდან მარჯვენასაჭიანის და საჭეგადატანილი მანქანების რეგისტრაციის აკრძალვა საქართველოში უკვე მოძრავ მანქანებზე არ იმოქმედებს.
"ბიზნესის განვითარების თვალსაზრისით თუ ვისმჯელებთ, კანონით, ახალი ავტომობილების იმპორტი წახალისდება. რეგიონში მარტო საქართველო და სომხეთია, სადაც ძველი მანქანების შემოდინება ხდება და სომხეთიც აპირებს შეზღუდოს და გააძვიროს 10 წელზე ზემოთ წლოვანების მანქანების იმპორტი. აზერბაიჯანი უკვე შარშან გადავიდა "ევრო 4"-ის სტანდარტზე. თუ ჩვენ დროულად არ მივიღეთ ზომები, საქართველო შეიძლება გახდეს ძველი მანქანების სასაფლაო, რომელსაც ვერაფერს უზამ.
ვფიქრობ, ბიზნესი გადაერთვება ასეთი მანქანების ჩამოყვანაზე და მოგების მარჟა იგივე დარჩება. ამას ეკოლოგიური და უსაფრთხოების კუთხით სწრაფი პოზიტიური ექნება ქვეყნის შიგნით.
რაც შეეხება მარჯვენასაჭიან მანქანებს, როგორც იცით ისინი ძირითადად ქვეყნის შიგნით იყიდებოდა და დილერებს ის რეექსპორტში არ ჰქონდათ. ამიტომ თუკი საქართველომ ხელი შეუწყო ქვეყნის შიგნით ახალი მანქანების იმპორტს, მაშინ, ბუნებრივია, მისი რეექსპორტის შესაძლებლობა უფრო გაფარდოვდება", - განმარტავს გელა კვაშილავა.
ასეთია რელობა, რომლის გათვალისწინებაც მძღოლებს მოუწევთ. მთავარია სწორად შეაფასონ, რამდენად უღირთ საჭის გადატანა იმისდა მიუხედავად, კანომდებლობა კრძალავს თუ არა ამ პროცედურას... წინ ტექდათვალიერების ვალდებულებაა, რომლის გავლაც, თუნდაც დაგვიანებით, ყველა მძღოლს მოუწევს.