ირაკლი ღარიბაშვილის მიერ პრემიერ-მინისტრის პოსტის დატოვების შემდეგ უმრავლესობაში დაიწყო იმის განხილვა, თუ ვინ შეიძლება გახდეს მომავალი პრემიერ-მინისტრი.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ზვიად კვაჭანტირაძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე რამდენიმე კანდიდატურა განიხილება. იგი დარწმუნებულია, რომ ყველაზე მისაღებ და რელევანტურ კანდიდატურაზე მოხდება შეჯერება.
"რამდენიმე კანდიდატურა განიხილება, მათ შორის არიან: გიორგი კვირიკაშვილი, სერგეენკო, ქუმსიშვილი, ბახტაძეც. ასე რომ, ალბათ, გამოითქმება სხვადასხვა მოსაზრება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ შევჯერდებით ყველაზე მისაღებ, ყველაზე რელევანტურ კანდიდატურაზე", - განაცხადა კვაჭანტირაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ყველაზე რეალური კანდიდატი გიორგი კვირიკაშვილია.
შეგახსენებთ, რომ კვირიკაშვილი ახლა საგარეო საქმეთა მინისტრია.
"როგორ ფიქრობთ, ვინ შეიძლება იყოს დასახელებული პრემიერ-მინისტრის პოსტზე?" - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების ცნობილ წარმომადგენლებს მიმართა.
ლაშა ჩხარტიშვილი ("დემოკრატიული ინსტიტუტის" ხელმძღვანელი): "დიდი მნიშვნელობა არ აქვს იმას, ვინ იქნება დასახელებული პრემიერ-მინისტრის პოსტზე. მთავარია მას გააჩნდეს დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხი, რაც დღეს პრობლემატურია ჩვენს მთავრობაში.
მიმაჩნია, რომ შესაძლებელია ეს იყოს სერგეენკო, რადგან მის სახელს უკავშირდება ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთი წარმატებული პროექტი, რომელიც მან ჯანდაცვის სფეროში გაატარა და მას დიდი წვლილი მიუძღვის ვიზალიბერალიზაციის მიღებაშიც. ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ სწორედ სერგეენკო იყოს დასახელებული პრემიერ-მინისტრად, თუმცა მთავარი მაინც ის არის, რამდენად დამოუკიდებელი იქნება ის თავის საქმიანობაში."
ნანა კაკაბაძე (უფლებათდამცველი): "კოალიციის გადასაწყვეტია, ვის დაასახელებენ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად. არჩევნებმა განაპირობა ის, რომ ისინი უმრავლესობაში არიან და შესაბამისად სწორედ მათ უნდა გადაწყვიტონ, ვინ იქნება დასახელებული და მე ნამდვილად ვერაფერს გეტყვით."
გიგა ნასარიძე (ა/ო "გაერთიანებული საქართველოსთვის"): "დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ მოვა, რადგან რეალური მმართველი ცნობილია. არის რაღაც ვერსიები და ალბათ, ისევ მისი ერთგული წრიდან შეირჩევა კანდიდატურა. იქნება ეს კვირიკაშვილი, თუ სერგეენკო, ან სხვა, ამას დრო გამოარჩევს, თუმცა ალბათ მაინც უფრო მათ შორის იქნება არჩევანი."
ნუცა ჯანელიძე (მუსიკათმცოდნე): "ვერ გეტყვით, ვინ იქნება დასახელებული, თუმცა, რომ გეკითხათ, თუ ვინ მინდა, გეტოდით, რომ თვითონ ივანიშვილი. დაბრუნდეს თავის ადგილას და მოგვხედოს აქეთ."
თაკო ჩარკვიანი (პუბლიცისტი): "მე მგონია, რომ კვირიკაშვილს და სერგეენკოს ვერ შეელევიან. მე თავადაც ვთვლი, რომ ორივე კარგი მინისტრია. სერგეენკომ მართლაც ბევრი რამ გააკეთა ჯანდაცვაში, ამის თქმას ობიექტურობა მოითხოვს.
უფრო ვფიქრობ, რომ კვირიკაშვილი იქნება დასახელებული, რადგან სერგეენკოს ვერ შეელევიან ჯანდაცვაში, თუმცა ეს ორი კანდიდატურა ყველაზე "ჯანმრთელია", თუ ვინმე გვყოლია მინისტრთა კაბინეტში.
საერთოდ მგონია, რომ მინისტრთა კაბინეტში საჭიროა ახალი სისხლი და უკლებლივ ყველა, ამ ორი კანდიდატის გარდა შესაცვლელია. და ამაში უხერხული არაფერია, ჩვენ განვიცდით ხოლმე მძაფრად, თორემ უნდა განახლდეს პერიოდულად კანდიდატები."
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე