"მხოლოდ მოვალეობის მოხდის მიზნითა და ბავშვების გასამხიარულებლად ვდღესასწაულობთ"
ნათია ლომიძე
26.12.2015

 ახალი წლის მოახლოება საქართველოს დედაქალაქში განათებული ქუჩებით იგრძნობა, ხალხში კი საახალწლო განწყობა არ ჩანს. ისინი წლევანდელ დღესასწაულს მხოლოდ ფორმალურად აღნიშნავენ, რადგან 2015 წელმა უამრავი თავსატეხი გაუჩინა.

წინასაახალწლო განწყობა დედაქალაქის მცხოვრებთა უმრავლესობაში არ შეიმჩნევა და ყოველივე ქვეყანაში შექმნილ რთულ ეკონომიკურ მდგომარეობას უკავშირდება. ლარის დევალვაციამ და ინფლაციამ ხალხს ყოველგვარი ზეიმის ხალისი დაუკარგა.

თბილისელმა თამარ მჭედლიშვილმა "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნა, რომ წინა წლებში საახალწლო განწყობა და მზადება ბევრად შესამჩნევი იყო ქალაქში, ვიდრე წელს.

"ბავშვობიდანვე გვინერგავენ, რომ ახალი წელი სასწაულების მოხდენის, სურვილების ასრულების დროა. გვაჯერებენ თოვლის ბაბუის არსებობას, გვაწერინებენ მასთან წერილებს. ყოველ ახალ წელს გვაქვს იმედი, რომ 2016 წელი წინაზე უკეთესი იქნება, ვზეიმობთ და გვიხარია, ერთმანეთს ვულოცავთ. გვჯერა, რომ ახალი წელი ჯადოსნური თარიღია.

რაც ოჯახური ვალდებულებები ვიგრძენი, ვფიქრობ, ეს ყველაფერი ლამაზი ზღაპარი იყო. საახალწლო სურვილები კი არა, ის მინიმუმი, რასაც განწყობა ჰქვია, ისიც კი აღარ მაქვს. წლევანდელ ახალ წელს საერთოდ უემოციოდ ვხვდები. უამრავი საზრუნავი მაქვს და ახალ წელს მხოლოდ მოვალეობის მოხდის მიზნითა და ბავშვების გასამხიარულებლად ავღნიშნავ.

წინა წლებში დღესასწაულის მოახლოება უფრო შესამჩნევი იყო, ვიდრე ახლა. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ეკონომიკურ მდგომარეობას უკავშირდება. როცა ამ მხრივ მყარად ხარ, ყველაფერი გიხარია და არაფერია უმნიშვნელო შენთვის", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას თბილისელი თამარ მჭერდლიშვილი.

სხვათა შორის, ზოგიერთები ერთ-ერთ მთავარ მიზეზად, რის გამოც ახალი წლის განწყობა არ იგრძნობა, საოცრად თბილ ამინდს ასახელებს. თოვლის გარეშე ახალი წელი მათთვის უცნაური დღესასწაულივითაა. სწორედ ამიტომ ისინი ახალი წლის ღამეს ქალაქიდან გასვლასა და რომელიმე თოვლიანი კურორტის სტუმრობას გეგმავენ.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს, ლევან ლობჟანიძესა და მის მეგობრებს უკვე გადაწყვეტილი აქვთ გუდაურს ეწვიონ და ახალი წლის დაუვიწყარი დღეები სასიამოვნო გარემოში გაატარონ.

"თოვლი არ არის და წინასაახალწლო განწყობაც არ მაქვს. ჩემთვის ეს დღესასწაული რატომღაც თოვლთან ასოცირდება. სწორედ ამიტომ მე და ჩემი მეგობრები გუდაურში წასვლას და ახალი წლის იქ აღნიშვნას ვაპირებთ. მართლია, ფინანსურად შედარებით ძვირი დაგვიჯდება დასვენება, მაგრამ იმ ამაღლებულ განწყობას, რაც გუდაურთან და ახალწელთან დაკავშირებით უკვე გვაქვს, ვერანაირი გადასახადი ვერ დააკნინებს", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას ლევან ლობჟანიძემ.

მთაწმინდაზე მცხოვრებ ლადო ხუციშვილს თბილისში ღია ცის ქვეშ საახალწლო კონცერტის ჩატარების გეგმა დიდად არ ხიბლავს. მისი თქმით, მსგავსი კონცერტები სახელმწიფო სახსრების ტყუილი ფლანგვაა და ამ ყველაფერს არანაირ შედეგამდე არ მივყავართ, გარდა დახარჯული ათასობით ლარისა.

"კონცერტი და სიმღერა კარგია მაშინ, როცა გემღერება და არა მაშინ, როდესაც მშიერი იძინებ და იღვიძებ. ყველა მთავრობა ხომ ერთნაირი ადამიანებითაა დაკომპლექტებული. ხომ შეიძლება ვინმემ განსხვავებულად იფიქროს და სანამ ახალ წლამდე, კონცერტებამდე და არჩევნებამდე მივა საქმე, მანამ იზრუნო გაჭირვებულ ხალხზე. ვისაც საარსებო მინიმუმიც კი არ გააჩნია, იმას რა ეკონცერტება? დახარჯავენ რამდენიმე ათას ლარს და ამ დანახარჯსაც გაჭირვებული ხალხისგან ამოიღებენ, სხვადასხვა გადასახადების ხარჯზე", - ამბობს ლადო ხუციშვილი.

დედაქალაქში დაგეგმილი საახალწლო კონცერტები მოსახლეობის გარკვეული ნაწილისათვის მისაღებია და ისინი ამ დღეს მოუთმენლად ელიან. ისინი თვლიან, რომ მსგავს კონცერტებს ქვეყანაში არსებული დაძაბული მდგომარეობის რაღაც დოზით განმუხტვა შეუძლია. "ხალხს პრობლემა ისედაც არ აკლია და თუკი ახალი წლის დადგომასთან ერთად, მსგავსი საახალწლო კონცერტებით (რომელიც სხვადასხვა ქალაქებში ღია ცისქვეშ, ხალხისთვის სრულიად უსასყიდლოდ იმართება) მცირე პოზიტივს შეიტანს ადამიანთა ცხოვრებაში, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. რა სჯობს იმას, როცა ადამიანი იმედით შეჰყურებს მომავალს და ხვალინდელი დღისგან უკეთესს ელის.

ბოლო დროს იმდენი პრობლემა დაგვატყდა თავს, რომ ცოტა განტვირთვა არავის გვაწყენდა. ამას ყველას სახელით ვლაპარაკობ, რადგან ვიცი ყვეყანაში არსებული ზოგადი მდგომარეობა. ხალხს ფინანსურად უჭირს, საჭმლის ფულიც კი არ აქვს. კონცერტზე კი უამრავი უსახლკაროც მივა, რომლებიც თავიანთი რთული ცხოვრების რამდენიმე საათს დაივიწყებენ და ყურადღებას სხვა რამეზე გადაიტანენ. ასე რომ, ყველაფერში ცუდს ნუ ხედავთ",-ამბობს დედაქალაქელი ლელა შერმადინი.

ქალაქში წინასაახალწლო განწყობის არარსებობა უარყოფითად მოქმედებს მათზე, ვისაც ამ დღის აღნიშვნის დიდი სურვილი არ გააჩნია. "რეზონანსთან" საუბრისას "საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის" სტუდენტმა ვახო ქამუშაძემ დასძინა, რომ ახალი წლის მოახლოება ქუჩებში არ იგრძნობა და ვერც ერთი გარე განათება ვერ შეცვლის იმ ადამიანთა მდგომარებას, რომლებსაც საახალწლოდ საჭმელი არ გააჩნიათ.

"არანაირი სურვილი არ მაქვს აღვნიშნო ახალი წელი. ხალხს ისე უჭირს, ქუჩაში გამოსულებიც კი ვერ მალავენ თავიანთ გაჭირვებას. სახეწაშლილები დადიან და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ეკონომიკური სიდუხჭირის შედეგია. ძალიან მოქმედებს ხალხის ამგვარი მდგომარეობა პირადად ჩემზე, რაც სადღესასწაულო ტონუსს მიქვეითებს. რესტორნებსა და ბარებში, რომ მოგინდეთ შესვლა, ფეხს ვერ შედგამთ ისეთი ფასებია, თანაც ხელოვნურად გაზრდილი. სეზონურ კურორტებზე აღარაფერს ვამბობ.

მოკლედ, ახალი წელი, განათებული ვაკე და რუსთაველი არ არის, არც თვისუფლებაზე აღმართული ნაძვის ხეა დღესასწაული. ახალი წელი ხალხის განწყობა და ბედნიერებაა, მათი გახარებული სახეები და თვალებია. ამ ყვეალფერს კი ჩვენ ქალაქში ვერ ვამჩნევ. სხვებისგან განსხვავებით არც შარშან შემიმჩნევია და არც წინა წლებში. სამწუხაროა, მაგრამ ასეთია რეალობა", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი ვახო ქამუშაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×