ნინო ქეთელაური
29.12.2015

2012 წლიდან მოყოლებული, უმუშევრობა 2,7%-ით შემცირებულია, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ასევე გაზრდილია ხელფასები 8,3%-ით და დასაქმება.

"მნიშვნელოვანია ხელფასების ნაწილი და ამაზე მინდა შევჩერდე. ხელფასებთან მიმართებაში ჩვენთან ყოველთვის არის საუბარი ინფლაციურ მაჩვენებელსა და ხელფასს შორის, ანუ რამდენად მსყიდველუნარიანია ხელფასი, რომელიც მიეცა ადამიანს იმასთან შედარებით, რაც იყო შარშან. ჩვენ გაცილებით ნაკლები გვაქვს ინფლაცია, ვიდრე იყო ხელფასის მატება", - განაცხადა ქუმსიშვილმა.

აქვე, ქუმსიშვილმა მეთოდოლოგიაზეც ისაუბრა, რომლის მიხედვითაც ხდება გამოთვლა.

"მეთოდოლოგია არის იგივე. ხანდახან გვეუბნებიან ჩვენი ოპონენტები, რომ შეიცვალა. არაფერი არ შეგვიცვლია, იგივე მეთოდოლოგიაა, აქედან გამომდინარე, აქ ციფრები არის რეალური", - განაცხადა ქუმსიშვილმა.

როგორ ფიქრობთ, საქართველოში შემცირებულია თუ არა უმუშევრობა? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი): "უმუშევრობა შემცირდა თუ არა, ამაზე რომ ვისაუბრო, უნდა მქონდეს სტატისტიკა, თანაც უტყუარი. როდესაც მთავრობის წარმომადგენელი აცხადებს, რომ უმუშევრობა შემცირდა, ან პოლიტიკური პარტიის წევრი უნდა ვიყო, რომ არგუმენტირებული ოპონირება გავუწიო, ან სტატისტიკა უნდა გქონდეს.

ერთი რამ ფაქტია, რომ შეიძლება ბევრი ადამიანი მუშაობს, მაგრამ კიდევ მეტის დასაქმებაა საჭირო. სხვა შემთხვევაში კითხვა - შემცირებულია თუ არა უმუშევრობა? - არ გაჩნდებოდა. სამწუხაროდ, საქართველოში კიდევ ბევრია უმუშევარი."

 ირმა სოხაძე  (მომღერალი): "ეს სწორედ ის საკითხია, რომლის მიმართაც მე საკმაოდ პესიმისტური განწყობა მაქვს, იმიტომ, რომ არავინ, არც ჩემი მეგობარი, არც ჩემი ნაცნობი, საკმაოდ პროფესიონალი ადამიანები, ჩემი ჩათვლით, არ დასაქმებულან ზუსტად 2012 წლის შემდეგ.

ჩემი პირადი გამოცდილებითა და დაკვირვებით, სამწუხაროდ, ასეა და გული მწყდება, იმიტომ, რომ ერთი მხრივ, ეძებენ პროფესიონალ, საქმის მოყვარულ ადამიანებს და მეორე მხრივ, როგორც ჩანს, არავინ ეძებს, თუ ეძებენ, აქ ვართ, ბატონო, და მოგვნახონ."

 ვასილ მაღლაფერიძე (პუბლიცისტი): "მიჭირს პასუხის გაცემა იმიტომ, რომ მე არ მაქვს სტატისტიკა. ვფიქრობ, ეს შეხედულებების საკითხი არ არის და აქ უტყუარი მტკიცებულებაა საჭირო. თუ იმ მაჩვენებლით ვიმსჯელებთ, რასაც მინისტრი აცხადებს, ცხადია 2,7% პროცენტით თუ შემცირდა უმუშევრობა, ეს თვალში საცემი ვერ იქნება, იმიტომ, რომ 100 კაციდან 3 ადამიანით მეტი დასაქმებულა და ეს შესამჩნევი არ არის."

 

 მერაბ კოკოჩაშვილი (რეჟისორი):  "ჩემი შეხედულებით, დაახლოებით იგივე დონეზეა უმუშევრობის მაჩვენებელი. შეიძლება 2012 წლიდან ცოტა უკეთესად იყოს მდგომარეობა, განსაკუთრებით სოფლად."

 

 

 

 თედო დონდუა (ისტორიკოსი): "ჩემი სოციუმის მიხედვით რომ ვიმსჯელო, მუშაობდნენ, მუშაობენ და ალბათ მომავალშიც იმუშავებენ, მაგრამ სხვა საერთო მაჩვენებლები მე არ მაქვს. უბრალოდ ერთია საწყენი, რომ ქვეყანაში ინდუსტრიული პროფილი ფაქტობრივად დაკარგულია.

მას სჭირდება რეანიმირება და ეს იქნებოდა ძალიან კარგი. თუმცა, ამას სჭირდება კარგი რეკომენდაციები და შემდეგ უკვე ნორმალური სუფსიდირება გარკვეული მიმართულებით, პრივატული მიზნებისა.

სანამ ეს არ მოწესრიგდება, უმუშევრობა ყოველთვის იქნება. ჩემ გარშემო ვინც არიან, ყოველთვის მუშაობდნენ, მაგრამ მხოლოდ ეს ხომ არ არის მაჩვენებელი. ეს ინდუსტრიული კომპლექტი არ არის და ის დაკავშირებულია უნივერსიტეტთან, ნაწილობრივ ბიუროკრატიასთან და კიდევ სხვა რაღაცებთან, მაგრამ მთავარი ეკონომიკაა."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×