ლიკა ამირაშვილი
30.12.2015

პრემიერ-მინისტრის გამოსვლა პარლამენტში თავისი რიტორიკით, ტონითა და პოლიტიკური გზავნილებით შესამჩნევად გამოირჩეოდა მისი წინამორბედის გამოსვლებისაგან.

გიორგი კვირიკაშვილმა ბევრ საკითხზე განსხვავებული მოსაზრება დააფიქსირა, მათ შორის პრეზიდენტის ინსტიტუტისადმი მიმართებაშიც; აღიარა, რომ წინასაარჩევნო დაპირებები გადაჭარბებული იყო; ერთი-ორჯერ პოზიტიურ კონტექსტში მოიხსენია "ნაციონალური მოძრაობაც", თქვა, რომ მართალია "ქართულ ოცნებას" მძიმე მემკვიდრეობა დახვდა, პოზიტიურიც ბევრი იყოო და სხვ.

პრემიერ-მინისტრის პოსტზე კვირიკაშვილის პოლიტიკა იქნება თუ არა ღარიბაშვილის პოლიტიკისგან განსხვავებული? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებს მიმართა.

 ქეთი ბექაური (იურისტი): მე მგონი, ამაზე საუბარი ნაადრევია. კვირიკაშვილს პარლამენტი ამტკიცებს და მან უნდა გადაწვიტოს ეს საკითხი. ასეთი საკითხის წინასწარ პროგნოზირება რთულია. ამ კაცს ნდობა გამოუცხადეს და საქმის გაკეთება უნდა ვაცალოთ და როგორი იქნება, ესეც გამოჩნდება.

 

 

 თემურ ნანეიშვილი (ფიზიოლოგი): ღმერთმა დაიფაროს, რომ ცოტათი განსხვავებული არ იყოს. ყოველი ახალი წინამორბედისგან უნდა განსხვავდებოდეს. ცოტათი უკეთესი უნდა იყოს. ღარიბაშვილი ძალიან კარგი იყო, მაგრამ უკეთესზე უკეთესი არ დაილევა. ღარიბაშვილს რამე შეცდომა თუ აქვს დაშვებული, ამან უნდა გამოასწოროს. ნათქვამია, სხვის შეცდომებზე სწავლობენო.

 

 

 მიხეილ ცაგარელი (ასტროლოგი): რასაკვირველია, ადამიანს შეიძლება თავისი ხედვა ჰქონდეს. მას ამის უფლება აქვს. მას რაღაც განსხვავებული ექნება, მაგრამ საერთო პრინციპი მაინც რომ იგივე დარჩება, ორი აზრი არაა იმიტომ, რომ ის კოალიციის წევრია და ბიძინა ივანიშვილის აზრს ისიც პატივს სცემს. ამიტომ, გვინდა-არ გვინდა ის თავის ძირითად პარტიას და მის პრინციპებს ემსახურება. თუმცა, რასაკვირველია, მას თავისებური ხედვა ექნება გარკვეული საკადრო საკითხებისადმი. შესაძლოა, ღარიბაშვილს ამა თუ იმ თანამდებობაზე რომელიმე პოლიტიკური ფიგურა მოსწონდა, მაგრამ კვირიკაშვილს შესაძლოა განსხვავებული აზრი ჰქონდეს და ა.შ.

 იური მეჩითოვი (ფოტოგრაფი): გიორგი კვირიკაშვილი ძალიან დადებითი და დალაგებული ადამიანია ამ ჩვენს არეულ ქვეყანაში. მას ვუსმენდი და დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ძალიან გაწონასწორებული ადამიანია. აი, ესაა მთავარი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×