"რეზონანსმა" საზოგადოების ცნობილ წარმომადგენლებს ჰკითხა, თუ რას ელოდნენ 2015 წელს და რას ელიან დამდეგი 2016 წლისაგან.
ნატო გელაშვილი (მომღერალი): ზოგადად ახალი წლისგან ელი ახალს, იმას, რაც არ გქონდა წინა წელს. ამ წლისგან უფრო მეტის მოლოდინი მქონდა, მეტი წარმატების, წინსვლის, თუმცა ყველაზე დამთრგუნავი, სამწუხარო და მძიმე ასატანი ის სიღარიბე და გაჭირვებაა, რასაც ჩვენ ირგვლივ ვხედავთ. მე და ალბათ ყველა ქართველს გული უკვდება, როდესაც ირგვლივ ამდენ ღარიბ და სასოწარკვეთილ ადამიანს ხედავს. მინდა მქონდეს იმედი, რომ მომავალი წელი წინსვლისა და წარმატების წელი იქნება და ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდება.
დოდო ხურცილავა (ხელოვნებათმცოდნე): პირადად ჩემთვის ეს წელი უბედნიერესი იყო, შემეძინა შვილიშვილი და ძალიან ბედნიერი ვარ. მომავალი წლისაგან კი ვისურვებდი, რომ ჩემს პატარა ბიჭუნას და ზოგადად ყველა პატარას ჰქონდეს უზრუნველი ბავშვობა, იყვნენ ბედნიერები და ჯანმრთელები. ქვეყანას კი წარმატებებსა და წინსვლას ვუსურვებ.
გივი ბერიკაშვილი (მსახიობი): წინა წლისგანაც და ამ წლისგანაც ველი ჩემი ქვეყნის წინსვლას, წარმატებას, გამარჯვებას, ჩემი საყვარელი ხალხის გახარებასა და გამრავლებას. მთელ ქვეყანას ვუსურვებ ბედნიერებას და ულევ სიხარულს. ეს წელი ისეთი ბედნიერი ყოფილიყოს, რომ 2017 წელს გვეთქვას, ნეტა ყველა სხვა დანარჩენი წელიწადიც 2016-ის მსგავსი და მასზე უკეთესი ყოფილიყოსო.
იური მეჩითოვი (ფოტოგრაფი): ამ წლისგან ველოდი იმას, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს უფრო მეტ ყურადღებას მივაქცევდით, ვიდრე სხვა სახელმწიფოების ინტერესებს, ველოდი იმას, რომ საგარეო პოლიტიკის კუთხით შედარებით უფრო საღი აზროვნება დაისადგურებდა, თუმცა სამწუხაროდ, ეს არ მოხდა. იმედი მაქვს, რომ მომავალი წლიდან ეს შეიცვლება და ჩვენი პრიორიტეტი ჩვენი სამშობლოს ინტერესი და მასზე ზრუნვა გახდება.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე