ლიკა ამირაშვილი
31.12.2015

 როგორი იქნება წითელი მაიმუნის წელი და რა უნდა გაითვალისწინოს 12 ნიშნის ქვეშ დაბადებულმა თითოეულმა ადამიანმა - ამის შესახებ "რეზონანსთან" ინტერვიუში ასტროლოგი გიორგი რამიშვილი საუბრობს.

გიორგი რამიშვილი: მაიმუნის წელიწადი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და გამოკვეთილი წელიწადი იქნება. ეს წელი ინტრიგებით იქნება სავსე. ამ წელს ადამიანი შედარებით ჭკვიანად თუ იქნება და ზედმეტს არ იხმაურებს, დიდი შანსი აქვს, რომ თავისი ინტელექტუალური აქტივობა დაუფასდეს.

ზოგადად მაიმუნს გამჭრიახობა, ყველაფრის სწორად შეფასების უნარი ახასიათებს და სხვისი დაცინვაც მშვენივრად გამოსდის. სიყვარულის კუთხით როგორი სიტუაცია შეიქმნება, გამოკვეთილი არ არის. როდესაც ადამიანები ერთმანეთის მიმართ ვალდებულებებს აიღებენ, ის აუცილებლად დაფასდება, რაც ბოლო წლებში ქვეყანას ნამდვილად აკლია.

ამ წელიწადს სხვისი მოტყუება ადვილია, მაგრამ ამავე დროს ვინც ატყუებს, მისი დასჯაც საკმაოდ მარტივია, ამიტომ ვინც მზად არის სხვის მოსატყუებლად, ცოტა ფრთხილად უნდა იყოს. რომელი ფერის წელიწადია, ამის განსაზღვრა ძალიან მარტივად ხდება - წელიწადის ბოლო ციფრი განსხვავებულ ფერს აღნიშნავს: 0 და 1 ერთი თეთრი ფერისაა, 2 და 3 - შავი, 4 და 5 - ლურჯი ან მწვანე. ახლა ლურჯი წელიწადი დაგვიმთავრდა. 2016 წელი წითელი მაიმუნის წელია. ასევე 2017 წელიც წითელი ფერის იქნება. 8 და 9 ყვითელი ფერის იქნება.

"რეზონანსი": როგორ უნდა შევხვდეთ ახალ წელს?

გ.რ: ახლა რომ იძახიან, პირველ იანვარს ასე და ისე უნდა შევხვდეთ და ჩინური ტრადიციის მიხედვითაა ასეთნაირად საჭიროო, ყველაფერი ტყუილია. ჩინური წელი 1 იანვართან არავითარ კავშირში არ არის. ჩინური წელიწადი ყოველთვის 20 იანვრიდან 20 თებერვლის შუალედში იწყება ახალმთვარეობის დროს. ამჯერად მაიმუნის წელიწადი 8 თებერვალს დაიწყება. თუკი რაიმენაირად ჩინური ტრადიციის მიხედვით გინდათ მოიქცეთ, ყველაფერი ეს 8 თებერვალს უნდა გააკეთოთ. თუმცა მკითხველს აქაც გული უნდა დავწყვიტო: ათასნაირი განმარტებები იმის შესახებ, რომ მაიმუნს ბანანი უყვარს და ამიტომაც მაგიდაზე უნდა დავდოთ, სისულელეა. ბანანი ვისაც უყვარს, მნიშვნელობა არ აქვს რისი წელია, დადოს მაგიდაზე. ჩინელებს ძალიან უყვართ ურჩხულის მოტანა და მისი დაწვა, შემდეგ კი ახალი მოაქვთ. ყოველ წელიწადს ამას აკეთებენ, ამიტომ მაინცდამაინც ჩინურად შეხვედრა თუ გვინდა, ანალოგიურად უნდა მოვიქცეთ

არსებობს მზის კალენდრები, სადაც წელი 1 იანვრიდან იწყება, მთვარის კალენდრები, რომელიც მუსულმანებს აქვთ შენარჩუნებული, ჩინური კი არის მზის, მთვარის, იუპიტერისა და სატურნის კალენდარი. როდესაც ახალმთვარეობა მერწყულის ზოდიაქოში ხდება, წლის დასაწყისად ის დღე ითვლება. ამიტომ უმჯობესია ახალი წელი ამ დროს აღინიშნოს, ეს უფრო ჭკვიანურია, ვიდრე მთელი მსოფლიო რასაც აღნიშნავს. 1 იანვარი არც ასტრონომიული და არც ასტროლოგიური მნიშვნელობით არაფერს არ წარმოადგენს. თავიდან ბოლომდე სრული უაზრობაა, ახალი წლის ამ დროს აღნიშვნას არანაირი მყარი საფუძველი არ უდევს, უბრალოდ ქვეყნებს შორის შეთანხმებაა.

რეალურად 1 იანვარი საერთოდ არაფერს არ წარმოადგენს. 3 იანვარს რომ აღნიშნავდნენ, მაშინ ვიტყოდით, რომ თავისი მიზეზი აქვს. ამ დროს დედამიწა მზესთან ყველაზე ახლოს მიდის. რატომ ვიხდით 1 იანვარს, როდესაც შეგვიძლია 3-ში აღვნიშნოთ, არ ვიცი.

პირადად მე ძველსა და ახალ წელზე მეტად ჩინურს ვცემ პატივს. იმიტომ, რომ მას ასტრონომიული მნიშვნელობა აქვს. ამ დღეების, 1 და 14 იანვრის, გაპიარება უაზრობაა. ყველაზე უფრო სისულელე ისაა, რომ არჩევენ რომელი უფრო უკეთესია 1 თუ 14.

"რ": როგორი იქნება მაიმუნის წელი აღმოსავლური კალენდრის ნიშნებისათვის?

გ.რ: 12-წლიანი კალენდრის კომბინაცია, ჯამში 5 ფერი და 12 წელიწადი, საშუალებას იძლევა, რომ ჩვენ 60 განსხვავებული წელიწადი გვქონდეს, რომელშიც ერთი ცხოველური სახელი და ფერი ერთდროულად არ განმეორდება. საერთოდ წითელი ფერის ერთი და იგივე ზოდიაქო 60 წელიწადში მხოლოდ ერთხელ გვხვდება. ამ ბოლო დროს ვრცელდება ინფორმაცია, რომ წითელი მაიმუნი განსხვავებულია სხვებისგან, ისევე როგორც წითელი ცხენის ან ვეფხვის წელი. არა, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. უბრალოდ ვინც ამას წერს ან არ იცის და ამიტომაც იძახის ან კიდევ იცის, მაგრამ ყურადღების მიქცევას ცდილობს. წითელი ცხენი ყველა სხვებისგან გამორჩეულია, მაგრამ უახლოესი 1966 წელს იყო და მერე იქნება 2026 წელს. ჩვენ საშუალება გვაქვს, რომ მეორე ცეცხლოვანი ცხენის ხალხსაც მოვესწროთ. ანალოგიური განსხვავება არსებობს წითელ და სხვა ფერის ვეფხვებს შორის. ვინც ამბობს, რომ წითელი მაიმუნი განსაკუთრებულია ის ყვითელ პრესას კითხულობს და იქიდან იწერს ამას.

ვირთხა (1948, 1960, 1972, 1984, 1996, 2008): ამ წელიწადში დაბადებულებისათვის საკმაოდ კარგი წელიწადია. როგორც წესი, მაიმუნი ვირთხას არ ჩაგრავს. განვითარების საშუალებას აძლევს. ვირთხებს საქმიანობის კარგად გამოხატვის საშუალება ექნებათ. ვირთხას შრომა უყვარს, შემდეგ დაგროვება და ა.შ. მაიმუნი ამაზე იცინის, მაგრამ ხელს არ უშლის. შეიძლება ცოტა დასცინოს, მაგრამ ვირთხა ამას ვერ დაინახავს. მისთვის პრინციპულად კარგი წელიწადია, მაგრამ ინტრიგებში თუ გაებმება, დანაკარგები ექნება.

ხარი (1949, 1961, 1973, 1985, 1997, 2009): ცუდი წელი არ იქნება, ნერვები კი ეშლებათ, რადგან სტაბილურობა არ არის მათთვის. სიმშვიდეში მუშაობის საშუალება არ ექნება, რაც ძალიან უყვარს, ამიტომ ხარებს დიდ პოლიტიკაში მონაწილეობას არ ვურჩევდი. ბიზნესში თუ არჩევანი ექნებათ, საშულო და მცირე აირჩიონ. მაშინ დალაგებული სიტუაცია ექნებათ. ამ შემთხვევაში ძნელია სახლის სიტუაციის კარგად მართვაც, იმიტომ რომ თითოეულ მათგანს თავისი მადა უჩნდება, რაც ხარის წელიწადში დაბადებულებს აღიზიანებს. რადგან მთლიანობაში სტაბილურობის შესაძლებლობა არის, ამიტომ მეტ-ნაკლებად ბედნიერი წელიწადი ექნება.

ვეფხვი (1950, 1962, 1974, 1986, 1998, 2010): მათთვის საკმაოდ სახიფათო წელიწადია. ვეფხვი ძალიან ღიზიანდება იმ "მაუმუნობებზე", რასაც მაიმუნი დაუშვებს. იმდენად ღიზიანდება, რომ შესაძლებელია არამარტო მისთვის, არამედ ზოგიერთი მაიმუნისთვისაც საქმე ცუდად დამთავრდეს. ვეფხვი იმდენად ღიზიანდება, რომ შესაძლებელია ერთი-ორი შემოეჭამოს კიდეც. ამიტომ ვეფხვებს ვურჩევთ, რომ თავშეკავებული იყვნენ. სხვებს კიდევ ვურჩევ, რომ ვეფხვს ნუ შეეხებიან.

კატა (1951, 1963, 1975, 1987, 1999, 2011): მისთვისაც თითქმის ისეთივე წელიწადია, რაც ვეფხვისთვის. თუმცა მას უფრო მოქნილი ჭკუა აქვს, რის გამოც ფრთხილობს და ცდილობს კულისებში გაძვრეს და თავი დაიცვას. ყველაზე ჭკვიანური იქნება მაიმუნის ან ძაღლის წელიწადში დაბადებულ ადამიანს დაუმეგობრდეს. ამ შემთხვევაში მაიმუნი სჯობს, რომელთანაც ერთად დაცული იქნება, კულისებში კი შეუძლია ინტრიგებშიც მიიღოს მონაწილეობა. თუმცა ოპონენტი მაიმუნი თუ აღმოჩნდა, მაინც ვერ აჯობებს. მაიმუნთან ერთად თუ იქნება, კარგი საქმეებიც შეიძლება გამოუვიდეს. სიყვარულში სტაბილურობა ნაკლებად ელის.

დრაკონი (1952, 1964, 1976, 1988, 2000, 2012): ძალიან კარგი წელიწადია. ზურგს უკან რაღაცები ხდება, მაგრამ მის მიმართ ღალატი თუ იქნება, ისიც ცუდად არ დამთავრდება. დიდი შესაძლებლობა არსებობს, რომ სიყვარულში ძალიან გაუმართლოს და მოსალოდნელია მისი პირადი ცხოვრება ახალ საფეხურზე ავიდეს. კარგი იქნება თუ მაიმუნის წელიწადში დაბადებულთან გაერთიანდება, რაც ძალიან დიდ შედეგებს მოუტანს. პრაქტიკულად უსაზღვრო შედეგი ექნება. თუმცა მისთვის ძვირფასი ადამინის ღალატის გამო გულისტიკვილიც ექნება.

გველი (1953, 1965, 1977, 1989, 2001, 2013): ნორმალური წელიწადია. ეს სიტუაცია არ სიამოვნებს და კულისებში გადადის, ჩუმად შრომობს. ყოფნის ჭკუა და ისეთ სიტუაციებში არ ერევა. შეიძლება შეცდომები დაუშვას და სასიყვარულო ურთიერთობებში ზედმეტები მოუვიდეს, რაც მერე აუცილებად უარყოფითი შედეგებით დაუბრუნდება, ამიტომ აფრებს ძალიან ნუ აუშვებენ. სამეცნიერო ან ბიზნეს გეგმები რაც აქვს, ის აკეთოს ზედმეტი რეკლამის გარეშე და მხოლოდ გაკეთებულის დასრულებისას გააკეთოს რეკლამა.

ცხენი (1954, 1966, 1978, 1990, 2002, 2014): მათთვის მტკივნეული წელიწადია, რადგან ძალიან კარგად შეუძლიათ ყველა წინააღმდეგობის დაძლევა. ცხენი ითხოვს ნამდვილ, ჭეშმარიტ სიყვარულს, მაიმუნი კი თამაშობს. ამ თამაშის პროცესში კი ცხენი ძალიან ღიზიანდება, ყველაფრის ატანა შეუძლია, მაგრამ სიყვარულში თამაშის ატანა არ სურს.

თხა (1955, 1967, 1979, 1991, 2003, 2015): მისთვის ცოტა აფორიაქებული წელიწადია, რაც მათ უნდოდათ, უკვე გავიდა. მისი წელი დამთავრდა და ახლა ასე აღარ არის. თუმცა ძალიან მოქნილია, მაშინვე მეორე კაცად გადაიქცევა და რომელიმე მაიმუნს მიეწებება. ამიტომ ვუსურვებ, რომ კარგი პატრონი, კარგი დირექტორი ან დამფინანსებელი იპოვოს და ასეთ საქმიანობაზე გადავიდეს. ლიდერი თუ აღარ იქნება, სიტუაციას მშვენივრად აიწყობს, - ისე კარგად მოერგება, რომ ვერავინ ვერ წარმოიდგენს.

მაიმუნი (1956, 1968, 1980, 1992, 2004, 2016): მათთვის საუკეთესო წელი იქნება. ყველაფერი კარგად მიდის სიყვარულის გარდა. ეს ისეთი საკითხია, რომელიც კარგად არასდროს არ არის. მაიმუნს ყველაფერი გამოსდის, გარდა პირადი ბედნიერებისა. მაიმუნმა ურთიერთობაში უნდა ეძებოს არა რომანტიკა, არამედ ურთიერთპატივისცემა და ერთმანეთის გატანა. თავის გულისსწორს ამ კუთხით თუ იპოვის, მაშინ ის კარგად იქნება.

მამალი (1945, 1957, 1969, 1981, 1993, 2005): მისთვის ძალიან სანერვიულო წელიწადი იქნება. ბევრი ისეთი რაღაც ხდება, რაშიც მამალს გარევა არ უნდოდა. იმიტომ რომ ზედმეტი ინტრიგნობა და კულისებში პოლიტიკა მისი საქმე არ არის. ამის საშუალებას მაიმუნი პირდაპირ არ აძლევს. მამალი თუ გაცხარდა, საშინელი მოწინააღმდეგეა და შეუძლია ისე იბრძოლოს, რომ ვეფხვივით თავი შეაკლას. ამიტომ მამალს ნუ გააღიზინებენ, საშუალება მისცენ, ელემენტარული ასაკენკი აკენკოს. ინტრიგებში ძალიან ნუ ჩაითრევთ, მის გააფრთებას აზრი არ აქვს.

ძაღლი (1946, 1958, 1970, 1982, 1994, 2006): ნორმალური წელი იქნება. ის ცხადად ხედავს ყველა იმ "მაიმუნობას", რასაც მაიმუნი აკეთებს, მაგრამ ამავე დროს ღიზიანდება კიდეც. ძაღლი ვაჟკაცურობით გამოირჩევა, მაგრამ ამ შემთხვევაში სჯობს ჭკუა გამოიყენოს. სხვებს სიტუაციის გამოსწორებაში დაეხმარება კულისებში. თუ ძაღლის წელიწადში დაბადებული ფინანსებშია ორიენტირებული, მაშინ მას საშუალება ეძლევა, საკმაოდ ბევრი ფული იშოვოს.

ტახი (1947, 1959, 1971, 1983, 1995, 2007): პრაქტიკულად ძალიან უცნაური ურთიერთობაა. მაიმუნს შეუძლია ღორს რაც უნდა ის გაუკეთოს, მაგრამ ამას არ კადრულობს. არასოდეს მაიმუნის წელიწადში დაბადებული ადამინი ღორის წელიწადში დაბადებულს არ ამცირებს, მას ამის ინტერესიც კი არ აქვს. ამ წლის განმავლობაში ღორს ისეთი ცუდი სიტუაცია არ ეძლევა, რომ მას დასცინონ.

"რ": 2016 წელს რომელი პერიოდი იქნება ყველაზე მეტად რთული?

გ.რ: 17 მარტიდან 30 ივლისამდე ის პერიოდია, როდესაც მოქმედებები იზღუდება. ამ დროს ძნელია ძალისხმევის მიზანმიმართულად წარმართვა ან შეიძლება საქმიანობა არასწორად იყოს გაგებული, ამავე დროს ზოგჯერ მოქმედებას არაადეკვატური შედეგი მოსდევს.

8 იანვრიდან დაწყებული 9 მაისამდე, ისეთი პერიოდია, როდესაც განცხადებები გაუგებარია-ხოლმე იურიდიულ საკითხებთან დაკავშირებით, ტექნიკაზე ფასი მატულობს, ამ პერიოდში პირდაპირი შედეგის განხორციელება ცოტა ჭირს. ამ პერიოდში ისეთი ნაბიჯები არ უნდა გადავდგათ, რომელზეც შესაძლოა ვინერვიულოთ.

25 მარტიდან 13 აგვისტომდე პერიოდი ისეთი დროა, როდესაც ვალდებულებების შესრულებას ვერ გავექცევით. წლის მეორე ნახევარში რაიმე ორიგინალური იდეის განხორციელება თუ გენდომებათ, შესაძლოა შეფერხებები მოხდეს, ამიტომ უმჯობესია ეს წლის პირველ ნახევარში გააკეთოთ.

14 ივნისიდან 20 ნოემბრამდე - ამ პერიოდში ძალიან ჭირს წყენის გამოხატვა. ამ პერიოდში სახიფათოა სასმელის ჭარბი რაოდენობით მოხმარება, უფრო მეტიც ნორმალური დოზის წამალი შესაძლოა მომწამვლელი აღმოჩნდეს.

18 აპრილიდან 26 სექტემბრამდე - ამ პერიოდში ადამიანი თავის თავზე უნდა მუშაობდეს, რომ უფრო დიდი და ძლიერი გახდეს. ამ დროს უმჯობესია ვალდებულებების დარღვევისგან თავი შეიკავოს, რადგან შესაძლოა უფრო მეტად დასაჯოს.

"რ": პოლიტიკურად როგორი წელი იქნება?

გ.რ: პოლიტიკაში საკმაოდ დიდი გარდაქმნები და ინტრიგებია მოსალოდნელი. ოღონდ თავი არ მოვიტყუოთ, რომ ამ დიდ ინტრიგებს ერთმანეთს გავუკეთებთ. ჩვენი პოლიტიკა პატარაა, ამიტომ მთავარია მოქნილობა. საქართველოსთვის უკეთესი იქნება მთავრობამაც და ოპოზიციამაც რომ გაითვალისწინოს, ყვირილი არაა საჭირო. რა თქმა უნდა, ჭკვიანური ნაბიჯები იქნება გადასადგმელი, მაგრამ ეს უხეშ აქტიურობას არ ნიშნავს. ჩვენ იმის ძალა არ გვაქვს, რომ დიდ პოლიტიკაში ვიბრძოლოთ.

"რ": ხშირად არის ხოლმე პროგნოზები სხვადასხვა საკითხეზე. რა მართლდება-ხოლმე და რა არა?

გ.რ: საინტერესო კითხვაა, იმიტომ რომ უამრავი ინტერპრეტაციები არსებობს სხვადასხვა წინასწარმეტყველების მიმართ. ზოგიერთი ირწმუნება, რომ 2016 წელს რაღაც საშინელება უნდა მოხდეს. იგივე ხალხი მიუთითებდა 2012 წელზეც და წინა წლებზეც, რომ რაღაც კატასტროფა უნდა მომხდარიყო. მაშინ ტელევიზიით გავაკეთე განცხადება, რომ არაფერი ღირსშესანიშნავი არ მოხდებოდა. მსგავსი განცხადებები ადრეც არაერთხელ მოგვისმენია. ამიტომ თავს ნუ მოვიტყუებთ - არაფერი ისეთი არ ხდება. მახსოვს ამაზე ლაპარაკი 80-იანი წლებიდან დაიწყო. ეს მითითებები იყო გარდამავალი პერიოდის შესახებ, როდესაც ხდება გადასვლა სრული ჰარმონიის ხანაში. ეს გარდამავალი პერიოდი ზოგიერთი მონაცემებით 2030 წელს უნდა დამთავრდეს. ვფიქრობ მაქსიმალური დაშორება 2040 წელი იქნება. არ ვიცი რამდენად სწორია, მაგრამ ამ პერიოდში ყველა ხილული პლანეტა ერთად იქნება თავმოყრილი დაახლოებით 15 გრადუსიან სექტორში ცის თაღზე. ჩათვალეთ, რომ ეს ახალი ეპოქის დასაწყისია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×