"ქართული ოცნების" პარტიის თავმჯდომარის პოსტზე პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურა განიხილება. საპარლამენტო უმრავლესობა თითქმის გამონაკლისის გარეშე უჭერს მხარს კვირიკაშვილის კანდიდატურას და აღნიშნავენ, რომ იგი ღირსეული ლიდერი იქნება.
"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" პოლიტსაბჭოს წევრმა ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ უმრავლესობის აზრით, მმართველი გუნდის ხელმძღვანელი მმართველი პარტიის თავმჯდომარეც უნდა იყოს.
"რა თქმა უნდა, გიორგი კვირიკაშვილი განიხილება პარტიის თავმჯდომარის პოსტზე. ჩვენი მიდგომაა, რომ მმართველი გუნდის ხელმძღვანელი მმართველი პარტიის თავმჯდომარეც იყოს. კვირიკაშვილის კანდიდატურა განიხილება და ამაზე ალბათ საბოლოოდ შევჯერდებით. ეს ძალიან პოზიტიური გადაწყვეტილება იქნება", - განაცხადა ეკა ბესელიამ.
"ქართული ოცნება" პარტიის ახალ თავმჯდომარეს ყრილობაზე აირჩევს, რომლის გამართვაც გაზაფხულზეა დაგეგმილი.
"უნდა იყოს თუ არა პარტიის თავმჯდომარე და პრემიერ-მინისტრი ერთი და იგივე პიროვნება?" - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების ცნობილ წარმომადგენლებს მიმართა.
გია ბუღაძე (ფერმწერი): "ყოველგვარი პარტიულობისგან მიუკერძოებელი უნდა იყოს პრემიერი, თუმცა, საქართველოში ჯერ ამ დონემდე ვერ მივედით. უმრავლესობა არასდროს გაუშვებს ხელიდან იმის საშუალებას, რომ პოლიტიკურ-ეკონომიკური მართვის სადავეები თავად ეჭიროს ხელში.
რა თქმა უნდა, ჩემი სურვილია, ყოველგვარი პარტიულობისგან თავისუფალი და დამოუკიდებელი იყოს პრემიერი, თუმცა, ჯერჯერობით საქართველო ამისგან შორს არის.
ზაზა ხუციშვილი (მუსიკოსი): "ვერ გეტყვით, თუ კანონი ითვალისწინებს ამას და პრობლემა არ არის, მე უარყოფითს ვერ ვხედავ. საერთოდ ჯობია, რომ პრემიერი დამოუკიდებელი იყოს.
ცალსახად დადებითი დამოკიდებულება აქვს ყველას კვირიკაშვილის მიმართ, ოპოზიციაც კი ვერ მალავს, რომ ძალიან კვალიფიციური და გამოცდილი კადრია.
ერთადერთი საუბარია იმაზე, რომ ისიც მოექცევა ივანიშვილის გავლენის ქვეშ, თუმცა, მე მგონია, რომ ის იქნება იმაზე მეტად დამოუკიდებელი, ვიდრე ღარიბაშვილი იყო, მაგრამ მე ამაშიც ვერ ვხედავ პრობლემას, რადგან რეალურად ამ კაცს მოსახლეობამ არჩევნებზე მხარი თავად დაუჭირა.
რაც შეეხება პარტიის თავმჯდომარეობას, ჩემი აზრით, მაინც დისტანციურობა სჯობს, თუმცა თუ ფიქრობენ, რომ არჩევნებზე ასე უფრო მომგებიანი იქნება, არ ვიცი, ეს მათი გადასაწყვეტია.
ლადო ვარდოსანიძე (არქიტექტორ-ურბანისტი): "ძალიან მესიმპათიურება ჩვენი ახლი პრემიერ-მინისტრი და გარკვეულ იმედსაც ვამყარებ მასზე, მაგრამ არ მგონია, მოსახლეობას აინტერესებდეს, ვინ იქნება ამ პოლიტიკური ძალის ხელმძღვანელი, ვინაიდან მან ვერ შეუსრულა ხალხს დანაპირები, ეს შიდა პარტიული საკითხებია.
მთავარია, პრემიერ-მინისტრმა გვიჩვენოს შედეგი და პარტიის შიგნით რა გადაადგილებები იქნება, ისევე როგორც მე, მგონია, რომ საზოგადოებასაც ნაკლებად აინტერესებს.
გიგა ნასარიძე (ა.ო. საქართველო არ იყიდება): "ვერანაირ წინააღმდეგობას ვერ ვხედავ, რას მოგვიტანს კვირიკაშვილის თავმჯდომარეობა, შეცვლის თუ არა პოლიტიკას, ეს არის პრობლემა. სხვა მხრივ პრემიერ-მინისტრი და პარტიის თავმჯდომარე იქნება თუ არა ერთი და იგივე პიროვნება, გადამწყვეტი მნიშვნელობა, არ მგონია, ჰქონდეს."
ნუცა ჯანელიძე (მუსიკოსი): "თუ ობიექტურად მოიქცევა და პრემიერ-მინისტრობა არ გახდება რაღაცების მანიშნებელი, მაშინ არანაირი პრობლემა არ არის. მთავარია იყოს ყველას პრემიერ-მინისტრი, მაგრამ თავისი პარტიის თავმჯდომარე."
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე