მოსაზრება
09.01.2016

ნოდარ ნათაძე

საქართველოს მთავრობის ახალმა მეთაურმა, ბ-ნმა კვირიკაშვილმა პარლამენტის ერთ-ერთ ფრაქციასთან საუბარში განაცხადა, რომ რუსებთან ურთიერთობის ნორმალიზაცია ყველაზე უკეთესი გარანტიაა საქართველოს უსაფრთხოებისათვის. ეს განცხადება, ჩემი აზრით, სამ რადიკალურ ხიფათს შეიცავს:

1. პოზიციის გაცხადება, რომ რუსეთი არ არის წინააღმდეგი ოკუპანტთან "ურთიერთობის ნორმალიზაციისა", საქართველოსთვის მუქთი არ არის. იგი, სავარაუდოა, ჩვენ ქვეყანას ძალიან ძვირად დაუჯდება, რადგან მსოფლიოს წინაშე იმის დემონსტრირებას მოახდენს, რომ საქართველოს მხრიდან არ არსებობს მყარი ნება ოკუპანტისათვის არდათმობისა. მსოფლიო კი, შეგახსენებთ, ის ერთადერთი ძალაა, რომელიც ჩვენ ქვეყანას დღეს სამარადისო ტერიტორიული დანაკარგისაგან იცავს.

2. რუსეთს აქვს კონკრეტული გეგმა ჩვენი ტერიტორიის მიმართ, რომელზეც ხელს არ აიღებს, როგორც იტყვიან, ცოცხალი თავით: მას განზრახული აქვს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ანექსიით ამიერკავკასიის მეოთხე სახელმწიფო გახდეს აქედან გამომდინარე ყველა პოლიტიკური და ქვაზი-იურიდიული უფლებების მისაკუთრებით. ამ გეგმაზე რუსეთს ხელს ააღებინებს მხოლოდ ძალა, მაშასადამე, ამ ხიფათისაგან ჩევნი ქვეყნის დაცვის გზა მხოლოდ რუსული იმპერიალიზმის დამარცხებაზე გადის (სახელდობრ, დამარცხებაზე ჩვენს კონკრეტულ რეგიონში).

3. რუსეთის ზოგადი სტრატეგიული გეგმა თავის მიუცილებელ კომპონენტად შეიცავს ამიერკავკასიის ე.წ. დერეფნის გადაკეტვას დასავლეთისათვის, რათა ამ უკანასკნელმა ცენტრალურ აზიაში ვერ შეაღწიოს და ეს რეგიონი (ცენტრალური აზია) კიდევ მრავალი ათწლეულის მანძილზე დარჩეს რუსეთის, ჩინეთის და ჩვენი ორი დიდი მეზობლის, სარწმუნოებით მუსლიმანის, მონოპოლიური კონტროლის ქვეშ. ამისთვის საჭიროა, რომ საქართველო იყოს მაქსიმალურად დანგრეული და ყოველმხრივ მიწასთან გასწორებული - იგი იყოს უდაბნო, რომელიც ტრანსპორტის მოძრაობისთვისაც კი აღარ ვარგა. ამიტომ რუსეთი მხარს დაუჭერს და აქტიურად ხელს შეუწყობს ყველა დივერსიულ მოქმედებას საქართველოს წინააღმდეგ, როგორც ასეთს: მიწის გაყიდვას უცხოელებზე, მასობრივ ემიგრაციას ქართველების მხრიდან და მასობრივ იმიგრაციას უცხოელთა მხრიდან. ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ იმოქმედებს "უანგაროდაც" კი, ანუ ისეთ შემთხვევებში, როცა მას სათავისოდ მოსაგები არაფერი ექნება. ამ თვალსაზრისითაც, საქართველოს გადარჩენის გზა რუსული იმპერიალიზმის დამარცხებაზე გადის.

საქართველოს რეაგირება ამ ხიფათზე ერთგული ხელისუფლების მხრიდან, ძირითადად, ორი მიმართულებით წარმართვადია: პირველი: საქართველო უნდა შეეცადოს მაქსიმალურად მჭიდრო სამხედრო კავშირს დასავლეთთან (ან ნატო-ში შესვლით, ან ნატო-სთან, როგორც მთელთან, სათავდაცვო ხელშეკრულების დადებით, ან ნატო-ს ქვეყნებთან ორმხრივ ხელშეკრულებათა დადებით. მეორე: საქართველო, როგორც გაერო-ს წევრი სახელმწიფო, სისტემატურად და მიზანშეწონილად უნდა ლობირებდეს ყველა შესაძლო საერთაშორისო არენაზე რუსული იმპერიის ხელიდან ჩრდილო კავკასიის ხალხთა განთავისუფლების საქმეს. რუსეთი რომ არც სირიაში, არც სხვა რომელსამე რეგიონში ომის მომგები არ არის, ამის მიხვედრას მე მგონი დიდი სიბრძნე არ სჭირდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×