რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი საახალწლოდ გზებზე შექმნილი პრობლემების გამო მოსახლეობას ბოდიშს უხდის. როგორც მან მთავრობის გუშინდელ სხდომაზე აღნიშნა, გარკვეულ პერიოდში მთელი საქართველოს მასშტაბით გადაადგილება ჭირდა, ვინაიდან კონტრაქტორების მხრიდან 1-2 იანვარს ხალხის გამოყვანა რთული აღმოჩნდა, იყო ტექნიკის პრობლემაც. ჯავახიშვილმა ამ ეტაპზე გზებზე არსებულ პრობლემებზეც ისაუბრა და თქვა, რომ შეფერხება გარკვეულ მონაკვეთზე აღმოიფხვრა, ზოგიერთ რეგიონში კი მუშაობა გრძელდება.
"პირველ რიგში, ბოდიში მინდა მოვუხადო საქართველოს მოქალაქეებს, იმიტომ რომ ზუსტად ახალი წლის ღამეს დაწყებულმა ძლიერმა თოვამ და ძლიერმა ყინვებმა გზების გარკვეულ მონაკვეთებზე საკმაოდ სერიოზული შეფერხება გამოიწვია. იყო პერიოდი, როდესაც მთელ საქართველოში ჭირდა გადაადგილება. რასაკვირველია, ამას არაფერი არ ამართლებს, მაგრამ ცოტა რთული აღმოჩნდა 1-2 იანვარს ხალხის გამოყვანა კონტრაქტორების მხრიდან, იყო ტექნიკის პრობლემებიც", - განაცხადა ჯავახიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ გადაუდებელმა თოვლმა დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ ნაწილში სერიოზული პრობლემები შექმნა - გურიის რამდენიმე სოფელში კი ახალ წელს, მოსახლეობა უშუქოდ შეხვდა. ამ პრობლემას სოციალურ ქსელში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ზვიდად კვაჭანტირაძე გამოეხმაურა და "ენერგო პრო ჯორჯია" უპასუხისმგებლობაში დაადანაშაულა.
"მიუხედავად ამხელა სამზადისისა ქალაქში თუ სოფლებში, ასობით აბონენტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში (ძირითადად სოფლებში) უშუქოდ შეხვდა ახალ წელს. წარმოიდგინეთ? მესმის, დღეს ამის წარმოდგენა ძნელია, მაგრამ ფაქტია. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. დეკემბერში თოვლი აბა არ უნდა მოვიდეს? ალბათ "ენერგო პრო ჯორჯია" ახალ წელს თოვლს საერთოდ არ ელოდებოდა, არც კი იფიქროს ვინმემ თქვენი გამოქომაგება "ენერგო პრო ჯორჯია"!!! რაც თქვენ თქვენი უპასუხისმგებლობით ხალხს და ჩვენს ხელისუფლებას გვავნეთ, ამას ასე მარტივად არ გადაგატანინებთ. პასუხს მოგთხოვთ მთელი სიმკაცრით!" - ნათქვამია კვაჭანტირაძის მიერ გამოქვეყნებულ "ფეისბუკ" სტატუსტში.
თქვენი აზრით, რატომ შეხვდა შესაბამისი სამსახურები უამინდობას მოუმზადებელი? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.
იგორ კვესელავა (პოლიტოლოგი):"საქართველოში უშუქობა და უამინდობა გამონაკლისი არ არის და ჩვენ ამის გამოცდილება 2003 წლამდე უკვე გვქონია, თუმცა მომდევნო წლებში წინა ხელისუფლება ამას გაუმკლავდა. ანუ, ამით იმის თქმა მინდა, რომ ხელისუფლებას პასუხისმგებლიანი და შესაბამისი კვალიფიკაციის სპეციალისტები უნდა ჰყავდეს, რომ უამინდობას და პრობლემებს მომზადებული შეხვდეს, მოახდინოს შესაძლო დაზიანების პრევენცია. ეს მათი ყოველდღიური საზრუნავი უნდა იყოს.
"სამინისტროებში ხელმძღვანელების ცვლა კი არ შველის საქმეს, პროფესიონალებია საჭირო, ისეთი ადამიანები, რომლებმაც თავიანთი საქმე იციან. ყველანაირი პრობლემის სათავე არაკვალიფიციური კადრებია, სამინისტროებში კი ასეთი ხალხი არც თუ ისე ცოტაა."
ედიშერ გვენეტაძე (ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი):"საერთოდ, კონკრეტული საქმისადმი ზერელე დამოკიდებულება ქართველებს გვჩვევია. საკმარისია ამინდი აირიოს, თოვლი მოვიდეს და პრობლემების ზღვა იწყება. ეს კი მხოლოდ უპასუხისმგებლო დამოკიდებულების ბრალია. დამნაშავე კი პირველ რიგში შესაბამისი სამსახურებია, რომელთაც პრობლემების წარმოშობის პრევენცია ვერ მოახერხეს, შედეგად კი ხალხი დაზარალდა და ახალ წელს უშუქოდ შეხვდა.
"რა დააშავა იმ ხალხმა?! ერთი დღეც რომ გადაცილონ დენის გადასახადს, შუქს იმ წამშივე ჩაუჭრიან, პრობლემებზე ზრუნვა კი არავის ეხება თურმე. ასეთი სამსახურები შესაბამისი სიმკაცრით რომ ისჯებოდნენ, ეს აღარ განმეორდება."
მერაბ კოკოჩაშვილი (რეჟისორი):"ამგვარი პრობლემების აღმოფხვრისთვის წინასწარი პრევენციაა საჭირო, რომელზეც ქვეყნის შესაბამისმა ორგანოებმა უნდა იზრუნონ. მესმის, რომ ყველაფერი ყოველთვის რიგზე ვერ იქნება, მაგრამ ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ასეთ შემთხვევაში სწორად მუშაობაა საჭირო, რათა მოსახლეობა არ დაზარალდეს.
"ყველა ჩვენთაგანის საქმეა მაქსიმალურად სწორად შევასრულოთ ნაკისრი ვალდებულება. ამაზე ხელისფლება უნდა ზრუნავდეს, ჩვენ კი მსჯელობა არ უნდა გვჭირდებოდეს. ცივილურ გზას მხოლოდ ასეთ შემთხვევაში თუ დავადგებით."
ჭემალ ჭკუასელი (ანსამბლ "ერისიონის" სამხატვრო ხელმძრვანელი): "იცით რაშია საქმე? ჩვენში საქმისადმი სწორად და პასუხისმგებლობით მიდგომის კულტურა დამკვიდრებული ვერ გვაქვს მთლად სახარბიელოდ. ვიცი, რომ ინფრასტრუქტურის მინისტრი ძალიან პასუხისმგებლიანი ადამიანია, შესაძლოა ტექნიკურმა პრობლემებმა წარმოშვა ასეთი ხარვეზები, ვერ გეტყვით ვისი ან რისი ბრალია, თუმცა საკითხავია გამართულად საერთოდ რომელი დარგი მუშაობს. ეს საერთო სატკივარია, ამიტომ მეტი მონდომებაა საჭირო."
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე