ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი ზურაბ ჭიაბერაშვილი საყოველთაო ჯანდაცვის მიზნობრივით შეცვლის ინიციატივით გამოდის და ამბობს, რომ სახელმწიფო მდიდრისთვისაც და ღარიბისთვისაც ფულს თანაბრად არ უნდა ხარჯავდეს.
მისი თქმით, სახელმწიფო მხოლოდ გაჭირვებულებს უნდა დაეხმაროს და არა ყველას. სანაცვლოდ კი, მათი პაკეტები უნდა გაუმჯობესდეს და ზოგ შემთხვევაში პაციენტი წამლებითაც კი უნდა უზრუნველყოს. აღსანიშნავია, რომ ამავე თემაზე მსგავსი ინიციატივით "თავისუფალი დემოკრატებიც" გამოდიოდნენ და აღნიშნავდნენ, რომ სამედიცინო დამხრება ყველა მოქალაქემ თანაბრად არ უნდა მიიღოს.
ემხრობით საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის გაუქმებას და მის შეცვლას სახელმწიფო დაზღვევის დიფერენცირებული სისტემით? - ამ კითხვით "მთელმა კვირამ" საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებს მიმართა.
თაკო ჩარკვიანი (პუბლიცისტი): ეს მთავრობა რასაც აკეთებს, ყველაფერი არ მომწონს. თუმცა ჯანდაცვის რეფორმა წარმოუდგენლად კარგია. რაღაცები გვავიწყდება ხოლმე. ცე-ჰეპატიტით დაავადებული ადამიანები სიკვდილისთვის იყვნენ გადადებული, რადგან მისი მკურნალობა წარმოუდგენელ ხარჯებს უკავშირდება.
ამიტომ მაიცდამაინც ახლა ამ ჯანდაცვის რეფორმის შერყევა მიზანშეწონილად არ მიმაჩნია. ერთადერთი სფეროა, რაც "ქართულმა ოცნებამ" ძალიან წარმატებულად განახორციელა, რასაც სხვა რაღაცებზე ვერ ვიტყვი. ეს ის სფეროა, რომლის ხელის ხლება რყევას გამოიწვევს, ამიტომ ჯერჯერობით ნაადრევი იქნება. თუმცა უცხოეთში ეს საკითხი მართლაც ასეა მოგვარებული და ზოგადად ვეთანხმები, მაგრამ ახლა არა.
გოგი თორაძე (რეჟისორი): ამ ქვეყანას ჯანდაცვის სფეროში ძალიან დიდი წარმატება აქვს და მაინცდამაინც აქ მიდის ქექვა. რამდენიმე წლის წინ, როდესაც ეს პატივცემული ჯანდაცვის მინისტრი თავად ბრძანდებოდა, საერთოდ ჯანდაცვაზე არ იყოს საუბარი. ადამიანი სამკურნალოდ იმის გამო ვერ მიდიოდა, რომ ფული არ ჰქონდა.
ახლა სერგეენკომ ისე გააკეთა, რომ ადამიანს ამ კუთხით ყოფა ცოტა შეუმსუბუქა. ამ ხალხს კიდე არაფერი არ მოსწონს. ვფიქრობ, ყველაფერი ძალიან კარგად მიდის. რაც შეეხეება დიფერენციაციას მდიდრებად და ღარიბებად, ამას თვითონ ეს მთავრობა გადაწყვეტს. ადამიანს საშუალება უნდა მივცეთ, რომ ეს საკითხი ბოლომდე მიიყვანოს.
ნინო ლაპიაშვილი (ა/ო "სუფთა პოლიტიკა"): თავიდანვე ცხადი იყო, რომ ეს პროგრამა დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა. საქართველო ბრიტანეთი არ არის, რომ ყველაფრის დაფინანსება შეძლოს. ყოველ ჯერზე ახალი სახელმწიფო ვალის აღება წამგებიანია. მთავრობა ამ საკითხს რაციონალურად უნდა მიუდგეს. იმის ნაცვლად, რომ პოპულისტური გეგმები დასახოს და საბოლოო ჯამში ქვეყანა ბანკროტამდე მიიყვანოს, სჯობს ახლავე გამოფხიზლდეს და კონკრეტული ნაბიჯები გადადგას, რომელიც ქვეყანას ამ კრიზისული ვითარებიდან გამოიყვანს. საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და ოპოზიციის აზრი უნდა გაითვალისწინოს. ზურაბ ჭიაბერაშვილის შემოთავაზება სავსებით რეალურია იმიტომ, რომ არ შეიძლება, ღარიბი ქვეყანა სამედიცინო მომსახურებას მდიდარსაც და ღარიბსაც ერთანირად უფინანსებდეს.
გიორგი შენგელაია რეჟისორი): ვფიქრობ, ცუდი იდეა არ არის. თუმცა მაგას შესაბამისი აღრიცხვა ესაჭიროება. უნდა დადგინდეს კრიტერიუმები, რითაც ხალხს მდიდრებად და ღარიბებად დაყოფენ. საერთოდ სამართლიანია, რომ ვისაც მაღალი შემოსავალი აქვს, სახელმწიფო სამედიცინო დახმარებით ნაკლებად ეხმარებოდეს, ხოლო ვისაც შემოსავალი არ აქვს, უფრო მეტად.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე