რუსეთიდან საქართველოში გაზის იმპორტს საერთაშორისო ექსპერტების ნაწილი უარყოფითად აფასებს. როგორც აღინიშნა, საქართველოს რუსული გაზის იმპორტის მიზეზი არ აქვს და ეს მხოლოდ ქვეყნის საერთაშორისო ურთიერთობებს დააზარალებს.
"რა ტრაგედიასაც "გაზპრომთან" დაკავშირებით ე.წ. ექსპერტები ხატავენ, არის მარაზმი და არასწორი", - ეს განცხადება ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ "გაზპრომთან" დაკავშირებით გააკეთა.
მან ხაზი გაუსვა, რომ ეს არ არის "გაზპრომთან" ურთიერთობის პირველი წელი და არსებული ხელშეკრულების გადახედვა ყოველწლიურად ხდება.
"თუმცა ამ შემთხვევაში მოთხოვნა არის, შეიცვალოს ხელშეკრულების პირობები - გადავიდეთ ფულად ანაზღაურებაზე, ანუ ჩვენ მიერ გატარებული 10-პროცენტიანი მოცულობის მაგივრად გადაგვიხადონ თანხები. ეს მოლაპარაკებები დიდი ხანია, დაწყებული გვაქვს.
"რამდენიმე შეხვედრა გაიმართა, თუმცა შეთანხმება მიღწეული არ არის. ბოლო ორი თვის განმავლობაში ჩვენ ვისმენთ გაუგებარ განცხადებებს ე.წ. ექსპერტების მხრიდან. თუ ვინმეს მართლა აქვს სერიოზული სურვილი, გაიგოს დეტალები, ენერგეტიკის სამინისტრო, პირადად მე მზად ვარ, ამ ადამიანებს შევხვდე - მოვიდნენ და მივაწვდით ყველა რეალურ ინფორმაციას", - განაცხადა კალაძემ.
რუსული გაზის იმპორტი როგორ აისახება საქართველოსა და დასავლეთის ურთიერთობაზე? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.
ლაშა ჩხარტიშვილი (დემოკრატიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი): "უპირველეს ყოვლისა, ჯერ ის არის გასარკვევი, რა მოლაპარაკებებზეა საუბარი. მეტი გამჭვირვალობაა საჭირო. აქ ერთი რამაა მთავარი, საქართველო არ უნდა იყოს დამოკიდებული ერთ მომწოდებელზე, სწორედ ეს არის სახიფათო.
რუსეთი საკმაოდ სახიფათო პარტნიორია და საკუთარ ბერკეტებს ძალიან კარგად იყენებს პარტნიორი ქვეყნების წინააღმდეგ. კარგი იქნება, რომ ყველაფერი იყოს გასაჯაროვებული და საზოგადოებამ იცოდეს, რა მოლაპარაკებებზეა საუბარი. ამის შემდეგ უკვე შეგვეძლება საბოლოო დასკვნების გაკეთება."
მიშა მშვილდაძე (პროდიუსერი): "რუსული გაზის იმპორტი საქართველოსა და დასავლეთის ურთიერთობაზე, რა თქმა უნდა, ნეგატიურად აისახება. მაშინ, როდესაც ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორები ემბარგოს უწესებენ რუსეთს და ეკონომიკური სანქციებით ზღუდავენ, ბოლო-ბოლო პრინციპის საკითხია, რომ რუსეთისგან გაზი არ უნდა ვიყიდოთ.
მითუმეტეს, რომ ამის აუცილებლობა არ დგას ქვეყანაში. სხვა გზა რომ არ იყოს, კიდევ ხო, მაგრამ როცა ქვეყანამ ძალისხმევა არ დაიშურა, რომ განთავისუფლებულიყო რუსეთის ენერგოდამოკიდებულებისგან, ეხლა ისევ უკან თავის შეყოფა - უარესია, ვიდრე ღალატი."
რეზო მიშველაძე (მწერალი): "მე ვფიქრობ, საქართველოს ეკონომიკური კავშირების გაფართოვება რამე კატასტროფას არ ნიშნავს და არც ჩვენი დასავლელი კოლეგებისთვის უნდა ნიშნავდეს. ხომ ფაქტია, რომ იზოლირებულად და მხოლოდ ევროკავშირზე მიბმით საქართველოს საშველი არ დაადგება.
რა ქვეყანა დაიქცევა, თუ საქართველო რუსეთისგან მცირეოდენ გაზს შეისყიდის და ამით ჩრდილოელ მეზობელთან უფრო მრავალფეროვანს გახდის სამომავლო ურთიერთობას? ისინი, ვინც ფიქრობენ, რომ სამუდამოა უფსკრული რუსეთსა და საქართველოს შორის, ღრმად ცდებიან. ჩვენი ხელისუფლების ეს ერთი ნაბიჯი დასავლეთმა საწყენად არ უნდა მიიღოს. მე ეს კატასტროფად ნამდვილად არ მიმაჩნია."
ირმა სოხაძე (მომღერალი): "არ მგონია, რომ ეს დასავლეთთან ურთიერთობას გაგვიფუჭებს, იმიტომ, რომ სხვა ენერგორესურსები ყველას აქვს. თუკი სარგებლობა გვექნება, რატომ არ უნდა მივიღოთ?! რუსეთი ახლა იმ ჭკუაზე არ არის, რომ გაგვითიშოს, ან რამე სახის დივერსიები მოგვიწყოს. მე მგონია, რომ რუსეთმაც გარკვეულწილად ჭკუა ისწავლა. ასე რომ, ამაში მე რამე საფრთხეს და დასავლეთისთვის საწყენს ვერაფერს ვხედავ."
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე