გვანცა ღვედაშვილი
13.01.2016

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი "გაზპრომთან" გამართული შეხვედრების გასაჯაროებას და პარლამენტში ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის მისვლას მოითხოვს.

უნდა გასაჯაროვდეს თუ არა "გაზპრომთან" წარმოებული მოლაპარაკება? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების ცნობილ წარმომადგენლებს მიმართა.

 ვაჟა ოთარაშვილი (პოეტი): "გაზპრომთან" მოლაპარაკება უნდა გასაჯაროვდეს, რადგან საზოგადოებას ძალიან ბევრი კითხვა აქვს. ამას მე საკმაოდ დიდი ხანია მოვითხოვ, ჩემთვის ეს ახალი არ არის. როდესაც ასეთ დიდ ეკონომიკურ მონსტრებთან ვდებთ ხელშეკრულებას, ეს უნდა იყოს გასაჯაროებული და გამჭვირვალე. მით უმეტეს, ისეთი აუცილებელი მოხმარების სფეროში, როგორიც გაზით მომარაგებაა.

 

 ნინო ლაპიაშვილი (ა/ო "სუფთა პოლიტიკა"): ისეთი ქვეყნის ისეთ კომპანიასთან საიდუმლოდ მოლაპარაკების წარმოება როგორიც "გაზპრომი" და რუსეთია, ძალიან დიდ საფრთხეს შეიცავს. პირველ რიგში, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისათვის. "გაზპრომი" და რუსეთის სახელმწიფო ფაქტობრივად გაიგივებული მცნებებია. საქართველოს ცუდი გამოცდილება აქვს გაზთან დაკავშირებით, როდესაც 2006 წელს მთელი მოსახლეობა რუსეთის გამო გაზის გარეშე დარჩა, და რომ არა ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანი და ირანი, ყოველგვარი დახმარების გარეშე აღმოვჩნდებოდით.

როცა ხელისუფლება გვეუბნება, რომ საშიში არაფერია და ამ დროს არ ამხელს, კონკრეტულად რაზე მიდის მოლაპარაკება, მგონი, განგაში უნდა გამოვაცხადოთ და მოვითხოვოთ ძალიან მკაფიო პასუხი, თუ რას გვიპირებენ.

 ნოდარ ნათაძე (ფილოლოგი): მე ყოველთვის ამოვდივარ პიროვნების ნამუსისა და პატიოსნების ხარისხისგან, მათი ხელისუფლებაში მოსვლის პერსპექტივიდან, ზოგადი პოლიტიკის ხარისხიდან. აქედან გამომდინარე, ვვარაუდობ, რომ ღარიბაშვილი სწორედ იმიტომ დაითხოვეს პრემიერ-მინისტრობიდან, რომ მან ხელი არ მოაწერა "გაზპრომთან" ხელშეკრულებას. დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის პუტინის პირდაპირი ბრძანება. ეჭვი არ მეპარება, რომ ამ ხელისუფლების იდიოტური პოლიტიკა მიმართულია იქითკენ, რომ სააკაშვილის გუნდი კიდევ ერთხელ მოვიდეს ხელისუფლებაში.

 მიხეილ ცაგარელი (ასტროლოგი): გუშინ ვუსმინე კახი კალაძეს და საკმაოდ ბევრი რამ გასაგებად თქვა. თუ ამის გარდა "გაზპრომთან" დაკავშირებით კიდევ არის რაიმე, მაშინ, რა თქმა უნდა, გასაჯაროება აუცილებელია.

საქართველოს აქვს არნახული შესაძლებლობა რუსეთიდან ტურისტები მოიზიდოს, ამისთვის ურთიერთობა აუცილებლად უნდა გააქტიურდეს. ამიტომ არ აქვს მნიშვნელობა, ეს "გაზპრომი" იქნება თუ სხვა რამ, ისედაც ყველაფერი რუსეთს ეკუთვნის. რა, წყალი არ არის რუსული? მის ზურგს უკან სწორედ რუსეთი დგას, "თელასი", ჩვენი ოქრო მარნეულში, სწორედ რუსეთის ხელშია. რომელი ენერგომატარებელი არ არის რუსეთის ხელში, ერთი რკინიგზა დაგვრჩა, ყველაფერი დანარჩენის მიღმა კი რუსეთი დგას. სააკაშვილმა ყველაფერი რუსეთს მიჰყიდა, თუმცა კი მტრად მოიხსენიებდა. ამიტომ ვის ვატყუებთ, ყველაფერს რუსეთი ფლობს და ახლა "გაზპრომზე" რატომ ატყდა ამხელა ამბავი, ვერ გავიგე.

მიმაჩნია, რომ რაც მეტი იქნება ურთიერთობა რუსეთთან მით მეტს მოიგებს ჩვენი ქვეყანა. საქართველოს შემდგომი განვითარება თუნდაც ევროპასთან დამოკიდებულია რუსეთთან ურთიერთობის დალაგებაზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×