"იმედი მინდა გამოვთქვა, რომ ალეკო ელისაშვილი ბოლოს და ბოლოს დაასახელებს იმ პიროვნებას, რომელმაც, მისივე სიტყვებით, მას მიაწოდა კორუფციული დანაშაულის შესახებ ინფორმაცია, კონკრეტულად იმის შესახებ, რომ დეპუტატებს ჰქონდათ შეწყალების საქმეში ქრთამი აღებული," - განაცხადა გუშინ მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ. მისი თქმით, ე.წ. შეწყალების საქმის ფარლებში ჩატარდა უპრეცედენტო საგამოძიებო მოქმედებები, რაშიც იგულისხმება ყოფილი მთავარი პროკურორის, გიორგი ბადაშვილისა და მისი მოადგილის, გიორგი გოგაძის დაკითხვა.
პასუხად კი ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ შოთაძეს წყაროს დასახელებით სიამოვნებას ვერ მიანიჭებს რადგან, შესაძლოა, შემდეგ ეს ადამიანი დაიბარონ და "დააკაჩაონ".
იგი პროკურატურასთან რეალურ თანამშრომლობას აღარ აპირებს და "ეკა ბესელიასა და მანანა კობახიძის მხრიდან კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობაზე ინფორმაციის წყაროს მხოლოდ პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში დაასახელებს".
უნდა დაასახელოს თუ არა ელისაშვილმა წყარო? - ეს კითხვა "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს დაუსვა.
იური მეჩითოვი (ფოტოგრაფი): თუ დემოკრატიულ და სამართლიან სახელმწიფოს ვაშენებთ და მთავარი პროკურორი საქმის გასაჯაროებას ითხოვს, მაშინ ელისაშვილმა უნდა დაასახელოს წყარო. თორემ მაშინ უსაფუძვლო ბრალდება გამოდის, რომელიც თავისთავად დანაშაულია. მოსახლეობა დაბნეულია - ერთი მხარე აცხადებს ამას და არაფრით ასაბუთებს, ბრალდებული მხარე კი ამას კატეგორიულად უარყოფს.
ლადო ვარდოსანიძე (არქიტექტორი): ელისაშვილის არგუმენტები ძალიან ახლოსაა სიმართლესთან. მაგრამ კანონმდებლობა თუ ამას ავალდებულებს, მაშინ უნდა დაასახელოს, კანონს ვერ გაექცევა. თუმცა ლოგიკურად საჯაროდ მისი დასახელება მხოლოდ და მხოლოდ სასამართლოზეა შესაძლებელი, რომ დაიცვას თავისი ინფორმატორი. ასე რომ, ელისაშვილს ვეთანხმები, მეც ვფიქრობ, რომ გამოძიება შეიძლება ამ თვალსაზრისით ანგაჟირებული იყოს.
მერაბ კოკოჩაშვილი (რეჟისორი): წყარო აუცილებლად უნდა დაასახელოს, რომ ამას ნათელი მოეფინოს და საზოგადოებამ სიმართლე გაიგოს. სხვანაირად არ გამოვა და შემდეგ, რა თქმა უნდა, პროკურატურამაც უნდა გადაამოწმოს. საერთოდ ქვეყანაში რაც კეთდება, აუცილებლად შემოწმებული უნდა იყოს ორი მხრიდან. ერთი მხარის თქმა არაფერს არ ნიშნავს, მეცნიერებაში და ყველგან ასეა. მაგალითად, მე საინფორმაციო გამოშვებებს სხვადასხვა არხზე ვუყურებ და მერე მე თვითონ გამომაქვს ჩემი აზრი.
გია ბუღაძე (მხატვარი): მარტო ელისაშვილი კი არა, მე მგონი, ყველა დარწმუნებულია, რომ წყაროს დასახელების შემდეგ პროკურატურა ამ ადამიანს ძალიან დიდ პრობლემებს შეუქმნის. ასე რომ, არ უნდა დაასახელოს და, რამდენადაც ვიცი, მას ამის უფლებაც აქვს. ელისაშვილი პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. მე მგონი, ეს ძალიან რთული არ არის, თუმცა არა მგონია, "ოცნება" ამას აპირებდეს და არც გააბედინებენ. ასე რომ, ელისაშვილმა ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აიღო, მძიმე მდგომარეობაშია, გამძლეობას ვუსურვებ, მეტი რა შემიძლია ვუთხრა?!
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე