ანზორ საკანდელიძე
თავისუფალ მცირე მეწარმეთა ასოციაციის თავმჯდომარე
"მუდამ საშიშია ხელმძღვანელი პოსტები მივანდოთ საშუალო ნიჭის კაცს, რადგან ის მუდმივად ებრძვის მასზე ნიჭიერი კაცის აზრს, რომელიც მის თავში ვერ თავსდება", - გამოჩენილი ესპანელი პოეტისა და ფილოსოფოსის, ანტონიო მაჩადო ი რუისის ამ სიტყვების ჭეშმარიტებას ადასტურებს 1995-2008 წლებში საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარედ, ფინანსთა მინისტრად და პრემიერ-მინისტრად შემთხვევით აღზევებული ზურაბ ნოღაიდელის მიერ მცირე მეწარმეობის წინააღმდეგ წარმოებული 13-წლიანი დაუნდობელი ომი. ომის მიზეზი კი იყო მკვეთრად გამოხატული მაჩადოსეული "საშუალო ნიჭის" სინდრომი.
ნოღაიდელმა დე ფაქტოდ განადგურებული ქართული მცირე მეწარმეობა დე იურედაც გაანადგურა, როცა 2006 წლის 24 მაისს გააუქმა 1999 წელს ჩვენი დიდი ძალისხმევით მიღებული მცირე მეწარმეობის ერთადერთი კანონი. ამ ფაქტით დღემდე ვარ საოცრად დათრგუნული, ამიტომ დავივიწყე მშენებლის ჩემი ძირითადი პროფესია და 10 წელიწადია თითქმის მთლიანად გადავერთე ამ კანონის აღდგენაზე. უფრო მეტიც, წელს, როცა მძიმე ოპერაციის შემდეგ 5 თვე საწოლზე ვიყავი მიჯაჭვული, ლოგინში მწოლიარემ დავამუშავე, დავწერე და სამეცნიერო-მეთოდურ ნაშრომად დეპონირების წესით დავაპატენტე ("საქპატენტის" მოწმობა #6333), ძირითადად, მცირე მეწარმეობის კანონის აღდგენაზე და საქართველოში მცირე მეწარმეობის ფორსირებულ აღდგენა-განვითარებაზე ორიენტირებული "საქართველოში ანტიკრიზისული 5-წლიანი კომპლექსური ეკონომიკური რეფორმების კონცეფცია - პროგრამა", რომელიც ერთდროულად აჯამებს 1998 წელს დაარსებული ჩვენი ასოციაციის 17-წლიან ნაყოფიერ მოღვაწეობას, მოწონებულია აკადემიკოს ლეო ჩიქავას მიერ და განთავსებულია ასოციაციის "ფეისბუქზე".
მცირე მეწარმეობის ეს უნიკალური 57-გვერდიანი კონცეფცია-პროგრამა მოიცავს შესავალს, 6 თავს 6 ეკონომიკური რეფორმის პროექტით, დასკვნებსა და 64 გამოყენებული ლიტერატურის სიას. ამ პროექტებს შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია ცნობილი ეკონომისტის, აკადემიკოს ლეო ჩიქავას მიერ მოწონებული "მცირე მეწარმეობისა და სახელმწიფოს მიზეზით დაზარალებულთა ზარალის ანაზღაურების ერთიანი კომპლექსური რეფორმების მეგაპროგრამა", რომელიც ჩვენ მიერ მიგნებული და დაპატენტებული საგადასახადო თამასუქების ეკონომიკური ბერკეტების გამოყენებით ახდენს სახელმწიფოს მიზეზით დაზარალებულთა მილიარდობით ლარის ზარალის კაპიტალიზაციასა და ადგილობრივ ინვესტირებას ასობით ახლად გახსნილ მცირე სამრეწველო საწარმოებში. იქ კი 1 დასაქმებული არასამეწარმეო ბიზნესებში ყოველგვარი ინვესტიციების მოზიდვის გარეშე ავტომატურად დამატებით ქმნის 5-6 ახალ სამუშაო ადგილს!
აი, ათასობით ახალი სამუშაო ადგილის ფორსირებულად შემქმნელ ასეთ მართლაც უნიკალურ ეკონომიკურ რეფორმებზე თქვეს უარი "საშუალო ნიჭის" სინდრომით დაავადებულმა ნაციონალებმა და გაიკეთეს პოლიტიკური ხარაკირი. ახლა კი ამასვე აპირებს ქართული ოცნებაც, როცა მეოთხე წელიწადია დღემდე სრულ იგნორირებას უკეთებს ამ მეგაპროგრამას და პარლამენტსა თუ მთავრობაში მისი ერთხელ მაინც მოსმენაც კი ვერ მოხერხდა. როგორც ჩანს, ქართულ ოცნებაშიც მძვინვარებს მაჩადოსეული "საშუალო ნიჭის" სინდრომი.
მხოლოდ ერთხელ, როცა პარლამენტმა დაამტკიცა 2016 წლის ბიუჯეტი, სადაც ჩვენი თხოვნა მცირე მეწარმეობის ერთადერთი კანონის აღსადგენად საჭირო 0,4 მილიონი ლარი მეოთხე წელიწადია კვლავ არ გაითვალისწინეს და ამის შესახებ 2015 წლის 10 ნოემბრის #104 ოფიციალური წერილით ვაცნობეთ აწ უკვე ყოფილ პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, კანცელარიაში, როგორც იქნა, მიგვიწვიეს ჩვენი ასოციაციის 3 დამფუძნებელი. გვქონდა ორსაათიანი საუბარი ერთ-ერთ ახალგაზრდა ეკონომიკურ მრჩეველთან, რომელმაც საოცარი რამ გვითხრა: მრჩეველთა საბჭოს მიაჩნია, რომ ჩვენ მცირე მეწარმეობა არ გვჭირდება და ამიტომ მცირე მეწარმეობის კანონს არ აღვადგენთო. მიზეზად მასპინძელმა ისეთი აბსურდული არგუმენტები დაგვისახელა, რომ მიწვეული სტუმრები, რომლებსაც მცირე მეწარმეობის თემებზე გამოქვეყნებული გვაქვს 700-ზე მეტი პუბლიკაცია და ნაშრომი, გაკვირვებისაგან პირდაღებულები დავრჩით. გამოირკვა ის არასასიამოვნო ფაქტიც, რომ მრჩეველთა საბჭო სრულად ვერ ფლობს სახელმწიფოს მიერ 1,2 მილიარდი ლარის შიდა ვალად აღიარებული 11 სახის დაზარალებულთა ზარალის საჭირო დოკუმენტურ მასალას, რომელიც მეორე დღესვე მივაწოდეთ.
საქართველოს მთავრობას კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ მსოფლიოში დასაქმებულთა 90%-ის დამსაქმებელი მცირე მეწარმეობის კანონის აღდგენას ალტერნატივა არა აქვს, განსაკუთრებით დღეს, როცა ევროპასთან და რუსეთთან სავიზო რეჟიმი, ფაქტობრივად, უქმდება და საქართველოდან მოსახლეობის კატასტროფული გადინების შესაჩერებლად ხალხის დასაქმებას სოციალურ-ეკონომიკურთან ერთად უდიდესი დემოგრაფიული მნიშვნელობაც ენიჭება. მინისტრებს იმ ისტორიულ ფაქტსაც შევახსენებთ, რომ ჩვენს წელთაღრიცხვამდე 21-ე საუკუნეში ბაბილონში მოქმედებდა მეფე ხამურაბის მიერ მცირე მეწარმეებისთვის შემოღებული 300 კანონი. 42 საუკუნის შემდეგ, ჩვენი წელთაღრიცხვით 21-ე საუკუნის საქართველოში კი მცირე მეწარმეობისათვის მოქმედებდა 1999 წელს მიღებული ერთადერთი კანონი და 2006 წელს ისიც გააუქმეს!
იმედი გვაქვს, ხელისუფლება გონს მოეგება, ახლა მაინც გამოხატავს პოლიტიკურ ნებას, გამოგვეხმაურება და ერთობლივად დავიწყებთ ჩვენი კონცეფცია-პროგრამის განხორციელებას. ყოველ შემთხვევაში, ასეთი მოლოდინის რეჟიმში ვიქნებით 2016 წლის 31 იანვრამდე. ამის შემდეგ კი ჩვენი კონცეფცია-პროგრამის ერთობლივად ამოქმედების თაობაზე დავიწყებთ კონსულტაციებსა და შესაბამისი მემორანდუმების გაფორმებას 2016 წლის არჩევნებში მონაწილე ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიასთან (გარდა ნაციონალური მოძრაობისა). აქ ერთი აუცილებელი პირობაა, რომ ამ პოლიტიკური პარტიიდან პარლამენტში შესული დეპუტატი მხარს დაუჭერს ჩვენს კონცეფცია-პროგრამას, რა თქმა ყნდა, იმ შემთხვევაში, თუ ამ პარტიას არ ექნება მცირე მეწარმეობისა და სახელმწიფოს მიზეზით დაზარალებულთა ზარალის ანაზღაურების უკეთესი პროგრამა.
ზ.თ. ეს სტატია უკვე მზად მქონდა, როცა პრემიერ-მინისტრობიდან გადამდგარი ირაკლი ღარიბაშვილი შეცვალა გიორგი კვირიკაშვილმა. ბატონმა გიორგიმ უნდა გაითვალისწინოს, რომ ბატონი ირაკლის გადადგომაში დიდი როლი ითამაშეს მთავრობის კანცელარიისა და პრესცენტრის თანამშრომლებმა, რომლებმაც სრულ საინფორმაციო ვაკუუმში მოაქციეს პრემიერი, როცა მცირე მეწარმეობისა და ზარალის ანაზღაურების პრობლემების მოგვარების თემებზე მიძღვნილი ათეულობით ჩვენი ოფიციალური წერილები და საგაზეთო პუბლიკაციები (განსაკუთრებით გაზეთ "რეზონანსში" დაბეჭდილი უამრავი პუბლიკაცია) დაუმალეს ირაკლი ღარიბაშვილს. სწორედ ამის მიზეზია, რომ ის თანხმდებოდა მრჩეველთა საბჭოს (რომლის შენახვა ქვეყანას ერთი მილიონი ლარი უჯდება!) რჩევას, არ აღედგინა მცირე მეწარმეობის ერთადერთი კანონი, საქართველოში არ აღორძინებულიყო მცირე მეწარმეობა და არ დაწყებულიყო მოსახლეობის მასობრივი დასაქმება!
პრემიერის გადადგომაში კიდევ უფრო დიდი და გადამწყვეტი როლი ითამაშა ფინანსთა სამინისტრომ, რომელმაც მე-4 წელიწადია მცირე მეწარმეობის ერთადერთი კანონის აღდგენისათვის საჭირო 0,4 მილიონი ლარი ჯიუტად არ გამოყო ბიუჯეტში და ეს არ გაუპროტესტებია პარლამენტისა თუ მთავრობის არც ერთ წევრს. გარდა ამისა, ფინანსთა სამინისტრო, როგორც ჩანს, გაბმულია მოსალოდნელ დიდ სკანდალში, როცა სახელმწიფოს მიზეზით დაზარალებულთა ზარალის ანაზღაურების ანგარიშში შიდა ვალად უკვე აღიარებული 1,2 მილიარდი ლარის გასტუმრება ასეულ ათასობით დაზარალებულთა ზურგს უკან მალულად გადაიტანა 2030 წლამდე და ამის შესახებ ერთხელაც კი არ გვაცნობა ჩვენი ოფიციალური წერილების საპასუხოდ გამოგზავნილ პასუხებში.
არადა, პრემიერ-მინისტრის აპარატს ჩვენი წერილებისათვის ყურადღება ერთხელ მაინც რომ მიექცია, ეს 1,2 მილიარდი ლარის ზარალი უკვე იქნებოდა კაპიტალიზებული საგადასახადო თამასუქებად და ჩადებული გარანტირებულ მოგებაზე მომუშავე ასობით ახლადგახსნილი მცირე სამრეწველო საწარმოებში ადგილობრივ ინვესტიციებად. ამის შედეგად რეალურად შეიქმნებოდა ათასობით ახალი სამუშაო ადგილი და დაზარალებულებიც მიიღებდნენ 1,2 მილიარდი ლარის კომპენსაციას. რაც მთავარია, მცირე მეწარმეობისა და ზარალის ანაზღაურების ჩვენი კომპლექსური მეგაპროგრამა უკვე ამოქმედდებოდა დიდი სიჩქარით.
იმედია, ყველაფერ ამას აუცილებლად გაითვალისწინებს ახალი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პირადად გაეცნობა და კონტროლზე აიყვანს 2015 წლის 10 ნოემბრით დათარიღებულ ჩვენს ოფიციალურ #104 წერილს, რომლის თხოვნათა პრაქტიკულ რეალიზაციას 20 წელიწადზე მეტია მოუთმენლად ელოდება უმუშევრობით გაწამებული საქართველოს მოსახლეობა.