პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიურ გამოსვლაზე აღმასრულებელი ხელისუფლების დასწრების საკითხზე გადაწყვეტილებას მთავრობა კონსულტაციის საფუძველზე მიიღებს - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.
მინისტრის თქმით, ასეთი ტიპის გადაწყვეტილებები გუნდურ მიდგომას მოიცავს.
"როგორც წესი, მთავრობა იღებს გადაწყვეტილებას მოლაპარაკებისა და კონსულტაციის საფუძველზე. მე არ ვარ შემსწრე, რომ ეს კონსულტაცია აქამდე ყოფილიყო. ვფიქრობ, რომ საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ასეთი კონსულტაცია უახლოს პერიოდში აუცილებად იქნება და ჩვენ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად მოვიქცევით", - განაცხადა სერგეენკომ.
შეგახსენებთ, რომ საგაზაფხულო სესიის დასაწყისში პარლამენტი პრეზიდენტს მოუსმენს. წელიწადში ერთხელ, პრეზიდენტის პარლამენტის წინაშე გამოსვლას საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს. პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით კი, ეს როგორც წესი, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების პირველ დღეს ხდება. პრეზიდენტის პარლამენტში მოსმენის თარიღს პარლამენტის ბიურო დაადგენს.
როგორ ფიქრობთ, უნდა დაესწროს თუ არა მთავრობა პრეზიდენტის გამოსვლას? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.
თედო დონდუა (ისტორიკოსი) "როგორც არის კონსტიტუცით გაწერილი, ისე უნდა მოხდეს. მე უბრალოდ ის ვერ გავიგე, პრეზიდენტი კონსტიტუციის მიხედვით რას აკეთებს. რამეზე პასუხისმგებელია?
"ამაში ცუდი არაფერია, რომ სახელმწიფოში აღარ არის პირველი პირი. მე ეს მიხარია, მაგრამ თუკი პრეზიდენტი არაფერზე აღარ არის პასუხისმგებელი, მაშინ რისი ანგარიში უნდა მოისმინოს მთავრობამ?
"ადრე იყო პრეზიდენტი, რომელიც იყო დიქტატორი. ახლა არის პრემიერი, რომელიც იცვლება და გვყავს პრეზიდენტი, რომელსაც არავინ არაფერს ეკითხება. პრაქტიკულად ჩვენ ვართ საპარლამენტო რესპუბიკა და ეს ძალიან კარგია. აქედან გამომდინარე, რას უნდა მოუსინოს მთარობამ? ერთი სიტყვა აქვს, პრაქტიკულად ყველა გამოსვლაში ერთი და იგივეს ატრიალებს, ამას რატომ უნდა დაესწრონ?
"როგორც კანონში წერია, ისე უნდა მოიქცნენ. ეს მთავრობის გადასაწყვეტია. მე რომ ვიყო მთავრობის წევრი, არ დავესწრებოდი."
ქეთი ბექაური (იურისტი): "პრეზიდენტის გამოსვლა, მე ვფიქრობ, მნიშვნელოვანი იქნება. პრეზიდენტი და მთავრობა განუყოფელია, ამიტომ მთავრობა სასურველია, რომ დაესწროს და ალბათ დაესწრებიან კიდეც."
იგორ კვესელავა (პოლიტოლოგი): "მთავრობა პრეზიდენტის ყოველწლიურ გამოსვლას არ დასწრებია ერთხელ, ორჯერ და მე ვფიქრობ, ეს უკვე თითოეული მინისტრის გადასაწყვეტია იმიტომ, რომ უშუალოდ მინისტრი არ ექვემდებარება პრეზიდენტს. პრეზიდენტი არ არის აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური. ასე რომ, მე ვფიქრობ, თუ იმ პერიოდისათვის მინისტრები არ იქნებიან დაკავებული, შეიძლება დაესწრონ კიდეც.
"მინისტრების მისვლა შესაძლებელია, მაგრამ არა სავალდებულო. პრეზიდენტის გამოსვლა ალბათ იქნება ისეთი, როგორიც იყო შარშან, შარშანწინ - ზოგადი გამოსვლა და ამით დამთავრდება ყველაფერი.
"პრეზიდენტის უფლებამოსილება იმდენად შეზღუდულია, რომ მისი გამოსვლა ვეღარ იქნება მომართული საქმის გაუმჯობესებისკენ. ეს იქნება გამოსვლა გამოსვლისთვის."
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე