სალომე სარიშვილი
18.01.2016

უახლოეს პერიოდში თბილისის მიკროავტობუსებში შესაძლოა, მხოლოდ ერთი რადიოს მოსმენა იყოს დაშვებული. ეს გახლავთ რეჟისორ გოგა ხაინდრავას რადიო "თანამგზავრი" (შპს "მომხმარებელთა საყურადღებოდ"). ხელშეკრულება გაფორმებულია კომპანია "თბილისის მიკროავტობუსთან" და უშუალოდ მიკროავტობუსების მძღოლებთან. ხელშეკრულების მიხედვით კი, მიკროავტობუსებში მხოლოდ ერთი რადიო ტალღა, "თანამგზავრი" იქნება ჩართული.

"ექსკლუზიური კონტრაქტი კომპანია "თბილისის მიკროავტობუსთან" მაქვს გაფორმებული, რომლის შედეგად ჩვენს რადიოსადგურს გარანტირებული მსმენელი ეყოლება. დამერწმუნება ნებისმიერი ადამიანი, რომ მუსიკალური პროგრამების მდარე ხარისხის თვალსაზრისით რთული მდგომარეობაა. აქ აღარ არის საუბარი გემოვნებაზე. აქ საუბარია პაპსაზე, ლილოს ბაზრობის დონის მუსიკალური პროგრამებით არის გაჯერებული პროგრამები.

"მე ზუსტად ვიცი, ვინ რას უსმენს. ისიც ზუსტად ვიცი, რა დროს რას უსმენენ. ყველა კონკრეტულ მძღოლთან გვარით, სახელით, პასპორტის ნომრით, ხელმოწერებით არის ხელშეკრულებები დადებული. ხელშეკრულების პირობების თანახმად მიკროავტობუსების მძღოლები ვალდებულნი არიან, ჩართონ რადიო "თანამგზავრი", - აღნიშნა ხაინდრავამ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სხდომაზე.

კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში კი აცხადებენ, რომ გოგა ხაინდრავას კომპანიამ "მომხმარებელთა საყურადღებოდ" მხოლოდ რადიომაუწყებლობის ლიცენზია მიიღო.

როგორც კომისიის პრესმდივანმა ხატია ყურაშვილმა განაცხადა, კომისიამ რადიომაუწყებლობის ლიცენზიების გასაცემად კონკურსი არა მარტო თბილისში, არამედ რეგიონებშიც გამოაცხადა. რეგიონებში კონკურსზე თითო-თითო განმცხადებელი იყო წარმოდგენილი, ხოლო თბილისში სამი, კერძოდ, შპს "მომავლის რეკლამა", ხაინდრავას კომპანია შპს "მომხმარებელთა საყურადღებოდ" და შპს "ტვ სტილი", რომელთაგან "მომავლის რეკლამამ" დოკუმენტაცია უკან გაითხოვა.

მისაღებია თუ არა მიკორავტობუსებში ერთის გარდა სხვა რადიოს მოსმენის აკრძალვა? - ამ კითხვით საზოგადოების წარმომადგენლებს მივმართეთ.

 ვახტანგ ძაბირაძე (კონსტიტუციონალისტი): "გულწრფელად გითხრათ, ამ თემაზე შეფასების გაკეთება გამიჭირდება, რადგან მოქმედებს თუ არა ამ კუთხით რაიმე მონოპოლიაზე კანონი, ნამდვილად ვერ გეტყვით.

ზოგადად, რა თქმა უნდა, უმჯობესი იქნება, თუ ადამიანს თავისუფალი არჩევანის საშუალება ექნება, თუმცა, ამ შემთხვევევაში საკითხავია, ირღვევა თუ არა ამ გადაწყვეტილებით კანონი. თუ ასე არაა, მაშინ სამართლებრივად პრობლემა არ გვქონია. თუმცა საბოლოო ჯამში, სჯობს, ყველა მიკროავტობუსის მძღოლს დავუტოვოთ არჩევანის საშუალება."

 დიმა ჯაიანი (მსახიობი): "ამ საკითხის პროცედურულ ნაწილში ვერ ვერკვევი, რადგან საკმარისი ინფორმაცია არ მაქვს. თუმცა, თუკი ხაინდრავამ მისი რადიოს მაუწყებლობის შესახებ ლიცენზია კონკურსის თანახმად მიიღო, მაშინ პრობლემა რატომ უნდა იყოს?!

"ვფიქრობ, აქ დარღვევასთან ნაკლებად გვაქვს საქმე, რადგან არ მგონია, რომ წინასწარ ყოფილიყო გაწერილი, ვისი რადიო დაიწყებდა მაუწყებლობას თბილისის მიკროავტობუსებში. ხოლო თუკი ყველაფერი დარღვევით ჩატარდა, მაშინ ეს ძალიან ცუდია."

 გიორგი შენგელაია (კინორეჟისორი): "რა გითხრათ, ალბათ რაიმე კომერციული გარიგების ამბავია, თუმცა, არ გამოვრიცხავ, რომ შემთხვევითობა იყოს. ამ საკითხში ნაკლებად ვერკვევი, ამიტომ არ ვიცი, ეს რამდენად კარგი ან ცუდია.

"ზოგადად, მონოპოლია არ არის კარგი, მაგრამ რატომ გაკეთდა - ეს კიდევ ცალკე თემაა, რომელზეც ჩემი, როგორც საკითხში ნაკლებად ჩახედული ადამიანის მხრიდან, შეფასება მართებული არ იქნება."

 

 მიხეილ ღანიშაშვილი (პოეტი): "როგორ შეიძლება ნორმალურ ადამიანს ეს მისაღებად მიაჩნდეს?! ან შეიძლება კი ასეთი უკონკურენტო გარემოს შექმნა?! აქ მნიშვნელობა იმას კი არ აქვს, გოგა ხაინდრავას რადიო იქნება დომინანტი თუ ვინმე სხვისი, არამედ იმას, რომ სხვა არჩევანის საშუალებას მსმენელს არ უტოვებენ.

"საზოგადოებრივ ტრანსპორტში ბევრი ადამიანი მგზავრობს, ყველას აქვს არჩევანის უფლება, ისევე როგორც მძღოლს აქვს უფლება, მოუსმინოს იმას, რაც მას თავად სურს. ვფიქრობ, მაუწყებლობაზე შეზღუდვის დაწესება ნორმალური არ არის და არც ისაა მართებული, ყველა მიკროავტობუსში ერთი ტალღა ჟღერდეს."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×