საცობებისგან განტვირთვის მიზნით, სააკაძის მოედანზე შესაძლოა, შუქნიშნები დამონტაჟდეს, ხოლო პეკინისა და კოსტავას ქუჩებზე მოკლე გვირაბი მოეწყოს. აღნიშნულ ვარიანტებს საბურთალოს რაიონში საცობების პრობლემის მოსაგვარებლად თბილისის მერიას გერმანული საკონსულტაციო კომპანია სთავაზობს.
როგორც ქართველი ექსპერტების ნაწილი აღნიშნავს, შეთავაზებული ვარიანტები საცობებს არა თუ განმუხტავს, არამედ მოძრაობის სრულ შეზღუდვას გამოიწვევს. მათი თქმით, დედაქალაქის მერს საცობების განმუხტვის მთავარი გეგმა არაერთხელ შესთავაზეს, თუმცა მის სისრულეში მოსაყვანად არაფერი კეთდება.
ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელი დავით მესხიშვილი "მთელ კვირასთან" საუბრისას, აღნიშნავს, რომ საცობების მთავარი პრობლემა არა შუქნიშნებში, არამედ არასწორ პარკირებაში მდგომარეობს.
"დავიწყებ იმით, რომ ჩვენ გვახსოვს დედაქალაქის მერის გადაწყვეტილება, როდესაც მან მოიწვია ირლანდიელი, კერძოდ კი დუბლინელი ექსპერტები, ამის შემდეგ მოიწვია გერმანელები. დუბლინელი ექსპერტების შემთხვევაში მინდა გითხრათ, რომ დუბლინი მთელს ევროპაში ოფიციალურად ჩაწერილი საცობების ინდექსით ათიათასობით ქალაქს შორის, მესამე ადგილზეა. ამის მერე, ვისაც გონება უჭრის, თავში აზრად არ მოუვა, რომ მოიწვიოს ადამიანი იმ ქალაქიდან, რომელიც ამ პრობლემას თავად ვერ აგვარებს.
"რაც შეეხება გერმანელ ექსპერტებს, ეს საკითხი ასე მინდა დავაყენო - თბილისის მერიის რიგითმა თანამშრობლებმა იმ შენობიდან რომ გადმოიხედონ, რომელშიც თავად მუშაობენ და დახედონ სააკაძის მოედანს, დაინახავენ მთავარი პრობლემას. ეს მთავარი პრობლემა არის პარკირება. არ შეიძლება შუა მოედანზე პარკირება, რითაც ძირითადად მერიის თანამშრობლები სარგებლობენ. მაგრამ საქმე ისაა, რომ, არასამთავრობო ორგანიზაციები რასაც ვამუშავებთ და განსახორციელებლად მერიას ვთავაზობთ, არ ესმით", - აცხადებს "მთელ კვირასთან" დავით მესხიშვილი, რომელიც თვლის, რომ სააკაძის მოედანზე შუქნიშნების დამატება კიდევ უფრო მეტ პრობლემას შექმნის.
"იგივე სააკაძის მოედანზე, რომ ვისაუბროთ, პირველ რიგში უნდა გადაიტანონ პარკირება. შუქნიშანი კი არ უნდა დაემატოს, არამედ უნდა აიღონ. შუქნიშნების დამატება არის კატასტროფა და არაკომპეტენტურობა.
"რადგან გერმანელი ქვია, არ ნიშნავს, რომ მან ყველაფერი იცის. შესაძლოა გერმანიაში არსებობდნენ კომპეტენტური ორგანიზაციები და ადამიანები, მაგრამ საცობების განმუხტვას მსოფლიოს მაშტაბით არსად არ ებრძვიან შუქნიშნების დამატებით. სააკაძის მოედანზე შუქნიშნის დამატება ნიშნავს, რომ ჩვენ ვქმნით დამატებით პრობლემას გადაადგილებაზე.
"ჩვენი რეკომენდაცია მერიასთან იყო, რომ შეიქმნას ორდონიანი მოძრაობა, ესტაკადა. მარტივად რომ წარმოვიდგინოთ, შარტავადან მოდის ნაკადი, მოდის საბურთალოს ქუჩიდან და ესენი კვეთენ ერთმანეთს - აი, აქ უნდა გაკეთდეს ორდონიანი მოძრაობა, რომ ეს ნაკადები ერთმანეთს არ კვეთდნენ. სინამდვილეში სააკაძეზე სწორედ ეს ორდონიანი მოძრაობაა გასაკეთებელი და სიახლოვეს ყველა შუქნიშანი უნდა ავიღოთ, რომ ნაკადები უწყვეტად მოძრაობდნენ.
"ჩვენ ეს მერიას ადრეც შევთავაზეთ, მაგრამ საქმე ისაა, რომ ესტაკადის გაკეთება შედარებით ძვირი ჯება, ხოლო შუქნიშნების დადგმა - იაფი. გერმანელმა ექსპერტმა, რომელიც ჩამოდის და საქართველოში ერთი დღით აკვირდება რაღაცას, მან ჩვენზე კარგად, ვინც ათეულობით წლებია ვაკვირდებით ამ პრობლემას, ნამდვილად არ იცის გამოსავალი. სააკაძეზე შუქნიშნის დადგმა გამოიწვევს მოძრაობის კოლაფსს", - ამბობს დავით მესხიშვილი.
გერმანელი ექსპერტების რეკომენდაციაზე, რომლის მიხედვითად პეკინისა და კოსტავას ქუჩებზე მოკლე გვირაბი უნდა მოეწყოს, დავით მესხიშვილი ამბობს, რომ ჯერ მთავარი პრობლემებია მოსაგვარებლი და მხოლოდ ამის მერე შეიძლება გვირაბისა თუ ხიდების განხილვა.
"რაც შეეხება პეკინზე მოკლე თუ გრძელ გვირაბს, ქალაქის მერიის მთავარი პრობლემა ისაა, რომ ყველაფერს უყურებს ლოკალურად - საცობია. რა გავაკთოთ? - უნდა დავდგათ შუქნიშანი, ან გავთხაროთ გვირაბი და ა.შ.
"სინამდვილეში არსებობს ქალაქის მოწყობის სტრატეგია, რაც გულისხმობს, სად უნდა იყოს გვირაბი თუ შუქნიშანი. მე არ ვიცნობ არცერთ ორგანიზაციას, რომელიც ემხრობა გერმანელი ექსპერტების მოსაზრებებს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ჩვენ შესწავლილი გვაქვს ნაკადები. წუთში რამდენი მანქანა გადის, ისიც კი გამოთვლილი გვავქვს.
"ჩვენი, ყველა არასამთავრობო ორგანიზაციის აზრი მდგობარეობს იმაში, რომ შემოვლითი რკინიგზის პროექტი განტვირთავს მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებს 37%ით, რაც ნიშნავს იმას, რომ ქალაქი განიტვირთება. უნდა გაკეთდეს ალტერნატიული მაგისტრალები, რომელიც ქალაქის მერმა დავით ნარმანიამ პირდაპირი გაგებით, "დააკონსერვა".
"მხოლოდ შემოვლითი რკინიგზის პროექტი, სადაც უნდა გაკეთებულიყო მაგისტრალი, განტვირთავდა მოძრაობას ტრანზიტული გადაადგილებისას. მაგალითად, როდესაც ვიღაც გლდანიდან ვარკეთილში მიდის, ის არ გამოიყენებს არცერთ სანაპიროს და შევა ამ მაგისტრალზე.
"საცობების განმუხტვის მთავარი პროექტი არის "დაკონსერვებული" და რაც შეეხება გვირაბებს, ხიდებს, და ა.შ., ეს ყველაფერი მხოლოდ ამის მერე უნდა განვიხილოთ", - ამბობს დავით მესხიშვილი "მთელ კვირასთან" საუბრისას.
მისი თქმით, თბილისის მერიის ბიუჯეტში სატრანსპორტო პოლიტიკის შექმნაზე 4 მილიონი ლარია გათვალისწინებული, რაც შეიძლებოდა, რომ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გამოყენებულიყო.
"არ არის საჭირო ამ თანხის გადაყრა უცხოელ ექსპერტებზე. მნიშვნელოვანია, რომ თბილისი მერიამ მოუსმინოს არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც სრულიად უფასოდ ვთავაზობთ იმ პროექტებს, რომელიც განმუხტავს საცობებს", - ამბობს დავით მესხიშვილი, რომელიც ქალაქის საცობებისგან განმუხტვის მთავარ გეგმას შემდეგნაირად წარმოგვიდგენს:
"სააკაძის მოედანზე უნდა განხრციელდეს ორდონიანი ესტაკადა; უნდა დასრულდეს შემოვლითი რკინიგზის პროექტი; დასუფთავების სამსახურის მანქანები უნდა მუშაობდეს ღამე; დისტრიბუცის მანქანები, ასვეე სპეც ტექნიკა არ უნდა მუშაობდეს პიკი საათებში; საპატრულო პოლიცია უნდა გადამზადდეს საერთაშორის ექსპერტების მიერ, რომ მათ შეძლონ საგზაო მოძრაობის დარეგულირება ისე, როგორც ეს ხდება ევროპულ ქვეყნებში და მივადექით ყველაზე მთავარს - მთელმა მსოფლიომ საცობების პრობლემა საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებით დაამარცხა, მაგალითად ბელგიამ.
"ჩვენ მოვითხოთ, რომ განვითარდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. საქართველოში ჩატარებულია კვლევა, რის მიხედვითაც, მოქალაქეების 72% თანხით, რომელსაც აგროვებს, ყიდულობს ავტომობილს. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ჩვენი მოსახლეობა კეთილდღეობაში ცხოვრობს, არამედ იმას, რომ ჩვენ არ გვაქვს სატრანსპორტო პოლიტიკის განვითარების ხედვაც კი.
"იგივე ბელგიამ მუნიციპალიტეტის, კომპანიების თანამშრომლები წაახალისა საზოგადოებრივ ტრანსპორტზე და შესთავაზა კომფორტული სრულაფასოვანი მგზავრობა. შემოიყვანა ახალი სატრანსპორტო საშუალებები, რის შედეგადაც ყველამ გააჩერა ავტომობილი. ამ დროს ჩვენ რას ვაკეთებთ? - განბაჟებას ვაძირებთ, ვკრძალავთ მარჯვენა საჭიან ავტომობილებს და ამ დროს არ გვაქვს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. საცობების განმუხტვის მთავარი ალტერნატივა არის საზოგადოებირივი ტრანსპორტი, რომელიც ჩვენ დღეს საერთდ არ გვაქვს", - აცხადებს დავით მესხიშვილი "მთელ კვირასთან" საუბრისას.
არქიტექტორ-ურბანისტი ლადო ვარდოსანიძე მიიჩნევს, რომ საქმისადმი სისტემური მიდგომა საჭირო და საქმეში ქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლების კონკურსში გამარჯვებული ჯგუფის ჩართვის აუცილებლობას ხედავს.
"ფრაგმენტულად ქალაქის მოძრაობის მოწესრიგება შეუძლებელია, სისტემურ ხედვაა აუცილებელი და საჭირო. ეს ერთი და მე მეორე უფრო მეტად მაწუხებს, რომ არ დაგიმალოთ - თქვენ იცით, რომ დღეს მიმდინარეობს თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლების სამუშაოები. ჩატარდა კონკურსი, მოიგო ჯგუფმა, სამწუხაროდ, ეს ჯგუფი რომ იტყვიან პოსტ ფაქტუმ არის ჩაყენებული ამ ახალი იდეების საქმეში. ეს უნდა მიმდინარეობდეს ამ ჯგუფის არა თუ ეგიდით, არამედ ისინი უნდა ხელმძღვანელობდნენ მთელ ამ სამუშაოებს.
"ქალაქის მერია ერთის მხრივ აცხადებს ამ ძირადღირებულ კონკურსს და იმარჯვებს ჯგუფი, მეორეს მხრივ კიდევ იწვევს ექსპერტებს და ა.შ. თვითონ ამ ჯგუფაც ჰყავს ექსპერტები გერმანიაში, ვინც ტრანსპორტის მიმართულებით მუშაობენ. ასე რომ, კოორდინაციას ისევ ვერ ვახდენთ, სამწუხაროდ", - აცხადებს ლადო ვარდოსანიძე, რომელიც მიიჩნევს, რომ ლოკალურად შეიძლება რაღაცები გადაწყდეს, მაგრამ საბოლოოდ ეს ვერ გადაწყვეტს ქალაქის მოძრაობის პრობლემატიკას.
"საჭიროა კოორდინებული მუშაობა, ხედვა უნდა იყოს კომპლექსური და არა მხოლოდ შუქნიშნები. შუქნიშნები არის მხოლოდ ადმინისტრირება, ერთ-ერთი მიმართულება სატრანსპორტო სისტემის ურბანული განვითარების. შეიძლება იყოს გარკვეული სატრანსპორტო კვანძების მშენებლობაც და აუცილებელია მუშაობა ჩვენს მოსახლეობასთან, ეს სოციალურ-კულტურული ამოცანაა, რომელიც დგას ქალაქის წინაშე. სანამ ასეთი ერთიანი ხედვა არ იქნება ჩამოყალიბებული ჩვენ ვერაფერს მივაღწევთ.
"მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ფარგებში უნდა შედგეს და შედგლება კიდეც კომპლექსური სატრანსპორტო სქემა და გადაწყდება ეს საკითხები. გარდა ამისა, თუ ასეთ კონკრეტიკაზე მიდგა საქმე, მე თუ მკითხავთ, რეკონსტრუქცია სასტუმრო "ჰოლიდეი ინის" წინ უფრო მასშტაბური უნდა მოხდეს, უნდა ავითვისოთ მიწისქვეშა სივრცეები, რა თქმა უნდა, მეტროს ხაზის გათვალისწინებით.
"რელიეფი ამის საშუალებას იძლევა, იქ სწორედ მიწისქვეშა ურბანისტიკა უნდა განვითარდეს, მაგრამ ესეც ცალკე ამოგლეჯილი აზრია. არ შეიძლება კოორდინაციისა და ერთიანი ხედვის გარეშე სატრანსპორტო საქმეების გადაწყვეტა და ამ პოზიციას უნდა იზიარებდეს ქალაქის ხელმძღვანელობა", - აცხადებს ლადო ვარდოსანიძე "მთელ კვრასთან" საუბრისას.