"კომპანიების მიერ შემუშავებულ თავხედურ სქემას უამრავი დაზარალებული ჰყავს, მათ შორის პენსიონერები"
მარიკა გოგოხია
26.01.2016

 კოსმეტიკურ კომპანიებთან დადებულ ხელშეკრულებები აუცილებლად უნდა გადაიხედოს. მათ მიერ დაგებულ მახეში ყოველდღიურად უამრავი ადამიანი ებმება. ამ სქემაში მონაწილეობენ ბანკებიც, რადგან სწორედ მათ მიერ დამტკიცებული განვადების გამოისობით მოქალაქეები ათასობით ლარს იღებენ ვალად. მათ შორის არიან გადახდისუუნარონიც, რადგან მოტყუებულ ადამიანებს შორის ბევრი ასაკით პენსიონერია.

პრობლემის მასშტაბურობიდან გამომდინარე, "რეზონანსს" ხელმეორედ უწევს ამ თემაზე მუშაობა. ერთი თვის წინათ ზუსტად ამ საკითხზე ვწერდით, რის შემდეგაც ათობით დაზარალებულმა მოქალაქემ მოგვმართა. მათი უმეტესობა სწორედ პენსიონერია. ზოგიერთი მათგანის ერთადერთი შემოსავალი საპენსიო თანხაა, რის ნაწილსაც "იძულებით" აღებული კოსმეტიკის საფასურად იხდიან, თანაც, როგორც ამბობენ, მათთვის გამოუსადეგარ პარფიუმერულ პროდუქციაში.

მომხმარებელთა უფლებადამცველების ინფორმაციით, გარდა იმისა, რომ საეჭვოა კოსმეტიკური პროდუქციის შემომტან კომპანიებთან დადებული ხელშეკრულებები, შესასწავლია კოსმეტიკური ნაწარმის შემცველობა და მისი რეალური ღირებულებაც.

კომპანია "ეტიკის" ხელმძღვანელი ამირან შენგელია ამბობს, რომ მომხმარებლებს განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ, რადგან შეიძლება კოსმეტიკური კომპანიების სქემაში გაეხვიონ. მისი ინფორმაციით, ბოლო დღეების განმავლობაში იურიდიული დახმარება უამრავმა ადამიანმა ითხოვა, თუმცა, დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ეს თითქმის შეუძლებელია. დაზარალებულებს საკუთარი უფლებების დაცვა სასამართლოს გზით მოუწევთ.

"თბილისში კოსმეტიკური კომპანიების თავხედურ სქემას ასობით დაზარალებული ჰყავს. პრობლემა იმდენად მასშტაბურია, რომ მედიის მხრიდან განსაკუთრებული ყურადღებას ითხოვს. აუცილებელია, მოქალაქეებს მიეწოდოს ინფორმაცია რიგი კოსმეტიკური კომპანიების "საქმიანობაზე", რომ არ გაებან მახეში. მდგომარეობა საგანგაშოა იმ მხრივაც, რომ ბევრი პენსიონერი დაზარალდა. მათ მითხრეს, რომ ხელშეკრულების გაფორმებამდე ფსიქოლოგიურ წნეხში მოექცნენ და ეს ნამდვილად ასეა. სხვა შემთხვევაში წარმოუდგენელია, გაჭირვებული ადამიანმა, რომელსაც პენსიის თანხა წამლის ფულადაც არ ყოფნის, 3000 ლარის კოსმეტიკის ყიდვას დათანხმდეს.

საეჭვოა თვითონ პროდუქციის ფასიც. პირადად მე არ მჯერა, რომ ეს კოსმეტიკა რეალურად ათასობით ლარი ღირს. ადამიანებს თვალს უხვევენ და ასეთი ფაქტით ყველა შესაბამისი სტრუქტურა უნდა დაინტერესდეს. საფუძვლიანად შესასწავლი პრობლემაა, რომლის მიმართ გულგრილობა დანაშაულის ტოლფასია", - აცხადებს ამირან შენგელია.

უფლებადამცველი დაზარალებულებს ურჩევს, გაერთიანდნენ და ერთობლივად მიმართონ სასამართლოს, რომ კოსმეტიკურ ფირმებთან და ბანკებთან დადებული ხელშეკრულებები ბათილად იქნეს ცნობილი.

"სხვის მოტყუებაზე აგებული ბიზნესია, როცა 70 წლის ადამიანს აიძულებ, კოსმეტიკაში ათასობით ლარი დახარჯოს. გულწრფელად მეცოდება და განვიცდი ამ ხალხის მდგომარეობას. ჩემთან ბევრი მათგანი მოვიდა, ზოგიც ისეთი, რომელსაც პენსიის გარდა, სხვა შემოსავალი არ აქვს.

ბანკებს ვურჩევ არ გახდნენ უკანონობის თანამონაწილე და ნუ დაუმტკიცებენ განვადებას გაჭირვებულებს. სწორედ იმავე ადამიანებთან ტექნიკის შეძენის თუ სხვა სახის განვადების დამტკიცებისას ბანკებს საკმაოდ მკაცრი პირობები აქვთ და ამ შემთხვევაშიც, არსებული სტანდარტით იმოქმედონ", - აცხადებს შენგელია.

68 წლის ქალბატონმა გულიკომ წინა კვირას მოგვმართა. ის ამბობს, წინასაახალწლოდ "დეშელის" 1500-ლარიანი კოსმეტიკა შეიძინა, რომლის გადახდის საშუალებაც პენსიონერს არ აქვს. გარდა ამისა, როგორც თავად ამბობს, აღნიშნული კოსმეტიკის მოხმარების შემდეგ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, დაეწყო შეშუპება, რის გამოც მისი მოხმარება შეწყვიტა.

"კომპანია "დეშელის" წარმომადგენლებს რამდენჯერმე მივმართე და ჩემი მდგომარეობის გამო შევჩივლე. ვთხოვ, დაიბრუნონ კოსმეტიკა და აღებული სესხი ჩამომაწერონ, რაზეც კატეგორიული უარი მითხრეს. იმის მაგიერ პრობლემა გულთან მიეტანათ და ადამიანური თანაგრძნობა გამოეჩინათ, ფირმის ალერგოლოგთან კონსულტაციის გაწევა შემომთავაზეს. სხვას არაფერს ვითხოვ - ჩამომაწერონ ვალი, რომელიც იძულებით, ფსიქოლოგიური ზეწოლით ამაღებინეს.

ჩემი პენსიიდან 62 ლარი ვალს უნდა მოხმარდეს, რაც ჩემს მატერიალურ მდგომარეობას გააუარესებს. ისედაც რთული ცხოვრება მაქვს. მიშველეთ რამე, არ ვიცი, რა გზას მივმართო", - ამბობს ქალბატონი გულიკო.

ანალოგიური პრობლემა აქვს ქალბატონ ლიასაც, რომელსაც კოსმეტიკურ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულება 3000 ლარის გადახდას აიძულებს.

"სესხი აგვისტოში დამიმტკიცდა. მანამდე ბანკმა, რომელთანაც ახალი ვალდებულება მაქვს, მხოლოდ გარკვეული საბუთების წარდგენის შემდეგ დამიმტკიცა განვადება ტელევიზორზე, რომელსაც პარალელურად ვიხდი. მაინტერესებს, თუ ჩემი მხრიდან 300 ლარის გადახდა საკმაოდ მკაცრი პროცედურის გავლით მოხდა, რატომ დამიმტკიცა უსიტყვოდ 3000-ლარიანი განვადება?

უკიდურესად მიჭირს ამ თანხის გადახდა. ამ მოულოდნელმა ხარჯმა ჩემი და ჩემი ოჯახის მდგომარეობა მკვეთრად გააუარესა. სხვადასხვა სტრუქტურებს მივმართე დასახმარებლად, მაგრამ ვერაფერი გავაწყვე. არ ვიცი, სანამდე მეყოფა ძალა, რომ ამ ტვირთს გავუძლო. პრობლემაა ისიც, რომ შეძენილი კოსმეტიკის გამოყენებასაც ვერ ვახერხებ, რადგან ალერგია მომცა და ოჯახის ექიმის რჩევით, მისი გამოყენება შევწყვიტე", ! ამბობს ქალბატონი ლია.

ამჯერად ჩვენი ყურადღება ორ კონკრეტულ ფაქტზე შევაჩერეთ. თუმცა, მათი რაოდენობა რეალურად ძალიან დიდია. ისინი მათთვის გამოუსადეგარ კოსმეტიკაში იხდიან თანხას, რომელსაც წესით, წამლის ან საკვების შესაძენად უნდა ხარჯავდნენ.

პრობლემა არ ეხება მხოლოდ პენსიონრებს. კოსმეტიკური კომპანიების სქემაში გაბმულნი არიან სხვადასხვა ასაკის და სპეციალობის ადამიანებიც, რომელთა გასაჭირის ამსახველ ამბებს სოციალურ ქსელებშიც მრავლად შეხვდებით. ყველა ისტორია თითქმის ერთმანეთს ჰგავს...

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×