"ჩვენი მიზანია, რომ ამ სფეროში არსებული ქაოსი მოწესრიგდეს"
მარი ჩიტაია
29.01.2016

 ტაქსის მძღოლებს რეგულაცია დაუწესდებათ. თბილისის მერიაში ამ მიმართულებით ცვლილებებს იხილავენ და სატაქსო კომპანიებთან შეხვედრა გამართეს. სპეციალისტების შეფასებით, ახალი რეგულაციის შემოღება უსაფრთხოების თვალსაზრისით, აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილებაა.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რას აპირებს ტრანსპორტის საქალაქო სამსახური ამ მიმართულებით და როდიდან უნდა ველოდოთ ცვლილებებს, რომელთანაც შეგუებაც ტაქსისტების დიდი უმრავლესობისთვის, შესაძლოა, რთული აღმოჩნდეს.

თბილისში ამჟამად, დაახლოებით, 40 000 ტაქსი მოძრაობს. მათი ოდენობა დაზუსტებული არ არის. ასევე არ არსებობს ინფორმაცია მძღოლების შესახებ, რაც უსაფრთხოების თვალსაზრისით გარკვეულ პრობლემას ქმნის.

კერძო სატრანსპორტო საშუალებით მგზავრების გადაყვანის საკითხს საქართველოში დღეს მოქმედი კანონმდებლობა არ არეგულირებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ საქმიანობის დასაწყებად ადამიანს საჭიროა ჰქონდეს მხოლოდ საკუთარი ან ნაქირავები მანქანა და ტაქსის ტრაფარეტი. არ არსებობს რეგულაცია არც იმის შესახებ თუ რა ტექნიკურ სტანდარტს უნდა აკმაყოფილებდეს ავტომანქანა იმისთვის, რომ მან მგზავრების გადაყვანა შეძლოს.

თბილისის მერიაში შეხვედრას ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე, მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი გურგენიძე, ასევე საკრებულოს დეპუტატები და აღნიშნული სფეროს სპეციალისტებიც ესწრებოდნენ.

როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ტაქსის მომსახურების სფეროში არსებულ ვითარებასა და პრობლემებს. თბილისის მერიის წარმომადგენლებმა კომპანიების წარმომადგენლებს თავიანთი წინადადებები გააცნეს და მათი მოსაზრებები მოისმინეს.

"ყველანი ვთანხმდებით, რომ მდგომარეობა არ არის სახარბიელო. ეს სფერო მოსაწესრიგებელია, მაგალითად, უსაფრთხოების მიმართულებით. გვინდა შევიმუშავოთ ისეთი სქემა, რომელიც მინიმალური ჩარევით, ეტაპობრივად, გარკვეულ რეგულაციაში მოაქცევს ამ საკითხს", - განაცხადა ვიცე-მერმა ლაშა აბაშიძემ.

შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ ტაქსის მძღოლებისათვის აღნიშნული საქმიანობა ხშირად შემოსავლის მთავარ წყაროს წარმოადგენს და შესაბამისად, საკითხის გარკვეულ რეგულაციაში მოქცევისას, მათი ინტერესები მაქსიმალურად უნდა იქნას გათვალისწინებული.

თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, შეიქმნება ჯგუფი და მომზადდება სამუშაო დოკუმენტი, რომელიც მოაწესრიგებს აღნიშნულ საკითხს.

"ძირითადი პრობლემა არის ის, რომ არ არსებობს ინფორმაცია, თუ როგორი ტიპის მანქანები მოძრაობს, ვინ არიან მძღოლები და როგორია მათი მდგომარეობა. შესაბამისად, განვიხილეთ მექანიზმები, თუ როგორ შეიძლება აღრიცხვიანობისა და რეგისტრაციის პროცედურის განხორციელება ისე, რომ ეს არ იყოს დაკავშირებული რამე დანახარჯთან და არ დაზარალდეს არც ერთი მხარე. ჩვენი მიზანია, რომ ამ სფეროში არსებული ქაოსი მოწესრიგდეს და უსაფრთხოების ნაწილი იყოს პრიორიტეტული", - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

ტრანსპორტის მომსახურების სფეროს მოწესრიგებას აუცილებლად მიიჩნევს საკრებულოს წევრი შალვა ოგბაიძე. მისი თქმით, ამ საკითხის მოგვარება იყო ერთ-ერთი ის პირობა, რომლის შესრულებასაც თბილისის მერია მოქალაქეებს დაჰპირდა.

ოგბაიძის თქმით, მთავარი გამოწვევა არის ის, რომ ერთ მხარეს არიან მოქალაქეები, რომლებსაც გადახდილი თანხის სანაცვლოდ მეტ-ნაკლებად ხარისხიანი მომსახურების მიღება სურთ, როგორც უსაფრთხოების, ასევე კომფორტის თვალსაზრისით.

მეორე მხარეს კი არიან ამ სფეროში დასაქმებული ადამიანები, რომელთა ინტერესია, ოჯახი შეინახონ. "ამ ორი საკითხის ერთმანეთთან შეჯერება წარმოადგენს ხელოვნებას, რომელიც მოეთხოვება თბილისის მერიას", - ამბობს ოგბაიძე.

მისი აზრით, ამ საკითხის გადაწყვეტა უნდა მოხდეს არა პირდაპირ ლიცენზირების, არამედ ტრანსორტით მომსახურების სფეროს მოწესრიგების გზით. პირველ რიგში კი, უნდა განისაზღვროს ის მინიმალური მოთხოვნები, რასაც თბილისის ტაქსი უნდა აკმაყოფილებდეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×