სამომხმარებლო ბაზარზე იმპორტული ხილ-ბოსტნეულის სიჭარბეა. ქართული პროდუქტი დახლებიდან იმაზე ადრე გაქრა, ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო. აგრარული სექტორის წარმომადგენლები მიზეზად ექსპორტის ზრდას მიიჩნევენ, განსაკუთრებით რუსეთის მიმართულებით, რაც თურქეთის მიმართ დაწესებულ ემბარგოს უკავშირდება.
ამასთან, ხარისხისა და ფასის პრობლემაა, რადგან ხარისხიანი ხილი 2-3 ლარზე იაფად არ იყიდება. რაც შეეხება ბოსტნეულს, ყველაზე იაფი აგრარულ ბაზარში კომბოსტოა, რომელიც 40-50 თეთრის ფარგლებში იყიდება, ხოლო 1 კგ სტაფილო 1,50 ლარი ღირს. ქართულ სტაფილოს, უცხოურისგან, უმეტესწილად, ტალახი გამოარჩევს. ეს ნიშა კარგადაა ცნობილი იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც აგრარული ბაზრის ხშირი სტუმრები არიან.
დღესდღეობით გაყიდვაში, ძირითადად, ირანული და სომხური წარმოშობის სტაფილოა. ხახვი და ნიორიც უცხოური აჭარბებს. ბულგარული წიწაკა და ბადრიჯანი, რომელიც დახლებზე ფასითაც გამორჩეულია, მთლიანად იმპორტულია.
აშკარაა, რომ ადგილობრივ ბაზარზე ქართული ხილ-ბოსტნეულის დიდი დეფიციტია. აგრობიზნესში დასაქმებულები აცხადებენ, რომ არნახული მოთხოვნაა რუსეთის ბაზარზე, სადაც ჩვენი პროდუქტი ჭარბად გადის.
დღესდღეობით საქართველოს ბაზარზე ბოსტნეულის ძირითადი მომწოდებლები თურქეთი, ირანი, სომხეთი და აზერბაიჯანი არიან. ამ ქვეყნებიდან პროდუქციის იმპორტი განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში აქტიურდება.
გლდანის სამომხმარებლო ბაზრის მოვაჭრეების ამბობენ, რომ უკვე დეკემბრიდან შეიმჩნევა ქართული პროდუქტის დეფიციტი, რაც განსაკუთრებით ბოსტნეულ კულტურაზე აისახება.
"რაც დრო გადის, აგრარული ნაწამის ნაკლებობა უფრო და შესამჩნევია, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში. მართალია, წინა წლებთან შედარებით, მდგომარეობა უკეთესია, მაგრამ ამით თავს ვერ დავიმშვიდებთ. ქართული ხილ-ბოსტნეულის მარაგი ადრე შეგვიმცირდა, რაც მომხმარებელთან ურთიერთობაშიც გვიქმნის პრობლემას. მათი უმეტესობა ქართულ პროდუქტს ითხოვს, მაგრამ რეალურად სურსათი ძალიან ცოტაა", - ამბობს დალი ცირდავა, მოვაჭრე.
ქართული ბოსტნეული კულტურებიდან ბაზარს ცოტა სტაფილო, კოსბოსტო და კარტოფილი შემორჩა, ხოლო ქართული ხილის მარაგი თითქმის აღარ არის ან თუ სადმე მოიძებნა, პრობლემას უხარისხო მოსავალი ქმნის.
"ვაშლს ვყიდი. აქამდე გორელი გლეხებისგან ვყიდულობდი პროდუქტს, მაგრამ გორის ხილიდან თითქმის არაფერი დარჩა, რაჭიდანაც კი ძალიან მცირე პარტია შევისყიდეთ. გლეხები ამბობენ, რომ მცირე მოსავალია. სხვა მიზეზი თუ რატომ არ არის ქართული ხილი, ჩვენთვის უცნობია. გასაყიდი ხილის უმეტესობა ბერძნული, თურქული და ირანულია, ცოტა - სომხურიც. იმპორტირებული ვაშლის ფასი 3,50-4 ლარიდან იწყება და 6 ლარსაც აღწევს. ციტრუსი გაცილებით იაფი ღირს, მაგალითად, ბერძნული ფორთოხალი 2 ლარად იყიდება.
ქართული ხილის მარაგი ამოწურვაზეა, რაც ხარისხსაც ეტყობა. მოთხოვნა ყოველთვის ადგილობრივ პროდუქტზეა, მაგრამ რეალურად არ გვაქვს", - ამბობს მოვაჭრე ლევან შუბლაძე.
ლაშა ცხვიტავა ახალი წლის შემდეგ იმპორტული ხილით ვაჭრობს, რადგან ადგილობრივი პროდუქტი ბაზარზე აღარ შემოდის. "ადრე ხილის საყიდლად ადგილზე ჩავდიოდი, უმეტესწილად გორში, მაგრამ იქ თითქმის არაფერი დარჩა. რაც მოსავალი ჰქონდა გლეხებს, საწარმოებს ჩააბარეს. ბაზარშიც ცოტას შემოაქვს.
ამიტომ გადავწყვიტე, რომ მთლიანად იმპორტულ სეგმენტზე გადავერთო. კარგად იყიდება, ამ მხრივ პრობლემა არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ძვირი ღირს, მყიდველი მაინც ჰყავს, განსაკურებით ტროპიკულ ხილს ყიდულობენ. ძალიანაც რომ მოვინდომო, ქართული ხილის შესყიდვა შეუძლებელია, მოსავალი რეგიონებშიც აღარ დარჩა", - ამბობს ლაშა ცხვიტავა.
ადგილობრივი ხილის დეფიციტს ადასტურებს "ქართული ხილის კომპანიის" მენეჯერი სოსო მანჯავიძე. მისი ინფორმაციით, გარდა იმისა, რომ ადგილობრივ წარმოებას პრობლემა აქვს, სიძნელეს ქართული ბაზრისთვის პროდუქტის გადინებაც ქმნის, რაც ბოლო პერიოდში შეიმჩნევა.
"წელს ვაშლის მოსავალი ძალიან ცოტა იყო. ციტრუსმა გაამართლა, მაგრამ თითქმის მთელი მარაგი რუსეთში გაიზიდა. უხარისხო მანდარინიც კი, რომელიც ნარჩენად ითვლება, დიდი რაოდენობით გავიდა ექსპორტზე. თურქული ემბარგოს გამო ჩვენს ხილზე მოთხოვნა ძალიან გაიზარდა. გრეიფრუტი და ფორთოხალიც კი გაიგზავნა, რომელიც აქამდე არც კი გაუტანიათ.
არსებული მაჩვენებლებით, ქართული ხილის ექსპორტის 90% რუსეთზე მოდის. აქედან გამომდინარე, ბაზარზე ქართული ხილის დეფიციტი მოსალოდნელიც იყო. პრობლემა მხოლოდ ეს არ არის, ხილის წარმოებას საქართველოში სხვა ბარიერებიც აქვს", - აცხადებს სოსო მანჯავიძე.
მისი თქმით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად მუშაობს, რომ ბაღები განვითარდეს, განსაკუთრებით კენკროვანი მიმართულება, რაც წაროებას მნიშვნელოვნად გაზრდის. თუმცა, როგორც მანჯავიძე აცხადებს, მოსავლის თავმოყრისა და შენახვის საკითხზე სერიოზული პრობლემაა.
"ძალიან დიდ დაბრკოლებას გვიქმნის ის ფაქტი, რომ საქართველოში რეგიონალური ლოგისტიკური პაკეტი ძალიან განუვითარებელია. მაგალითად, მოსავლის შეგროვებისა და შენახვის პრობლემას გადავაწყდით და ვერ მოვნახეთ გზა, რომლითაც მას გადავჭრიდით. ამიტომ იძულებული გავხდით საკუთარი სამაცივრე სისტემა გაგვემართა. ჩვენი საწარმო 400 ტონაზეა გათვლილი, ასეთი მასშტაბის სამაცივრე მეურნეობა ძალიან ცოტაა", - განმარტავს სოსო მანჯავიძე.
ექსპორტზეა ორიენტირებული მწვანილის უმსხვილესი მწარმოებელი კომპანია "ჰერბია," რომლის პროდუქტიც უკრაინაში, პოლონეთსა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში გადის. მიუხედავად იმისა, რომ ბაზარზე "ჰერბიას" მწვანილზე საკმაოდ დიდი მოთხოვნაა და ის, ძირითადად, ქსელურ სუპერმარკეტებში იყიდება. წარმოებული მწვანილის 95% ექსპორტზე გადის.