რომის პრაქტიკულად პირველი დიქტატორის, ლუციუს კორნელიუს სულას წინაპარი, ვინმე პუბლიუს კორნელიუს რუფინი კონსული იყო ძვ. წ. 290-277წწ., ანუ მთელი 23 საუკუნის უკან. იგი სენატიდან გაძევებულ იქნა იმის გამო, რომ დაარღვია კანონი "ფუფუნების შესახებ". კერძოდ, ცენზორმა აღმოაჩინა მის სახლში იმაზე მეტი ვერცხლის ჭურჭელი, ვიდრე კანონით იყო დადგენილი მისი სტატუსის მქონე პიროვნებისათვის. დაუჯერებელია! 23 საუკუნის წინათ, ხალხნო, 23 საუკუნის წინათ!
ეკონომიკური თეორიის ის ნორმა, რომ კრიზისი თავისით ამოწურავს თავის თავს და ამიტომ ერთ-ერთი გზა მის წინააღმდეგ ბრძოლისა არაფრის კეთებაა, იმას მაგონებს, დაელოდო, ცეცხლმოკიდებულ სახლში ხანძარი თავისით როდის ჩაქრება და არ ჩაერიო, აცალო. ეგ არის მხოლოდ, რომ სახლისგან არაფერი დარჩება. დაახლოებით იგივეს თქმა შეიძლება დღევანდელ სიტუაციასთან.
ჯერ ის ფაქტი დავაფიქსიროთ, რომ ბოლო დროს რაც ხდება დოლართან მიმართებაში, არ არის ცალკე აღებული ქვეყნის (გნებავთ საქართველოს) პრობლემა, და არც რეგიონული პრობლემა; იგი მსოფლიო პრობლემაა და ეს ფინანსური ქარიშხალი საიდანაც მოდის და რატომაც მოდის, ყველამ კარგად ვუწყით. მიუხედავად ამისა, გულზე ხელდაკრეფით ყოფნა ნამდვილად არ შეიძლება. თუმცა, ისიც უნდა ვთქვათ, რომ ნებისმიერი ღონისძიება, რომელიც ლარის მიმართ იქნება გატარებული მტკივნეული იქნება საზოგადოებისთვის, ან ყოველ შემთხვევაში მისი ცალკეული ჯგუფებისთვის მაინც, ისევე როგორც არაფრის კეთება, რაც, ეკონომისტთა ნაწილის აზრით, ნაკლებ "ხარჯიანია".
როგორც ყველასათვის ცნობილია, დოლარის მიმართ ლარის გაუფასურების მიზეზი ნავთობის ფასის არნახული ვარდნაა. უფრო სწორი იქნებოდა თუ ვიტყვით, რომ ნავთობის ფასი უბრუნდება, - მისი ეკონომიკური ფასის, ამ შემთხვევაში მისი ღირებულების, იმ ყოვლად გაუმართლებელი სპეკულაციური მექანიზმებით განპირობებული, გადახრიდან, - მის საწყის ფასს, თუმცა იგი ზუსტად იმავე ფასს არ დაუბრუნდება ფიზიკიდან ცნობილი ე.წ. "ნარჩენი დეფორმაციის" თვისების მსგავსად და, შესაძლოა 20 დოლარის ნიშნულზე გაჩერდეს, რაც მის უმაღლეს ფასთან შედარებით თითქმის 7-ჯერ ნაკლებია და თავდაპირველ ფასზე თითქმის 7-ჯერ მეტი.
უფროსი თაობის წარმომადგენლებს ალბათ ახსოვთ, გასული საუკუნის 70-იან წლებში, ირანში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების შედეგად ნავთობის ფასის იმ დროისათვის წარმოუდგენელი ზრდა, რამაც მსოფლიო შეაზანზარა და როგორც ბიზნესის, ასევე ფინანსური ნაკადების სრულიად ახლებური გადანაწილება გამოიწვია.
ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ როგორც მაშინდელი, ასევე დღევანდელი მსოფლიო მოვლენების მიზეზი პოლიტიკური პროცესებია, რომლის საფუძველს ამა ქვეყნის ძლიერთა ეკონომიკური ინტერესები წარმოადგენს. ამ პირობებში ხელისუფლება დილემის წინაშე დგას, - ან გაატაროს მკაცრი ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, რაც პირველ რიგში დოლარისა და ევროს ნაკადების მოძრაობის კონტროლს გულისხმობს, ეს კი გამოიწვევს უზრუნველყოფილი კასტის დიდ გულიწყრომას, რაც, თუ გავითვალისწინებთ ამ კასტის უკან, როგორც შიგნით, ასევე გარეთ მდგომი ბოსების გულისწყრომას, ხელისუფლებისთვის დიდი რისკის შემცველია, ან ყველაფერი დინებაზე მიუშვას, რაც გამოიწვევს უბრალო ხალხის სამართლიან გულისწყრომას, აქედან გამომდინარე ყველა ნეგატივით, მითუმეტეს, რომ 2016 წელი არჩევნების წელია. ასეთ პირობებში ხელისუფლება იძულებულია დანის წვერზე გაიაროს და კოჭი, როგორც ერთ, ასევე მეორე მხარეს გაუგოროს, თუმცა, გარეგნულად მაინც უფრო "დიდი კოჭი" მოსახლეობის ინტერესების მხარეს უნდა მიმართოს.
ალბათ, მოსახლეობის (ამ შემთხვევაში იგულისხმება ამომრჩევლის) გულის მოსაგებად, ყველაზე ქმედითი და, იმავდროულად ყველაზე პოპულისტური, იქნებოდა, რომელიმე ოპოზიციური პარტიის მხრიდან, რომელიც ხელისუფლებასთან გარეგნულად მაინც რადიკალურ ოპოზიციაშია, ისეთი თემის აგორება, როგორიცაა უცხოურ ვალუტაში აღებული სესხების უკან დაბრუნების პროცესის მოსახლეობის სასარგებლოდ გადაჭრის მცდელობა, პრობლემა, რომელიც დოლართან მიმართებაში ლარის კურსის დევალვაციით არის გამოწვეული!
წმინდა სამართლებრივად ამ თემის აგორებას პერსპექტივა აქვს, მითუმეტეს, რომ ჩვენ მიერ ზემოთ მოყვანილი რომაული შეგონებაც ამას ამბობს, - ქვეყანა რომც გადაბრუნდეს, სამართალი უნდა აღსრულდეს! მართლაც, სამოქალაქო კოდექსის 389-ე მუხლში, რომლიც კოპირებით გადმოვიტანეთ, რათა ნებისმიერი, თუნდაც უნებლიე მექანიკური შეცდომა თავიდან აგვეცილებინა, შავით თეთრზე წერია, რომ:
"მუხლი 389. ფულადი ვალდებულების გადახდა ფულადი ერთეულის კურსის შეცვლისას
"თუ გადახდის ვადის დადგომამდე გაიზარდა ან შემცირდა ფულის ერთეული (კურსი), ან შეიცვალა ვალუტა, მოვალე ვალდებულია გადაიხადოს იმ კურსით, რომელიც შეესაბამება ვალდებულების წარმოშობის დროს. ვალუტის შეცვლისას გადაცვლით ურთიერთობებს საფუძვლად უნდა დაედოს ის კურსი, რომელიც ვალუტის შეცვლის დღეს არსებობდა ფულის ამ ერთეულებს შორის."
ეს მუხლი, ცალსახადაც რომ მიუთითებდეს იმ ფაქტს, რომ მოსახლეობამ დოლარში აღებული სესხი იმავე გაცვლითი კურსით უნდა დააბრუნოს, როგორითაც აიღო, მითუმეტეს, რომ ორგანული კანონით, საქართველოში გადახდის ერთადერთი კანონიერი საშუალება ლარია, ეს ის შემთხვევაა, როდესაც კანონის აღსრულება მართლაც გამოიწვევს ქვეყნის დაქცევას, რაც, დამეთანხმებით არასაჭირო პერსპექტივაა.
აქედან გამომდინარე, უზენაესი სასამართლოს განმარტება ამ მუხლთან დაკავშირებით, სახელმწიფოებრივი მიდგომის მაგალითია, თავად განმარტების არც თუ მთლად დამაჯერებლობის მიუხედავად.
აქვე გვინდა მოვიყვანოთ ერთ-ერთი ცნობილი ფინანსისტის კომენტარი ამ მუხლთან დაკავშირებით, რომლის გვარსაც მხოლოდ იმიტომ არ ვასახელებთ, რომ ეს კომენტარი "ფეისბუქზე" პირადი მიმოწერის დროს არის გაკეთებული. აი, ეს კომენტარიც - "უზენაესის ის გადაწყვეტილება, რაზეც აპელირებენ იურისტები, გადმოცემულია ალეკო ნაჭყებიას წიგნში, სადაც წერია ასეთი უცნაური რამ "ზემოთმითითებული ნორმების მოთხოვნიდან გამომდინარე, ფულის ერთეულის გაზრდა ან შემცირება თავისთავად გულისხმობს ფულის რეფორმას", ანუ მოსამართლე ვერ ერკვეოდა ელემენტარულში. ამიტომ აპელირება ამ განმარტებაზე არ არის სწორი. არსებობს ამავე წიგნის მიხედვით 2006 წლის გადაწყვეტილება, სადაც მოსამართლე მართებულად მიიჩნევს 389 მუხლის გამოყენებას."
ჩვენი მხრიდან გვინდა დავამატოთ, რომ, ყველაზე უკეთეს შემთხვევაში, ეს ნორმა შეიძლება ამუშავდეს უკვე გადახდილ კრედიტებზე, ხოლო გადასახდელ კრედიტებზე ბანკს შეუძლია გაწყვიტოს ხელშეკრულება და შესაგებელი სარჩელით მოითხოვოს თანხის უკან დაბრუნება.
ამგვარად, ეს გზა ძალიან რადიკალური და, ამდენად ნაკლებად პერსპექტიული გზაა ამომრჩევლის გულის მოსაგებად.
ცხადია შესაძლებელია ბანკებს ეთხოვოს ვალების რესტრუქტურიზაცია, რაც ცალკეულმა ბანკმა გარკვეული დოზით გააკეთა კიდეც, მაგრამ ეს გამოსავალი არ არის და მეორეც, ეს აღიქმება, როგორც ხელისუფლების მხრიდან ბანკებზე ზეწოლად, თუმცა, რამდენადაც ცნობილია, 2008 წლის ომის შემდეგ ამერიკელებისა და ევროკავშირის მიერ გამოყოფილი დახმარებიდან თითქმის 800 მილიონი მოხმარდა საბანკო სისტემის სტაბილიზაციას.
არის კიდევ ერთი ძალიან სერიოზული საფრთხე, რომელზეც ხელისუფლებამ დროული რეაგირება უნდა მოახდინოს. საქმე ეხება ჩვენთან შემოსული დოლარების გადადინების შესაძლებლობას იმ მეზობელ ქვეყნებში, რომელთა ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში უფრო მეტად დევალვირებულია, ვიდრე ჩვენთან, რაც ამ ქვეყნებიდან ექსპორტის გაზრდის ეკონომიკურ სტიმულს იძლევა და, შესაბამისად, ქვეყნიდან დამატებითი დოლარის გადაქაჩვის შესაძლებლობას.
გაცილებით მეტი საფრთხის შემცველია ამ მიმართულებით მათ მიერ საქართველოში დაფუძნებული კომპანიების გააქტიურება, განსაკუთრებით ბანკების და სხვა საფინანსო ორგანიზაციების, მითუმეტეს, რომ მათ თავიანთ ქვეყანაში დოლარის გატანა შეეზღუდათ. ამ მიმართებით მისასალმებელია ხელისუფლების მხრიდან ენერგომატარებლების ალტერნატიული წყაროების მოძიება, რომელსაც გარდა პოლიტიკური დატვირთვისა, მნიშვნელოვანი ეკონომიკური შედეგი აქვს და, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ჩვენ გვაქვს გაზის საკმაო მარაგები, ინვესტიციების მოძიება მისი ექსპლუატაციის პროცესის დასაჩქარებლად, - ეს იქნებოდა ქვეყნის ენერგო დამოუკიდებლობისაკენ გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი.
პირველი და უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იქითკენ, რომ ლარი დავიცვათ, ეს გახლავთ კანონის იმ მუხლის განუხრელი დაცვა და აღსრულება, რომლის თანახმადაც, - ქვეყნის ტერიტორიაზე ლარი არის გადახდის ერთადერთი საშუალება. თუ კანონის ამ მოთხოვნას განუხრელად გავატარებთ ცხოვრებაში, ეს იქნება ყველაზე ეფექტური (ეფექტური, რადგან ამით ლარის შელახული თავმოყვარეობა აღდგება), ყველაზე ეფექტიანი (ეფექტიანი, რადგან ეკონომიკური შედეგები ლარის სტაბილურობას შეუწყობს ხელს) და ნაკლებად მტკივნეული ღონისძიება, რომლის განხორციელება ხელისუფლების მხრიდან მხოლოდ პოლიტიკურ ნებას მოითხოვს.
ზ.თ. ამ ღონისძიების წარმატებით გატარებას ჩინოვნიკების მხრიდან კეთილი ნება უნდა უძღოდეს წინ - მათ ყველა დანაზოგი მხოლოდ ლარებში უნდა ჰქონდეთ; ცხადია, პირველებმა მათ მაგალითი ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრმა უნდა მისცენ.