თბილისელების უმეტესობას გვიან ღამით გადაადგილება უჭირს. სწორედ ამიტომ გამოკითხულთა ნაწილი ავტობუსების განგრიგის გადახედვას და ცვლილების შეტანას ითხოვს. მათი აზრით, დედაქალაქის მერიას ახალი ავტობუსების დამატების შემდეგ ამის საშუალება ექნება. თავად მერიაში "რეზონანსს" განუცხადეს, რომ ავტოპარკის განახლებამდე ამ სახის ცვლილება არ მოხდება.
მოსახლეობა სატრანსპორტო განრიგში ღამის რეისების დამატებას ითხოვს. ამ სახის ცვლილებაზე საუბარი ჯერ კიდევ 2014 წელს მიდიოდა. მაშინ გაზეთ "რეზონანსს" თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახურის უფროსმა აკაკი ჯოხაძემ განუცხადა, რომ ავტობუსების განრიგი უკვე შემუშავებულია. "საღამოს 11 საათზე, გარდა სოფლის მარშრუტებისა, ყველა ბოლო გაჩერებიდან ავტობუსი გამოდის, ანუ კეთდება ე.წ. საგარანტიო გასვლა".
დროთა განმავლობაში იყო სხვადასხვა მიმართულებით მოსახლეობის თხოვნა და ამიტომ მუშავებოდა რამდენიმე მარშრუტი.
"გვინდა, როგორც ევროპაშია, ასე იყოს და "ღამის მარშრუტმა" იფუნქციოს. როცა ძირითადი ავტობუსები ჩერდება, "ღამის რეისი" მუშაობას მაშინ იწყებს.
ამ ეტაპზე ჩვენ ვაწარმოებთ კვლევას, კონკრეტულად რომელ რაიონზეა უფრო მეტი მოთხოვნა, შესაბამისად, ისე დავაყენებთ ავტობუსებს. კვლევა მალე უნდა დამთავრდეს და რეალურად უკვე გამზადებული იქნება რამდენიმე მარშრუტი. ამის შემდეგ ხარჯთაღრიცხვა მოხდება და შესაძლებელი იქნება, რომ ქალაქში სპეციალური ე.წ. ღამის მარშრუტები დაინიშნოს", - აცხადებდა ჯერ კიდევ ორი წლის წინ ჯოხაძე, მაგრამ ამტკიცებდა, რომ ავტობუსების სიმწირიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების მიღება უჭირდათ.
ეს საკითხი მაშინ მართლაც ვერ მოგვარდა. ახლა კი ხალხს იმედი აქვს, რომ ორი წლის შემდეგ, ავტობუსების პარკის განახლების შემდეგ მაინც გაუჩნდება მერიას ე.წ. ღამის მარშრუტების დანიშვნის შესაძლებლობა.
"კარგია თუკი ახალ ავტობუსებს შემოიყვანენ. მახსოვს ჯერ კიდევ 2014 წლის ოქტომბერში ელექტრობუსების შემოყვანაზე საუბრობდნენ. იმედია, ავტოპარკის განახლება, ავტობუსების დამატება მოახდენს გავლენს მათ გრაფიკზე. საუბარი მაქვს სამუშაო საათების მომატებაზე. ხშირად ისე ყოფილა, რომ სახლიდან ღამით მხოლოდ იმიტომ ვერ გამოვსულვარ, რომ 11 საათის მერე ყვითელი "მარშრუტკები" და ავტობუსები არ მოძრაობენ. ტაქსის ფული კიდევ არ მაქვს.
რაღაც გეგმა უნდა შეიმუშაოს თბილისის მერიამ. ჩემი აზრით, ეს საქმე ნამდვილად გასაკეთებელია. დედაქალაქში მცხოვრებთათვის გადაადგილებისას მეტი კომფორტი უნდა შეიქმნას", - ამბობს ელზა გვრიტიშვილი.
მის მსგავსად თამუნა გოზალიშვილს ღამით გადაადგილება უჭირს. ღამით მეგობრებთან ერთად გართობა ძალიან ძვირი უჯდება, რადგან ტაქსის ფულიც უნდა გაითვალისწინოს. როგორც მან "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნა მარტო გზაში 10-15 ლარი ეხარჯება. მან პრობლემის უკეთ აღსაქმელად ერთი მაგალითი მოიყვანა.
"ყველას არ აქვს საშუალება, რომ ტაქსით იაროს. მაგალითად, მოსკოვის გამზირიდან საბურთალოზე 9 საათის მერე სამარშრუტო ტაქსი #140 ნომერი აღარ დადის. მხოლოდ ეს ნომერი მიდის ამ მიმართულებით.
ხშირად ყოფილა ისე, რომ 10 საათზე გამოვსულვარ და არ მოსულა ყვითელი "მარშრუტკა" და ბოლოს ისევ ტაქსი გამიჩერებია. როცა ფული არ მქონია, #84-ს გავყოლილვარ სამგორამდე და მერე მეტროში გადავმჯდარვარ, ეს ნომერი ცოტა უფრო გვიანობამდე მუშაობს.
სწორედ ესაა პრობლემა და ამიტომ ჩვენი თხოვნაა მერიამ გაითვალისწინოს "ღამის ავტობუსების" საკითხი. არ ვამბობ, რომ მთელი ღამე იმუშაონ, მაგრამ ხომ შეიძლება ღამის 2-3 საათამდე რამდენიმემ მაინც იმორიგეოს. ამაზე, მერიის გარდა, მიკროავტობუსებმაც უნდა იფიქრონ და იზრუნონ", - აცხადებს თამუნა გოზალიშვილი.
ავტობუსების დანიშვნას ითხოვს გიორგი ქანთარიაც. მისი თქმით, სამარშრუტო ტაქსები მუშაობას ძალიან ადრე ამთავრებენ, შესაბამისად, ღამე თბილისელები ტაქსის ამარა რჩებიან. ამიტომ იგი, ავტოპარკის განახლების შემდეგ, განრიგის გადახედვასაც ითხოვს.
"ავტობუსები მაინც მუშაობდნენ გვიანობამდე. თუ მთელი ღამე არა, 3-4 საათამდე მაინც. ხალხი ღამეც გადაადგილდება და ასეთი განრიგი დისკომფორტს გვიქმნის. ამ მიმართულებით ცვლილება კარგი იქნება ტურიზმის განვითარებისთვისაც. ვიზიტორებისთვის გადაადგილებას მეტად კომფორტულს გახდის. ამის საშუალება მერიას მალე ექნება, რადგან ცნობილია, რომ ქალაქს ახალი ავტობუსები შეემატება", - ამბობს გიორგი ქანთარია.
მან კიდევ რამდენიმე მიზეზი დაასახელა თუ რატომ უნდა მოხდეს განრიგის ცვლილება. ერთ-ერთია ღამის ცხოვრება. ახალგაზრდების ნაწილი ღამე ბარებში, კლუბებში დადის, რაც ნიშნავს, რომ გადასაადგილებლად ტრანსპორტი აუცილებელია.
"რატომ არის ღამით ტაქსები ორმაგ ფასს რომ ადებენ? იმიტომ, რომ ტრანსპორტი არ მუშაობს. არც მეტრო, არც მიკროავტობუსი და არ მუნიციპალური ტრანსპორტი. ზუსტად რომელ საათამდე მუშაობენ ვერ გეტყვით, მათი განრიგი ინდივიდუალურია. ზოგიერთი 10 საათზე ამთავრებს მუშაობას, ზოგი 11-ზე და ნაწილი 12 საათზე. შუაღამის მერე აღარავინ დადის, არც ერთი სატრანსპორტო საშუალება", - აღნიშნა გიორგი ქანთარიამ.
ხალხის ხმა "რეზონანსმა" თბილისის მერიამდე მიიტანა და მათი დამოკიდებულება აცნობა. კითხვაზე იგეგმება თუ არა ღამის რეისების დამატება, მერიაში ასეთი პასუხი გაგვცეს: "ჯერჯერობით ცვლილება არ იქნება, ვიდრე ავტოპარკი არ განახლდება. სანამ ახალი ავტობუსები არ შემოვა, სავარაუდოდ, ვერაფერს შევცვლით. ეს არის კომპლექსური საკითხი".
მათივე ინფორმაციით, დედაქალაქის ავტოპარკის გასაახლებლად ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან ერთად მოხდა დოკუმენტაციის მომზადება. "საწყის ეტაპზე შემოვა 150-ზე მეტი ახალი ავტობუსი. სავარაუდოდ, ეს ზაფხულის პერიოდში მოხდება. რაც შეეხება უკვე არსებულ ავტობუსებს, ისინი ეტაპობრივად ჩანაცვლდება", - აღნიშნავენ მერიაში.