"დღეს ნაღდ ფულზე გადამხდელები შედარებით ნაკლები არიან, ვიდრე განვადების მსურველები"
ნათია ლომიძე
27.02.2016

საქართველოს ბაზარზე არსებული ბრენდული მაღაზიების უმრავლესობას ახალი შეთავაზება აქვს თავიანთი კლიენტიებისათვის, ბოლო რამდენიმე თვეა, მომხმარებელოს შეუძლია სუსურველი ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის განვადებით შეძენა. ბევრი აღნიშნული შეთავაზებით კმაყოფილია, რადგან მათთვის მაღაზიებში არსებული ძვირადღირებული ნივთები უკვე ხელმისაწვდომია.

ერთ-ერთი ასეთი მაღაზიაა "ჯინსის გალერეაა", რომელიც თავის მომხმარებელს განვადების სერვისით სარგებლობას სთავაზობს. მათი წარმომადგენელი "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ ამ მხრივ დაინტერესება საკმაოდ მაღალია და მათთან ამა თუ იმ ნივთზე განვადების პროცედურები ძალიან მარტივად და სწრაფად მიმდინარეობს.

"როდესაც მომხმარებელს სურვილი აქვს შეიძინოს კონკრეტული ნივთი, მოდის ჩვენს ნებისმიერ ფილიალში და არჩევს სასურველ საქონელს. ჩვენ ვუმზადებთ ინვოისს, რომელსაც ვაგზავნით ბანკში. ამის შემდეგ ბანკი წყვეტს, დაუმტკიცოს თუ არა განვადება. სესხის დამტკიცება მარტივია იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელს კარგი საკრედიტო ისტორია აქვს. განვადებით შეძენილ საქონელზე მოთხოვნა დღითი დღე იზრდება და კლიენტებიც კმაყოფილნი არიან ამ მხრივ გაკეთებული შენაძენით", - განაცხადა "რეზონანასთან" საუბრისას "ჯინსის გალერეას" კონსულტანტმა.

გაზეთი "რეზონანსი" დაუკავშირდა სწორედ ამ მაღაზიის ერთ-ერთ კლიენტს, გულო გარმელიას, რომელმაც ისარგებლა მაღაზიის მიერ შეთავაზებული მომსახურებით. მან უკვე შეიძინა სასურველი ნივთი, რომლის საყიდლადაც აქამდე საკმარისი თანხა არ გააჩნდა. განვადების ფორმა მისთვის მისაღებია და აპირებს კიდევ არაერთხელ ისარგებლოს მაღაზიების მიერ შემოთავაზებებით.

"ვფიქრობ, საქართველოში არსებული მაღაზიების უმრავლესობის მიერ საქონელზე დაწესებული ფასი არ შეესაბამება ხარისხს. ამ დროს ნივთის შეძენის საშუალებას არც განვადებით გვაძლევენ. ნორმალური ადამიანი ასეთ მაღაზიებზე არ გააკეთებს აქცენტს და შეეცდება ალტერნატიული და შედარებით ხელმისაწვდომი ვარიანტი მოძებნოს. მე მოვძებნე "ჯინსის გალერეა" და ვისარგებლე განვადებით. ამ მაღაზიამ მომცა საშუალება შემეძინა ნივთი, რომლის ყიდვის დიდი სურვილი მქონდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ერთიანი თანხა არ გამაჩნდა. მათი მომსახურებით და ნივთის ხარისხით კმაყოფილი ვარ. ვაპირებ მომავალშიც ვისარგებლო მათი მომსახურებით", - განაცხადა "რეზონანსთან" საუბრისას მომხმარებელმა გულო გარმელიამ.

"ჯინსის გალერიის" მსგავსად, ქართულმა ბრენდმა ქფსრ $ ქფსრ-მა მომხმარებლების თხოვნის შემდეგ გადაწყვიტა სერვისი დაენერგა და ბანკებთან აქტიურ მოლაპარაკებას აწარმოებს. მაღაზიის წარმომადგენელმა "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნა, რომ ამ ნაბიჯის გადადგმა სწორედ კლიენტების მოთხოვნიდან და განავადების პოპულარობიდან გამომდინარე გადაწყვიტეს, რადგან ბევრ ადამიანს არ აქვს შესაძლებლობა ერთიანი თანხა გადაიხადოს გარკვეულ ნივთში.

"მიუხედავად იმისა, რომ დღეს ჩვენ არ გვაქვს განვადების პროგრამა, აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკება ბანკებთან, რთა უახლოეს მომავალში ჩვენმა მომხმარებლებმა შეძლონ მათთვის სასურველი ნებისმიერი ნივთის შეძენა განვადების საშუალებით. მინდა აღვნიშნო, რომ ნაღდ ფულზე გადამხდელი მომხმარებლები დღეს შედარებით ნაკლები არიან, ვიდრე განვადების მსურველები. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვმუშაობთ დაჩქარებული წესით და მაქსიმუმ ერთ კვირაში შესაძლებელი იქნება, ჩვენმა კლიენტებმა ისარგებლონ განვადებით", - განაცხადა "რეზონანსთან" საუბრისას ქფსრ $ ქფსრ-ის წარმომადგენელმა.

სურვილი იმისა, რომ ისარგებლონ განვადებით ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის იმ მაღაზიებში, რომლებსაც აქვთ ეს შემოთავაზება, კლიენტების მხრიდან დიდია. "რეზონანსის" მიერ ჩატარებული შერჩევითი გამოკითხვის ჩატარებისას ერთ-ერთმა რესპონდენტმა ანი დათაშვილმა განაცხადა, რომ იმ მაღაზიების სიაში, სადაც განვადების სერვისის დანერგვას ინატრებდა, ქფსრ $ ქფსრ. რამდენადაც ზემოაღნიშნული მაღაზია მომსახურების ამ კომპონენტსაც ამატებს, ანი დათაშვილი მზადაა მათი მუდმივი მომხმარებელი გახდეს.

"რამდენი ხანია მინდა ქფსრ $ ქფსრ-ის მიერ შეკერილი ფეხსაცმელი ვიყიდო, თუმცა ამას უსახსრობის გამო ვერ ვახერხებდი. რთულია, როდესაც არ მუშაობ და მშობლების კისერზე ხარ, ყველაფერი მათ სთხოვო. ჩემს შემთხვევაშიც ასეა, მაგრამ ახლა, როდესაც ამ მაღაზიაში განვადებით შევძლებ შევიძინო ფეხსაცმელი, აუცილებლად მივაკითხავ. ყოველთვიურად მიზერული თანხის შეგროვებას მოვახერხებ და გადავიხდი. ერთიანად ძალიან გამიჭირდებოდა და სანამ მე შევაგროვებ თანხას, ის ნივთი გაიყიდება", - ამბობს ტანსაცმლის განვადებით შეძენის მსურველი ანი დათაშვილი.

მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებაში დიდი ინტერესი გამოიწვია სამოსის განვადებით შეძენამ, მაინც გამოიკვეთა საპირისპირო აზრი, არსებული ფასებისა და სერვისის შესახებ, რომელიც ტანსაცმლის მაღაზიებშია. "რეზონანთან" საუბრისას ერთ-ერთმა მომხმარებელმა განაცხადა, რომ ქართულ ბაზარზე მოქმედი მაღაზიები და იქ არსებული განვადება მომხმარებლის კიდევ უფრო მეტად მოტყუებაა, რადგან ისინი, ხშირ შემთხვევაში, ძველ კოლექციას ახლის ფასად ყიდიან.

"მაღაზიებში ძველი კოლექციიები იყიდება ახლის ფასად. სხვაობას თვითღირებულებასა და გასაყიდ ფასს შორის ემატება ბანკის პროცენტი, რაც საკმაოდ დიდი თანხა გამოდის. პირადად მე მსგავსი შემოთავაზებით არ ვსარგებლობ და არც ვაპირებ ვისარგებლო. ეს არის მომხმარებლის მოტყუება. იმედია, ბანკებისა და მაღაზიების ამ ერთობლივ მახეში ხალხი არ გაებმება", - განაცხადა "რეზონანსთან" საუბრისას ნათია მიქაბერიძემ.

ტანსაცმლის განვადებით შეძენის საშუალებას იძლევა ერთ-ერთი ბრენდული მაღაზია "ლევისიც", რომელიც მომხმარებელს ფართო და ხელმისაწვდომ არჩევანს სთავაზობს. როგორც მაღაზიის გენერალური დირექტორის მოადგილემ ლაშა მურვანიძემ განაცხადა, მათი პროდუქცია ნებისმიერი ფენისთვის ხელმისაწვდომია, თუკი ბანკი განვადებას დაუმტკიცებს.

"დღეს ბაზარზე არსებობს ისეთი მაღაზიები, რომლის ფასიც საქართველოში მცხოვრები გარკვეული სოციალური ფენისათვის არცთუ ისე იაფია, ასეთ შემთხვევაში ჩვენი მაღაზია კლიენტებს სთავაზობს სასურველი ნივთის ბანკის დახმარებით შეძენას. ჩვენ ვთანამშრომლობ: "თიბისი ბანკთან", "ლიბერთისთან" და "რესპუბლიკასთან". მყიდველი თავად ირჩევს სასურველ ბანკს და მიდის მოლაპარაკება. თუკი დაუმტკიცდა განვადება, სასურველი ნივთი გადადის მის მფლობელობაში, ეს არის ძალიან მარტივი პროცედურა, რომელიც არც ისე დიდ დროს მოითხოვს. დღესდღეობით მოთხოვნა ტანსაცმლის განვადებაზე ძალიან დიდია. აქედან გამომდინარე, კმაყოფილი კლიენტების რაოდენობაც იზრდება", - განაცხადა "რეზონანსთან" საუბრისას ლაშა მურვანიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×