ნინო ქეთელაური
29.02.2016

2 კვირაზე მეტია, რაც ტყიბულში ათასამდე მეშახტეა გაფიცული. ისინი ხელფასების მომატებასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. მუშები მას შემდეგ გაიფიცნენ, რაც მაღალმთიანი რეგიონების შესახებ კანონი დამტკიცდა, რომლის მიხედვითაც ტყიბულის რაიონს და მისი 14 სოფელს მთიანი რეგიონის სტატუსი მოეხსნა. ახალმა კანონმა კი მათი ანაზრაურება შეამცირა, ისინი ჩვეულებრივ 20%-ით იბეგრებიან.

მუშები მშრომითი პირობების გაუმჯობესებასთან ერთად, ხელფასების 20-40%-ით გაზრდას ითხოვენ. დამსაქმებელი კომპანია კი მხოლოდ ეტაპობრივად და ისიც 5%-ით გაზრდას თანმხდება.

სახელმწიფოს მხრიდან პროცესში ჩართულია ჯანდაცვის სამინისტრო, როგორც მოდერატორი, თუმცა ამ ეტაპზე მეშახტეების მთავარი მოთხოვნის, ხელფასების გაზრდის დაპირებას არავინ იძლევა.

მეშახტეების პროტესტს უერთდება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ტყიბულის მაჟორიტარი ელისო ჩაფიძე, რომელიც აცხადებს, რომ მთავრობის ერთ-ერთი დაპირება მუშებისთვის პირობების გაუმჯობესება იყო და ეს უნდა შესრულდეს. დეპუტატის თქმით, მას მზად აქვს შესაბამისი კანონპრექტიც და მხოლოდ კოლეგების მხარდაჭერაა საჭირო.

რამდენად სამართლიანია გაფიცულთა მოთხოვნები? - ამ კითხვით "მთელმა კვირამ" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 მიხეილ ცაგარელი (ასტროლოგი): "რასაკვირველია, სამართლიანია. იმიტომ, რომ ქვეყანაში, სადაც ყველაფერი ძვირდება და ხელფასები არ იცვლება, ლოგიკურია, რომ ადრე თუ გვიან ეს მოთხოვნები დადგება. სამუშაო პირობები უნდა იყოს ნორმალური, მითუმეტეს, მეშახტეებისთვის, ამაზე ბჭობა საერთოდ არ არის საჭირო.

"სამართლიანი მოთხოვნებია, თუმცა სხვა საქმეა, მთავრობა რამდენად დიპლომატიურად შეძლებს ამ ყველაფრის მოგვარებას. მეორე მხრივ, თან ვფიქრობ, ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, რომ ქვეყანაში შემოვიყვანოთ 250 ათასი ლტოლვილი, გვცალია ჩვენ ამ ლტოლვილებისთვის?! როდესაც საკუთარი ლტოლვილები არიან დაუკმაყოფილებლები და ჩვენივე ხალხს არ აქვს ნორმალური სამუშაო პირობები. წარმოგიდგენიათ, ეს 250 ათასი ლტოლვილი ქვეყანაში სიტუაციას როგორ არევს?!

"მე ეს ძალიან მაღელვებს და ვფიქრობ, რომ ხელისუფლების ეს ნაბიჯები ერის ღალატია მაშინ, როდესაც ერი ისედაც სიკვდილის და დემოგრაფიული კატასტროფის წინაშეა მიყვანილი. მერე ვიღას ეცლება ჩვენი ტყიბულელი მეშახტეებისთვის ან საკუთარი ლტოლვილებისთვის, როდესაც ისინი წამოაყენებენ პირობებს და მოაწყობენ აჯანყებებს.

"მე მიმაჩნია, მთავრობამ პირველ რიგში საკუთარი ხალხის პრობლემები უნდა მოაგვაროს და იფიქროს, კიდევ დამატებით ამდენი ლტოლვილის შემოყვანით რა პრობლემების წინაშე აღმოჩნდება ქვეყანა."

 მერაბ კოკოჩაშვილი (რეჟისორი): "იმ პირობებში, როდესაც ასეთ მძიმე მდგომარეობაშია მთელი მსოფლიო და ეკონომიკური ურთიერთობები დამძიმებულია ყველგან, ვფიქრობ, ყველამ ერთმანეთს უნდა გაუწიოს ანგარიში. სხვანაირად წარმოება და ეკონომიკა საბოლოოდ დაინგრევა. აქედან გამომდინარე, ვთვლი, რომ აუცილებელია ურთიერთგაგება, უნდა დასხდნენ და ბოლომდე გაუგონ ერთმანეთს, თუნდაც გარკვეულ პირობებზე მაინც შეთანხმდნენ. დაპირისპირება და კონფრონტაცია ანგრევს ყველაფერს. "

 

 ირმა სოხაძე (მომღერალი):  "აბსოლუტურად სამართლიანია. მე არ მესმის, რატომ არ არის რაიმე ბერკეტი, თუნდაც კომისია, რომელიც მოაგვარებს არსებულ მდგომარეობას. მონათმფლობელური წყობილება ხომ არ არის?! შუა საუკუნეები ხომ არ არის?! ხელფასებს ისეთ დაბალს ასახელებენ, რომ იქ ჩასვლა და 2-ჯერ მტვრის გადაწმენდაც კი გაცილებით ანაზღაურებადია. "ამ ადამიანებს წასასვლელი არ აქვთ, მაგრამ ეს არ არის იმის საბაბი, რომ ანგარიში არ გაუწიონ. ისეთი პირობები უნდა შეუქმნან, რომ არსებობის საშუალება მაინც დაუბრუნდეთ, ამას ვთხოვდი კერძო კომპანიას."

 მიშა მშვილდაძე  (პროდიუსერი): "რა თქმა უნდა, მათი მოთხოვნები სამართლიანია იმიტომ, რომ განსაკუთრებულ ფუფუნებას არ ითხოვენ. მათ ელემენტარული პირობები სჭირდებათ. ძალიან ბევრი ადამიანი მუშაობს სხვადასხვა მაღაროში, სადაც ისინი პირდაპირ სიკვდილზე მიდიან და ვფიქრობ, ამ მიმართულებით რაღაც არის ქვეყანაში დასარეგულირებელი."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×