"არგუმენტად იმის მოყვანა, რომ ერთიორად გაუძვირდა კომპანიას მანქანის შენახვა, არის ტყუილი"
ელზა წიკლაური
01.03.2016

 საწვავის გაიაფების მიუხედავად, საქართველოში მგზავრობის ტარიფი არ შემცირებულა. მოსახლეობა როგორც დედაქალაქში, ისევე რეგიონებში გადაადგილებისას ისევ იმდენს იხდის, რასაც თუნდაც 2 წლის წინ, როდესაც ბენზინის და დიზელის ღირებულება 2 ლარს აჭარბებდა. დღეს კი ერთი ლიტრი საწვავის ღირებულება 1,10-1,30 ლარის ფარგლებში მერყეობს. კომპანიებში ამბობენ, რომ დღეს არსებული ტარიფის შემცირებაც უჭირთ, გაიაფებაზე კი საუბარი საერთოდ ზედმეტია.

მსოფლიოში ნავთობის გაიაფების პარალელურად, საწვავის ფასი საქართველოშიც შემცირდა. თუ 2 წლის წინ ერთი ლიტრი ბენზინი 2 ლარი ღირდა, დღეს 1,3-1,4 ლარი ღირს. რაც შეეხება დიზელს, მისი ღირებულება 2,05 ლარიდან 1,10-1,15 ლარამდე ჩამოვიდა. შიდა გადაზიდვებში ტარიფის 60-70% სწორედ საწვავზე მოდის, თუმცა გაიაფებულ საწვავს მგზავრობის ღირებულებაზე გავლენა დღემდე არ მოუხდენია და როგორც ჩანს, არც მომავალში მოახდენს.

თბილისი-რუსთავის მიკროავტობუსით გადაადგილება ერთი წლის წინაც და ახლაც 1,3-1,5 ლარი ღირს. როგორც კომპანია "ინტერტრანსის" დირექტორი ირაკლი ჩიღვინაძე "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბარისას აცხადებს, კომპანია მგზავრობის საფასურის გაიაფებას არ აპირებს.

"ჩვენი კომპანია მგზავრობის ტარიფს ვერ შეამცირებს. ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს, პირველი - ეს არის ჩადებული ინვესტიციები და უკვე შემდგომ სხვა ხარჯი. მგზავრობის ტარიფში მხოლოდ საწვავი არ არის განმსაზღვრელი. მანქანას სჭირდება საწვავ-საპოხი მასალა, სათადარიგო ნაწილები, საბურავები, რომელთა ფასი ერთიორადაა მომატებული. მხოლოდ საწვავის შემცირებული ფასი რომ იყოს, მგზავრობაც შეიძლება შემცირებულიყო, მაგრამ სხვა ყველაფერი გაძვირებულია და შესაბამისად, ვერც მგზავრობის გაიაფება მოხდება", - განაცხადა ჩიღვინაძემ.

მგზავრობის გაიაფებას არც "თბილისის მიკროავტობუსი" აპირებს. როგორც კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს, ლარის დევალვაციის გამო, არსებული ტარიფის შენარჩუნებაც კი უჭირთ.

"კომპანიამ მილიონობით ინვესტიცია ჩადო. როცა კომპანიამ საქმიანობა დაიწყო, ერთი დოლარი 1,55 ლარი ღირდა, ახლა კი კურსი 2,48-ზეა. კომპანია, მიუხედავად იმისა, რომ მგზავრობის არსებული ტარიფის შენარჩუნება ძალიან უჭირს, ითვალისწინებს მომხმარებლების სოციალურ მლგომარეობას და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მგზავრობა არ გაძვირდეს, გაიაფებაზე საუბარი ხომ ზედმეტია", - განუცხადეს "ბიზნეს-რეზონანსს" "თბილისის მიკროავტობუსში".

რაც შეეხება სხვა კომპანიებს, საქალაქთაშორისო გადაზიდვებზე მომსახურების ტარიფი ზოგიერთმა შეამცირა, ზოგი კი უახლოეს მომავალში აპირებს. ამ შემთხვევაში კი მიზეზი არა გაიაფებული საწვავი, არამედ მაღალი კონკურენციაა.

სადგურ "ოკრიბადან" ზესტაფონი-ქუთაისის მიმართულებით მგზავრობა 10 ლარიდან 8 ლარამდე გაიაფდა, ზუგდიდის მიმართულებით - 15-დან 12 ლარამდე, თბილისი-ხონის მიმართულებით გადაადგილება 12-დან 10 ლარამდე შემცირდა და ა.შ. როგორც "ოკრიბაში" აღნიშნეს, მგზავრობის ტარიფს მგზავრთა ნაკადის შემცირების კვალდაკვალ დაუკლეს, თუმცა ისიც აღნიშნეს, რომ სხვადასხვა მიმართულებით გადაადგილებაზე ფასდაკლებას ხშირად აცხადებენ ხოლმე.

რაც შეეხება სხვა სადგურებს, გაირკვა, რომ არც ერთ მათგანს საქალაქთაშორისო მგზავრობაზე ტარიფი არ შეუმცირებია, თუმცა სამომავლოდ აპირებენ.

იმ დროს, როდესაც შიდა გადაზიდვების ტარიფში საწვავის ხარჯი 60-70%-ს შეადგენს, ცხადია, რომ მგზავრობის ღირებულება ერთი წლის წინანდელ ფასთან შედარებით ნაკლები უნდა იყოს. როგორც გაირკვა, გადამზიდავები მგზავრობის ღირებულების შემცირებაზე საერთოდ არ ფიქრობენ და მიზეზად, ერთი მხრივ, დევალვირებულ ლარს, მეორე მხრივ კი, მანქანის ნაწილების გაძვირებას ასახელებენ.

ეკონომისტი ზვიად კანდელაკი კი ამბობს, რომ მგზავრობის ღირებულების გაუიაფებლობის მიზეზად ამ ფაქტორების დასახელება არასწორია.

"საწვავის ფასი თითქმის განახევრდა, მაგრამ არც ერთმა კომპანიამ მგზავრობა არ გააიაფა, რადგან ყველა მხოლოდ საკუთარ ჯიბესა და გამდიდრებაზე ფიქრობს. როდესაც შიდა გადაზიდვების ტარიფში 60% მაინც საწვავს უკავია, დიზელისა და ბენზინის განახევრებულ ფასებს მგზავრობის ფასზე გავლენა რატომ არ უნდა მოეხდინა, არ მესმის.

რაც შეეხება კომპანიების მიერ დასახელებულ მიზეზებს, ანუ დოლარის კურსს და ავტომობილების სათადარიგო ნაწილების გაძვირებას, ეს აბსოლუტურად არასწორი ინფორმაციაა. კი მოხდა ლარის დევალვაცია, მაგრამ საწვავიც ხომ გაიაფდა და თანაც იმაზე მეტად, ვიდრე ლარის კურსი დაეცა. საწვავ-საპოხი მასალები, ზეთი, საბურავები (დიდწილად ესენიც ნავთობპროდუქტებია) და ავტომანქანების სხვა ნაწილები არ გაძვირებულა. ამიტომ არგუმენტად იმის მოყვანა, რომ ერთიორად გაუძვირდა კომპანიას მანქანის შენახვა, არის ტყუილი. კარგი იქნებოდა, პირდაპირ ეღიარებინათ, რომ არ გვსურს და ამიტომ არ ვაიაფებთ მგზავრობის ტარიფსო, ეს უფრო "მისაღები" იქნებოდა, ვიდრე ლარის დევალვაციაზე თუ სხვა მიზეზებზე საუბარი", - განაცხადა "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბარისას ზვიად კანდელაკმა.

საქართველოს სატრანსპორტო სექტორში ჯუნგლის კანონი მოქმედებს. განსაკუთრებით ეს ითქმის საქალაქო ტრანსპორტზე, როცა მთელ გადაზიდვას ერთი კომპანია ახორციელებს და ტარიფიც მონოპოლიური აქვს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×