რეზონანსი
03.03.2016

 სსიპ "ტექნოლოგიური განვითარების ფონდში" პროექტის "თბილისის საუნივერსიტეტო კლასტერი" ფარგლებში, ჰოლანდიის ქალაქ როტერდამის ერასმუსის უნივერსიტეტის წარმომადგენლები ტგფ-ის უფროსის მოადგილემ შოთა საღრიშვილმა და ინოვაციების ტექნოლოგიური განვითარების სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა ნინა სამარგულიანმა მიიღეს.

ერასმუსის უნივერსიტეტის ბინათმშენებლობისა და ურბანული განვითარების კვლევების ინსტიტუტს (შრთ) შეხვედრაზე წარმოადგენდნენ: საერთაშორისო პროექტებისა და საკონსულტაციო მომსახურების უფროსი კარლი პენინკი, ფინანსური ადმინისტრატორი ჯერჯან ვან ზოესტი და ინსტიტუტის რუმინეთის ფილიალის დირექტორი ნიკოლ ტარალუნგა.

ნიდერლანდელი სტუმრები პროექტის კონცეფციას, მიზნებსა და სამომავლო გეგმებს გაეცნენ. შრთ-ს საქართველოში პროექტებზე მუშაობის გამოცდილება გააჩნია და მისმა წარმომადგენლებმა კლასტერის ფარგლებში კონსულტაციის გაწევისა და გამოცდილების გაზიარების მზადყოფნა გამოთქვეს.

შრთ ახორციელებს საკონსულტაციო მომსახურებას მუნიციპალიტეტებისთვის ურბანული დაგეგმარების საკითხებში. აქედან გამომდინარე, განიხილეს თბილისის მუნიციპალიტეტთან შესაძლო თანამშრომლობის საკითხები, რაც პროექტის ფარგლებში ონლაინ-კათედრაზე შესაძლოა განხორციელდეს.

საკონსულტაციო მომსახურება შესაძლებელია ფონდში არსებულ ტრენინგცენტრთან თანამშრომლობის შემთხვევაშიც. კერძოდ, ტრენერების გადამზადება, მოთხოვნაზე მორგებული ტრენინგები, ასევე ცენტრში ტრენერების მოწვევა.

პროექტის "თბილისის საუნივერსიტეტო კლასტერი" მიზანია შეიქმნას ონლაინ-კათედრა, სადაც კლასტერის წევრებს შორის მუდმივად იქნება თანამედროვე სწავლების მეთოდების, სასწავლო პროგრამების და გამოცდილების გაზიარება. ეს დაეხმარება თბილისს გახდეს რეგიონის საგანმანათლებლო ცენტრი.

კლასტერში დღეისთვის ამერიკული, ბრიტანული, ესტონური, ლიტვური და ქართული 7 უნივერსიტეტია გაერთიანებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×