მმართველ კოალიციაში არსებული დაპირისპირების ფონზე, პოლიტიკურ წრეებში კოალიციის შესაძლო დაშლაზე საუბრობენ. ასეთი ალბათობა არც პრემიერმა კვირიკაშვილმა გამორიცხა.
"გარკვეული შეთანხმებები, რა თქმა უნდა, მისაღწევი იქნება წინასაარჩევნო პროცესში, თუმცა კოალიცია არის მრავალპარტიული და თუ მრავალაპარტიულ ფორმატში იქნება წინაასაარჩევნოდ "ქართული ოცნება", რა თქმა უნდა, ნებისმიერი შეთანხმება, რომელიც ორმხრივ ფორმატში იქნება მიღწეული, შემდგომ მრავალმხრივ ფორმატში იქნება დასადასტურებელი.
"ერთი რამ უნდა ითქვას, რომ პარტია "ქართული ოცნება" მნიშვნელოვანწილად განახლდება და მოხდება კონსოლიდაცია ერთიანი მიზნების გარშემო", - განაცხადა პრემიერმა.
დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ყოფილი მოადგილე სანდრო ბრეგაძე კი აცხადებს, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით, "რესპუბლიკელები" ქართულ ოცნებასთან მხოლოდ არჩევნებამდე იქნებიან და კოალიციაც ამ დრომდე იქნება შენარჩუნებული.
"მე დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ისინი არ იქნებიან "ქართულ ოცნებასთან" კოალიციაში. ეს გამოჩნდა კიდეც გუშინდელი შეხვედრის შემდგომ კომენტარებში და ამის შესახებ არსებობს, რა თქმა უნდა, ინფორმაციები. ანუ, კოალიცია შენარჩუნდება არჩევნებამდე, მინისტრთა კაბინეტის ის შემადგენლობა, სადაც შედიან "რესპუბლიკელები" შენარჩუნდება, ხოლო არჩევნებზე, ყველა პარტია გავა ცალ-ცალკე და მიიღებს იმ შედეგს, რომელი შედეგიც დაიმსახურა", - განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.
გამართლებულად მიგაჩნიათ თუ არა მმართველი კოალიციის დაშლა? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.
სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი): "კოალიცია არის იმის, რომ ფუნდამენტურ საკითხებზე აზრთა ერთიანობა იყოს. ბუნებრივია, მე რომ ამომრჩეველი ვარ, იმის მიხედვით ვაკეთებ არჩევანს, თუ რამდენად ერთიანი, მონოლითური თვალსაზრისი არსებობს კოალიციაში ამა თუ იმ ფუნდამენურ პრინციპებზე.
"რომელი კოალიციაც არ უნდა იყოს, გარკვეულ საკითხებზე თუ განსხვავებული პოზიციები არსებობს, ერთიანი კოალიციისთვის კატასროფულად ცუდის მომტანია. აქედან გამომდინარე, მათი გადასაწყვეტია, შეინარჩუნებენ თუ არა ერთიანობას. თუ ეს ნაძალადევი იქნება და ისიც მხოლოდ იმისთვის, რომ არჩევნებზე გავიდნენ და წარმატება მოიპოვონ, ამას ვერ მიაღწევენ. მაგრამ, თუ ფუნდამენტურ პრინციპებზე არის თანხმობა, მაშინ ამა თუ იმ საკითხთან მიმართებით განსხვავებული პოზიციები აღარ უნდა ფიქსირდებოდეს. ეს მათთვის ძალიან წამგებიანია."
თემურ ნანეიშვილი (ფიზიოლოგი): "მე ვფიქრობ, მეტი გაგებაა საჭირო იმიტომ, რომ ძირითადად, ყველა შემავალ პარტიას ერთიანი შეხედულება აქვს და პირვნული დაპირისპირებების გამო კოალიცია არ უნდა დაიშალოს. მით უმეტეს, არც ნაკლებად მნიშვნელოვანი საკითხების გამო უნდა ხდებოდეს დაპირირისპირება.
"არჩევნები მოდის და არც ერთ პარტიას არ აქვს ისეთი რეიტინგი, რომ რომელიმემ თავისით შეძლოს უმრავლესობის მოპოვება. ამიტომ. ეს ნაბრძოლი გამარჯვება ხელიდან თუ გაუშვეს, შეურცხვათ ცხვირ-პირი მაგათ."
გოგი თორაძე (რეჟისორი): "არაფერი მოულოდნელი არ იქნება იმიტომ, რომ მათმა ამბიციებმა მოაბეზრა ყველას თავი. ძალიან ბევრს ნარცისიზმი დაეტყო უკვე, მთავარია იქ მოხვდნენ და მერე ეწყებათ განდიდების მანია. მხოლოდ ამ ამბიციების გამო დაიშლება. "არავის გასვლით არაფერი არ დაშავდება. ეს არის ხალხი, რომელსაც მოქალაქეებისთვის მასობრივად არაფერი გაუკეთებია, შედეგი ნულია. ეს არის პირადი დაპირისპირება და მათ დაშლაშიც არაფერი მოულოდნელი არ იქნება. დაიშლებიან? - მოვა სხვა, მერე დაიწყება ისევ იგივე. სწორედ ეს არის საშინელება, რომ ადამიანების ყოფაში არაფერი იცველბა."
ვასილ მაღლაფერიძე (პუბლიცისტი): "ხან დაიშლება, ხან შეიკრიბება, სულ ერთად ხომ არ იქნებიან?! ეს კი არა, "ბითლზი" დაიშალა და ცხოვრება ჩვეულებრივ გაგრძელდა."
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე