უკვე 25 წელიწადია, სეისმომედეგობაზე არც ერთი შენობა არ შემოწმებულა
მაკა ხარაზიშვილი
08.03.2016

 საქართველოში სეისმომედეგობაზე არც ერთი სამშენებლო ობიექტი არ მოწმდება. მოსახლეობას არ აქვს ინფორმაცია რა სიძლიერის მიწისძვრას გაუძლებს მისი სახლი და რამდენია ექსპლოატაციის ვადა. არ არსებობს არც ერთი სამსახური, რომელიც საცხოვრებელი კორპუსების ხარისხზეა პასუხისმგებელია. ჩვენთან ყველაფერი მშენებლის კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული, ხოლო რამდენად სუფთაა ეს სინდისი, 2004 წელს რამდენიმე კორპუსის შემოწმებამ აჩვენა.

საქართველოში მშენებლობის ბუმია. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში სამშენებლო მასალები მკვეთრად გაიაფდა, რასაც ზედ ლარის დევალვაცია დაერთო, საქართველო პოსტსაბჭოთა კავშირის ქვეყნებში კვადრატულ მეტრზე ბინის სიძვირით ერთ-ერთი გამორჩეულია. აქედან გამომდინარე, "ბიზნეს-რეზონანსი" აგრძელებს თემას, რამდენად საიმედოა საქართველოში და განსაკუთრებით თბილისში საცხოვრებელი კორპუსები. აღმოჩნდა, რომ საბჭოთა პერიოდში აშენებულ კორპუსებს თანდათანობით ექსპლოატაციის ვადა გასდით და მათი სეისმომედეგობა მცირდება. 1990-იანი წლებიდან კი სამშენებლო პროცესი თვითდინებაზეა მიშვებული და ხარისხზე პასუხისმგებელი არც ერთი სახელმწიფო ორგანო არ არის.

სპეციალისტები თბილისში საცხოვრებელ სახლებს სამ კატეგორიად ყოფენ: 1. საუკუნის წინანდელი შენობები; 2. საბჭოთა პერიოდში აშენებული საცხოვრებელი კორპუსები; 3. შენობები, რომლებიც დამოუკიდებლობის დღიდან დღემდე შენდება;

ასოციაცია "მშენებლობა ფალსიფიკაციის გარეშე" ხელმძღვანელი ანზორ საკანდელიძე "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ თბილისში საცხოვრებელი კორპუსების ხარისხის თვალსაზრისით საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა. ძველ უბნებში განთავსებული საუკუნის წინანდელი შენობების ექსპლოატაციის ვადა დიდი ხნის წინ ამოიწურა. ეს სახლები მთლიანად ამორტიზირებულია და მათი გამაგრებისთვის გამოყოფილი თანხა წყალში იყრება. ინვესტორებთან იმართება მოლაპარაკება, რომ მათ მრავალსართულიანი სახლები აშენების ნებართვის ამორტიზებული შენობებში გადაეცეთ, თუმცა ძალიან ბევრი შემაფერხებელი ფაქტორი იკვეთება და შეთანხემება ბოლომდე ვერასდროს მიდის. "პირველი საფრთხე ამ შენობებიდან მომდინარეობს", - აღნიშნავს საკანდელიძე.

7 ბალის ნაცვლად 8 ბალი

მე-20 საუკუნის 50-იანი 60-იანი წლების შემდეგ თბილისში აქტიური სამშენებლო პროცესი დაიწყო. საცხოვრებელი სახლები, რომლებიც საბჭოთა კავშირის პერიოდში აშენდა 7-ბალიანი მიწისძვრაზე იყო გათვლილი. დროთა განმავლოაბში ამ სახლების ექსპლოატაციის ვადა თანდათანობით ამოიწურა (ან ახლა იწურება) და მათი სეისმომედეგობაც მცირდება. რამდენბალიან მიწისძვრას გაუძლებს ათეულობით წლის წინათ აშენებული შენობები და სჭირდება თუ არა რომელიმე მათგანს გამაგრება, ეს ინფორმაცია არ არსებობს. არადა, ამის შემოწმება არც რთულია და არც დიდ თანხას უკავშირდება. შესაძლებელია აშენების წლების მიხედვით შეირჩეს საცხოვრებელი სახლები, რამდენიმე მათგანი შემოწმდეს და საერთო მდგომარეობა ცნობილი იქნება.

საკანდელიძის განცხადებით, 90-იან წლებში თბილისში მომხდარი მიწისძვრის შედეგად 341 კორპუსი დაზიანდა. სახელმწიფოსთვის ეს საყურადღებო ფაქტი აღმოჩნდა, ასევე გაითვალისწინეს სომხეთის მიწისძვრაც და გადაწყდა, რომ ახალი საცხოვრებელი სახლები 8-ბალიანი სეისმომედეგობით აშენებულიყო.

მოსალოდნელი ხიფათიდან გამომდინარე, მეზობელმა ქვეყნებმა - თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი - სეისმომედეგობა 9 ბალამდე გაზარდეს. "ჩვენ გარშემო ყველა ქვეყანა 9-ბალიან მშენებლობაზეა გადასული და საქართველოსგან განსხვავებით ყველგან არსებობს სპეციალური სამსახური, რომელიც ხარიხს ამოწმებს", - აცხადებს ანზორ საკანდელიძე.

არქიტექტორ მერაბ ჩხენკელის ინფორმაციით, სეისმომედეგობის 1 ბალით გაზრდა სამშენებლო პროექტს 30%-ით აძვირებს. აქედან გამომდინარე, სრულდება თუ არა ახალი სტანდარტი არავინ იცის. სახელმწიფომ გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ მისი შემოწმების სურვილი არასდროს გასჩენია.

სპეციალისტების მტკიცებით, 90-იანი წლებში ბეტონის ფალსიფიკაცია ყველა ეწეოდა. თუკი 1 კბ/მ ბეტონის თვითღირებულება 90-100 ლარი იყო, გამოჩნდნენ ფალსიფიკატორები, რომლებიც მას 50-60 ლარად ყიდნენ.

"მთელი თბილისი ამ ბეტონით შენდებოდა. განვაცხადეთ, რომ 40 ობიექტი შევამოწმეთ, სადაც ბეტონის მარკა 300-ის ნაცვლად 150 აღმოჩნდა, აქედან ძალიან ბევრი იყო "ცენტრ პოინტის" ობიექტი. ეს შენობები საკრებულოში წარდგენილი კვლევებიდან საერთოდ ამოიღეს და არ განიხილეს. 1992 წლის შემდეგ დღემდე აშენებული კორპუსების საკმაო ნაწილი სეისმომედეგობის თვალსაზრისით არის საშიში. ისინი აიგო ტექნიკური ზედამხედველობის გარეშე", - ამბობს საკანდელიძე და აღნიშნავს, რომ უამრავი ფაქტი არსებობს იმისა, თუ როგორ შემოდიოდა საქართველოში ჟანგიანი არმატურა, რომლებსაც მშენებლობისთვის იყენებდნენ.

"ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში რაც კი გადასაყრელი არმატურა იყო, აქ შემოდიოდა და ამით შენდებოდა მთელი თბილისი. ყველას ვეუბნები არ იყიდოთ ისეთი ბინა, რომელიც სეისმომედეგობაზე არ არის შემოწმებული!" - აცხადებს საკანდელიძე და დასძენს, რომ 25 წელიწადია თბილისში ამ კუთხით არც ერთი შენობა არ შემოწმებულა.

მერაბ ჩხენკელს კი წარმოუდგენლად მიაჩნია, რომ ინჟინერმა პროექტში გაწერილ კომპონენტებზე თვალი დახუჭოს და შენობა ისე ააგოს.

"საბჭოთა შენობები 7 ბალზეა აშენებული და საიმედოა. ახალი შენობები კი 8 ბალზეა გათვლილი. მე წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ ეს სტანდარტი ინჟინერმა არ დაიცვას. მერიის არქიტექტურის სამსახურმა უნდა მოითხოვოს ექსპერტიზა და ერთხელ და სამუდამოდ გავიგებთ, არის თუ არა დაცული სტანდარტი.

საერთოდ, პროექტებს სჭირდება განხილვა. მაგალითად, მავან მედიკოსს შეუძლია მერიაში ელექტრონულად პროექტი გააგზავნოს და მერე სახლი ააშენოს. ასე არ შეიძლება! არქიტექტურული სამსახურის სისტემა და სტრუქტურა უნდა შეიცვალოს", - ამბობს მერაბ ჩხენკელი.

მაქსიმუმ 12 სართული!

ანზორ საკანდელიძე აღნიშნავს, რომ წინა ხელისუფლების დროს, სამშენებლო სექტორის ხელშეწყობის მოტივით, მერიამ ყველა რეგულაცია და კონტროლის სისტემა გააუქმა. 2010 წელს ამოქმედებული კანონით, თბილისში 12 სართულზე მაღალი საცხოვრებელი კორპუსების აშენება არ შეიძლება, ვინაიდან სეისმური თვალსაზრისით თბილისი სახიფათო ზონად მიიჩნევა.

"12-სართულიანის ნაცვლად აშენებენ 25-სართულიან კორპუსებს. ამის საწინააღმდეგოდ, 2 სასამართლო მოვიგეთ, თუმცა სამშენებლო პროცესი არავის გაუჩერებია. როგორც ჩანს, საქართველოში კანონი არ კანონობს და სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება არ ხდება", - აღნიშნავს საკანდელიძე.

"ბიზნეს-რეზონანსს" მერიაში განუცხადეს, რომ საცხოვრებული კორპუსის ჩაბარებისას ზედამხედველობის სამსახური ხარისხსა და სეისმომედეგობას არ ამოწმებს, მას ეს ვალდებულება არ გააჩნია.

ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოში კი აღნიშნავენ, რომ ისინი მშენებლობის ნებართვას მხოლოდ მე-5 კლასის ობიექტებისთვის გასცემენ, როგორებიცაა მაგისტრალური გაზსადენი, გარკვეული კატეგორიის საავტომობილო მაგისტრალი, პორტი, მსხვილი საწარმოო ობიექტები, ნავმისადგომი და სხვა.

"პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის" თანახმად, სააგენტო ზედამხედველობას უწევს მშენებლობის პროცესს, კონკრეტულად კი, გაცემული ნებართვის სანებართვო პირობების შესრულებას და პროექტთან შესაბამისობას მშენებარე ობიექტებზე, რაც მოიცავს მასალების ხარისხისა და მშენებლობის ტექნოლოგიის საკითხებსაც. უკვე არსებული შენობა-ნაგებობების ინსპექტირება და ზედამხედველობა მოქმედი კანონმდებლობით არ არის გათვალისწინებული", - განაცხადეს სააგენტოში.

აქედან გამომდინარე, უკვე ცხადია სახელმწიფოს დამოკიდებულება მოსახლეობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, როდესაც ყველაფერი თავის ნებაზეა მიშვებული. ერთადერთი თავი უნდა ვინუგეშოთ იმით, რომ მშენებელი, რომელმაც ჩვენი სახლი ააშენა, ალბათ, კეთილსინდისიერია.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×