გვანცა ღვედაშვილი
10.03.2016

თუკი ადრე კოალიცია "ქართული ოცნება" კატეგორიულად გამორიცხავდა დაშლას, ბოლო დროს ხმამაღლა საუბრობენ იმასთან დაკავშირებით, რომ კოალიციის დაშლა ტრაგედია არ იქნება. ამ განცახდებას "ქართული ოცნების" წევრი დავით ლორთქიფანიძე და კახა კალაძეც ეთანხმებიან.

"კოალიციის დაშლაზე საუბარი ჯერ ადრეა, თუმცა ტრაგედია ამაში არაფერი არ არის. ყოველთვის ვამბობდი, რომ კოალიციაში არის გაწევრიანებული სხვადასხვა მსოფლმხედველობის პარტიები. ასე რომ, თუ ერთ მშვენიერ დღეს კოალიცია არ იქნება, ამაში ტრაგედია არაფერი არ არის, პირიქით, ეს შეიძლება დემოკრატიის განვითარებისთვის კარგი იყოს," - განაცხადა ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ.

აღნიშნული განცხადებებიდან და ბოლო დროს კოალიციაში მიმდინარე ღია დაპირისპირებებით თუ ვიმსჯელებთ, შესაძლოა პარტია "ქართულმა ოცნებამ" არჩევნებში მონაწილეობა დამოუკიდებლად მიიღოს.

თქვენი აზრით, კოალიციის დაშლის შემთხვევაში შეძლებს თუ არა პარტია "ქართული ოცნება" არჩევნებში გამარჯვებას? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების ცნობილ წარმომადგენლებს მიმართა.

 ზურაბ ვადაჭკორია  (ილუზიონისტი): "ეს პირველ რიგში მათზეა დამოკიდებული, არჩევნებამდე როგორ წაიყვანენ საქმეს. თუ მართლა უნდა "ქართულ ოცნებას", მაშინ მოიგებს არჩევნებს, თუ წააგეს - ე.ი. თვითონ არ უნდოდათ, რომ მოეგოთ. პოლიტიკაში ყველაფერი უცებ ხდება. როგორც მედიცინაში არ არის ორჯერ ორი ოთხი, ისე პოლიტიკაშიც. ასე რომ, წინასწარ რაიმეს თქმა ძნელია.

 

 ანა რატიანი (ჟურნალისტი):  დარწმუნებული ვარ, მოიგებენ არჩევნებს. ვფიქრობ, ახალი სახეები უნდა მიიღოს პარტიამ, თუმცა გარკვეული მიზეზების მიუხედავად "ქართულ ოცნებას" ბევრი დადებითი აქვს და ხალხი მაინც მისცემს ხმას.

 

 

 ლევან ღვინჯილია (ენათმეცნიერი): გააჩნია, საარჩევნო სიის როგორ შემადგენლობას წარმოადგენს პარტია "ქართული ოცნება". საზოგადოდ, თუ მათი შესაძლებლობების მიხედვით ვიმსჯელებთ, ვფიქრობ, ეს შემადგენლობა არ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს ერის მიერ საკანონმდებლო ორგანოში წარგზავნილი დეპუტატი. სამწუხაროდ, საქართველოში 150 რჩეული დეპუტატის შერჩევა და მისთვის იმ საპასუხისმგებლო ტვირთის აკიდება, რომელსაც ჰქვია პარლამენტი, ვერ მოხერხდა.

ჩემს საჯარო გამოსვლებში მათ მოვიხსენიებდი როგორც სახელმწიფო კაცებს, ასეთი ადამიანი კი არ შეიძლება იყოს მხოლოდ მის პროფესიაში წარმატებული. გარდა შენს პროფესიაში წარმატებულობისა, სახელმწიფო კაცს კიდევ სხვა ბევრი თვისება უნდა გააჩნდეს. ასეთი კაცების შერჩევის კრიტერიუმები საქართველოში ან არ არის დადგენილი, ან მას არავინ იყენებს. სანამ ამას არ მივეჩვევით და ვისწავლით, მანამდე ქვეყნის ჯეროვან მართვას ვერ მოვახერხებთ.

 ლადო ვარდოსანიძე  (არქიტექტორ-ურბანისტი): რას ნიშნავს გამარჯვება? არ მგონია, 50%-ს მიაღწიოს. ალბათ გაცილებით ნაკლებს აიღებს, რაც წინა არჩევნების დროს ჰქონდა. რომ გითხრათ, კოალიცია ხელს უწყობს "ქართულ ოცნებას", არც ეს მგონია. შეიძლება ამძიმებს კიდეც. ასე რომ, დაშლა შეიძლება "ქართული ოცნებისთვის" სასარგებლოც კი იყოს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×