"სანამ ადამიანი არ წაიქცევა და გადაუდებელი ოპარაცია არ დასჭირდება, ექიმთან ვიზიტს ვერავინ ბედავს"
მარი ჩიტაია
11.03.2016

 კლინიკებში დაწესებული მაღალი ტარიფის გამო, პაციენტები ექიმთან მისვლას ვერ ახერხებენ. კონსულტაციიდან დაწყებული, მკურნალობის კურსით დასრულებული, სამედიცინო დაწესებულებებმა თითქმის ყველა სერვისი გააძვირეს. ლარის გაუფასურება ამისთვის საკმარისი მიზეზი აღმოჩნდა. საბოლოოდ კი მოსახლეობა დაზარალდა. ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმის მიუხედავად, საქმე იქითკენ მიდის, რომ ხალხი კლინიკების მომსახურებით ვერ სარგებლობს.

გაცილებით რთული მდგომარეობაა სადაზღვევო კომპანიების პროვაიდერ კლინიკებში, სადაც ხარჯის გაწევა დაზღვეულებსაც კი უჭირთ ხელოვნურად გაბერილი ფასის გამო. ამ მხრივ განსაკუთრებით სტომატოლოგიური კლინიკები სცოდავენ.

ჯერ კიდევ შარშან, როცა სავალუტო კრიზისი დაიწყო და მედიკამენტები გაძვირდა, არც კლინიკებმა დაახანეს. დაახლოებით ივნის-ივლისში სამედიცინო მომსახურების თითქმის ყველა სერვისი 10%-ით გააძვირდა. პარალელურად დაახლოებით 6-8%-ის ფარგლებში მოიმატა ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამაში მონაწილე ბენეფიციარების თანადაფინანსების ხარჯმა. გარდა ამისა, გაძვირდა კერძო კლინიკებში ექიმთან ვიზიტიც.

"მთავრობამ რეფორმების გატარების პროცესში შეცდომა დაუშვა და საბოლოოდ კი მოსახლეობა ზარალდება, უჩვეულო არაფერი ხდება", - აცხადებს ვახტანგ მეგრელიშვილი, ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტი. მისი შეფასებით, კლინიკები მასიურად ერთი პრინციპით მუშაობენ - რაც შეიძლება, მეტი ფული - და მიზანს აღწევენ კიდეც.

"ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმას უამრავი ხარვეზი აქვს. პირველ რიგში ის, რომ მან ერთბაშად გაზარდა მოთხოვნა, რასაც კლინიკებმა ადეკვატურად უპასუხეს. ველოდი კიდეც, რომ მომსახურების ფასი აიწევდა და არც შედეგმა დააყოვნა. ის წინასწარ იყო განსაზღვრული. როცა მთავრობა შეცდომას უშვებს, ხალხი ზარალდება. ჯანდაცვის ბაზარზე მნიშვნელოვანი წილი უჭირავს კერძო სექტორს, კონკურენცია დიდია. ყველა მიმართულებით ერთი პრინციპი მუშაობს. არ ვიცი, რამდენად გადაიტანს მოსახლეობა. ეს პროცესი ჯანდაცვის რეფორმებზე ცუდად აისახება.

კლინიკების მონიტორინგით პრობლემა არ გადაწყდება. მიზეზი საკმაოდ კომპლექსურია, იფლანგება ფული და ჩვენ, მომხმარებელს გვიწევს გადახდა. დროა მთავრობა ჯანსაღ საბაზრო პრონციპებზე გადაერთოს, რომ უარესი შედეგი არ მივიღოთ", - აცხადებს მეგრელიშვილი.

გაძვირებამ ყველაზე მტკივნეულად იმოქმედა იმ ხალხზე, რომლებსაც ძვირადღირებული მომსახურება სჭირდებათ ან კლინიკებში ხშირად უწევთ სიარული. ამ მხრივ განსაკუთრებით ფსიქიატრიული კლინიკების პაციენტებს აქვთ პრობლემა. ფსიქიატრის კონსულტაცია 50-60 ლარზე იაფი თითქმის არსადაა, თანაც ვიზიტი პაციენტებს ლამის ყოველთვიურად უწევთ, რასაც წამლების ასევე გაზრდილი ფასი ემატება. ჯამში კი, ყოველთვიური ხარჯი 250 ლარს აჭარბებს, რაც ნებისმიერი ოჯახისთვის საკმაოდ მძიმე ტვირთია.

40 წლის სანდრო გ. ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტია. ამბობს, რომ ექიმთან ყოველი ვიზიტი 50 ლარი უჯდება, ხოლო კონსულტაცია ყოველთვე უწევს. ასეთი ხარჯის გაწევის შესაძლებლობა ავადმყოფს არ აქვს.

"კერძო კლინიკაში დავდივარ, სადაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა არ ვრცელდება. ვერც სხვაგან მივდივარ, რადგან ფსიქიატრის მომსახურება ყველგან ძვირი ღირს და შეღავათს არსაიდან ველოდები. რამდენიმე თვის წინათ 30 ლარს ვიხდიდი. დეკემბერში ექიმთან ვიზიტი - 10 ლარით, ხოლო წინა თვეს კიდევ ამდენით გააძვირეს. კონსულტაცია ყოველთვე მჭირდება და ჩემს ოჯახს ამ თანხის გადახდა ძალიან უჭირს.

მესამე წელია, რაც ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტი ვარ. ყოველ თვე 200 ლარის წამალი მჭირდება, ვიზიტის ფულს თუ დავამატებ, ხარჯი 250 ლარამდე ადის. ლარის გაუფასურებამდე თვეში 110 ლარი მყოფნიდა. როდესაც ერთ-ერთ აფთიაქში უკმაყოფილება გამოვთქვი, ფარმაცევტმა მითხრა - რა ვქნა, ფსიქოტროპული მედიკამენტია და 80%-ით გაძვირდაო. მკურნალობა მჭირდება, მაგრამ უკვე ვერ ვაცნობიერებ, სანამდე ეყოფა ოჯახს შესაძლებლობა", - ამბობს პაციენტი.

ტყუპი დების დედას, ხატია მხეიძეს ბავშვი ოფთალმოლოგიურ კლინიკაში ვერ მიჰყავს იმის გამო, რომ მარტო ექიმის ვიზიტი 140 ლარი უჯდება. ხატია ამბობს, რომ ოფთალმოლოგის კონსულტაცია ბოლოს შარშან, ნოემბერში გაიარა. შეთანხმებისამებრ, მეორე ვიზიტი იანვარში უწევდა, მაგრამ დღემდე ვერ ახერხებს.

"თავდაპირველად 50 ლარს ვიხდიდი. ესეც კი მიჭირდა, მაგრამ რამდენიმე თვეა, ვიზიტი 70 ლარი გახდა. თანაც კლინიკის მომსახურება არ ითვალისწინებს განმეორებით, უფასო კონსულტაციას. გამოუვალ მდგომარეობაში ვარ. მრავალსულიან ოჯახს სტაბილური შემოსავალი არ აქვს. რასაც ერთჯერადი შეკვეთებით ვშოულობ, საჭმლის ფულადაც ძლივს გვყოფნის.

სანამ ადამიანი არ წაიქცევა და გადაუდებელი ოპარაცია არ დასჭირდება, ექიმთან ვერავინ მიდის. ჩემ გარშემო, ყველა ასეთ მდგომარეობაშია. ექიმთან დროულ ვიზიტს ვერ ვახერხებთ და ამ დროს ჯანმრთელობას და სიცოცხლესაც კი რისკს ვუქმნით", - ამბობს უკმაყოფილო მშობელი.

ასეთივე პრობლემა აქვთ სტომატოლოგიური კლინიკების მომხმარებლებს. თუკი კლინიკა სადაზღვევო კომპანიების პროვაიდერია, ტარიფი საერთოდაც გაორმაგებულია.

"ისეთი სადაზღვევო კომპანია, სადაც შევარჩიე, რომელსაც სტომატოლოგიური პაკეტი ჰქონდა, მაგრამ მოგების ნაცვლად, დავზარალდი. კბილის ბჟენის საფასური 200 ლარს გადაცდა, აქედან 50% მე გადავიხადე. ზუსტად ანალოგიურ მომსახურებაში, შეიძლება, 40 ლარზე მეტი არც დამხარჯვოდა. კბილის ჩასმაც კი არ ჯდება ასეთი ძვირი. არ ვიცი, რა მაქინაციით გაიზარდა ეს ხარჯი, დღემდე ვერ გავარკვიე. ახლა, მიუხედავად იმისა, რომ დაზღვევა მაქვს, პროვაიდერი კლინიკის მომსახურებით ვერ ვსარგებლობ", - ამბობს ირმა სტეფანია, სადაზღვევო კომპანიის მომხმარებელი.

ფაქტია, რომ კლინიკებში ფასი ხელოვნურადაა გაზრდილი, ამიტომაც ხალხს არ აქვს ექიმთან დროულად ვიზიტის საშუალება. ადამიანების უმეტესობა, უსახსრობის გამო, საავადმყოფოებში უკიდურესი აუცილებლობის დროს მიდის, როცა შეიძლება ეს ვიზიტი უკვე დაგვიანებულიცაა!

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×