ლიკა ამირაშვილი
12.03.2016

ინტერნეტში ოპოზიციონერი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერის გავრცელებას გუშინ სკანდალი მოჰყვა. მთავარმა პროკურატურამ პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ გავრცელების ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება უკვე დაიწყო. ამ ეტაპზე საქმეზე აუცილებელი და გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები ტარდება.

როგორ ფიქრობთ, ვის ინტერესში იყო ამ ფარული ჩანაწერის გავრცელება? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი): "მთავარი ამ საკითხში არის ის, თუ ვინ გააკეთა ეს ჩანაწერი და სად იყო აქამდე შენახული. ვის სჭირდებოდა ასეთი ჩანაწერის გაკეთება. ჩვენ ცოტა ხნის წინ დიდი ზარ-ზეიმით გამოვაცხადეთ, რომ ყველა პირადი ჩანაწერი, რომელიც წინა ხელისუფლების მიერ უკანონოდ მოპოვებული იყო განადგურებული იქნა. მაშინ საიდან მოიძებნა ეს პირადი ჩანაწერი?

"ეს, რასაკვირველია, ისევ რომელიმე პოლიტიკურ ძალას აწყობს. ჩანაწერის გავრცელება, ფაქტი რაც მოხდა, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდი და მიუღებელია. ასეთი ჩანაწერები ზოგადად რომ არ არსებობდეს, როგორც საზოგადოების წევრი თავს უფრო ბედნიერად და დაცულად ჩავთვლიდი."

 დოდო ხურცილავა (თეატრმცოდნე): "დავიწყოთ იმით, რომ პირადი ჩანაწერების გავრცელება ზოგადად დაუშვებელი და მიუღებელი ფორმაა. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ აქ არ არის სახელმწიფო სტრუქტურა და ამას ვიღაც კონკრეტული პროვოკატორი პიროვნება აკეთებს. ეს აუცილებლად უნდა გამოიკვლიონ და დამნაშავე კანონის შესამაბისად უნდა დაისაჯოს. ეს ის ადამიანია, ვინც სახელმწიფოს ყოველთვის ჩასაფრებული პროზიციიდან უყურებს. ამის გაკეთება შეუძლია მხოლოდ იმ ადამიანს, ვისაც ამ საქმისთვის ყველანაირი მოწყობილობა აქვს და ეს მოწყობილობა წინა ხელისუფლებისგან დარჩათ. შესაძლებელია, რომ ეს ადამიანი ცდილობს ახლანდელ ხელისუფლებას სახელი გაუტეხოს."

 მიხეილ ცაგარელი (ასტროლოგი):  "პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული კადრების გავრცელება ნებისმიერი ჯგუფის ინტერესებში შეიძლება ყოფილიყო, ვინც ამ ქალბატონის წინააღმდეგ გამოდის. არ გამოვრიცხავ იმ ფაქტსაც, რომ შესაძლოა ეს ქალბატონი რომელ ჯგუფსაც მიეკუთვნება, იმ ჯგუფში ჰყავდეს მოშუღლე ადამიანი და ეს სწორედ ამ პიროვნებამ ჩაიდინა. "მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ზოგადად ძნელია კონკრეტული ვარიანტისა და ვერსიის დასახელება. არ გამოვრიცხავ, რომ ზოგიერთს ეს ქალბატონი არ მოსწონს და სურს პოლიტიკური ასპარეზიდან მოიშოროს. ჩემი პირადი აზრით, მომხდარი ფაქტი დასაგმობია და რასაკვირველია, აღმოსაფხვრელი."

 ჯემალ ჭკუასელი  (ანსაბლ "ერისიონის" ხელმძღვანელი): "სახლის მშენებლობა საძირკვლიდან იწყება და ეს ყველამ ძალიან კარგად იცის. სწორედ ამ საძირკველში უნდა ვეძებოთ ამ კადრების გამავრცელებლები და დამნაშავეები. უნდა მოხდეს დამნაშავეების დასჯა. ასეთ ფაქტებს ძალიან ხშირი ხასიათი აქვს და ეს, ჩემი აზრით, სრული საზიზღრობაა.

"პიროვნების პირადი ფარული ჩანაწერების გავრცელება მთავრობის ინტერესებში არ უნდა შედიოდეს, რადგან ეს მის ქვეყანაში ხდება და იგი ამ ყველაფერზე პასუხისმგებელია. შესაძლოა, ეს ისეთმა ადამიანმა გააკეთა, ვისაც პოლიტიკასთან არანაირი შეხება არ აქვს."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×