დაახლოებით 30 წელიწადში ყოველ მეორე ადამიანს მსოფლიოში შიმშილი ემუქრება. გაეროს პროგნოზით, მოსალოდნელია საკვების მწვავე დეფიციტი, რაც მოსახლეობის რაოდენობის ზრდის სწრაფ ტემპს უკავშირდება. როგორც ქართველი სპეციალისტები ვარაუდობენ, ეს საფრთხე ჩვენს ქვეყანას ნაკლებად ან თითქმის არ ემუქრება. ოღონდ ამის თავიდან ასაცილებლად აგრარული სექტორი სწრაფად უნდა განვითარდეს.
ექსპერტების განცხადებით, საქართველოს აქვს რეალური შესაძლებლობა, რომ გამოკვებოს საკუთარი მოსახლეობა და იმპორტზე მინიმალურად იყოს დამოკიდებული. ამ შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა აქვს, რას განახორციელებს მთავრობა პრევენციის მიზნით.
მსოფლიოში საკვების მოსალოდნელი დეფიციტი გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის კვლევებით დასტურდება. კვლევის პროცესში მონაწილე მეცნიერები სამწუხარო დასკვნას აკეთებენ და წინასწარმეტყველებენ, რომ კაცობრიობა რამდენიმე ათეული წლის შემდეგ, საკვების მწვავე დეფიციტის წინაშე აღმოჩნდება.
გაეროს მონაცემებით, დღეისთვის მსოფლიოში 800 მილიონზე მეტი ადამიანი შიმშილობს. ვითარებას უფრო ამძიმებს ის ფაქტი, რომ მოსახლეობის დაახლოებით 31% იმ საკვების ნარჩენებს ყრის, რაც კიდევ ვარგისია საკვებად.
ქართველი სპეციალისტების ნაწილი გაეროს მოსაზრებას ემიჯნება. ნაწილიც იზიარებს და დასძენს, რომ საქართველოს მოქალაქეებს ამ საფრთხისგან მთავრობის სწორი აგრარული პოლიტიკა დაიცავს.
ექსპერტ სანდრო თვალჭრელიძის განცხადებით, ქვეყანას აქვს პოტენციალი, რომ ბაზარზე შიდა წარმოების წილი 90%-მდე გაზარდოს და წარმოება განვითარდეს.
"კატეგორიულად ვემიჯნები გაეროს კვლევებს. არ მჯერა, რასაც საკვების დეფიციტთან დაკავშირებით ქვეყნდება. ასეთ უიმედო პროგნოზს გაერო სპეციალურად აკეთებს. დიდი ხანია, ვეცნობი ამ მონაცემებს, ვაანალიზებ და ვასკვნი, რომ სიმართლისგან შორსაა.
ჩვენ მოგვეპოვება წარმოების, მოსავლიანობის ზუსტი სტატისტიკა, რაც ოპტიმიზმის საფუძველს ნამდვილად იძლევა. 2030 წლამდე ახალი ტექნოლოგიები შემოვა. აფრიკაში, აზიაში და ზოგიერთ ქვეყანაში უზარმაზარი ფართობებია ასათვისებელი, რაც პრობლემას დაძლევს.
რაც შეეხება საქართველოს, შიდა წარმოება უნდა განვავითაროთ, რადგან რეალურად შეგვიძლია, საკუთარი თავი გამოვკვებოთ და იმპორტზე არ ვიყოთ დამოკიდებული. მით უმეტეს, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოების პოტენციალი გვაქვს, პირველ რიგში, შიდა ბაზრისთვის და არა ექსპორტზე გასატანად", - აცხადებს თვალჭრელიძე.
სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ასოციაციის ხელმძღვანელი კობა კობალაძე პრევენციულ ღონისძიებებზე საუბრობს. მისი აზრით, განსაკუთრებული ყურადღება მიწას და წყალს უნდა მიექცეს. ამისთვის კი, აუცილებელია აგრარული სექტორში ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, რაც მრავალ პრობლემას მოხსნის.
"მიწების გასხვისებას თავი დავანებოთ და დავიწყოთ ამ მიწების დამცავი სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიის და ტექნიკის გამოყენება. დიდი მნიშვნელობა აქვს აგრეთვე მიწების გასარწყავებას, სადაც თვითდინება არ იქნება შესაძლებელი, ჭაბურღილი გაკეთდეს. ამისთვის, პირველ რიგში, აუცილებელია ცოდნა, რადგან პირველყოფილ მდგომარეობაშია ცნობიერება სოფლის მეურნეობის სფეროში. აუცილებლად აქცენტი გაკეთდეს ძვირადღირებული პროდუქციის წარმოებაზე. დაახლოებით 4-5-ჯერ უნდა გავზარდოთ სამხრეთული კულტურების წარმოება", - განმარტავს კობალაძე.
მისი აზრით, დიდი მნიშვნელობა აქვს სტიქიის საწინააღმდეგო ტექნოლოგიების დანერგვასაც, რითაც წარმოების მნიშვნელოვანი ზრდაა შესაძლებელი.
"აუცილებელია სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების გამოყენება. სახელმწიფო უნდა დაეხმაროს ფერმერებს, რომ აღნიშნული ტექნიკა სტიქიასთან საბრძოლველად გამოიყენონ. ფაქტია, რომ სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტებმა ჩვენი მეურნეობები სრულყოფილად ვერ დაიცვა. მეტი ყურადღება მიექცეს წყალსაცავების გაკეთებას, რადგან სურსათის დეფიციტამდე დადგება წყლის გამოყენების პრობლემა. ჰაერიდან წყლის მიღების ტექნოლოგია არსებობს და ესეც უნდა ავითვისოთ.
საკვების დეფიციტთან დაკავშირებული პრობლემის დასაძლევად პრევენციული ღონისძიებები უნდა გატარდეს. ჩვენს მიწა-წყალს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. დედამიწის მხოლოდ 12%-ს შეუძლია ნაყოფიერება, ანუ მოსავლის მოცემა. არასწორი ექსპლოატაციით სისტემატურად იკარგება მიწა, დეგრადაციას განიცდის.
ამერიკაში მოქმედებს მიწის დაცვის შესახებ კანონი და ყველა მოქალაქე, ვისაც მიწა აქვს და არ აქვს, ვალდებულია, დაიცვას იგი. ცხადია, ჩვენც მიწას განსაკუთრებით უნდა გავუფრთხილდეთ. სადაც საჭიროა უნდა გაკეთდეს ქარსაფარი ზოლები, მაგრამ არა იმ მეთოდით, რაც დედოფლისწყაროში. პროექტის განხორციელებისას ბევრი შეცდომა დაუშვეს, რამაც, ფაქტობრივად, უკუშედეგი მოგვცა", - აცხადებს კობალაძე.
ექსპერტი სოციალურ და ეკონომიკურ საკითხებში ნოდარ კაპანაძე ფიქრობს, რომ საქართველოს საკვების დეფიციტის საფრთხე არ ემუქრება. იგი ყურადღებას ამახვილებს პრევენციულ ზომებზე, რასაც მთავრობამ პრობლემის დასაძლევად უნდა მიმართოს.
"ჩვენთან საკვების დეფიციტი მოსალოდნელი არ არის, მაგრამ ბევრ ქვეყანაში შიმშილობის პრობლემა მწვავეა. სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით საქართველოს მთავრობამ უნდა შეიმუშავოს რეალური პროგრამა, უზრუნველყოს მოსახლეობა სურსათით გრძელვადიან პერსპექტივაში. ცხადია, პროგრამა უნდა იყოს სოციალური და არა ფინანსური მიმართულების", - განმარტავს კაპანაძე.
ექსპერტის ვარაუდით, საქართველოში შიმშილით სიკვდილის საფრთხე, რაც შორეულ უცხოეთშია, არ დგას, თუმცა სხვა მხრივ პრობლემაა.
"ფიზიოლოგიურ დონეზე შიმშილობის პრობლემა არ გვემუქრება. უფრო კვების რეჟიმის პრობლემაა, როცა ე.წ. ძვირი კალორიები ხალხისთვის მიუწვდომელია. შესაბამისად, რაციონში პური დიდი რაოდენობით გამოიყენება. მთავრობის აგრარულ პოლიტიკაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. ჩემი აზრით, განსაკუთრებით უნდა დაფიქრდნენ, როცა საქმე ეხება მიწას, რაზეც ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული", - განმარტავს კაპანაძე.
საკვების დეფიციტის საფრთხეს უცხოელი მეცნიერები დედამიწაზე მოსახლეობის სწრაფ ზრდას უკავშირებენ. არსებული მონაცემებით, დაახლოებით 2000 წლის წინათ დედამიწაზე ცხოვრობდა 127 მილიონი ადამიანი. 1 მლრდ-მდე მოსახლეობა გაიზარდა 1820 წელს, 1950 წელს კი 2,8 მლრდ-ს მიაღწია. 2014 წელს დედამიწაზე უკვე 7 მლრდ ადამიანი ცხოვრობდა.
ამერიკელი მეცნიერების გათვლით, იმ შემთხვევაში თუ სიტუაცია არ შეიცვლება, 30 წლის შემდეგ შიმშილობა ყოველ მეორე ადამიანს დაემუქრება.