მეთერთმეტე კლასელი მიშო წიკლაური უკვე 3 წელზე მეტია ჩვეულებრივი რიყის ქვებისგან სხვადასხვა ფორმის ნაკეთობებს დამოუკიდებლად, ხელით ქმნის. როგორც "მთელ კვირასთან" საუბრისას აღნიშნავს, ის თვითნასწავლია და ქვის დამუშავების იდეა და სურვილი მას შემდეგ გაუჩნდა, როცა მსგავსი ნაკეთობა პირველად ნახა.
მისივე თქმით, დღეს ნამუშევრები გაცილებით დახვეწილია, ვიდრე თავდაპირველი ეგზემპლიარები. მიუხედავად იმისა, რომ იგი თვითნასწავლი ხელოსანია, ქვაზე მუშაობის პროფესიულ დონზე შესწავლის დიდი სურვილი აქვს.
"დაახლოებით სამ წელზე მეტია ქვისგან სხვადასხვა ფორმის ნაკეთობებს ვაკეთებ. იდეა მას შემდეგ გამიჩნდა, რაც მსგავსი ნაკეთობა ჩემს ერთ-ერთ ნათესავთან ვნახე. სწორედ ამის შემდეგ ვცადე, ქვისთვის გარკვეული ფორმა მიმეცა და გამომივიდა კიდეც.
"პირველი, რაც ქვისგან შევქმენი, ეს ჯვარი იყო. მას შემდეგ ქვისგან სხვადასხვა ნეკეთობებს სისტემატურად ვაკეთებ და ნელ-ნელა ჩემი ნამუშევრებიც იხვეწება.
"თუ შესაძლებლობა მომეცემა, მაქვს იმის სურვილი, რომ ეს ხელობა უფრო მეტად შევისწავლო და მას პროფესიულ დონეზე დავეუფლო.
"ნაკეთობას ჩვეულებრივ ქვაზე ვაკეთებ, არანაირი განსაკუთრებული თვისება არ არის ამისთვის საჭირო. ძირითადად ქვას ჩვეულებრივი დანით ვამუშავებ, შემდეგ კი უკვე კონკრეტული ფიგურა გამომყავს.
"თითოეული ნამუშევრის შესაქმნელად დაახლოებით 3 დღე მჭირდება, თუმცა, ეს მაინც იმაზეა დამოკიდეული თუ რა ფიგურა გამომყავს ქვაზე. ძირითადად ქვისგან ჯვრებს ვაკეთებ, ასევე გამომყავს ეკლესიის გამოსახულებებიც.
"ახალგაზრდა მოსწავლით ჯერ მისი სკოლის მასწავლებელი ნანა დემეტრაშვილი დაინტერესდა, შემდეგ კი კასპის მუნიციპალიტეტის მუზეუმების გაერთიანების დირექტორი გივი მელაძე. მისი და ადგილობრივი გამგეობის კულტურის, სპორტისა და ძეგლთა დაცვის განყოფილების ინიციატივით მიშო წიკლაურის გამოფენაც იგეგმება.
"ჩემი ნამუშევრებით კასპის მუნიციპალიტეტის მუზეუმების გაერთიანების დირექტორი გივი მელაძე დაინტერესდა, მისი დახმარებით კი ჩემ შესახებ ადგილობრივი გამგეობის კულტურის სპორტისა და ძეგლთა დაცვის განყოფილებამაც გაიგო და ჩემი ნამუშევრების ნახვის შემდეგ გამოფენის მოწყობასაც შემპირდნენ.
"ჯერჯერობით საგამოფენოდ 5 ნამუშევარი მაქვს, დაახლოებით 20 ნამუშევრის შეგროვების შემდეგ გამოფენის გაკეთება შესაძლებელი იქნება და იმედი მაქვს, ამ საქმიანობაში წარმატებებს მივაღწევ," - გვითხრა, მიშო წიკლაურმა.